რძე - სასარგებლო თუ მავნე პროდუქტი?! რა რჩევებს გვაძლევს დიეტოლოგი
ამ საკითხზე თავის ორიგინალურ, ტრადიციულისგან განსხვავებულ შეხედულებებს გვიზიარებს საერო სამედიცინო უნივერსიტეტ "საქართველოს" გინეკოლოგიური განყოფილების ექიმი თერაპევტი, დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი:
-
როგორ გავლენას ახდენს ზრდასრული ადამიანის ორგანიზმზე რძე და მისი ნაწარმი?
- რძისა და მისი პროდუქტების ავკარგიანობით მრავალი ადამიანია დაინტერესებული. შესაბამისად, ისმის მრავალი შეკითხვა, რომელთა პასუხიც ხშირად არაერთგვაროვანია. დიეტოლოგიის ტრადიციული შეხედულებების მიმდევრები მიიჩნევენ, რომ რძე და რძის ნაწარმი ყველასთვის სასარგებლოა. არსებობს განსხვავებული აზრიც, რომლის თანახმადაც ეს საკვები მხოლოდ ბავშვებისთვის არის სასურველი, ზოგიერთ დიეტოლოგს კი თითოეული პროდუქტის შესახებ ცალკე მოსაზრება აქვს.
ისევე, როგორც ნებისმიერ საკვებს, რძესა და მის ნაწარმს აქვს ღირსებებიც და ნაკლოვანებებიც, ასე რომ, ზრდასრული ადამიანის ორგანიზმზე მათი ზემოქმედება სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება სრულიად სხვადასხვაგვარი იყოს.
-
ესე იგი, შესაძლოა, რძემ და მისმა ნაწარმმა გვავნოს?
- მოგეხსენებათ, რძე ცილოვანი პროდუქტია, ცილა კი ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება, ვინაიდან უჯრედთა საშენ მასალას წარმოადგენს. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ მედიცინაში გაბატონე-ბული იყო შეხედულება, რომლის თანახმადაც ჭარბი ცილა ორგანიზმიდან თირკმელების მეშვეობით გამოიდევნებოდა. დღეისთვის დადასტურებულია, რომ ჭარბი ოდენობით მიღებისას ცილა უჯრედებში გროვდება და დამანგრეველ პროცესებს იწვევს. ასე რომ, ცილების ჭარბი მოხმარება არცთუ უსაფრთხოა.
-
ბევრს მიაჩნია, რომ ადამიანის ორგანიზმზე სასიკეთო ზემოქმედებას მხოლოდ ძროხის ახალი რძე ახდენს. ერთნაირად მარგებელია თუ არა ყოველგვარი რძე? აქვს თუ არა სასარგებლო თვისებები ფხვნილისგან ან შესქელებული რძისგან მომზადებულ სასმელს? ხომ არ კარგავს ამ თვისებებს რძე ადუღების ან პასტერიზაციის დროს?
- იყო დრო, როდესაც ძროხის რძეს ჩვილებს დედის რძის ნაცვლად ასმევდნენ. საბედნიეროდ, პედიატრიამ ამ შეხედულებაზე უარი თქვა, შედარებით მოზრდილ ბავშვებს კი ძროხის რძისგან ფაფებს დღესაც ხშირად უმზადებენ. დროა, დიასახლისებმა შეიცვალონ დამოკიდებულება ამ ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქტის მიმართ. ძროხის რძე მხოლოდ ხბოსთვის არის მისაღები, ისიც - სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე.
მოგეხსენებათ, ხბო სწრაფად იზრდება, რის გამოც მისი კუნთები და ძვლოვანი სისტემა მაღალი კონცენტრაციის ცილებს მოითხოვს. სწორედ ასეთ ცილებს შეიცავს ძროხის რძე. კუნთებისა და ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბების შემდეგ ხბო ინსტინქტურად თავს ანებებს მაღალი კონცენტრაციის ცილებით მდიდარი ამ საკვების მიღებას.
შედარებით ნაკლებია ასეთი ცილების შემცველობა თხის რძეში - თიკანი ხბოზე ნელა იზრდება და ცილებსაც უფრო ნაკლებს მოითხოვს. ბავშვის ზრდის ტემპი, ბუნებრივია, ჩამოუვარდება თიკნისას, ასე რომ, მისთვის კიდევ უფრო ნაკლები კონცენტრაციის ცილებია მიზანშეწონილი.
აქედან გამომდინარე, ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს სულაც არ სჭირდება მაღალი კონცენტრაციის ცილებით მდიდარი ძროხის რძე. ჭარბ ცილას ორგანიზმი მთლიანად ვერ ითვისებს, მისი აუთვისებელი ნაწილისგან კი ტოქსიკური ცილოვანი მჟავები წარმოიქმნება, რომლებმაც, თავის მხრივ, შესაძლოა სათავე დაუდოს ალერგიას, ფილტვების ანთებას, ქრონიკულ რინიტს, ნუშურა ჯირკვლების ანთებას (ტონზილიტს), ადენოიდებს, რევმატულ დაავადებებს, გასტრიტს, კოლიტს, სიმსივნურ პათოლოგიას.
რძის ფხვნილი, რომელსაც ნატურალური ძროხის რძის ალტერნატივად განიხილავენ, მიუღებელ პროდუქტად მიმაჩნია, ვინაიდან მასში მაღალია არაორგანული ნივთიერებების, მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ფერმენტების შემცველობა.
ასევე მოკლებულია სასარგებლო თვისებებს რძე თერმული დამუშავებისა და პასტერიზაციის შემდეგ. არსებობს ნაშრომები ორგანიზმზე პასტერიზებული რძის არასასურველი გავლენის შესახებ. ვერც შესქელებული რძის სასარგებლო თვისებების შესახებ გეტყვით რამე სასიკეთოს – ის კონსერვირებული პროდუქტია და კადმიუმს შეიცავს.
თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯამებთ, თამამად შეიძლება დავასკვნათ: ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, რძე საერთოდ არ არის დიეტური პროდუქტი. ის უნდა განვიხილოთ როგორც უძვირფასესი ნედლეული, რომლისგანაც რძის ნაწარმი მზადდება.
-
რამდენად მისაღებია დიეტოლოგიის თვალსაზრისით რძიანი ფაფა და რძიანი ყავა ან კაკაო?
- ამ კუთხით გაცილებით მისაღებია წყალზე მომზადებული ფაფები, რომლებიც შეიძლება კარაქით თუ ზეთით შევაზავოთ.
კაკაოს რძით განეიტრალება საერთოდ არ სჭირდება. ის მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, შეიცავს მაგნიუმს, რომლის ნაკლებობასაც მრავალი ჩვენგანი განიცდის. ეს ძვირფასი პროდუქტი, უმჯობესია, რძის გარეშე მივიღოთ.
უნალექო ყავას, რომელიც დიეტოლოგიის თვალთახედვით ქიმიური ნაერთია და არა ნატურალური პროდუქტი, რძის დამატება სასარგებლო თვისებებს ვერ შესძენს. ნატურალური გახლავთ ნალექიანი ყავა, რომელსაც რძეს არ ამატებენ.
-
რა ადგილი უნდა ეკავოს რძის ნაწარმს ასაკოვანი ადამიანების კვების რაციონში?
- ასაკოვანმა პირებმა რძის პროდუქტები ზომიერად უნდა მიიღონ. ზრდასრული, მით უფრო - ხანში შესული ადამიანის ორგანიზმში მათი სიჭარბე, როგორც უკვე მოგახსენეთ, არამც და არამც არ არის სასურველი. სამაგიეროდ, მაწონი ნებისმიერ ასაკში დასაშვებია.
-
მიიჩნევენ, რომ რძისა და მისი ნაწარმის მიღება ყოველგვარ საკვებთან ერთად არ შეიძლება. ამ მოსაზრებას თუ აქვს საფუძველი?
- ეს შეხედულება საფუძველს მოკლებული არ გახლავთ. მაგალითად, მაწონი შეუთავსებელია შაქართან, თაფლთან, ორცხობილასთან, პურთან, ხილთან...
-
კარაქზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, მის არასასურველ ზემოქმედებასა და ათეროსკლეროზზე ამახვილებენ ყურადღებას. რამდენად აუცილებელია ეს პროდუქტი და რა ადგილი უნდა ეკავოს ადამიანის კვების რაციონში? როდის უნდა შეიზღუდოს კარაქის მიღება?
- რძის ნაწარმიდან ყველაზე სკეპტიკურად რატომღაც კარაქს უყურებენ და მთელ იმ მავნე ზემოქმედებას, რომელსაც რძის ზოგიერთი პროდუქტი ახდენს ორგანიზმზე, მას მიაწერენ. კარაქის ასეთი ცალმხრივი შეფასება არასწორია. მას, ისევე როგორც მაწონს, ყველსა და ხაჭოს, უდავოდ აქვს სასარგებლო თვისებებიც, კარაქი ენერგიის წყაროა. მას ევალება ორგანიზმში სითბოს რეგულაცია, დიდი რაოდენობით შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, მათ შორის - მხედველობისთვის აუცილებელ A ვიტამინსა და მინერალურ მარილებს.
შეხედულება, რომ კარაქი ქოლესტერინის მატების მიზეზია, უსაფუძვლოა. სინამდვილეში მიზეზი კარაქი კი არა, მისი არასწორი მომზადება და ტექნოლოგიური გამოყენებაა. თუ არასწორად გამოვიყენებთ, ნებისმიერი პროდუქტი გვავნებს. ეკოლოგიურად და ტექნოლოგიურად სწორად მომზადებული კარაქი დღეში 1 ან 2 ჩაის კოვზი ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს.
-
ბოლო ხანს პოპულარული გახდა იოგურტი...
- დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ის კომერციული პროდუქტია, რომელიც ესენციების, ემულგატორების, გაურკვეველი არაორგანული დანამატების ერთობლიობას წარმოადგენს.
-
ბევრი მიიჩნევს, რომ ხაჭოს მხოლოდ სარგებლობა მოაქვს, განსაკუთრებით - მაშინ, როდესაც საქმე წონის დაკლებას ან ღვიძლის დაავადებას ეხება. გადაჭარბებით ხომ არ ვაფასებთ მას?
- უცხიმო ხაჭო დიეტური პროდუქტია. გარდა ცილებისა, ის შეიცავს სასარგებლო ნივთიერებას - კალციუმს. ამ თვისების გამო ხაჭო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის - ამ ასაკში ხომ ძვლოვანი სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ზრდასრულმა ადამიანმა კი ეს პროდუქტი ზომიერად უნდა მიიღოს. ხაჭო დიეტური რაციონის მნიშვნელოვანი კომპონენტია ჭარბი წონის, შაქრიანი დიაბეტის, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების დროს.
-
ხაჭოსგან განსხვავებით, არაჟანს უმეტესად უარყოფით კონტექსტში იხსენიებენ. აქვს თუ არა ამ პროდუქტს რაიმე სასარგებლო თვისება?
- არაჟანი საკმაოდ მძიმედ მოსანელებელი პროდუქტია, რომელიც ცილების მაღალ კონცენტრაციას შეიცავს. ძლიერი ცხიმიანობის გამო ის თრგუნავს ღვიძლის ფუნქციას და შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის დაავადებებსაც შეუწყოს ხელი. თუ ჯანსაღ კვებაზე ვართ ორიენტირებულნი, არაჟანს სასურველი პროდუქტების რიცხვს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ.
-
ქართული სამზარეულო ყველის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ამ პროდუქტს სხვადასხვანაირად ამზადებენ. ბოლო ხანს ჩვენს ბაზარზე სხვადასხვა სახეობის შვეიცარიული, ჰოლანდიური და ფრანგული ყველიც გამოჩნდა. ყოველგვარი ყველი სასარგებლოა? ზოგიერთი დაავადებისას უარი ხომ არ უნდა ვთქვათ მის მიღებაზე?
- ყველი ძნელად მოსანელებელი პროდუქტია. ის საკმაოდ მაღალკალორიულია, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ზომიერად აუცილებელიც კია ორგანიზმისთვის. ჯანსაღი კვების თვალსაზრისით მარგებელია ახალამოყვანილი უმარილო ყველი.
რაც შეეხება ჩვენს ბაზარზე ფართოდ ფეხმოკიდებულ უცხოური ყველის ნაირსახეობებს, მათ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ დიეტურ პროდუქტს. უფრო მეტიც - შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი თირკმლის ფუნქციაზე, ძვალსახსროვან სისტემაზე, ლიმფურ სისტემასა და წონაზე უარყოფითი გავლენის გამო დაავადების სათავედაც კი იქცეს.
ალბათ, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ ყველს ორგანიზმზე არასასურველი გავლენის მოხდენაც შეუძლია და ამიტომაც დაამკვიდრეს მისი ღომთან ან მჭადთან ერთად მიღება - ეს პროდუქტები ანეიტრალებს ყველში შემავალ მარილს, ცილებსა და ცხიმებს. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით პურსა და ფენოვანი თუ საფუვრიანი ცომისგან მომზადებულ ხაჭაპურზე.
-
რძის პროდუქტების შესახებ საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ქართულ ნაწარმს - მაწონსა და ნადუღს. რა ადგილი უკავია მათ დიეტურ რაციონში?
- მაწონი ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო პროდუქტია. ის შეიძლება ჩავრთოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანის რაციონში, განურჩევლად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა (გარდა შეუთავსებლობის ერთეული შემთხვევებისა), თუმცა ზოგი რამ მაინც უნდა მივიღოთ მხედველობაში.
ჯანსაღი კვების თვალსაზრისით სასარგებლოდ მიგვაჩნია ოჯახში დამზადებული (სოფლის) მაწონი და არა ქარხნული ნაწარმი, რომელიც არასასურველ დანამატებს შეიცავს და გაჯერებულია არაორგანული მიკროელემე-ნტებით, ვიტამინებით, ფერმენტებით. მაწონი უნდა მომზადდეს ძროხის ნატურალური რძისგან და არა რძის ფხვნილისგან. დაუშვებელია მაწვნის თერმული დამუშავებაც. ოჯახური წესით მომზადებული მაწონი შეიძლება მივიღოთ არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, ფერმენტების დეფიციტის, კუჭ-ნაწლავის ამა თუ იმ პათოლოგიისა და უამრავი სხვა დაავადების დროს.
მაწვნისგან განსხვავებით, დიეტურ პროდუქტს ვერ ვუწოდებთ ნადუღს. ის დიდი ოდენობით მაღალი კონცენტრაციის ცილას შეიცავს. ნადუღის ხშირი და უხვი მიღებისას უჯრედებს უჭირთ ცილის დამშლელი ფერმენტების გამოყოფა, ცილა ორგანიზმში გროვდება და ტოქსიკური მჟავების წარმოქმნას უდებს სათავეს. ამრიგად, ნადუღი არ შეიძლება ყოველდღიური რაციონის ნაწილი იყოს. მას შეიძლება სადღესასწაულო სუფრის პროდუქტი ვუწოდოთ.
-
არსებობს მოსაზრება, რომ ყაბზობისას სასარგებლოა წყლით განზავებული მაწონი.
- არამარტო ყაბზობისას - საზოგადოდ, უმჯობესია, მაწონი განზავებული მივიღოთ. ამ მიზნით მიზანშეწონილია წყაროს წყლის გამოყენება თანაფარდობით 1:1. ეს ცილის კონცენტრაციას შეამცირებს. განზავებული მაწონი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჭარბი წონის დროს. მას ერთგვარი დეტოქსიკაციური თვისება აქვს, რის გამოც თირკმლის დაავადებების დროსაც ავლენს დადებით ეფექტს.
-
არსებობს რძის პროდუქტი, რომელიც ყველას ერთნაირად უყვარს - ნაყინი. შეიძლება თუ არა, ის სასარგებლოდ ჩაითვალოს?
- დიეტოლოგიის თვალსაზრისით ნაყინი ნამდვილად არ გახლავთ სახარბიელო პროდუქტი. მისი მომხიბლავი შეფუთვის მიღმა მხოლოდ რძე, გაურკვეველი წარმოშობის ცხიმები, ემულგატორები და ბურუსით მოცული ტექნოლოგიებია. მას ვერავითარ სამკურნალო თვისებას ვერ მივაწერთ.
-
შეიძლება თუ არა, რძის ნაწარმი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების, ანემიის დროს რეკომენდებულ რაციონში ჩავრთოთ?
- ანემიის მკურნალობისას რძის ნაწარმს დამოუკიდებელ მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, ვერ მივანიჭებთ, მაგრამ ბალანსირებულ კვებას, ისევე, როგორც ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში, ამ დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, კარაქი, უცხიმო ხაჭო, მაწონი ის პროდუქტებია, რომლებიც პაციენტმა კვების რაციონში აუცილებლად უნდა შეიტანოს.
იგივე შეიძლება ითქვას ძვალ-სახსართა სისტემის პათოლოგიებზე - გადამწყვეტი ამ დროს ძირითადი დაავადების მკურნალობაა, მაგრამ რძის პროდუქტებს, რომლებიც კალციუმის წყაროს წარმოადგენს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იოდის დეფიციტს, თუმცა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კალციუმი, რომლითაც მდიდარია რძის პროდუქტები.
-
გავრცელებული აზრის თანახმად, რძის ნაწარმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფილტვის ქრონიკული დაავადებებისა და ტუბერკულოზის მკურნალობაში.
- სასუნთქი სისტემის პათოლოგიებისა და ტუბერკულოზის დროს, ასევე - რესპირატორული ინფექციებით ხშირი ავადობისას პაციენტებს მართლაც ტვირთავენ რძით, არაჟნით, ხაჭოთი, მაგრამ გამოჯანმრთელების ნაცვლად დაავადების მიმდინარეობა ხშირად შეუპოვარი ხდება. მიზეზი მარტივია – ჭარბი ცილა ხელს უწყობს ორგანიზმში ტოქსიკური პროდუქტების დაგროვებას, თრგუნავს ლიმფურ სისტემას.
ექიმები ხშირად საუბრობენ მედიკამენტური თვითმკურნალობის მავნეობის შესახებ, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, რაოდენ საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს არასწორი კვება ამა თუ იმ დაავადების დროს. უამრავია ისეთი პათოლოგია, როდესაც სამკურნალო კვება სწორად შერჩეულ მედიკამენტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ამიტომ უმჯობესია, ის დიეტოლოგის რეკომენდაციითა და მეთვალყურეობით ჩატარდეს.
-
ხომ არ დაგვისახელებდით პროდუქტებს, რომელთა მიღებაც ყოველდღეა სასურველი ან, პირიქით, რეკომენდებულია შეზღუდვა? როგორია რძისა და მისი პროდუქტების მიღების ოპტიმალური სიხშირე? ხომ არ არის უფრო სასურველი ამა თუ იმ პროდუქტის დღის რომელიმე მონაკვეთში მიღება?
- ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ძნელია. ბევრს უჭირს გაცნობიერება, რომ დიეტური კვება არამედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთი სახეობაა. ყველამ კარგად იცის, რომ ვერც ერთი ექიმი ვერ დანიშნავს წამალს პაციენტის გასინჯვის, მისი მდგომარეობის შეფასების გარეშე. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მკურნალობა ზოგადი მითითებების საფუძველზე, მაგრამ ცალკეული ინდივიდისთვის შეირჩევა.
ასევე წარმოუდგენელია საერთო რეცეპტის შემუშავება დიეტური კვების, კერძოდ კი რძის პროდუქტების მიღების შესახებ. დიეტოლოგი პაციენტს ასეთ მითითებას მხოლოდ დიაგნოზის, ასაკის, სქესის, წონის, ფიზიკური აქტივობის, ზოგადი მდგომარეობისა და მრავალი სხვა ფაქტორის გათვალი-სწინებით აძლევს.
ამასთანავე, ყველა ადამიანმა უნდა ისწავლოს თავისი ორგანიზმის ენა, მისი მოსმენა და ექიმთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისთვის შესაფერისი პროდუქტების ძიებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაც სასარგებლოა ერთისთვის, მეორისთვის შესაძლოა უსარგებლო ან მიუღებელი აღმოჩნდეს.
რძის ნაწარმის მიღების სიხშირეს თავად ბუნება არეგულირებს და ქრისტიანული რელიგიაც ამასვე გვკარნახობს – ცხოველური პროდუქტების გამორიცხვა კვირაში ორჯერ და მარხვების პერიოდში გვეხმარება შევინარჩუნოთ ბალანსი ცილების მიღებასა და მათზე მოთხოვნილებას შორის.
უცოდინარობითა და მცდარი მიდგომით გამოწვეული არასწორი კვება კი ნებისმიერი დაავადების მიზეზად შეიძლება იქცეს. ჰიპოკრატე გვასწავლის, რომ საკვები საუკეთესო წამალია. ეცადეთ, საკვები წამლად აღიქვათ, რათა არასოდეს მოექცეთ ქიმიურ საშუალებათა ტყვეობაში.