ზღვის სასარგებლო და მავნე პროდუქტები

მართალია, იაპონიაში! და რატომ? იმიტომ, რომ ისინი სწორად იკვებებიან. ეს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის პირველი და მთავარი პირობაა. და რას მიირთმევენ ისინი უფრო მეტად? ზღვის პროდუქტებსა და ბოსტნეულს.
მოდი, ერთად გავარკვიოთ, ზღვის რომელი პროდუქტია ჩვენთვის სასარგებლო, რომელი - მავნე, როგორ ავარჩიოთ, მოვამზადოთ და მივირთვათ ისინი. ურიგო არ იქნება, იმ კითხვასაც გავცეთ პასუხი, რომელი პროდუქტები შეიძლება მიირთვან ორსულებმა.
ზღვის უძვირფასეს საჩუქრებს ადამიანი უხსოვარი დროიდან იღებს. თევზი და ზღვის პროდუქტები თანამედროვე ადამიანის რაციონის აუცილებელი და შეუცვლელი კომპონენტია. თევზეულის ცილას ადამიანის ორგანიზმი უფრო სწრაფად და ადვილად ითვისებს, ვიდრე ცხოველურს. გარდა ამისა, ზღვის პროდუქტების ცილა ცხოველურთან შედარებით ნაკლებკალორიულია, ამიტომ ზღვის პროდუქტები თამამად შეგიძლიათ მიირთვათ და არ იდარდოთ ფიგურის, სხეულის ფორმების გამო.
ზღვის პროდუქტები მდიდარია მინერალებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც აუმჯობესებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას. მაგალითად, კიბორჩხალასებრთა ოჯახი შეიცავს რკინასა და ფოსფორს, კალმარები მდიდარია კალიუმით, მოლუსკები - ნიკელითა და სპილენძით, მიდიები - კობალტით.
A, B და D ვიტამინები ზღვის თევზში რომ უხვადაა, ნებისმიერმა მოსწავლემ იცის. ჩამოთვლილთა გარდა, თევზის ხორცი შეიცავს იოდს, თუთიას, სპილენძს, მანგანუმს, რკინასა და ფოსფორს. თითოეულ ამ ვიტამინსა თუ მიკროელემენტს ადამიანის ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ხოლო ზოგიერთი მათგანი იმდენად უნიკალურია, რომ ზღვის პროდუქტების გარდა ვერსად შეხვდებით.
ზღვის პროდუქტების რეგულარული მიღება მეტად სასარგებლოა გულისა და თავის ტვინისთვის, რადგან სწორედ ამ პროდუქტებშია მათი მუშაობისთვის აუცილებელი პოლიუჯერი ცხიმმჟავები. ეს უკანასკნელნი თევზის ხორციდან ადამიანის ორგანიზმს შეწოვისთვის იდეალური სახით მიეწოდება.
მცენარეული საკვები კი (მაგალითად, სოია, მწვანე ბოსტნეული) გაცილებით რთულ ნაერთებს შეიცავს, რომელთა გადამუშავებისთვის ორგანიზმს დამატებითი ენერგიის ხარჯვა სჭირდება.
თევზებიდან ყველაზე ცხიმიანია გველთევზა, ორაგული, ქაშაყი და სკუმბრია. მათ მოსდევს კეფალი, თინუსი, სარდინი და კალმახი. “სუსტების” კატეგორიიდან აღსანიშნავია: ვირთევზა, კამბალა და ჭანარი, თუმცა მრავალფეროვნებისთვის მათი მირთმევაც შეიძლება. თევზი ხომ ადვილად ასათვისებელი ცხოველური ცილის წყაროა. აქედან გამომდინარე, დროდადრო თამამად შეიძლება თევზით საქონლის ხორცის შეცვლა.
მნიშვნელოვანი ფაქტები ზღვის პროდუქტების მარგებლობის შესახებ
ზღვის პროდუქტები იოდდეფიციტის პროფილაქტიკის მთავარი საშუალებაა. იოდის უკმარისობას ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევის პროვოცირება შეუძლია. ამ ელემენტს შეიცავს წყალქვეშა სამყაროს თითქმის ყველა სახეობა, ოღონდ სხვადასხვა რაოდენობით.
ყველანაირი თევზი აუცილებელია?
გაცილებით მეტი ღირებულება აქვს ზღვის თევზს. ის უფრო მეტ იოდსა და უჯერ ცხიმს შეიცავს, ვიდრე მდინარისა. ექიმები დიდხანს ურჩევდნენ ორსულებს, დიდი სიფრთხილით მოჰკიდებოდნენ ზღვის თევზებისა და კიბოსნაირების (კრევეტები, ომარები, ხამანწკები და სხვა) მრავალ სახეობას, რადგან მათი ორგანიზმი შეიცავს ვერცხლისწყალს, მომავალი დედის ორგანიზმში ამ ელემენტის დაგროვებამ შესაძლოა ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარების დარღვევა გამოიწვიოს. თუმცა ვერცხლისწყლის საშიშ კონცენტრაციას მხოლოდ ზოგიერთი სახეობის თევზი შეიცავს. რაციონიდან გამორიცხეთ ხმალთევზა, სკუმბრია და ზვიგენი. რაც შეეხება დანარჩენებს, დაიხსომეთ, რაც უფრო დიდი და ხნოვანია თევზი, მით უფრო მეტია მასში მავნე ნივთიერება. როგორც ყოველთვის, ზომიერება ამ დროსაც საჭიროა. ყველაზე უკეთესია, კვირაში სამი-ოთხი დღე დაუთმოთ თევზეულს. არჩევანი მრავალფეროვანია, თუმცა ჯობს, უპირატესობა ახალდაჭერილ და შედარებით მომცრო ზომის თევზებს მიანიჭოთ.