დასვენების მძიმე შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დასვენების მძიმე შედეგები

არცთუ იშვიათად იძულებულნი ვხდებით, შინ დაბრუნებისთანავე დავგეგმოთ ვიზიტი ექიმთან. მიზეზი ქრონიკული დაავადებების გამწვავება ან ამა თუ იმ პათოლოგიის პირველად აღმოცენებული სიმპტომებია.

რატომ არის, რომ ნაცვლად დასვენებისა, შვებულებიდან გადაღლილნი ვბრუნდებით და ავადმყოფობაც იოლად გვერევა? რომელ სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის არ უნდა გადავდოთ ვიზიტი ექიმთან? - ამაზე სასაუბროდ ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის კლინიკას ვეწვიეთ. გვესაუბრება თერაპევტი ნელი პატაშური.

- ქრონიკული პათოლოგიების გამწვავების შესახებ საუბრისას უპირველეს ყოვლისა გულის დაავადებები გვახსენდება. რა განაპირობებს გულის დაავადებებისთვის დამახასიათებელ სიმპტომთა ხშირ აღმოცენებას საზაფხულო დასვენების შემდეგ?

- სამწუხაროდ, არსებობს მრავალი მიზეზი, რომლებმაც დასვენების შემდეგ შესაძლოა ხელი შეუწყოს გულის დაავადებათა სიმპტომების ხელახლა აღმოცენებას. უპირველეს ყოვლისა, ეს არის თავად ჩვენ მიერ არჩეული დასვენების წესი. უნდა ვაღიაროთ, რომ შვებულების გატარება სანატორიუმსა თუ დასასვენებელ სახლში, სადაც ძალაუნებურად ვიცავთ კვებისა თუ დასვენების არსებულ, ჯანმრთელობის აღსადგენად მედიკოსთა მიერ რეკომენდებულ რეჟიმს, ჩვენს დღევანდელობაში იშვიათობად იქცა.

ძალიან ხშირად ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ზაფხულს მაინც მამაპაპისეულ კარ-მიდამოში ატარებს. მოდით, გულახდილად ვთქვათ, რა მოჰყვება ჩვენს გამოჩენას "წინაპართა მიწაზე" - მეზობლებისა და ნათესავების გულთბილი დახვედრა, რაც აუცილებლად არაერთხელ აღინიშნება ქართული სუფრით. ხშირად ასევე ვატარებთ თავისუფალ დროსაც. ამას ემატება ფიზიკური დატვირთვა, რაც თან ახლავს მთელი წლის განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებული სახლ-კარისა თუ ეზოს მოწესრიგებას. თუ ადგილი მთიანია, - ასეთი ადგილი კი საქართველოში საკმაოდ ბევრია, - გულ-სისხლძარღვთა სისტემა დამატებით იტვირთება. სოფელში გატარებული შვებულება გვირგვინდება ზღვის პირას რამდენიმედღიანი დასვენებით. ამ დროს ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ვიცურაოთ, ხანგრძლივად მივიღოთ მზის აბაზანები, რათა ქალაქში მომხიბლავი ნამზეურით დავბრუნდეთ. ყოველივე ამის ფონზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმდინარეობა ხშირად იცვლება, მაგრამ ეს პაციენტებს შეუმჩნეველი რჩებათ და მხოლოდ მაშინ აქცევენ ყურადღებას, როცა მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია რეგულარულად ვაკონტროლოთ ჩვენი ჯანმრთელობა. ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებს აუცილებლად უნდა დავამატოთ ისიც, რომ ზოგჯერ ზაფხულის დღეებით აღფრთოვანებულებს საერთოდ გვავიწყდება ქრონიკული დაავადებების არსებობა და რეგულარული მედიკამენტური მკურნალობის აუცილებლობა, მით უფრო - თუ დაგვავიწყდა აუცილებელი პრეპარატების თან წაღება, შეძენა კი გვეზარება მარტივი და ბანალური მიზეზის - აფთიაქის სიშორის - გამო.

- სახელდობრ, რას გულისხმობს გულის დაავადებების კონტროლი და რომელ ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

- უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი. ჩვენმა მკითხველებმა ალბათ უკვე კარგად იციან, რომ მაღალი არტერიული წნევა, არტერიული ჰიპერტენზია უმეტესად არავითარ სიმპტომს არ იწვევს. მიუხედავად ამისა, არტერიული ჰიპერტენზიის ის შემთხვევები, რომლებიც სიმპტომატიკის გარეშე მიმდინარეობს, ისევე აზიანებს სამიზნე ორგანოებს, როგორც მაღალი წნევა, რომელიც თავის ტკივილით, თავბრუხვევით, გულის არეში დისკომფორტით თუ სხვა სიმპტომებით ხასიათდება. სამიზნე ორგანოების დაზიანება კი ნიშნავს თავის ტვინის ინსულტს, მიოკარდიუმის ინფარქტს, თირკმლის უკმარისობას.

თუ შვებულებიდან დაბრუნებულმა აღმოაჩინეთ, რომ მედიკამენტები, რომლებიც ადრე წნევის მოსაწესრიგებლად ეფექტური იყო, სასურველ შედეგს ვეღარ გვაძლევს, მიუხედავად მათი რეგულარული მიღებისა, წნევა მაინც მაღალია (აღემატება 140/90 ან ექიმის მიერ რეკომენდებულ მაჩვენებელს), აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა მან მკურნალობის გეგმის კორექცია მოახდინოს.

ყურადღება უნდა გამახვილდეს გულის იშემიური დაავადების სიმპტომატიკაზეც. მოგეხსენებათ, ამ დროს გულს გვირგვინოვანი სისხლძარღვების მეშვეობით სათანადო რაოდენობის სისხლი ვეღარ მიეწოდება, რაც უმთავრესად სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული შევიწროების შედეგია. აღნიშნული მდგომარეობა ვლინდება მკერდის ძვლის უკან ან ოდნავ მარცხნივ (გულის საპროექციო არე) მოჭერითი ტკივილით ან ქოშინით - ვითარდება სტენოკარდიის კლინიკური სურათი. ტკივილი და ქოშინი ხშირად აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვისას, ზოგჯერ - ღამით, მოსვენებისას. თუ ასეთი ჩივილები პაციენტს არასოდეს ჰქონია და პირველად შეაწუხა, აუცილებელია ექიმთან მისვლა. ვიზიტი არც მაშინ უნდა გადავდოთ, თუ მკურნალობის ფონზე ჩივილები არ აღინიშნებოდა, მაგრამ ახლა იჩინა თავი.

არ შეიძლება, უყურადღებოდ დავტოვოთ ის სიტუაციაც, როცა ტკივილი ხშირდება, ხანგრძლივდება ან უფრო ნაკლები ფიზიკური დატვირთვისას აღმოცენდება. გახშირებული ქოშინი, გულის ფრიალი, გულისცემის აჩქარება, ამ სიმპტომების აღმოცენება მცირე ფიზიკური დატვირთვისას, ღამით ქოშინის გამო წოლის გაძნელება და მშრალი ხველა, ქვედა კიდურების შეშუპება გულის უკმარისობის სიმპტომებია. მათი აღმოცენებისას აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რათა ჩატარდეს სათანადო გამოკვლევა და დაინიშნოს მკურნალობა.


- არის შემთხვევები, როცა იძულებულნი ვართ, გახშირებული ბრონქული ასთმის შეტევებისა თუ ბრონქიტის გამწვავების გამო შვებულება შევწყვიტოთ. რა არის ამის მიზეზი? რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ?

- ბრონქული ასთმის გამწვავებას შესაძლოა მრავალმა ფაქტორმა შეუწყოს ხელი. თუ შვებულებას სოფელში, იმ სახლში ვატარებთ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო, დიდია სხვადასხვა ალერგენის ზემოქმედების შანსი. მათ შორის უპირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ თვალით უხილავი ტკიპა, რომელიც ბუდობს ლეიბებში, საბნებში, ბალიშებში, ობის სოკოები, რომლებიც ხშირად მრავლდებიან ნესტიან ადგილებში. ამას ემატება მცენარეები, სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი ქიმიური საშუალებები...

ვერ უარვყოფთ, რომ ზაფხულის პერიოდში კონტაქტი ბუნებასთან და, შესაბამისად, ალერგენებთან გაცილებით ინტენსიურია. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული არ არის სასუნთქი სისტემის ხშირი ინფექციების პერიოდი, ზოგჯერ ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების რისკი მაინც იმატებს, რადგან ზაფხულის სიცხით გათამამებულებს შეუმჩნეველი გვრჩება სხეულის გადაცივება ცივი წყლის მიღების, მიწაზე წოლისა თუ წყალში ხანგრძლივი ბანაობის გამო.

თუ აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანისათვის ეს ფაქტორები უვნებელია, სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების გამწვავება გარდაუვალია. გულის დაავადებების მსგავსად, სასუნთქი სისტემის პათოლოგიების დროსაც დაავადების გამწვავებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მედიკამენტების მიღების შეწყვეტა. სიმპტომი, რომელიც ბრონქული ასთმის გამწვავებას ახასიათებს და რომელსაც პაციენტი შეიგრძნობს, არის შეტევითი ქოშინი ანუ სუნთქვის გაძნელება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამოსუნთქვის გაძნელება. თუ ასეთი შეტევები გახშირებულია, მათი კუპირება ადრინდელივით ადვილად ვეღარ ხერხდება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

დღეს ბრონქული ასთმით დაავადებულები საკუთარ მდგომარეობას ხშირად სპეციალური ხელსაწყოს - პიკფლოუმეტრის მეშვეობით აკონტროლებენ. ის ასთმით დაავადებულთათვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წნევის აპარატი ჰიპერტონიით დაავადებულებისთვის.

პიკფლოუმეტრი პატარა ხელსაწყოა, რომელშიც პაციენტი ამოისუნთქავს. ამოსუნთქვის პიკური მოცულობითი სიჩქარის დაქვეითება არის მაჩვენებელი იმისა, რომ აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია მკურნალობის ცვლილებისა და მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით.

არის შემთხვევები, როცა შვებულებიდან დაბრუნებული ადამიანები უჩივიან გახანგრძლივებულ ხველას. ეს უმეტესად დაკავშირებულია ზედა სასუნთქი გზების ინფექციასთან, რასაც, ჩვეულებრივ, სურდოს ან გაციებას ვუწოდებთ. მართალია, ზაფხულში ამ ინფექციათა პიკი არ აღინიშნება, მაგრამ მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტი, განსაკუთრებით ბავშვებთან, მაინც ზრდის მათი განვითარების რისკს. ხველას ახანგრძლივებს ის გარემოებაც, რომ პაპანაქება სიცხეში მაინც ვეტანებით ცივ წყალს, ნაყინსა და გამაგრილებელ სასმელებს. უმეტესად ასეთი ხველა მცირე ხნის (რამდენიმე კვირის) შემდეგ თავისით, ყოველგვარი ანტიბაქტერიული მკურნალობის გარეშე გაივლის, მაგრამ როცა ხველას თან ახლავს ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე, უხვი ნახველი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა გამოირიცხოს ფილტვების დაავადება.

- დაგვეთანხმებით, ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებულ დაავადებებზე საუბარი შეუძლებელია, თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები არ ვახსენეთ...

- ალბათ ზედმეტიც კია იმ ფაქტორებზე საუბარი, რომლებიც ზაფხულში საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ ჩივილების აღმოცენების რისკს ქმნის. ნაირფეროვანი მენიუ, ხშირი სუფრა, ალკოჰოლიანი სასმელებით ნებივრობა, სწრაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმრობა, მაღალი ტემპერატურის გამო საკვების საეჭვო ვარგისობა, სოფელში მზა საკვებისა თუ ნედლეულის უმაცივროდ შენახვა - ასეთია არასრული ჩამონათვალი. ამას ემატება ინფექციების გადამტანი მწერების განსაკუთრებული აქტიურობა, არცთუ იშვიათად გაუმართავი წყალმომარაგების სისტემა და ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ხელების საპნით დაბანის ჩვევის უგულებელყოფა და ის ფაქტი, რომ სულაც არ მიგვაჩნია საჭიროდ საკუთარ ეზოში დაკრეფილი ხილისა თუ ბოსტნეულის გულმოდგინე გარეცხვა.

ჩამოთვლილი მიზეზების დიდი ნაწილი ხელს უწყობს მწვავე ნაწლავური ინფექციების აღმოცენებას, ხოლო ზოგიერთი მათგანი კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების გამწვავების მიზეზია.

მწვავე ნაწლავური ინფექციების დიდი ნაწილი თვითლიმიტირებადია - რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის. საკმარისია ფაღარათისა და ღებინების გამო დაკარგული სითხის აღდგენა სპეციალური ხსნარებით. დაავადების სიმპტომების გახანგრძლივებისა თუ სისხლიანი განავლის არსებობის შემთხვევაში კი ექიმთან ვიზიტი აუცილებელია.

ალკოჰოლის მიღება, კვების რეჟიმისა და ხასიათის მკვეთრი ცვლილება შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკულ დაავადებათა გამწვავების მიზეზად იქცეს. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება. ამ პათოლოგიის დროს კუჭის მჟავა შიგთავსი საყლაპავში ამოიტყორცნება, რაც გულძმარვის შემაწუხებელ შეგრძნებას იწვევს. დაავადება ქრონიკულია.

დასვენებისას გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომების განახლება მრავალ ფაქტორს უკავშირდება. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ სანელებლებით შეკაზმული საკვები, ალკოჰოლი, სითხის სიუხვე, ჭარბად დანაყრება და კუჭის გადავსება, მყარ (მარგარინი, ერბო) ან სწრაფი კვების ობიექტებში სხვადასხვაგვარ ცხიმზე მომზადებული საკვები, კვება უშუალოდ დაწოლის წინ. პაციენტები, რომელთაც გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, კარგად იცნობენ ამ მდგომარეობის დროს რეკომენდებულ პრეპარატებს. სიმპტომების განახლების შემთხვევაში რეკომენდებულია ორ-ოთხკვირიანი მკურნალობის კურსი. თუ დაავადება პირველად აღმოცენდა, აუცილებელია ექიმთან მისვლა.


- საჭმლის მომნელებელი სისტემის კიდევ რომელმა დაავადებებმა შეიძლება შეგვახსენონ თავი შვებულების შემდეგ?

- კვების რეჟიმის დარღვევა და ხანგრძლივი მგზავრობა ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს შესაძლოა კენჭების მიგრაციისა და შეტევითი ტკივილის, ეგრეთ წოდებული ღვიძლის ჭვალის, მიზეზი გახდეს. პაციენტს ეწყება ძლიერი შეტევითი ტკივილი, რომელიც ლოკალიზებულია მარჯვენა ფერდქვეშ, გადაეცემა მარჯვენა ბეჭში, გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. ტკივილის კუპირების მიზნით რეკომენდებულია სპაზმოლიზური (სპაზმის მომხსნელი) და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ინექცია.

თუ ასეთი შეტევა ხშირად მეორდება, დღის წესრიგში დგება ოპერაციული მკურნალობის საკითხი. ოპერაციული ჩარევაა აუცილებელი იმ შემთხვევაშიც, როცა შეტევისას კენჭების მიგრაციის შედეგად იხშობა ნაღვლის საერთო სადინარი და ვითარდება სიყვითლე.

არის შემთხვევები, როცა ზაფხულის დასვენების შემდეგ პირველად იჩენს თავს ჩივილები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ - ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში, გულისრევა, ღებინება და ასე შემდეგ. ამ დროს აუცილებელია ექიმთან ვიზიტი დიაგნოზის დასაზუსტებლად და მკურნალობის გეგმის შესამუშავებლად.

საიდუმლო არავისთვის არის, რომ ზაფხულში საკმაოდ აქტუალურია არა მარტო ფაღარათი, არამედ ყაბზობა ანუ შეკრულობაც. შესაძლოა, მკითხველებს სიცილადაც არ ეყოთ, მაგრამ მის აღმოცენებას ხელს უწყობენ ხანგრძლივი მგზავრობა, ტუალეტის შეცვლა, კვების რეჟიმის ცვლილებები. გარდა იმისა, რომ ყაბზობა თავისთავადაც დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტს, ის ხელს უწყობს ყითას ნაპრალისა და ბუასილის აღმოცენებას. შედეგად ნაწლავების მოქმედება ანუ დეფეკაცია მტკივნეული ხდება, ბუასილის დროს ზოგჯერ აღინიშნება სისხლდენა ნაწლავების მოქმედების შემდეგ. ასეთი დისკომფორტის გამო პაციენტი დეფეკაციის შეკავებას ცდილობს. ეს აძლიერებს ყაბზობას და იკვრება მანკიერი წრე. მსგავსი პრობლემის აღმოცენებისას აუცილებელია ექიმთან (პროქტოლოგთან) ვიზიტი, რათა სათანადო მკურნალობით თავიდან იქნეს აცილებული დისკომფორტი.

არ შეიძლება, ხაზგასმით არ აღვნიშნოთ ერთი გარემოებაც - დიდი რაოდენობით ალკოჰოლისა და ცხიმიანი საკვების მიღება შესაძლოა მწვავე პანკრეატიტის მიზეზად იქცეს. დაავადებას ახასიათებს მუცლის ძლიერი ტკივილი, ღებინება, მძიმე ზოგადი მდგომარეობა. მსგავსი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია სტაციონარული მკურნალობა. ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გააუარესოს ღვიძლის ქრონიკული დაავადებების - ჰეპატიტისა და ციროზის დროს.

- რა გართულებები ელით იმ პაციენტებს, რომელთაც თირკმლის დაავადებები აქვთ?

- შვებულების შემდეგ დაავადების გამწვავების რისკი ყველაზე მაღალია შარდკენჭოვანი დაავადების დროს. კენჭის გავლას ანუ თირკმლის ჭვალს პროვოცირებას უწევს ხანგრძლივი მგზავრობა, ალკოჰოლიანი სასმელების ხშირი მიღება, დიეტის დარღვევა. არც სხეულის გადაცივებაა სასურველი. თუ სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ინექცია შეტევის კუპირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, აუცილებელია სპეციალიზებულ უროლოგიურ დაწესებულებაში მისვლა, ექოსკოპიური თუ სხვა გამოკვლევების ჩატარება და მკურნალობის გეგმის შემუშავება.

გამწვავების თვალსაზრისით საყურადღებოა საშარდე სისტემის თითქმის ყველა დაავადება. იშვიათობას არ წარმოადგენს საშარდე სისტემის ინფექციების (ცისტიტის, ურეთრიტის, პიელონეფრიტის) გამწვავება, რასაც ხელს უწყობს სხეულის გადაცივება, შარდვის შეკავება კეთილმოუწყობელი საპირფარეშოსა თუ სხვა მიზეზების გამო, ჰიგიენის წესების დაუცველობა. ამიტომ ყოველთვის, როცა კი პაციენტს დადგენილი აქვს თირკმლის დაავადება და ჩივილები (დისკომფორტი წელის არეში, შარდის უჩვეულო შეფერილობა, შეშუპება, წნევის მომატება და ასე შემდეგ) კვლავ იჩენს თავს, აუცილებელია გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი, დაიგეგმოს ექიმთან ვიზიტი, განხორციელდეს მორიგი კვლევა და შეფასდეს პაციენტის მდგომარეობა.


- რას ურჩევდით შვებულებიდან დაბრუნების პერიოდში იმ პაციენტებს, რომელთაც შაქრიანი დიაბეტი ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები აქვთ?

- თუ პაციენტი ზუსტად იცავს ცხოვრების იმ წესს, რასაც დიაბეტის მკურნალობა მოითხოვს, ზაფხულის დასასრულისათვის განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. ცხოვრების წესი კი, მოგეხსენებათ, გულისხმობს მკაცრ დიეტას (განსაკუთრებით II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში), მედიკამენტების დროულ მიღებას, რეგულარულ ინსულინოთერაპიასა და სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლს I და II ტიპის დიაბეტის დროს, გარკვეულ შემთხვევებში - დოზირებულ ფიზიკურ დატვირთვას.

სამწუხაროდ, ამ რეკომენდაციებს ბევრი ზუსტად ვერ ასრულებს, მით უფრო - ზაფხულში, ახლობლებთან შეხვედრისა და ხშირი მოლხენის, მრავალი მაცდუნებელი ნუგბარის სიუხვის პერიოდში. დიეტისა და რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფოდ ვეწვიოთ ენდოკრინოლოგს, რათა შეფასდეს მდგომარეობა და მოხდეს მკურნალობის კორექცია.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არაერთი დაავადების რისკი შაქრიანი დიაბეტის დროს განსაკუთრებით მაღალია. ამ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, ნაღველკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი.

თუ ადამიანს შაქრიანი დიაბეტი აქვს და ამავე დროს დასვენებისას ან მის შემდეგ დასახელებული პათოლოგიების ნიშნებმა იჩინა თავი, აუცილებელია ექიმთან დაუყოვნებლივ მისვლა. ენდოკრინოლოგთან ვიზიტი არ უნდა გადადონ იმ პაციენტებმაც, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატებით იტარებენ მკურნალობას, ვინაიდან შემოდგომის დადგომისას ხშირად ხდება პრეპარატის დოზის კორექცია.

- მკითხველს შესაძლოა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ შვებულება ავადმყოფობისთვის მზადების პერიოდია...

- ასე ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყურადღება გავამახვილოთ ყველა, თუნდაც მხოლოდ თეორიულად მოსალოდნელ პრობლემაზე, შევახსენოთ ჩვენს მკითხველებს მათი სიმპტომები. სამწუხაროდ, ზრდასრული მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აბსოლუტურად ჯანმრთელი არ არის, ესა თუ ის დაავადება აქვს. ამის გათვალისწინებით, ჩვენი საუბრის ძირითადი მიზანია, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ შვებულების პერიოდში ვერ მოვახერხეთ სათანადო რეკომენდაციების შესრულება და დაავადების გამწვავება ან აღმოცენება გარდაუვალი აღმოჩნდა, სამედიცინო დაწესებულებაში დროულად მისვლისას მედიცინის თანამედროვე შესაძლებლობების წყალობით პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება, სიმპტომების შემსუბუქება და უკუგანვითარება სავსებით რეალურია. მთავარია, შინ დაბრუნებისას ჩივილები უყურადღებოდ არ დავტოვოთ, ბინის მოწესრიგებისა თუ ბარგის ამოლაგების ნაცვლად მივმართოთ ექიმს და დროულად შევივსოთ მედიკამენტების მარაგი.