კანი ორსულობისას
ცვლილებები მიმდინარეობს ორსულის კანში, ამაზე სასაუბროდ მეან-გინეკოლოგ ხათუნა ჯიშკარიანს მივმართეთ.
- ქალბატონო ხათუნა, რა ჩივილებით მომართავს ორსული ყველაზე ხშირად ექიმს?
- ორსულობას ხშირად თან ახლავს კანის მეტაბოლური და ფიზიოლოგიური ცვლილებები. ამასთან ერთად, ორსულობის დროს შესაძლოა განვითარდეს კანის ისეთი დაავადებებიც, რომლებიც სპეციფიკურია ორსულებისათვის.
ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ჩივილი ორსულობის დროს არის ქავილი. ის შესაძლოა გამოვლინდეს ორსულობის ნებისმიერ პერიოდში - როგორც დასაწყისში, ასევე ბოლოს, შესაძლოა შემოიფარგლოს გარეთა სასქესო ორგანოებით ან გავრცელდეს მთელ სხეულზე. ქავილს არცთუ იშვიათად აქვს შემაწუხებელი ხასიათი, იწვევს უძილობას, გაღიზიანებადობას ან გუნება-განწყობის დათრგუნვას.
ორსულთა ტოქსიკოზის ამ ფორმის ამოცნობა ძნელი არ არის. ქავილს სხვადასხვა მიზეზი აქვს. უპირველეს ყოვლისა, ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ფიზიოლოგიური ცვლილებებით, რაც დაკავშირებულია მუცლის სწრაფ ზრდასთან. როგორც წესი, ამ მიზეზით გამოწვეული ქავილი ვითარდება ორსულობის 25-ე კვირის შემდეგ. იშვიათად აღინიშნება ორსულთა ეგზემა, რომელიც მოიცავს სარძევე ჯირკვლების, მუცლის, ბარძაყის, ხელების კანს. ზოგჯერ ორსულთა დერმატოზი მიმდინარეობს კანზე ქუნთრუშის ან ჭინჭრის ციების მაგვარი გამონაყარით.
- რა არის ორსულთა დერმატოზი?
- ეს გახლავთ კანის დაავადება, რომელიც ორსულობისას ვლინდება, მისი დასრულებისთანავე ქრება და მიეკუთვნება ორსულთა ადრეული გესტოზების იშვიათ ფორმებს. განასხვავებენ ორსულთა დერმატოზების რამდენიმე სახეს:
- ორსულთა ურტიკარიული პაპულები და ბალთები, ანუ ორსულთა პოლიმორფული დერმატოზი;
- ორსულთა პემფიგოიდი, იგივე ორსულთა ჰერპესი, ორსულთა ბულოზური დერმატოზი;
- ორსულთა ქავილი, იგივე ორსულთა მორეციდივე ქოლესტაზი;
- ჰერპეტიფორმული იმპეტიგო;
- ორსულთა მქავანა ფოლიკულიტი;
- ორსულთა კვანძოვანი ერითემა;
- ორსულთა პრურიგო.
ორსულთა ქავილი ანუ მორეციდივე ქოლესტაზი - ეს არის დაავადება, რომელიც ვლინდება ძლიერი გენერალიზებული ქავილით. ესტროგენების სიჭარბე თრგუნავს ღვიძლის გლუკურონილტრანსფერაზის აქტივობას. ამის შედეგად ირღვევა ბილირუბინის გლუკურონის მჟავასთან შეკავშირება, ვითარდება ნაღვლის შეგუბება - ქოლესტაზი და სისხლში იმატებს ნაღვლის მჟავების შემცველობა. ნაღვლის მჟავები გროვდება კანქვეშ და იწვევს ქავილს. დაავადება ვითარდება ორსულობის მეორე ნახევარში და გაივლის მშობიარობის შემდეგ. შემთხვევათა 50%-ში ქავილს თან სდევს სიყვითლე, რაც გამოწვეულია სისხლში ბილირუბინის რაოდენობის მატებით.
კანის სხვა მქავანა დაავადებებისგან ორსულთა ქავილის დიფერენცირებისთვის გადამწყვეტი მნივშნელობა ენიჭება ფიზიკალურ გამოკვლევას. ნაკაწრები, რომლებიც ფხანის შედეგად ჩნდება, შეიძლება დაინფიცირდეს. ნაფხანი და ნაჭდევები დაფარულია ოქროსფერი ქერქით და წითელი გარსით. სისხლში მომატებულია ნაღვლის მჟავების რაოდენობა. შესაძლოა მოიმატოს ტუტე ფოსფატაზის აქტივობამ, ალანინამინოტრანსფერაზისა და ბილირუბინის შემცველობამ შრატში (სიყვითლე, ჩვეულებრივ, გამოხატული არ არის). კანის ბიოფსია არაინფორმაციულია.
მკურნალობის მიზნით ინიშნება კანის დამარბილებელი საშუალებები და H1-ბლოკატორები. გამოიყენება შვრიის ნახარშის აბაზანები. ადგილობრივად ინიშნება ქაფურის ან მენთოლის საფენები. გამოხატული ქავილის დროს, ადგილობრივი მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში, ინიშნება ქოლესტირამინი.
ორსულთა ქავილი საშიში არ არის. გახსოვდეთ, ქავილი შეიძლება გამოვლინდეს ორსულობის გარეშეც, მაგალითად, პერორალური კონტრაცეპტივების მიღების შემთხვევაში.
სიყვითლე გამოხატული ქავილის თანხლებით შეიძლება შეგვხვდეს ორსულთა ქოლესტაზის დროს. ეს დაავადება ხშირად რთულდება ნაადრევი მშობიარობით, მცირეწონიანი ბავშვის დაბადებით და მშობიარობის შემდგომი სისხლდენით.
ორსულთა ქავილის დიაგნოზის დასმისას აუცილებელია გამოირიცხოს ქავილის სხვა მიზეზები:
- შაქრიანი დიაბეტი,
- ჭიებით ინვაზია,
- მედიკამენტებზე ან საკვებზე ალერგიული რეაქცია და სხვა.
ორსულთა პოლიმორფული დერმატოზი ყველაზე მეტად არის გავრცელებული ორსულთა კანის დაავადებებს შორის. ის, როგორც წესი, პირველმშობიარეებს უვითარდებათ. ორსულობის III ტრიმესტრში მუცლის კანზე უეცრად ჩნდება კვანძები და 1-2 მმ დიამეტრის ერითემული პაპულები, რომლებიც ზეწოლისას ქრება და ძლიერ ქავილს იწვევს. შემდეგ ისინი ვრცელდება გულმკერდსა და ხელებზე. შემთხვევათა ნახევარში გამონაყარი ჩნდება სტრიებზე.
სამკურნალოდ ინიშნება კორტიკოსტეროიდების შემცველი კრემები და მალამოები. მძიმე შემთხვევებში იყენებენ კორტიკოსტეროიდებს.
ორსულთა ჰერპესი, იგივე ორსულთა პემფინგოიტი იშვიათი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც უმეტესად ორსულობის II-III ტრიმესტრში ვლინდება, იშვიათად - მშობიარობის შემდეგ. ამ დროს კანზე ჩნდება ბუშტუკოვანი გამონაყარი, რომელიც ძალიან ჰგავს ჰერპესს, მაგრამ ინფექციის გამომწვევთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს დაავადება საშიშია იმით, რომ ქმნის ნაადრევი მშობიარობის რისკს.
- რა არის ქლოაზმები?
- ქლოაზმებს სახისა და კისრის პიგმენტაციის შეცვლა იწვევს. მათ სხვაგვარად "ორსულობის ნიღაბსაც" უწოდებენ. ვლინდება შუბლზე, ლოყებსა და ნიკაპზე მოყავისფრო პიგმენტური ლაქების სახით.
ქლოაზმა ორგანიზმის მიერ პიგმენტ მელანინის ჭარბი გამომუშავების შედეგია. მზის სხივების ზემოქმედებით ლაქები მუქდება და უფრო მეტად შესამჩნევი ხდება, ამიტომ შინიდან გასვლის წინ რეკომენდებულია წაისვათ მზისგან დამცავი კრემი მაღალი ოპტიკური სიმკვრივით (დაცვის კოეფიციენტი - SPF 15 და მეტი) ან დაიხუროთ პანამა. ლაქები მშობიარობიდან სამი თვის შემდეგ გაქრება.
- როგორ დავიცვათ თავი ამ ლაქებისგან?
- იკრძალება მათეთრებელი საშუალებების გამოყენება - შესაძლოა, ბავშვში ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. შეგიძლიათ სცადოთ რძემჟავა პროდუქტების - მაწვნის, იოგურტის, ასევე ლიმონის წვენის ნიღბები, გამოიყენოთ ხარისხიანი ტონალური კრემი. მშობიარობის შემდეგ პიგმენტაცია უმეტესად გაივლის.
-
მუცლის თეთრი ხაზის პიგმენტაცია
მუცლის თეთრი ხაზი - ეს არის 1 სანტიმეტრამდე სიგანის ვერტიკალური ხაზი, რომელიც გაივლის მუცლის შუაში ბოქვენის ძვლიდან ჭიპამდე, ზოგჯერ კვეთს ჭიპს. ორსულობის მეორე ტრიმესტრში იგი ხშირად მუქდება. მისი გაჩენის მიზეზია კანის გაჭიმვა მუცლის კუნთების ზემოთ მუცლის ზრდის კვალდაკვალ.
მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ხაზი, ჩვეულებრივ, თეთრდება. მისთვის ხელის ხლებას აზრი არ აქვს. შეგიძლიათ, ნაზად გაიწმინდოთ ეს ადგილი, რათა აქერცლილი მშრალი კანი ჩამოიფცქვნას. ხშირად შეინიშნება სხვა წერტილების - ძუძუსთავების, ხალების გამუქება. ჭორფლი მკვეთრდება. დროთა განმავლობაში ესეც გაივლის.
- ორსულებს ხშირად აწუხებთ კანის სიმხურვალე. რისი ბრალია ეს?
- ორსულობის დროს კანში კავდება მეტი სითხე, ქსოვილები ოდნავ შუპდება და თუკი სადმე ნაოჭი იყო, სწორდება. სისხლის მიმოქცევის გაძლიერების შედეგად კანი ვარდისფერი და ბზინვარე ხდება, ამიტომ ზოგჯერ თავს იჩენს მსუბუქი სიწითლის შეგრძნება. ამ მოვლენის ნაკლებ სასიამოვნო მხარე ის არის, რომ სითხის შეკავებამ შესაძლოა შეშუპებული იერი მისცეს ორსულს და ნებისმიერი წითელი ლაქა უფრო გამოიკვეთოს.
- მუწუკებსა და ფერიმჭამელებზე რას გვეტყვით?
- ორსულობისას, ჰორმონთა მაღალი შემცველობის გამო, იზრდება კანში ცხიმის გამომუშავება, რაც ხელს უწყობს კანის ელასტიკურობის შენარჩუნებას, მაგრამ ცხიმის სიჭარბე, იმავდროულად, იწვევს ფორების დაცობას, რის გამოც კანი ხდება ცხიმიანი და ხორკლიანი. რეგულარულად იხმარეთ მსუბუქი სადეზინფექციო საშუალებები და უცხიმო დამატენიანებელი კრემები, შეინარჩუნეთ კანის სიმშრალე და სისუფთავე ხოლო გასაშრობად გამოიყენეთ ნაზი პირსახოცი ან ხალსახოცი, მაგრამ არ გაიწმინდოთ, რათა არ გააღიზიანოთ კანი პრობლემურ ადგილებში.
იხმარეთ კრემები და ფერიმჭამელებისთვის განკუთვნილი სხვა საშუალებები, ოღონდ წინასწარ რჩევა ჰკითხეთ ექიმს, რადგან ორსულობის დროს ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალების გამოყენება არ შეიძლება. მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კანი პირვანდელ მდგომარეობას უბრუნდება.
- რა არის სტრიები და რა აჩენს მათ?
- სტრიები მოვარდისფრო, წითელი ან ყავისფერი ზოლებია, რომლებიც უმთავრესად მუცელზე, გულმკერდსა და ბარძაყებზე ჩნდება. ისინი ორსულობისას წონის მატების და კანის გაჭიმვის შედეგია. სტრიები ორსულთა უმეტესობას უჩნდება. ეს იმით არის გამოწვეული, რომ, გარდა ჰორმონების დონის მატებისა, ირღვევა ცილოვანი ბალანსი, რის გამოც კანი თხელდება.
სტრიების გაჩენის ალბათობა მინიმუმამდე რომ შეამციროთ, ეცადეთ არ მოიმატოთ ზედმეტად და სწრაფად. კარგია კანში კოსმეტიკური ზეთის შეზელა. გარგებთ E და C ვიტამინების, თუთიისა და სილიციუმის ზეჟანგის შემცველი კრემიც.
სტრიების თავიდან ასაცილებლად არსებობს სპეციალური კრემებიც, რომლებიც კანს გაცილებით ელასტიკურს ხდის და ქავილს თანდათანობით აცხრობს.
უმჯობესია, გამოიყენოთ კრემები, რომლებიც სპეციალურად ორსულებისთვისაა განკუთვნილი. ჯერ ერთი, ისინი არ იწვევს ალერგიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეც, თავიდან აგვაცილებს კანის გაწელვას, რაც გაცილებით იოლია, ვიდრე ჩამოყალიბებული სტრიებისგან განკურნება. ასეთი კრემების შეზელა უნდა დაიწყოთ მანამდე, სანამ მუცლის ქავილს იგრძნობთ.
პროფილაქტიკა მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა. თუ ნახეთქები ჯერ არ გაჩენილა, რეგულარულად დაიმუშავეთ მკერდის, თეძოებისა და მუცლის კანი სპეციალური დამარბილებელი კრემებითა და შრატებით, რომლებიც მდიდარია კოლაგენით და A და E ვიტამინებით. გარდა ამისა, მიიღეთ შხაპი ან დაიზილეთ სხეული თბილი წყლით დასველებული პირსახოცით. ამის შემდეგ ნაზი მოძრაობებით შეიზილეთ სველ კანზე კალენდულას მალამო. შეიძლება მოამზადოთ ლავანდის, ბარამბოს, სოჭის ან ცაცხვის ზეთოვანი ექსტრაქტი ბალახებზე ან ეთერზეთებზე.
-
ჩახურება
წონის მატებასთან ერთად შესაძლოა თავი იჩინოს ჩახურებამ. ამ დროს კანი ნამიანი და მოწითალოა. ჩახურების ზონების ტიპური ლოკალიზაციაა ბარძაყებს შორის და/ან სარძევე ჯირკვლების ქვეშ. ჩახურებას ზოგჯერ თან სდევს კანის ანთება, ბუშტუკები, უსიამოვნო სუნი. ამ მდგომარეობას მედიცინაში ინტერტრიგოზურ დერმატიტს უწოდებენ.
შეეცადეთ, ჩახურებისადმი მიდრეკილი ზონები შეძლებისდაგვარად მშრალად შეინარჩუნოთ. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენეთ ტალკი. ორგანიზმის გადახურების თავიდან ასაცილებლად ატარეთ ბამბის ქსოვილის თეთრეული. შეძლებისამებრ, ნუ ჩაიცვამთ კოლგოტებს. თუ ჩახურებამ შეგაწუხათ, განსაკუთრებით - გაძლიერებული ოფლდენის ფონზე, მიმართეთ ექიმს, რადგან ამ მდგომარეობამ შესაძლოა სოკოვან დაავადებამდე მიგიყვანოთ, მისგან კი ბავშვის დაბადებამდე უნდა განიკურნოთ, რათა მასაც არ გადასდოთ.
-
სახის პროცედურები
- კანის მოვლის რა პროცედურები შეგვიძლია გამოვიყენოთ ორსულობისას?
- კანის გაღიზიანებისა და დაჭიმულობის შესამცირებლად შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალისტს ან გამოიყენოთ შინაური დამატენიანებელი და ზეთოვანი ნიღბები.
აკნეს გამწვავებისას კი სახის გაწმენდა არათუ იკრძალება, არამედ რეკომენდებულიცაა. ოპტიმალური არჩევანია მექანიკური წმენდა ან ზედაპირული პილინგი ხილის მჟავებით. ღრმა ფენოლის პილინგი შემდეგისთვის გადადეთ - ეს პროცედურა თქვენს მდგომარეობაში არცთუ უსაფრთხოა.
ორსულობის დროს მოგიწევთ, უარი თქვათ კანის ლაზერულ გაწმენდაზე, რადგან ეს პროცედურა ნარკოზით ტარდება, ეს კი თქვენს მდგომარეობაში ასევე არ არის სასურველი. როგორც არ უნდა გინდოდეთ გაახალგაზრდავება და გალამაზება, ყველა სერიოზული ჩარევა მომავლისთვის გადადეთ - მშობიარობიდან ნახევარი წლის შემდეგ.
ცალკე უნდა ვისაუბროთ ბოტოქსზე. მიუხედავად იმისა, რომ ორსულობა ბოტოქსის ინექციების პირდაპირი უკუჩვენება არ არის, სპეციალისტები მაინც გვირჩევენ, თავი შევიკავოთ. ორგანიზმში ბოტულიზმის ნეიროტოქსინის შეყვანამ იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში ალერგიული რეაქციები.
თუ გამაახალგაზრდავებელ პროცედურებზე უარის თქმა არ შეგიძლიათ, უპირატესობა მიანიჭეთ მეზოთერაპიას - კანქვეშ სპეციალური ვიტამინებისა და სასარგებლო მიკროელემენტების შემცველი კოქტეილის შეყვანას. იმ ნივთიერებების უმეტესობას, რომლებსაც იყენებენ მეზოთერაპიის დროს, ორგანიზმი საკუთარივით იღებს და, მაშასადამე, ვნების მოტანა არ შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, კოსმეტოლოგი აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი მდგომარეობის შესახებ, ხოლო თუ ამა თუ იმ პროცედურის თაობაზე ეჭვი გაწუხებთ, საკონსულტაციოდ მიმართეთ ექიმს, რომელიც მეთვალყურეობას გიწევთ ორსულობის დროს.
-
სხეულის პროცედურები
უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველგვარი პროცედურა, რომელიც ცელულიტის მოშორებას ემსახურება, ორსულობისას უკუნაჩვენებია: შეხვევები, ანტიცელულიტური მასაჟი, ელექტროლიპოლიზი...
ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ლიმფოდრენაჟული მასაჟი, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და ტოქსინების გამოძევებას. მისი ჩატარება ჯობს არა სალონში, არამედ ესთეტიკური მედიცინის ცენტრში ექიმის მეთვალყურეობით.
გახსოვდეთ, ნაყოფის მოწყვეტის მცირე საშიშროებაც კი საფუძვლიანი არგუმენტია ნებისმიერ ზემოქმედებაზე უარისთვის. ორსულობის დროს უნდა ერიდოთ ასევე სითბურ პროცედურებს - SPA-კაფსულებს, ჰიდრომასაჟს, საუნას. ისინი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების გადახურებას, არასასურველ პირობებში კი ამან შესაძლოა მუცლის მოშლის პროვოცირება მოახდინოს ან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
იკრძალება კრიოთერაპიის მსგავსი "ცივი" პროცედურებიც. მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მშობიარობიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მოსადუნებლად და სიამოვნების მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ქრომოთერაპიას - ფერთა სპექტრის ზემოქმედებას ორგანიზმზე. ეს პროცედურა პრატიკულად არ ეხება სხეულს, მაგრამ საკმაოდ სასიამოვნოა.
-
აუცილებელი პროცედურები
სალონურ პროცედურებს არა მარტო ესთეტიკური, არამედ ჰიგიენური ფუნქციაც აქვს. პირველ რიგში, ასეთია ეპილაცია. სამართებელი და სადეპილაციო სპეციალური კრემები, რასაკვირველია, უსაფრთხო და მარტივია, მაგრამ ხანმოკლე ეფექტი აქვს. ცვილის ეპილაცია, რომელიც სალონში ტარდება, თმისგან მინიმუმ 3 კვირით გაგათავისუფლებთ, ლაზერული და ფოტოეპილაცია კი სამუდამოდ, მაგრამ ამისათვის, სულ მცირე, ნახევარი წელი უნდა იაროთ პროცედურებზე.
ორსულებისთვის ოპტიმალური არჩევანი, რასაკვირველია, ცვილია, მაგრამ შინ პროცედურების ჩატარებას სპეციალისტები არ გვირჩევენ - ასეთი პროცედურა გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე სალონური. შეიძლება ნებისმიერი ზონის დამუშავება, მათ შორის - ბიკინისაც. მტკივნეული შეგრძნებების შესამცირებლად თამამად გამოიყენეთ კრემები, რომლებიც ამცირებს კანის მგრძნობელობას.
რაც შეეხება ელექტრო-, ფოტო და ლაზერულ ეპილაციას, ისინიც დღეს მკაცრდ უკუნაჩვენებია.
იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ დაორსულებამდე მისდევდით ამ პროცედურებს, გააკეთეთ შესვენება და დროებით გადადით ცვილზე.
- რას გვეტყვით ლაზერის შესახებ?
- ორგანიზმზე ლაზერის მოქმედება ბოლომდე შესწავლილი არ არის, ამიტომ არ ღირს, რისკის ქვეშ დააყენოთ თქვენი პაწიაც და საკუთარი თავიც. რაც შეეხება ელექტროეპილაციას, მან შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი, რომლის შედეგები ხშირად არაპროგნოზირებადია.
ორსულობისას არსებობს ე.წ. კრიტიკული პერიოდები, როდესაც ორგანიზმზე აქტიური ზემოქმედება უნდა გამოირიცხოს. ესენია ორსულობის მე-2-3, მე-8-13, მე-18-22-ე და 28-32-ე კვირა.
გაუფრთხილდით თავსა და ბავშვს!