ბრონქული ასთმა
სტატისტიკა გვამცნობს, რომ ბრონქული ასთმა დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 6%-ის პრობლემაა. სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვთა ავადობის მაჩვენებელი 1-დან 39%-მდე ვარირებს. საგანგაშოდ მიიჩნევა ის ფაქტიც, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე ბავშვთა დაავადების სიხშირემ 3-4-ჯერ იმატა.
მსოფლიოში ასთმის მქონე ადამიანთა რაოდენობა 300 მილიონს აღწევს, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 450 მილიონს მიაღწევს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბრონქული ასთმით გამოწვეული ზოგადი მსოფლიო ეკონომიკური ხარჯები ტუბერკულოზსა და შიდსთან დაკავშირებულ ერთიან ხარჯებსაც აჭარბებს და ეს მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის საერთო ხარჯების 1-2%-ს შეადგენს.
ამ მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემის შესახებ დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის პედიატრი, ქეთევან შალამბერიძე გვესაუბრება:
– პირველ ყოვლისა, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ის, თუ რას არის ბრონქული ასთმა და რა პროცესი ვითარდება ბრონქებში ასთმური შეტევისას?
– ბრონქული ასთმა ფილტვების ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ირღვევა ბრონქების სანათურში ჰაერის გამავლობა. ჩვეულებრივ, ბრონქების სანათური თავისუფალია და ჰაერგამტარ გზებშიც ჰაერი დაუბრკოლებლად გადის, ბრონქული ასთმისას კი ბრონქების კედელი შუპდება და ვიწროვდება ბრონქოსპაზმის გამო. შევიწროებულ ბრონქებში გროვდება ლორწო, ირღვევა ჰაერის თავისუფალი გატარება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას, ხველას, მსტვინავ ხიხინს და გულმკერდის არეში შებოჭილობას. შეტევის ეპიზოდები უპირატესად ღამით ან ადრე დილით ვითარდება.
– რა იწვევს ბრონქების კედლის შეშუპებას?
– სამწუხაროდ, დღემდე ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ გვაქვს, თუმცა ცნობილია რამდენიმე მიზეზი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესის განვითარებაში. ისინი ჰაერის ნაკადთან ერთად ხვდებიან ფილტვებში და იქიდან მოქმედებენ ბრონქების აქტიურ ზონებზე – რეცეპტორებზე, რომლებიც განლაგებულნი არიან ბრონქების სხვადასხვა განყოფილებაში. ამას განსაკუთრებით აღვნიშნავ, რადგან იმის განსაზღვრა, აგრესიული ფაქტორი ბრონქის რომელ განყოფილებაზე მოქმედებს, იმ ოპტიმალური მედიკამენტის შერჩევის საშუალებას გვაძლევს, რომელიც, ერთი მხრივ, ბრონქული ასთმის თავიდან აცილების, სხვა შემთხვევაში კი შეტევის სწრაფი კუპირების საშუალებას მოგვცემს, თუ ის მაინც განვითარდა.
ბრონქოსპაზმის გამომწვევი კონკრეტული მიზეზებია:
ნ ეგზოგენური ბიოალერგენები – ყვავილის მტვერი, ცხოველთა ბეწვი, სპეციფიკური კვებითი პროდუქტები;
ნ ეგზოგენური არაორგანული ალერგენები – მინერალური მტვერი, აირები, წვის პრუდუქტები;
ნ სამედიცინო ალერგენები – ინდივიდუალური აუტანლობა ზოგიერთი პრეპარატისადმი;
ნ ფიზიკური ალერგენები – საკმაოდ დიდი ტენიანობის ან ,პირიქით, მშრალი ჰაერი, მისი მომატებული ან დაქვეითებული ტემპერატურა;
ნ ენდოგენური ალერგენები – აუტოიმუნური რეაქციები, რომლებიც უშვებენ ბრონქული კედლის გაძლიერებული შევიწროების გამომწვევ მექანიზმს;
ნ ორგანიზმში მუდმივად არსებული ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები;
ნ იმუნიტეტის ნებისმიერი ტიპის დარღვევა;
ნ მავნე ჩვევები, პირველ ყოვლისა, თამბაქოს წევა;
ნ ისეთ გარემოში შრომა, სადაც ჰაერი წვრილი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული;
ნ მავნე ეკოლოგიური პირობები;
ნ ქრონიკულად არასწორი კვება;
ნ ფარმაკოლოგიური პრეპარატების უკონტროლო მიღება.
ამ კონკრეტული ალერგენების გარდა, ცნობილია ბრონქული ასთმის გამომწვევი ზოგიერთი ფაქტორი, რომლებიც ასევე იწვევენ როგორც დაავადების განვითარებას, ისე ეპიზოდურ შეტევებს:
ასეთია გენეტიკური წინასწარგანწყობა, რომელიც პაციენტთა ერთ მესამედში აღინიშნება. დადგენილია, თუ ერთ მშობელს აქვს ბრონქული ასთმა, ბავშვს პათოლოგია 30%-ში გამოუვლინდება, ორივე მშობლის დაავადებისას კი ეს ალბათობა 70%-მდე იზრდება.
აღმოჩნდა, რომ სიმსუქნეც ასთმის განვითარების რისკფაქტორია. სასუნთქი გზების ფუნქციონირების დარღვევა და ასთმის შესაძლო განვითარება შეუძლია გარკვეულ მედიატორებს, როგორიცაა, მაგალითად, ლეპტინები.
ბავშვთა ასთმის რისკფაქტორია მამრობითი სქესი.
14 წლამდე ასაკში ასთმის გავრცელება ბიჭებში 2-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში. ასაკის მატებასთან ერთად, სქესს შორის სხვაობა მცირდება და მოზრდილობისას ასთმის გავრცელება ქალებთან უფრო მეტია. ამ განსხვავებების სქესთან კავშირი ბოლომდე ნათელი არ არის. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაბადებისას ბიჭების ბრონქების ზომა უფრო პატარაა, ვიდრე გოგონებისა, მოზრდილ ასაკში კი – პირიქით.
– რას ითვალისწინებს ასთმის, როგორც პათოლოგიური მდგომარეობის, მართვა?
– ასთმის მართვის მიზანია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაავადების კლინიკური მანიფესტაციის – სიმპტომების კონტროლის მიღწევა და შენარჩუნება;
როდესაც ასთმა კონტროლირებადია, პაციენტებს შეუძლიათ შეტევების პრევენცია, შემაწუხებელი დღისა და ღამის სიმპტომების თავიდან აცილება და ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება.
ამის მისაღწევად კი საჭიროა თერაპიის ოთხი, ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტის განხორციელება:
1. პაციენტი-ექიმის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება;
2. რისკფაქტორების იდენტიფიკაცია და კონტროლი;
3. ასთმის შეფასება, მკურნალობა და მონიტორინგი;
4. ასთმის გამწვავებების მართვა.
– როგორც ცნობილია, პაციენტის გამოკვლევის გეგმა დგინდება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. რა გამოკვლევებს ითვალისწინებს ეს პროცესი?
– პირველ ყოვლისა, ეს არის ლაბორატორიული კვლევები, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, სასუნთქი გზების გამონაყოფის ანალიზი და მისი ბაქტერიოლოგიური კვლევა, ამოთესილი მიკროფლორის ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განსაზღვრა.
რამდენადაც ბრონქული ასთმისას ვლინდება იმუნური სისტემის მომატებული მგრძნობელობა, ამიტომ აუცილებელია კანის ალერგოლოგიური სინჯები, სისხლის შრატში სხვადასხვა იმუნოგლობულინის დონის დადგენა.
მნიშვნელოვანია თვალის, ცხვირისა და სასუნთქი გზების პროვოკაციული ალერგოტესტები.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ბრონქოსკოპიის ჩატარება და ჰაერგამტარი გზების სპეციფიკური კვლევები.
რამდენადაც, ბაქტერიების გარდა, დაავადების განვითარების მექანიზმი შესაძლოა უკავშირდებოდეს სხვა ტიპის მიკროორგანიზმებს, ვირუსებს და ჰელმინთებს, შესაბამისად, ტარდება მათი აღმომჩენი სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევები.
– რას ითვალისწინებს ბრონქული ასთმის კომპლექსური მკურნალობა?
– ბროქული ასთმისგან სრულიად განკურნება შეუძლებელია, თუმცა სწორად შერჩეული თერაპიითა და ექიმის რეკომენდაციათა შესრულებით შესაძლებელია ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომების კონტროლი და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მიზანიც.
თერაპიის შერჩევის შემდეგ მდგომარეობის სრული გაკონტროლება 3-დან 6 თვემდე დროს ითხოვს, საჭიროა ყველა დეტალის ექიმთან შეთანხმება და საჭიროების შემთხვევაში დანიშნულებაში გარკვეული კორექტივების შეტანაც.
ასთმის მკურნალობის სქემა ექვსი ნაწილისაგან შედგება:
1. პაციენტის გათვითცნობიერება და მასთან პარტნიორული თანამშრომლობა;
2. ასთმის სიმძიმის შეფასება და მონიტორინგი სუნთქვის ფუნქციის კონტროლით;
3. რისკფაქტორების გამოვლენა და მოცილება;
4. ინდივიდუალური მკურნალობის ხანგრძლივი, ეტაპობრივი სქემის შედგენა;
5. ინდივიდუალური გეგმის შედგენა შეტევის მენეჯმენტისთვის;
6. მუდმივი მონიტორინგი დინამიკაში.
ბრონქული ასთმის სამკურნალო მედიკამენტები იყოფა ორ ჯგუფად: დაავადებების მაკონტროლებელი საშუალებები – რომლებიც მოიცავს ანტიანთებით აგენტებსა და ხანგრძლივად მოქმედ ბრონქოდილატატორებს (ბრონქების გამაფართოებლებს), საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდებს, ანტიალერგიულ პრეპარატებს და სხვა სპეციფიკური მოქმედების პრეპარატებს.
შეტევის მოსახსნელი მკურნალობა მოიცავს სწრაფად მოქმედ ბრონქოდილატატორებს. ბრონქული ასთმის სამკურნალო მედიკამენტების მიწოდება სხვადასხვა გზით ხდება – ინჰალაციური, ორალური, კანქვეშა, კუნთებში ინტრავენურად.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საინჰალაციო მედიკამენტებს – რადგანაც ამ გზით მიწოდებული სამკურნალო საშუალება უშუალოდ ზემოქმედებს სასუნთქ გზებზე და მედიკამენტის სისტემური ზეგავლენა ორგანიზმზე მინიმუმამდეა დაყვანილი. საინჰალაციო გზით მიწოდებული მედიკამენტი უფრო სწრაფადაც იწყებს მოქმედებას.
აეროზოლური მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ბრონქული ასთმის სამკურნალოდ, არის სხვადასხვა სახის: დოზირებული ინჰალატორები, მშრალი ფხვნილის ინჰალატორები და ნებულაიზერის საშუალებით მოწოდებული სველი აეროზოლები. აუცილებელია პაციენტის ტრენირება საინჰალაციო მედიკამენტების დანიშვნისას მათი სწორი ტექნიკური მოხმარებისათვის.
ასთმის მაკონტროლებელი მედიკამენტებიდან ბრონქული ასთმის მკურნალობაში ერთ-ერთი წამყვანი როლი ენიჭება საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს. დადგენილია, რომ ერთი თვის და მეტი მკურნალობის შემდეგ მცირდება სასუნთქი სისტემის ანთების აქტივობა და შემდგომი მკურნალობის გაგრძელებისას ბრონქების ჰიპერრეაქტიულობაც მცირდება.
გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს, შესაძლოა, თავი იჩინოს სისტემურმა გვერდითმა მოვლენებმაც, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი შესაძლოა თავს კარგად გრძნობდეს, აუცილებელია პერიოდულად ექიმთან ვიზიტი, დაავადების კონტროლი და მედიკამენტების დოზების გადასინჯვა.
ამგვარად, ბრონქული ასთმის მკურნალობაში დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც დაავადების სიმძიმის შეფასებას, ასევე შეტევისა და რემისიის პერიოდების სწორ მონიტორინგს. ამ მიზნით საერთაშორისო სტანდარტებში ჩამოყალიბებულია ბრონქული ასთმის საფეხურებრივი მკურნალობის სქემა, რომელიც აადვილებს სპეციალისტის მიერ დაავადების ეფექტურ მენეჯმენტს.
მკურნალობის აღმავალ საფეხურზე წარმატებული დონის მიღწევისას საჭიროა აღნიშნული შედეგების შენარჩუნების მონიტორინგი და შესაძლებლობის მიხედვით პაციენტის გადაყვანა თანდათან უფრო ქვედა საფეხურზე.
– განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბრონქული ასთმის ზოგიერთი შემთხვევის განხილვა ისეთი მდგომარეობისას, როგორიცაა ორსულობა. ამაზე რას გვეტყვით?
– ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით ასთმით დაავადებულ ქალთა 1/3-ს უუარესდება ასთმის მიმდინარეობა ფეხმძიმობის დროს, მათ 1/3-ს არ ეცვლება მდგომარეობა, 1/3-ს კი უმსუბუქდება კიდევაც.
იმ შემთხვევაში, თუ ფეხმძიმობის დროს ვერ კონტროლდება ბრონქული ასთმა – ზიანდება ნაყოფიც, მატულობს პერინატალური სიკვდილიანობა, დაბალი წონის ნაყოფის სიხშირე.
რაც შეეხება ასთმის მაკონტროლებელი მედიკამენტების გვერდით მოვლენებს, ნაყოფზე – ალფა-ადრენერგული წამლების, ბრომფენირამინისა და ეპინეფრინის გარდა სხვა მედიკამენტები ნაყოფისთვის რისკს არ წარმოადგენს.
საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდების გამოყენება ფეხმძიმობისას დასაშვებია სპეციფიკურად კარგი ეფექტის გამო.
აუცილებელია ფეხმძიმეებისთვის ასთმის გამწვავების მოხსნა სრაფად, რათა გამოირიცხოს ნაყოფის ჰიპოქსია, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ტარდება სწრაფად მოქმედი B2 აგონისტებით – პლუს ჟანგბადის მიწოდება ნებულაიზერით, თუ საჭიროა – სისტემური გლუკოკორტიკოიდები.
– ასთმიანი პაციენტებისთვის რა საგანგებო მიდგომებია საჭირო ქირურგიული ოპერაციისას?
– ბრონქულ ასთმიანი პაციენტებისთვის ენდოტრაქეალური ნარკოზი მნიშვნელოვანი სასიცოცხლო რისკია – რადგან ამ დროს პაციენტს აღენიშნება ჰაერის ნაკადის შემცირება ბრონქებში, ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა, ლორწოს ჰიპერსეკრეცია სასუნთქ გზებში – ყოველივე აღნიშნული განაპირობებს როგორც ოპერაციულ, ასევე პოსტოპერაციულ გართულებებს.
იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ოპერაციამდე 6 თვის განმავლობაში იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს – საჭიროა ოპერაციის პერიოდში 100 მგ ჰიდროკორტიზონის გამოყენება – ყოველ 8 საათში, ინტრავენურად და ოპერაციის შემდგომ 24 საათში – უნდა შეწყდეს, რომ არ შეაფერხოს ჭრილობის შეხორცება.
– რას გვეტყვით ასთმიანი პაციენტების ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობებზე?
– ფიზიკური აქტივობა – ბრონქულ ასთმიან პაციენტთა უმრავლესობისთვის შეტევის მაპროვოცირებელი ფაქტორია. ძირითადად ფიზიკური დატვირთვა ამწვავებს ასთმას მაშინ, როცა დაავადება კარგად არ არის გაკონტროლებული. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ასთმის მენეჯმენტის სქემის გადახედვა აღნიშნული პაციენტებისათვის.
მნიშვნელოვანი როლი ბრონქული ასთმის გამწვავებაში ენიჭება – რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას და ზოგ შემთხვევაში ქლამიდიურ ინფექციასაც.
ასევე ასთმის სიმპტომების გამწვავებაში მნიშვნელობა ენიჭება გასტროეზოფაგური რეფლუქსის არსებობას. ასთმიან პაციენტებთან გასტროეზოფაგური რეფლუქსი სამჯერ მეტად გვხვდება, ვიდრე სხვა პოპულაციაში. ამიტომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა ასთმის მონიტორინგის პარალელურად გასტროეზოფაგური რეფლუქსის მკურნალობაც.
ზოგიერთ ქვეყანაში ზოგიერთი სპეციალისტის მიერ ბრონქული ასთმის სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა ალტერნატიული მეთოდიც – როგორებიცაა აკუპუნქტურა, ჰომეოპათია, ფიტოთერაპია, იოგა, აიურვედა მედიცინა, მაგრამ ამ მეთოდებს არ აღიარებს მტკიცებულებაზე დამყარებული მედიცინა.
სადღეისოდ შესაძლებელია ასთმის ეფექტური მკურნალობა და დაავადების კარგი კონტროლის მიღწევა, როდესაც ასთმა კონტროლირებულია, პაციენტს შეუძლია:
ნ ღამის და დღის შემაწუხებელი სიმპტომების თავიდან აცილება;
ნ შემამსუბუქებელი მედიკამენტების საჭიროება არ არის ან მინიმუმამდეა შემცირებული;
ნ პროდუქტიულია და ფიზიკურად აქტიური ცხოვრება აქვს;
ნ აქვს ნორმალური ან თითქმის ნორმალური ფილტვის ფუნქციები;
ნ სერიოზული შეტევების თავიდან აცილება ხერხდება.
– რამდენადაც ცნობილია, მედიკამენტური მკურნალობის გარდა, მდგომარეობის სრული კონტროლისთვის საკმაოდ დიდი როლი ეკისრება თავად პაციენტს. მაქსიმალურად დადებითი შედეგის მისაღწევად რა ღონისძიებების გატარება მოეთხოვებათ მათ?
– არ შეცვალონ დამოუკიდებლად სამკურნალო სქემები, რომლებსაც დანიშნავს ექიმი. მკაცრად დაიცვან მისი რეკომენდაციები, დაგეგმონ ექიმთან გეგმური ვიზიტები, დაიცვან ასთმური შეტევების საპროფილაქტიკო ღონისძიებანი, მაქსიმალურად აარიდონ თავი ასთმის მაპროვოცირებელ ალერგენებს.
– ასევე განსაკუთრებული შემთხვევაა ბრონქული ასთმით მოავადე ბავშვები. პირველი კითხვა რაც ამ შემთხვევაში მშობელს უჩნდება – გაივლის თუ არა იგი ასაკის მატებასთან ერთად?
– რამდენადაც ბრონქული ასთმა ქრონიკული დაავადებაა, იგი პაციენტთა დიდ ნაწილს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. რაც შეეხება სქესობრივი მომწიფების შემდგომ პერიოდს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის განვითარებისა, შესაძლოა განვითარდეს რამდენიმე სცენარი: შემცირდეს სრულად გაქრობამდე, შენარჩუნდეს ან გაძლიერდეს. თუმცა ნემისმიერ შემთხვევაში როგორც ექიმის, ისე მშობლის ამოცანაა დაავადების ისეთი დონის კონტროლი, რომელიც არც გამწვავებას დაუშვებს და ბავშვის სრულ სოციალურ ინტეგრაციას განახორციელებს.
– ბავშვთა ბრონქული ასთმის დიაგნოსტირება საკმაოდ რთულია საწყის ეტაპზე. რა არ უნდა დატოვოს მშობელმა უყურადღებოდ?
– ბრონქული ასთმა იმ ბავშვებს უვითარდებათ, რომლებიც განსაკუთრებით მიდრეკილნი არიან სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციებისადმი. დაავადება თანდათან ვითარდება რამდენიმე ეტაპად. დასაწყისში ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს ალერგიული გამონაყარი კანზე დერმატიტის სახით, რომელიც ცუდად ემორჩილება მკურნალობას, ამიტომ საჭირო ხდება დიეტის დაცვა და საცხოვრებელი გარემოს მაქსიმალურად ჰიპოალერგიულად გადაქცევა.
მომდევნო ეტაპზე დერმატიტს თან დაერთვის ალერგიული რინიტი, იწყება ე.წ. „ალერგიული აღლუმი“, ჩნდება ბრონქული ასთმის კლინიკური ნიშნები: სუნთქვის გაძნელება, რომელიც უკავშირდება ბრონქებში განვითარებულ სპაზმს, სულის შეხუთვა და მსტვენავი ხიხინი.
დაავადების განვითარებაზე ეჭვის მიტანა შეიძლება მაშინაც, თუ სახეზეა გენეტიკურად დადებითი განწყობა და ამასთან ბავშვი:
ნ გამუდმებით ახველებს ღამით ან დილით. ხველა მშრალია და თან არ სდევს სხეულის ტემპერატურის მატება, არც ნახველის გამოყოფა;
ნ თუ ბავშვს ურთულდება სუნთქვა შინაურ ცხოველებთან, სამკურნალო წამლებთან, მტვერსა და სხვა პოტენციურ ალერგენებთან კონტაქტისას;
ნ თუ ხშირია ობსტრუქციული ბრონქიტის შემთხვევები.
დაავადების სიმწვავეს განსაზღვრავს გამოვლინებათა რაოდენობა, სიხშირე და ხანგრძლივობა.
მსუბუქი ფორმისას შეტევები ვითარდება კვირაში ერთხელ ან ნაკლებად ღამის დროს, მაგრამ არ აღემატება 2-ჯერად ეპიზოდს თვეში. ხანმოკლეა და არ ცვლიან ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს, ან შეტევები ვითარდება დღეში ერთხელ, კვირაში ერთხელ, ღამით და არაუმეტეს 2-ჯერადი ეპიზოდისა თვეში, ზოგჯერ ისე მწვავდება, რომ ცვლის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხს: ამცირებს ფიზიკურ აქტივობას, არღვევს ძილის პროცესს.
საშუალო სიმძიმის ფორმისას შეტევები რეგულარულია დღეში 1-2 ჯერ, ღამით, კვირაში 1 ჯერზე მეტად და გამწვავება არსებითად აუარესებს ბავშვის ცხოვრების ხარისხს.
მძიმე ფორმისას შეტევები ბავშვს აწუხებს ყოველდღიურად, ღამით, მნიშვნელოვნად უზღუდავს ფიზიკურ აქტივობას და არ აძლევს სრულფასოვანი ძილისა და დასვენების საშუალებას.
სიმძიმის ფორმები შესაძლოა იცვლებოდეს ასაკის, წელიწადის დროის მიხედვით.
– მშობლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცნენ მაშინ, როდესაც ბავშვს შეტევა ეწყება.
– უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პირველ ყოვლისა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რამდენადაც მშობელთა თანმიმდევრულ და რაციონალურ ქმედებაზეა დამოკიდებული ბავშვის ჯანმრთელობა და ზოგჯერ სიცოცხლეც კი.
ნ დასაწყისშივე უნდა დავსვათ ბავშვი მოხერხებულად და მივცეთ ექიმის მიერ დანიშნული ჩვეული ინჰალატორი, თუ მჯდომარე თავს უარესად იგრძნობს, უნდა შევუცვალოდ სხეულის მდგომარეობა, მოვუძებნოთ პოზა, რომელშიც თავს უკეთ იგრძნობს. არ არის სასურველი მწოლიარეს გადაყვანა, რადგან ეს კიდევ უფრო გააუარესებს მის სუნთქვას.
ნ შეგვიძლია მივცეთ თბილი წყალი, რომელიც გაასუფთავებს ბრონქებს ნახველისგან და ზოგჯერ ეს საკმარისიც კია შეტევის მოსახსნელად.
ნ დღეს არსებული სამკურნალო საშუალებების დახმარებით ასთმა სიცოცხლეს პრაქტიკულად აღარ უქმნის საფრთხეს, ამიტომ მშობელმა მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს მკურნალ ექიმთან და ბავშვს სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა და პირობები შეუქმნას.