შაქრიანი დიაბეტის რისკფაქტორები და პრევენცია
ამ შემთხვევების უმეტესობა არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომლის თავიდან აცილება დიდწილად შესაძლებელია რეგულარული ფიზიკური დატვირთვით, ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტით, საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესით. საყურადღებოა ე.წ. მიზეზთა რეიტინგი, რომლებიც იწვევს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას.
1. მემკვიდრეობითობა
არსებობს დაკვირვება, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 მემკვიდრეობით გადაეცემა 3-7% ალბათობით დედის ხაზით და 10% ალბათობით მამის მხრიდან. თუ ორივე მშობელი ავად არის, დაავადების რისკი რამდენჯერმე იზრდება და 70%-მდეა. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 მემკვიდრეობით გადაეცემა 80%-ს, როგორც დედისგან, ასევე მამისგან, ხოლო თუ ორივე მშობელს აწუხებს არაინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი, ბავშვებს შორის მისი გამოვლენის ალბათობა 100%-ს უახლოვდება. ამასთან, როგორც წესი, ზრდასრულ ასაკში. ისე, ამ შემთხვევაში ექიმები მხოლოდ განსხვავებულ პროცენტულ მაჩვენებლებს ემხრობიან, თორემ სოლიდარულები არიან: მემკვიდრეობა არის დიაბეტის განვითარების მთავარი ფაქტორი.
2. სიმსუქნე
შაქრიანი დიაბეტის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია სიმსუქნე, თუ სხეულის მასის ინდექსი 30 კგ/მ2-ზე მეტია და სიმსუქნე აბდომინური ხასიათისაა, ანუ სხეულის ფორმა ვაშლის ფორმას იღებს, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი დიდია. მნიშვნელოვანია ასევე წელის გარშემოწერილობა. შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი იზრდება მამაკაცებს შორის, როდესაც წელის გარშემოწერილობა 102 სმ-ზე მეტია, ხოლო ქალებისა - 88 სმ-ზე მეტი. ეს ფაქტორი, საბედნიეროდ, შეიძლება განეიტრალდეს, თუ ადამიანი აცნობიერებს საფრთხეს და შეეწინააღმდეგება ჭარბ წონას (რეალურად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში).
3. პანკრეასის დაავადებები
პანკრეატიტი, პანკრეასის კიბო, სხვა ენდოკრინული ჯირკვლების დაავადებები - ყველაფერი, რაც იწვევს პანკრეასის დისფუნქციას, ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას. ხშირად ფიზიკური ტრავმაც ხელს უწყობს პანკრეასის დაზიანებას.
4. ვირუსული ინფექციები
წითურა, ჩუტყვავილა, ეპიდემიური ჰეპატიტი და ზოგიერთი სხვა დაავადება, მათ შორის გრიპი, ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. ეს ინფექციები ერთგვარად გამშვები მექანიზმის როლს ასრულებენ, თითქოსდა დაავადების პროვოცირებას ახდენენ. ცხადია, ადამიანების უმეტესობისთვის გრიპი არ იქნება შაქრიანი დიაბეტის დასაწყისი. მაგრამ თუ ეს ადამიანები გამოირჩევიან სიმსუქნით, გამწვავებული მემკვიდრეობითობით, მაშინ უბრალო ვირუსიც კი საფრთხეს უქმნის მათ. შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ისტორიის (ანამნეზის) მქონე პირი შესაძლოა მრავალჯერ დაავადდეს გრიპით და/ან სხვა ინფექციური დაავადებით, მაგრამ მას გაცილებით ნაკლები აქვს დიაბეტის განვითარების ალბათობა, ვიდრე შაქრიანი დიაბეტისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანს. ასე რომ, რისკფაქტორების ერთობლიობა რამდენჯერმე ზრდის დაავადების რისკს.
5. არასწორი ცხოვრების წესი
გენებში კოდირებული შაქრიანი დიაბეტი შეიძლება არ გამოვლინდეს, თუ მას არ შეუწყობს ხელს შემდეგი ფაქტორებიდან ერთ-ერთი: ნერვული სტრესი, უმოძრაო ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება, სუფთა ჰაერის სუნთქვისა და ბუნებაში დროის გატარების ნაკლებობა, მოწევა. ყველა ეს ფაქტორი მხოლოდ ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს. ამას ემატება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა (შაქრიანი დიაბეტის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის) და შედეგად მიიღება დიაბეტით დაავადებულთა უზარმაზარი სტატისტიკა.
შაქრიანი დიაბეტის პრევენცია
შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისხლში გლუკოზის დონის მატებით.
აღსანიშნავია პრედიაბეტი, შაქრიანი დიაბეტის წინა მდგომარეობა (ე. წ. წინასწარი დიაგნოზი), სიტუაცია, როდესაც დიაბეტის განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.
შესაძლებელია თუ არა დიაბეტის განვითარების რისკის შემცირება?
როდესაც დაავადების არიდებაზეა საუბარი, იგულისხმება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკა მართლაც შესაძლებელია და ამ პროცესში ექიმი, უპირველესად, ეხმარება პრედიაბეტის დროულად გამოვლენას, დროულად ჩარევას და დაკვირვებას. პარალელურად პაციენტმა უნდა დაიცვას ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ამ თემაზე მაიოს კლინიკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია საინტერესო სტატია, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცხოვრების წესის ცვლილებები მოსალოდნელ შედეგს თითქმის 70%-ით ცვლის.
როგორც კლინიკის მეცნიერები განმარტავენ, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციის ეფექტური საშუალებაა ჯანსაღი ცხოვრება, ნორმალური წონა, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი დიეტა და ფიზიკური აქტივობა.
დიაბეტის პრევენციის პროგრამას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ხანდაზმულთა შორის.
ექსპერტებმა კვლევაში ჩართეს 60 წლის მოხალისეები. მონაწილეებს შეუთავსეს ჯანსაღი დიეტა და მათი ასაკის შესაბამისი ფიზიკური აქტივობა, რომლის ინტენსივობა თანდათან იზრდებოდა. შედეგად, მოხალისეთა უმრავლესობამ დაკარგა სხეულის წონის 5-7%, თავი უფრო მსუბუქად იგრძნო და რაც მთავარია, შეუმცირდა შაქრიანი დიაბეტის პროგრესირების რისკი.
ასე რომ, არასდროს არის გვიან! დროულად მიმართეთ ენდოკრინოლოგს, მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და აირიდეთ შაქრიანი დიაბეტის განვითარება!