რძე და რძის პროდუქტები
ვიდრე სურსათს დავიწუნებთ, გავარკვიოთ, რა სასარგებლო თუ მავნე თვისებები აქვს მას, რა სარგებლობისა თუ ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის.
მაღაზიაში ან ბაზარში სურსათის შეძენისას ხშირად ჩვეული წარმოდგენებით ვხელმძღვანელობთ. ეს წარმოდგენები ეხება დიეტურ, მსუბუქ, სამკურნალო საკვებს.
თუმცა მათ შემადგენლობასაც სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ, კარგად გაარკვიეთ, რამდენია მათში სასარგებლო თუ საზიანო ნივთიერებები და რა გავლენის მოხდენა შეუძლია ჯანმრთელობაზე.
კულინარიულ სამყაროში დღემდე არაფერია რძის პროდუქტებზე სასარგებლო. ისინი შეიცავენ აბსოლუტურად ყველა ნივთიერებას, რაც კი საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედებისთვის: სრულფასოვან ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, არაორგანულ მარილებს, ვიტამინებს, ჰორმონებსა და ე.წ. იმუნურ სხეულებს.
შეკითხვა ექიმს
- მინდა წონის მომატება, მაგრამ უმეტესად შინ არ ვარ და ხშირად ჭამას ვერ ვახერხებ, დღეში დაახლოებით 2-3-ჯერ ვიკვებები, ამიტომ ვერ ვსუქდები, თან დიდად მადაც არ მაქვს, ცოტას ვჭამ. მაინტერესებს რაიმე საშუალება, რომელიც ორგანიზმს ინფექციასთან გამკლავებაში ეხმარება.
- ტრადიციული დიეტოლოგიური თეორიების მიმდევრები მიიჩნევენ, რომ რძე და რძის ნაწარმი ყველასთვის სასარგებლოა. არსებობს განსხვავებული აზრიც, რომლის თანახმადაც, ეს საკვები მხოლოდ ბავშვებისთვის არის სასურველი, ზოგიერთ დიეტოლოგს კი თითოეული პროდუქტის შესახებ საკუთარი მოსაზრება აქვს. ნებისმიერი საკვების მსგავსად, რძის ნაწარმსაც აქვს ღირსებებიც და ნაკლოვანებებიც, ასე რომ, ზრდასრული ადამიანის ორგანიზმზე მათი ზემოქმედება სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარია.
რძე ცილოვანი პროდუქტია, ცილა კი ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს სჭირდება უჯრედთა საშენ მასალად. არცთუ დიდი ხნის წინ მედიცინაში გაბატონებული იყო აზრი, რომ ჭარბი ცილა ორგანიზმიდან თირკმელების მეშვეობით გამოიდევნებოდა. დღეისათვის დადასტურებულია, რომ ჭარბი მიღებისას ცილა უჯრედებში გროვდება და დამანგრეველ პროცესებს იწვევს. ასე რომ, ცილების ჭარბი მოხმარება არც ისე უსაფრთხოა.
იყო დრო, როდესაც ჩვილებს დედის რძის ნაცვლად ძროხის რძეს ასმევდნენ. საბედნიეროდ, პედიატრიამ ამაზე უარი თქვა, შედარებით მოზრდილ ბავშვებს კი ძროხის რძისგან დღესაც ხშირად უმზადებენ ფაფებს. დიეტოლოგების აზრით, დროა, დიასახლისებმა შეიცვალონ აზრი ამ ერთი შეხედვით უწყინარ პროდუქტზე. ძროხის რძე მხოლოდ ხბოსთვის არის მისაღები, ისიც - სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე. ძროხის რძე მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ცილებს. თხის რძეში ცილების შემცველობა ნაკლებია. ბავშვისთვის სწორედ ნაკლებკონცენტრირებული ცილებია საჭირო. ძროხის რძეში არსებულ ჭარბ ცილას ორგანიზმი მთლიანად ვერ ითვისებს, მისი აუთვისებელი ნაწილისგან კი ტოქსიკური ცილოვანი მჟავები წარმოიქმნება, რომლებმაც შესაძლოა სათავე დაუდოს ალერგიას, ფილტვების ანთებას, ქრონიკულ რინიტს, ნუშურა ჯირკვლების ანთებას (ტონზილიტს), ადენოიდებს, რევმატულ დაავადებებს, გასტრიტს, კოლიტს, სიმსივნურ პათოლოგიებს. რძის ფხვნილს, რომელსაც ნატურალური ძროხის რძის ალტერნატივად განიხილავენ, მრავალი დიეტოლოგი მიუღებელ პროდუქტად მიიჩნევს მასში არსებული არაორგანული ნივთიერებების, მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ფერმენტების დიდი შემცველობის გამო. თერმული დამუშავებისა და პასტერიზაციის შემდეგ სასარგებლო თვისებებს კარგავს ნატურალური რძეც. არსებობს ნაშრომები ორგანიზმზე პასტერიზებული რძის არასასურველი გავლენის შესახებ. ვერც შესქელებული რძის სასარგებლო თვისებების შესახებ მოისმენთ რაიმე სასიკეთოს - ის კონსერვირებული პროდუქტია და კადმიუმს შეიცავს. თუ ყოველივე ზემოთქმულს შევაჯამებთ, თამამად შეიძლება დავასკვნათ: ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედავად, რძე საერთოდ არ არის დიეტური პროდუქტი. ის უნდა განვიხილოთ რძის ნაწარმის დასამზადებელ უძვირფასეს ნედლეულად.
ასაკოვანმა ადამიანებმა რძის ნაწარმი ზომიერად უნდა მიიღონ. ზრდასრული, მით უფრო - ხანში შესული ადამიანისთვის, მისი სიჭარბე არასასურველია. სამაგიეროდ, მაწონი ნებისმიერ ასაკში დასაშვებია. დიეტოლოგთა აზრით, მაწონი შეუთავსებელია შაქართან, თაფლთან, ორცხობილასთან, პურთან, ხილთან...
რძის ნაწარმიდან ყველაზე სკეპტიკურად რატომღაც კარაქს უყურებენ და რძის ზოგიერთი პროდუქტის მთელ მავნე ზემოქმედებას ორგანიზმზე მას მიაწერენ. კარაქის ასეთი ცალმხრივი შეფასება არასწორია. მას, ისევე როგორც მაწონს, ყველსა და ხაჭოს, უდავოდ, აქვს სასარგებლო თვისებებიც. კარაქი ენერგიის წყაროა. მას ევალება ორგანიზმში სითბოს რეგულაცია, დიდი რაოდენობით შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, მათ შორის - მხედველობისთვის აუცილებელ A ვიტამინსა და მინერალურ მარილებს. წარმოდგენა, რომ კარაქი ქოლესტერინის მატების მიზეზია, უსაფუძვლოა. სინამდვილეში, კარაქი კი არ არის მიზეზი, არამედ მისი არასწორი მომზადება და ტექნოლოგიური გამოყენება. არასწორად გამოყენებისას ნებისმიერი პროდუქტი მავნებელია. ეკოლოგიურად და ტექნოლოგიურად სწორად მომზადებული კარაქი ადამიანმა დღეში 1 ან 2 ჩაის კოვზი აუცილებლად უნდა მიიღოს.
ხაჭო, განსაკუთრებით - უცხიმო, დიეტური პროდუქტია. გარდა ცილებისა, ის შეიცავს ძალზე სასარგებლო ნივთიერებას - კალციუმს, ამიტომ გამორჩეულად საჭიროა მოზარდებისთვის. ამ ასაკში ხომ ძვლოვანი სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. ზრდასრულმა ადამიანმა კი ეს პროდუქტი ზომიერად უნდა მიიღოს. ხაჭო დიეტური რაციონის მნიშვნელოვანი კომპონენტია ჭარბი წონის, შაქრიანი დიაბეტის, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების დროს. არაჟანი საკმაოდ ძნელად მოსანელებელი პროდუქტია, რომელიც ცილებს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს. ძლიერი ცხიმიანობის გამო ის თრგუნავს ღვიძლის ფუნქციას და შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის დაავადებასაც შეუწყოს ხელი. თუ ჯანსაღ კვებაზე ვართ ორიენტირებულნი, არაჟანს სასურველი პროდუქტების რიცხვს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ.
ბოლო ხანს საკმაოდ პოპულარული გახდა იოგურტი, თუმცა ზოგიერთი დიეტოლოგი ამტკიცებს, რომ ის კომერციული პროდუქტია, რომელიც ესენციების, ემულგატორების, გაურკვეველი არაორგანული დანამატების ერთობლიობაა. ქართული სამზარეულო წარმოუდგენელია ყველის გარეშე. დიეტოლოგები მასაც ძნელად მოსანელებელ პროდუქტად მიიჩნევენ. ყველი საკმაოდ მაღალკალორიულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეიცავს ნივთიერებებს, რომელთა ზომიერი მიღება აუცილებელიც კია ორგანიზმისთვის.
ჯანსაღი კვების თვალსაზრისით, მარგებელია ახალგამოყვანილი უმარილო ყველი. ჩვენს ბაზარზე ფართოდ ფეხმოკიდებულ უცხოური ყველის ნაირსახეობებს კი ნამდვილად ვერ ვუწოდებთ დიეტურს. უფრო მეტიც - ზოგიერთი თირკმლის ფუნქციაზე, ძვალსახსროვან სისტემაზე, ლიმფურ სისტემასა და წონაზე უარყოფითი ზემოქმედების გამო შესაძლოა დაავადების წყაროდაც კი იქცეს.
მაწონი ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა. ის შეიძლება ჩავრთოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანის რაციონში, განურჩევლად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, თუმცა ზოგი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ჯანსაღი კვების თვალსაზრისით სასარგებლოდ არის მიჩნეული შინ დამზადებული (სოფლის) მაწონი და არა ქარხნული ნაწარმი, რომელიც არასასურველ დანამატებს შეიცავს და გაჯერებულია არაორგანული მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ფერმენტებით. მაწონი უნდა მომზადდეს ძროხის ნატურალური რძისგან და არა რძის ფხვნილისგან. დაუშვებელია მაწვნის თერმული დამუშავებაც.
მაწვნისგან განსხვავებით, დიეტურ პროდუქტს ვერ ვუწოდებთ ნადუღს. ის დიდი ოდენობით მაღალი კონცენტრაციის ცილას შეიცავს. ნადუღის ხშირი და უხვი მიღებისას უჯრედებს უჭირთ ცილის დამშლელი ფერმენტების გამოყოფა, ცილა ორგანიზმში გროვდება და ტოქსიკური მჟავების წარმოქმნას ეხმარება. ამგვარად, ნადუღი არ შეიძლება ყოველდღიური რაციონის ნაწილი იყოს.