კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
ზაფხულის ცხელ დღეებში მიჭირს ელასტიკური წინდების ჩაცმა, ამიტომ, ამ დროს კალანხოეს ექსტრაქტს ვიყენებ, რომელიც ასე მზადდება:
- ნახევარ ლიტრიანი ქილა შეავსეთ კარგად გარეცხილი კალანხოეს ფოთლებით. დაასხით 70%-იანი სპირტი და გააჩერეთ 2 კვირის განმავლობაში. ქილა პერიოდულად შეანჯღრიეთ. ეს ნაყენი წაისვით ფეხებსა და ტერფებზე ყოველ საღამოს, ქვევიდან ზევითა მიმართულებით.
გულიკო აბულაშვილი, თელავი
ვენების ვარიკოზი
ვენების ვარიკოზი არის ქვედა კიდურების ზედაპირული ვენების პათოლოგიური გაგანიერება.
- ვენების ვარიკოზმა შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, ქავილის და დაღლილობის შეგრძნება;
- ვარიკოზის დიაგნოზი ეფუძნება კანის დათვალიერებას;
- ვარიკოზული ვენების მოცილება შესაძლებელია ინექციური თერაპიით (სკლეროთერაპია) ან ოპერაციული ჩარევით; აღნიშნულის შემდეგ ხშირია ახალი ვარიკოზების წარმოქმნა.
ვარიკოზული ვენების განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია. საფიქრებელია, რომ ძირითადი პრობლემა ზედაპირული ვენების კედლების სისუსტეა. რომელიც შეიძლება მემკვიდრული იყოს. დროთა განმავლობაში კედლების სისუსტე მათი ელასტიკურობის დაქვეითებას იწვევს. ვენები იწელება, გრძელდება და ფართოვდება. ნორმული ვენისთვის განკუთვნილ სივრცეში დაგრძელებული ვენა იკლაკნება – კანქვეშ ჩანს ქვეწარმავალივით დაკლაკნილი შესივებები. ვენების ვარიკოზი ხშირად ჩნდება ორსულობისას, მშობიარობის შემდეგ ქრება.
დაგრძელებაზე უფრო მნიშვნელოვანი ვენების გაფართოებაა, რაც სარქვლის კარედების ერთმანეთისგან დაშორებას იწვევს. პაციენტის ფეხზე დგომისას სისხლი გრავიტაციის გავლენით ქვემოთ ჩაედინება – დაცილებული სარქვლები ნაკადს ვერ აფერხებს. უკან ჩადენილი სისხლი სწრაფად ავსებს ვენებს და თხელკედლიანი, დაკლაკნილი ვენების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას იწვევს. ზოგიერთი დამაკავშირებელი ვენა, რომელსაც ნორმაში სისხლი ზედაპირული ვენებიდან ღრმა ვენებში გადააქვს, ფართოვდება. ამას კარედების ერთმანეთისგან დაცილება მოჰყვება, რის გამოც, ღრმა ვენებზე კუნთების ზეწოლისას, სისხლი უკან ბრუნდება ზედაპირულ ვენებში, რაც მათ კიდევ უფრო მეტად გაფართოებას იწვევს.
ბევრ ადამიანს ვარიკოზული ვენებით ან მის გარეშე აქვს ობობასებრი ვენები, რომლებიც გაფართოებული კაპილარებია. ობობასებრი ვენები შეიძლება განვითარდეს ვარიკოზული ვენების სისხლის ზეწოლით, მაგრამ მიზეზი ძირითადად ჰორმონული ფაქტორია, რომელიც ჯერ არ არის ზუსტად განსაზღვრული. სწორედ ფაქტორის არსებობით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ ობობასებრი ვენები ხშირია ქალებში, განსაკუთრებით ორსულობისას.
სიმპტომები და გართულებები
გარდა იმისა, რომ ვარიკოზული ვენები კოსმეტიკური დეფექტია, ის ხშირად ტკივილს, ქვედა კიდურებში დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. თუმცა გამონაკლისებიც არის – ბევრ პაციენტს ტკივილი არ აქვს. წვივის ქვედა ნაწილსა და კოჭის არეში ქავილია შესაძლებელი, განსაკუთრებით, როცა ფეხი თბილია ჩვეულებრივი ან მაღალყელიანი წინდების ხმარების შემდეგ. ქავილი კანის დაზიანებას იწვევს, რასაც შესაძლოა სიწითლე, გამონაყარი მოჰყვეს და ეს ყველაფერი შეცდომით მშრალ კანად იქნეს მიჩნეული. ზოგჯერ ტკივილი, ვარიკოზების ჩამოყალიბების პროცესში უფრო ძლიერია, ვიდრე უკვე სრულად ფორმირებული ვარიკოზების არსებობისას.
ვარიკოზული ვენების მქონე პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს აღენიშნება ისეთი გართულებები, როგორიცაა დერმატიტი, ვენების ანთება (ფლებიტი) ან სისხლდენა. დერმატიტის დროს კანზე კოჭის შიგნითა ზედა ზედაპირზე ჩნდება მოწითალო ფერის გამონაყარი, აღინიშნება ქავილის შეგრძნება ან მოყავისფრო ზონა. გაკაწვრამ ან მცირე ტრავმამ, განსაკუთრებით გაპარსვის დროს, შესაძლოა, გამოიწვიოს სისხლდენა ან მტკივნეული წყლულის გაჩენა, რომელიც არ ხორცდება. სისხლდენა წყლულებიდანაც შეიძლება განვითარდეს. ფლებიტი ზოგჯერ სპონტანურად იწყება, ზოგჯერ – დაზიანების შედეგად. მიუხედავად ტკივილისა, ვარიკოზული ვენების დროს განვითარებული ფლებიტი საშიში იშვიათად თუ არის.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე