სასუნთქი სისტემა რა შეიძლება მივიჩნიოთ ნორმად
- ბატონო კობა, ნორმალურ პირობებში როგორ ხორციელდება სუნთქვის აქტი?
- სუნთქვის აქტი ვენტილაციის მექანიზმის საფუძველია, რომელიც ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისგან შედგება. იგი გულმკერდის ყაფაზის რიტმული მოძრაობებით - გაგანიერებითა და დაშვებით - ხორციელდება. ჩასუნთქვისას სასუნთქი კუნთები აქტიურად მუშაობენ, რაც სუნთქვის აქტიურ ფაზას წარმოადგენს. იგი ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსულ იმპულსს მოჰყვება. გულმკერდის ყაფაზის მოცულობის გადიდებას მისი ღრუსა და პასიურად ფილტვის მოცულობის მომატება მოსდევს. ამ დროს ალვეოლური წნევა იკლებს, ამიტომ ატმოსფეროს ჰაერი ალვეოლებში შედის. ამოსუნთქვა პასიურად ხდება სასუნთქი კუნთების მოდუნებისა და გულმკერდის ყაფაზის დაშვების შედეგად. ალვეოლების ელასტიკური ქსოვილი, რომელიც ჩასუნთქვისას დაჭიმული იყო, ამოსუნთქვის დროს ეშვება. ამ დროს ალვეოლებში ჰაერის წნევა ატმოსფეროს წნევას სჭარბობს და ჰაერი გარეთ გამოდის.
- როგორია სუნთქვის ნორმალური სიხშირე? არის თუ არა იგი დამოკიდებული ასაკზე, სქესსა და ორგანიზმის მდგომარეობაზე?
- სუნთქვის ცენტრი მდებარეობს მოგრძო ტვინში. იგი აღიგზნება ჰუმორული და ნერვული გზით. ჰუმორული გზით გაღიზიანება ხდება სისხლში დაგროვილი ნახშირორჟანგით. ცენტრი ღიზიანდება კუნთების მოქმედების პროდუქტებით და სისხლის ტემპერატურის მომატებით. მნიშვნელობა აქვს სისხლის მიმოქცევის სისწრაფესაც. რაც შეეხება ნერვულ გზებს, სუნთქვის ცენტრიდან სასუნთქი აპარატისკენ მიმავალი იმპულსების განმაპირობებელი რეფლექსები სასუნთქი გზებიდან, კანიდან და გრძნობის ორგანოებიდან მოემართება. სუნთქვის მოძრაობათა სიხშირე და ძალა შეიძლება შეიცვალოს პირობითრეფლექსურადაც. ის, რომ ადამიანს მათი ნებისმიერად შეცვლის უნარი აქვს, თავისთავად თავის ტვინის ქერქის მნიშვნელობაზე მიუთითებს. ცდომილი ნერვის გაღიზიანება სუნთქვის გაიშვიათებას იწვევს, სიმპათიკურისა კი გახშირებას. სუნთქვის ნორმული სიხშირე სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა:
- ახალშობილისა - წუთში 44;
- 6 წლის ბავშვისა - 26;
- 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდისა - 18-20.
ზოგადად, სუნთქვის ნორმული სიხშირე წუთში 16-18-ს უდრის. სუნთქვის სიხშირე მაჯისცემასთან ასეთ თანაფარდობაშია - 1:4. ქალის სუნთქვა უფრო ხშირია. ფიზიოლოგიურად სუნთქვა ხშირდება წამოდგომისას, მოძრაობისას, ჭამისას, აღელვებისას, გარემოს ტემპერატურის მომატებისას. პათოლოგიის შემთხვევაში სუნთქვის სიხშირე შეიძლება გაიშვიათდეს ან გახშირდეს. გარდა სიხშირისა, მნიშვნელოვანია სუნთქვის ტიპიც. ქალს გულმკერდის ტიპის სუნთქვა აქვს, მამაკაცს - მუცლის, ანუ დიაფრაგმული ტიპის. გვხვდება შერეული ტიპის სუნთქვაც. პათოლოგიის შემთხვევაში სუნთქვის ტიპი შეიძლება შეიცვალოს.
- ჩვენ თითქმის დეტალურად განვიხილეთ სუნთქვის ნორმალური აქტი. როგორია სასუნთქი სისტემის აგებულება?
- სასუნთქი სისტემა შედგება ფილტვისა და მასთან დაკავშირებული ჰაერგამტარი გზებისგან, რომელთა მეშვეობითაც აირთა ცვლის უბნები გარემოს უკავშირდება. რესპირაციულ სისტემაში განარჩევენ ჰაერგამტარ გზებსა და რესპირაციულ ნაწილს. ჰაერგამტარ გზებს ქმნის ცხვირის ღრუ, ცხვირ-ხახა, სასულე, ბრონქები, ბრონქიოლები და ტერმინალური ბრონქიოლები. სუნთქვის ორგანოებია:
- ღრუები და მილები, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით მდებარეობს;
- პლევრის პარკი;
- გულმკერდის ყაფაზი;
- სასუნთქი კუნთები;
- საინერვაციო აპარატი.
ღრუებისა და მილების სისტემა თავის, კისრისა და გულმკერდის არეშია განლაგებული.
- თავის არეშია: ცხვირის ღრუ, ქოანები და ცხვირ-ხახა;
- კისრის არეში - ხორხ-ხახა, ხორხი და სასულე;
- გულმკერდის არეში - ბრონქები და ფილტვები.
ცხვირის ღრუ მიჩნეულია ჰაერის მიმღებ ორგანოდ. ცხვირი მდებარეობს სახის შუა ხაზზე და ფორმისა და ზომის დიდი ინდივიდუალურობა ახასიათებს, თუმცა არსებობს ეთნოგრაფიული პოპულაციების დამახასიათებელი კონკრეტული ფორმები და ზომებიც. ცხვირისთვის დამახასიათებელია ასევე ასაკობრივი გარდაქმნები, განსაკუთრებით - ადრეული ბავშვობის პერიოდში. ახალშობილის ცხვირის თავისუფალი ნაწილი მოკლეა და ბრტყელი. შიგნიდან ცხვირის ღრუ ლორწოვანი გარსით არის დაფარული. ცხვირში გამომუშავდება ლორწო. გაციების, ალერგიის ან გადაცივების დროს ლორწოს გამომუშავება იმატებს. ცხვირის ლორწოს ცხვირის ლორწოვანი გარსის ჯირკვლები გამოიმუშავებს. ის ატენიანებს შესუნთქულ ჰაერს და უვნებელყოფს მასთან ერთად შესუნთქულ მტვერს. ლორწოს აქვს ანტისეპტიკური თვისებაც. მის შემადგენლობაში შედის წყალი, მარილი, მუცინი, ეპითელიუმის უჯრედები. დანარჩენი ღრუები და მილები ჰაერის გამტარია, ხოლო ალვეოლები ამ ღრუებისა და მილების დაბოლოებაა, სადაც ჰაერი გროვდება. ცხვირის ღრუსა და ქოანებს მოსდევს ხახა. ის ერთსა და იმავე დროს საჭმლის მომნელებელ სისტემასაც ეკუთვნის და სასუნთქსაც. ხახა არის ის ღრუ, სადაც ეს სისტემები იკვეთება და გრძელდება სათანადო მილებში - საყლაპავის მილსა და ხორხში. ხორხი სუნთქვის აპარატის ზედა ნაწილია. იმავდროულად, ამ ორგანოში წარმოიქმნება ბგერაც. ხორხის ქვედა ნაწილი თანდათანობით ფართოვდება და გადადის გრძელ მილში, რომელსაც სასულე ჰქვია. სასულე, ტრაქეა, მოთავსებულია კისრისა და გულმკერდის მალებს შორის. მისი სიგრძე დაახლოებით 8-13 სმ-ია. ტრაქეის გაორკაპების შედეგად მიიღება არათანაბარი დიამეტრისა და სიგრძის მარჯვენა და მარცხენა მთავარი ბრონქი. ფილტვები კონუსის ფორმის წყვილი ორგანოა, რომლებიც თითქმის მთლიანად ავსებს გულმკერდის ღრუს. ფილტვები შეიცავს დაახლოებით 700 მილიონ უწვრილეს ბუშტუკს - ალვეოლას, რომელთა ზედაპირის ფართობი 100-130 კვმ-ს აღწევს. ჰაერგამტარ გზებს ორი ძირითადი ფუნქცია აქვთ. უპირველეს ყოვლისა, ისინი ქმნიან პირობებს ჰაერის შეუფერხებელი გატარებისა და კონდიცირებისთვის. ჰაერგამტარ გზებში გავლისას ჰაერი თბება, სველდება და იწმინდება.
- როგორია გულმკერდის ნორმალური მოყვანილობა?
- ნორმალური გულმკერდის ყაფაზის ფორმა მფარავი კუნთებითა და მხრის სარტყლითურთ კასრს წააგავს, რომლის ქვედა ნაწილი უფრო ვიწროა, ვიდრე ზედა. იგი სიმეტრიულია, თუმცა მარჯვენა მხარე მოცულობით ოდნავ აღემატება მარცხენას (ცაციებს პირიქით აქვთ). ნორმალური გულმკერდის ყაფაზის ფორმას ხაზების სიმეტრია და ჰარმონიულობა ახასიათებს. გულმკერდის ყაფაზი კონსტიტუციის ტიპის შესაბამისად იცვლება. ასთენიური კონსტიტუციის მქონე ადამიანს გულმკერდი წაგრძელებული, მობრტყელო და ვიწრო აქვს, ნეკნები უკნიდან ციცაბოდ ეშვება წინ, ნეკნთაშუა სივრცეები შედარებით ფართოა. ჰიპერსთენიული კონსტიტუციის ადამიანის გულმკერდი ფართო, მოკლე და ღრმაა. ნეკნები თითქმის ჰორიზონტალურად მიემართება, ამიტომ ნეკნთაშუა სივრცეები ნაკლებად ფართოა. ნორმის შემთხვევაში გულმკერდის ორივე მხარე სუნთქვისას თანაბრად მოძრაობს, ასიმეტრიის შემთხვევაში გულმკერდის შესაბამისი მხარე სუნთქვაში ჩამორჩება.
- ნორმის შემთხვევაში როგორია სასუნთქი სისტემის ფუნქციური გამოკვლევების მახასიათებლები და რა სახის ფუნქციური კვლევის მეთოდებია მოწოდებული?
- ფილტვების ფუნქციის შესწავლა მათი მოცულობის, ამოსუნთქვის მოცულობითი სიჩქარისა და დიფუზიის უნარის განსაზღვრას გულისხმობს.
- ფილტვების სტატიკური მოცულობა ფილტვებისა და გულმკერდის ელასტიკურობას გამოხატავს;
- ფილტვების დინამიკური მოცულობა - სასუნთქი გზების გამტარობას;
- ამოსუნთქვის მოცულობითი სიჩქარე - სასუნთქ გზებში ჰაერის მოძრაობის მაქსიმალურ სიჩქარეს ფორსირებული ამოსუნთქვის დროს.
ჰაერის მოძრაობის სიჩქარე დამოკიდებულია ფილტვების მოცულობის მაჩვენებლებებსა და ამოსუნთქვის ინტენსივობაზე. ამ უკანასკნელთან ერთად იმატებს ჰაერის ნაკადის სიჩქარეც, განსაკუთრებით - ჰაერის დიდი მოცულობის ფორსირებული ამოსუნთქვის დასაწყისში. მოცულობით სიჩქარეზე ასევე გავლენას ახდენს ფილტვების ელასტიკურობა, წვრილი სასუნთქი გზების წინააღმდეგობა და მსხვილი სასუნთქი გზების სანათურის ფართობი. დიფუზიის უნარი ალვეოლებიდან ფილტვების კაპილარებში აირების გადასვლის ეფექტურობის მაჩვენებელია.
- მნიშვნელოვანი გამოკვლევაა სპირომეტრიაც...
- სპირომეტრია ფილტვის სასიცოცხლო ტევადობისა და ფილტვების სხვა მოცულობათა განსაზღვრის მარტივი, ხელმისაწვდომი მეთოდია. სპეციალური ხელსაწყოს - სპირომეტრის საშუალებით ხდება ჩასუნთქული და ამოსუნთქული ჰაერის ცვლილებათა უწყვეტი გრაფიკული რეგისტრაცია. სპიროგრამის ჩაწერა იწყება მაქსიმალური ჩასუნთქვის მომენტიდან, რის შემდეგაც გამოსაკვლევ პირს სთხოვენ მშვიდად ამოსუნთქვას, ბოლოს ამ ცდას იმეორებენ, ოღონდ - მაქსიმალური ინტენსივობით. სპირომეტრია ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც გამოიყენება ფილტვების ობსტრუქციული და რესტრუქციული დაავადებების სადიფერენციაციოდ, აგრეთვე - ფილტვების ფუნქციური უკმარისობის სიმძიმის დასადგენად და მისი დინამიკის შესაფასებლად ამ დაავადების მკურნალობის პროცესში. სპიროგრამის პარამეტრები ძირითადად გამოისახება ფიზიოლოგიური მაჩვენებლების პროცენტებში გამოსაკვლევი პირის სქესის, ასაკის, სიმაღლის გათვალისწინებით. მათი ნორმალური დიაპაზონი ჯეროვანი სიდიდის 80-120%-ს შეადგენს. სპიროგრაფიით ირკვევა:
- სუნთქვითი მოცულობა (სმ) - ჰაერის ის მოცულობა, რომელიც ჩადის ფილტვში ერთი ჩასუნთქვით მშვიდი სუნთქვისას. ნორმაში ის 500-800 მლ, ჩასუნთქვის სათადარიგო, ამოსუნთქვის სათადარიგო და ნაშთი მოცულობა.
- ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა (ფსტ) - ჰაერის ის მაქსიმალური მოცულობა, რომელსაც ამოისუნთქავს ადამიანი მაქსიმალური ჩასუნთქვის შემდეგ.
- ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა (ფფსტ) - ფსტ-ისგან იმით განსხვავდება, რომ გამოსაკვლევი პირი სუნთქავს მაქსიმალური ინტენსივობით და სისწრაფით.
- ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა პირველ წამში (ფამ 1) - ჰაერის მოცულობა, რომელიც გამოიდევნება ფილტვებიდან მაქსიმალური ამოსუნთქვის პირველი წამის განმავლობაში ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ. ეს მაჩვენებელი გამოხატავს მსხვილი კალიბრის სასუნთქი გზების მდგომარეობას.
- ტიფნოს ინდექსი (ფამ1/ფფსტ) - გამოისახება პროცენტებში. ნორმალური მაჩვენებელი აღემატება ან შეადგენს 70%-ს. ეს მაჩვენებელი ამოსუნთქვის ინტენსივობის პირდაპირპროპორციულია. გამოიყენება ფილტვების რესტრიქციული პათოლოგიის დასადგენად.
- საშუალო მოცულობითი სიჩქარე (სმს) - ფორსირებული ამოსუნთქვის შუალედში განსაზღვრული ჰაერის ნაკადის სიჩქარე. ეს მაჩვენებელი უმთავრესად წვრილი სასუნთქი გზების მდგომარეობას გამოხატავს და მგრძნობიარე ინდიკატორად მიიჩნევა.
- ამოსუნთქვის მოცულობითი სიჩქარის პიკი (ამსპ, ამოსუნთქვის სიმძლავრე) - მაქსიმალური მოცულობითი სიჩქარე, რომელსაც ავითარებს გამოსაკვლევი პირი ფორსირებული ამოსუნთქვის დროს. ამ მაჩვენებლის საფუძველზე შესაძლებელია სასუნთქი გზების გამტარობის შეფასება ტრაქეასა და მსხვილი სასუნთქი გზების დონეზე. მისი სიდიდე სასუნთქი კუნთების სიძლიერეზეა დამოკიდებული.
ფილტვების ფუნქციის შესწავლისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის პარციალური წნევის განსაზღვრას. ეს პარამეტრები განიხილება როგორც ფილტვებში მიმდინარე აირცვლის მახასიათებლები. ასაკთან ერთად ფილტვების ელასტიკურობა კანონზომიერად მცირდება და შესაბამისად იკლებს ჟანგბადის პარციალური წნევაც. ზოგჯერ სუნთქვის სისტემის ზოგადი ფუნქციის გამოსაკვლევად იყენებენ შტანგეს სინჯს სუნთქვის შეჩერებით. რაც უფრო მეტ ხანს შეუძლია ადამიანს სუნთქვის შეკავება, მით უფრო უკეთესია სისტემის ფუნქცია. ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ადამიანს ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ 35-40 წამით შეუძლია სუნთქვის შეკავება, ამოსუნთქვის შემდეგ - 20 წამით. ვინაიდან სუნთქვის შეკავების უნარი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციაზე, გავარჯიშებაზე, ნებისყოფასა და მრავალ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, ეს სინჯი სუნთქვის სისტემის ფუნქციის გამოკვლევისთვის არასაიმედოდ შეიძლება მივიჩნიოთ.
ხდება თუ არა ნორმაში სასუნთქ სისტემაში სეკრეტის პროდუცირება?
ხდება. ტრაქეობრონქული ხის ნორმალური სეკრეტი წარმოადგენს ლორწოს, რომელსაც ტრაქეისა და მსხვილი ბრონქების ჯირკვლები გამოიმუშავებს. ტრაქეობრონქული ხის სეკრეტს ბაქტერიოციდული ეფექტი აქვს. ნორმაში მისი მოცულობა არ აღემატება დღე-ღამეში 100 მლ-ს და ადამიანი მას გამოყოფისთანავე ყლაპავს.
- სასუნთქი სისტემის ორგანოთა დაავადების დროს მნიშვნელოვანია ნახველის, პლევრიდან მიღებული სითხის ლაბორატორიული გამოკვლევა.
- ნახველი სასუნთქი გზების სეკრეტია, რომელსაც ადამიანი ხველით ამოიღებს. იგი შეიცავს ბრონქებისა და ტრაქეის ლორწოვანას სეკრეციის ელემენტებს, ალვეოლების ექსუდატს ანდა ორივეს ერთად. მასში ასევე არის ნერწყვი, ცხვირის ღრუსა და დანამატების ლორწოვანი გარსის სეკრეტი. სუნთქვის ორგანოების დაავადებისას ნახველის გამოკვლევა სავალდებულოა. ამ დროს მნიშვნელოვანია ნახველის სადღეღამისო რაოდენობა, კონსისტენცია, ფერი, ხასიათი, სუნი და სხვა. პლევრული სითხე სეროზული ბუნებისაა და პლევრაში გამომუშავდება. 70 კგ წონის ჯანმრთელი ადამიანი გამოიმუშავებს რამდენიმე მილილიტრ პლევრულ სითხეს. ამ სითხის გამომუშავება და რეაბსორბცია განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ნორმაში რეაბსორბციის უნარი სითხის რეალურ პროდუქციას 40-ჯერ აღემატება. პლევრულ სითხეს ფიზიკურად, ქიმიურად და მიკროსკოპიულად იკვლევენ.