ბირთვული იარაღი, რადიაციის საფრთხე და მწვავე რადიაციული დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბირთვული იარაღი, რადიაციის საფრთხე და მწვავე რადიაციული დაავადება

ეს იარაღი ადამიანების წინააღმდეგ არ გამოყენებულა 1945 წლის შემდეგ. მისი შექმნის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს გააჩნია. ტერორისტული დაჯგუფებები ცდილობენ მოიპოვონ ან შექმნან მსგავსი იარაღი, რაც ადამიანების წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკს ზრდის. ბირთვული იარაღის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა მექანიკურ ტრავმებს და თერმულ დამწვრობას ემსხვერპლა, შედარებით ნაკლები (თუმცა, კვლავ დიდი რიცხვი) რადიაციით გამოწვეული დაავადებებით გარდაიცვალა.

საშიშროება ტერორისტული აქტის შედეგად რადიაციის გავრცელებისა რეალურია და გულისხმობს რადიოაქტიური ნივთიერებების გარემოში გაფანტვას (სპეციალური მოწყობილობებით რადიოაქტიური ნივთიერების გარემოში გასროლა აფეთქების გზით – ე.წ. ჭუჭყიანი ყუმბარა) ან ფარულად სპეციალური მოწყობილობების საშუალებით ადამიანთა გარკვეული ჯგუფის დასხივებას. ტერორისტული აქტების სხვა სცენარი შეიძლება იყოს ბირთვულ რეაქტორებსა და რადიოაქტიური მასალის საწყობებზე თავდასხმის და ბირთვული იარაღის აფეთქება.

რადიაციის გავლენა

რადიაციის დამაზიანებელი ეფექტი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • გამოსხივების რაოდენობაზე (დოზა)
  • რამდენად სწრაფად მოხდა დოზის მიღება
  • სხეულის რა ფართობი დასხივდა

როგორია ქსოვილების მგრძნობელობა დასხივების მიმართ

მნიშვნელოვანი დოზით სწრაფმა, ერთჯერადმა დასხივებამ შესაძლოა პაციენტი სასიკვდილო შედეგამდე მიიყვანოს. მაშინ, როცა იგივე დოზის თანდათანობითმა მიღებამ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში, მხოლოდ მცირე გავლენა მოახდინოს ორგანიზმზე. რადიაციის ეფექტი ასევე დამოკიდებულია დასხივებული ზედაპირის ფართობზე. მაგ: 6 გრეი (Gy) დოზით მთელი სხეულის ერთჯერადი დასხივება სასიკვდილოდ ითვლება. იგივე საერთო დოზა გამოიყენება სხივური თერაპიის კურსის დროს, როცა რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში 10-ჯერ და მეტჯერ სხივდება სხეულის გარკვეული უბანი. მსგავს ზემოქმედებას არ მოჰყვება სერიოზული გართულებები.

სხეულის ზოგიერთი ნაწილი მეტად მგრძნობიარეა დასხივების მიმართ. ორგანოები და ქსოვილები, სადაც უჯრედების გამრავლება ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორიც არის ნაწლავები და ძვლის ტვინი, უფრო ადვილად ზიანდება, ვიდრე ის ქსოვილები, სადაც უჯრედების გამრავლება ნელა მიმდინარეობს, მაგ: კუნთები და თავის ტვინის უჯრედები. ფარისებრი ჯირკვალი გამორჩეულად მგრძნობიარეა რადიოაქტიური იოდის მიმართ, რომელიც კონცენტრირდება ჯირკვალში და დასხივების მიღების შემთხვევაში არსებობს კიბოს განვითარების რისკი.

რადიაცია და ბავშვები:

ბავშვები გაცილებით უფრო ადვილად იღებენ გამოსხივებით გამოწვეულ ზიანს, ვიდრე მოზრდილები, რადგან მათ ორგანიზმში, ზრდასთან ერთად უჯრედების ინტენსიური გამრავლება მიმდინარეობს. კიდევ უფრო მგრძნობიარეა მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფი, რადიაციული ზემოქმედების მიმართ. ორსულობის 8-დან 25 კვირის ვადაზე 300 mGy ან მეტი დოზით დასხივებამ, შესაძლოა ბავშვთა გონებრივი განვითარების შეფერხება ან სკოლაში არასათანადო მოსწრება გამოიწვიოს. რაც შეეხება თანდაყოლილ დეფექტებს, მათი განვითარება მოსალოდნელია საშვილოსნოს ან მუცლის ღრუს მაღალი დოზით დასხივებისას. დიაგნოსტიკური პროცედურების დროს ხშირად გამოყენებული დოზა (<100 mGy) არ იძლევა ორგანიზმისთვის სერიოზული გართულებების საშიშროების საბაბს.

რადიაცია და სიმსივნე:

მაღალი დოზით დასხივება ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს, რადგან აზიანებს უჯრედების გენეტიკურ მასალას (დნმ-ს). თუმცა, გამოსხივება არ წარმოადგენს კიბოს განვითარების ისეთ მძლავრ მიზეზს, როგორც ეს ადამიანებს ჰგონიათ. იმ შემთხვევაში, თუ სხეულის მთელი ზედაპირი დასხივდა 1 Gy შესაბამისიდოზით, რაც 300-ჯერ აღემატება წლიურ ფონურ რადიაციას, კიბოს განვითარება მოსალოდნელია შემთხვევათა 25-30%-ში.რადიაციით გამოწვეული სიმსივნის განვითარების რისკი რამდენადმე მაღალია ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით. ბავშვები მეტად მგრძნობიარენი არიან, რადგან მათი უჯრედები ინტენსიურად იყოფა (მრავლდება) და უჯრედების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა უფრო მეტია, რომლის დროსაც მოსალოდნელია სიმსივნური პროცესის განვითარება. ერთი წლისბავშვს, რომელსაც ჩაუტარდა მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სიმსივნის განვითარების რისკი გაზრდილი აქვს 0,18%-ით.

რადიაცია და მემკვიდრეობითი დეფექტები:

ექსპერიმენტის სახით ცხოველებში საკვერცხეებისა და სათესლე ჯირკვლების მაღალი დოზებით დასხივებამ დეფექტური შთამომავლობის მიღება (მემკვიდრეობითი დეფექტები) გამოიწვია. თუმცა, თანდაყოლილი დეფექტების მატება არ დაფიქსირებულა იაპონიაში ბირთვული აფეთქების შემდეგ. შესაძლოა, იმ შემთხვევაში რადიაციის დოზა არ იყო საკმარისად მაღალი, რათა გამოეწვია მემკვიდრეობითი დარღვევების შემთხვევების ზრდა.

მწვავე რადიაციული დაავადება:

გვხვდება, როდესაც გამოსხივება მაღალი დოზით ერთჯერადად ან დროის მცირე მონაკვეთში ზემოქმედებს მთელ სხეულზე.

ექიმები მწვავე რადიაციულ სინდრომს ყოფენ სამ ჯგუფად. ეს დაყოფა დაფუძნებულია ძირითად ორგანოთა სისტემების დაზიანებაზე. თუმცა, ზოგჯერ ამ ჯგუფებს შორის გადაფარვაც ხდება:

  • ჰემოპოეზის (სისხლწარმოქმნის) სინდრომი;
  • გასტროინტესტინული (კუჭ-ნაწლავის) სინდრომი;
  • ცერებროვასკულური (თავის ტვინის სისხლძარღვების) სინდრომი;

მწვავე რადიაციული დაავადება, ჩვეულებრივ, სამ სტადიად მიმდინარეობს:

  • ადრეული სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, მადის დაკარგვა, ღებინება, დაღლილობა, ხოლო, დიდი დოზით დასხივებისას – დიარეა. ამ სიმპტომებს ერთად პროდრომი ეწოდება;
  • სიმპტომებისგან თავისუფალი პერიოდი (ლატენტური სტადია);
  • სხვადასხვა სახის სიმპტომი (სინდრომები), რომელთა განვითარება დამოკიდებულია მიღებული რადიაციის დოზაზე.

გამოვლენილი სინდრომების თავისებურება, მათი სიმწვავე და პროგრესირება დამოკიდებულია მიღებული რადიაციის დოზაზე. მაღალი დასხივების დროს სიმპტომები სწრაფად ვითარდება (მაგალითად, პროდრომის პერიოდის სიმპტომებიდან სხვადასხვა ორგანოთა სისტემის სინდრომებამდე) და დაავადება მძიმედ მიმდინარეობს.

ადრეული სიმპტომების სიმძიმე და ხანგრძლივობა დასხივების გარკვეულ დოზებს შეესაბამება, რის საფუძველზეც ექიმებს შეუძლიათ ივარაუდონ, თუ რა რაოდენობის დასხივება მიიღო პაციენტმა.

ჰემოპოეზის (სისხლწარმოქმნის) სინდრომი გამოწვეულია ძვლის ტვინზე, ელენთასა და ლიმფურ კვანძებზე (სისხლმბადი ორგანოები) რადიაციული ზემოქმედებით. მადის დაკარგვა (ანორექსია), ლეთარგია, გულისრევა და ღებინება იწყება 1-დან 6 Gy გამოსხივების მიღებიდან რამდენიმე საათში. ეს სიმპტომები ქრება 24-48 საათის განმავლობაში და პაციენტები დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. სიმპტომებისგან თავისუფალ პერიოდში ძვლის ტვინში, ელენთასა და ლიმფურ ჯირკვლებში სისხლწარმოქმნის პროცესი მცირდება, რასაც თან სდევს ახლად ჩანაცვლებული უჯრედების სიმცირე. ჯერ მცირდება ლეიკოციტების, შემდეგ თრომბოციტებისა და ერითროციტების რაოდენობა. ლეიკოციტების კლებისას მოსალოდნელია მწვავე ინფექციების განვითარება. თრომბოციტების შემცირებამ შესაძლოა ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს, ხოლო ერითროციტების დაბალმა მაჩვენებელმა (ანემია) კი – ზოგადი სისუსტე, სიფერმკრთალე და სუნთქვის გაძნელება ფიზიკური დატვირთვისას.ამ სტადიის გადატანის შემთხვევაში 4-5 კვირის შემდეგ იწყება სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის აღდგენა და წარმოიქმნება ახალი სისხლის უჯრედები. თუმცა, დაღლილობა და ზოგადი სისუსტე შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.

კუჭ-ნაწლავის სინდრომი გამოწვეულია რადიაციის ზემოქმედებით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენ უჯრედებზე. მოსალოდნელია მწვავე გულისრევა, ღებინება და დიარეა 6 Gy ან მეტი რადიაციის მიღებიდან 1-6 საათში.ამ სიმპტომებმა შეიძლება დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) გამოიწვიოს, თუმცა 2 დღეში გაივლის. მომდევნო 4-5 დღის განმავლობაში (ფარული პერიოდი) პაციენტები თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობენ. თუმცა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამომფენი უჯრედები, რომლებიც ჩვეულებრივ, დამცავი ბარიერის როლს ასრულებენ, კვდება და ჩამოიფცქვნება. მწვავე დიარეის გახანგრძლივების შემთხვევაში, ხშირია სისხლიანი განავალი, რაც აღრმავებს დეჰიდრატაციას. შესაძლოა აღნიშნულ პროცესს თან დაერთოს ინფექციის განვითარება, რაც პათოლოგიური ბაქტერიების კუჭ-ნაწლავში მოხვედრით არის განპირობებული. მაღალი დოზით დასხივების შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის სინდრომს თან ჰემოპოეზის სინდრომიც დაერთვება, რაც სისხლდენის, ინფექციისა და გარდაცვალების რისკს ზრდის.

6 Gy ან მეტი რადიაციის მიღების შემდეგ ხშირია ფატალური გამოსავალი. თუმცა, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ჩარევის შედეგად შესაძლებელია ასეთი პაციენტების 50%-ის გადარჩენა.

ცერებროვასკულური (თავის ტვინის სისხლძარღვების) სინდრომი ვითარდება, როცა დასხივების დოზა აჭარბებს 20-30 Gy-ს. სწრაფად ვითარდება დეზორიენტაცია, გულისრევა, ღებინება, სისხლიანი დიარეა, კანკალი და შოკური მდგომარეობა. ლატენტური (ფარული) ფაზა მოკლეა ან საერთოდ არ არის. რამდენიმე საათში არტერიული წნევა ეცემა, ვითარდება კრუნჩხვა და კომური მდგომარეობა. ცერებროვასკულური სინდრომი, თითქმის ყოველთვის, 1-2 დღეში ფატალურად სრულდება.

ლოკალური რადიაციული დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზი სიმსივნის საწინააღმდეგო რადიოთერაპიაა. სხვა გამომწვევებსაც იგივე სიმპტომები ახასიათებს და დამოკიდებულია მიღებული რადიაციის დოზაზე და/ან დასხივებული არეალის ფართობზე.

დამახასიათებელი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება და მადის დაკარგვა, რომელიც ხშირად გვხვდება თავის ტვინის ან მუცლის ღრუს დასხივების შემთხვევაში. ჩივილები ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში გრძელდება.

სხეულის მცირე მონაკვეთის დიდი დოზით დასხივება ხშირად იწვევს ამ მიდამოს კანის დაზიანებას.ვითარდება ადგილობრივი თმის ცვენა, სიწითლე, აქერცვლა, დაწყლულება, შესაძლოა კანის გათხელება და სისხლძარღვების გაფართოება (ობობასმაგვარი ვენები). პირის ღრუს და ყბის დასხივებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის მუდმივი სიმშრალე, გაზარდოს კარიესის რისკი და დააზიანოს ყბის ძვალი. ფილტვების ირადიაციის შედეგად მოსალოდნელია ადგილობრივი ანთება (რადიაციული პნევმონიტი). მაღალი დოზებით დასხივების შემთხვევებში ვითარდება ფილტვის ქსოვილის ფიბროზი სუნთქვის უკმარისობით და მოგვიანებით პაციენტის სიკვდილით სრულდება. გულის და პერიკარდიუმის ანთება შეიძლება განვითარდეს გულმკერდის ვრცელი მიდამოს დასხივების შედეგად. დამახასიათებელია ტკივილი გულმკერდში და სუნთქვის გაძნელება. ზურგის ტვინში მაღალი დოზით აკუმულირებულმა რადიაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებები – დამბლა, შეუკავებლობა (უნებლიე შარდვა ან ნაწლავების მოქმედება), მგრძნობელობის დაკარგვა. მუცლის ღრუს დიდი მოცულობით დასხივებისას (ლიმფური კვანძების, სათესლეების და საკვერცხის სიმსივნეების დროს) მოსალოდნელია ნაწლავთა ქრონიკული წყლულების, ფიბროზის, შევიწროების ან პერფორაციის განვითარება. აღნიშნულის სიმპტომებია მუცლის ტკივილი, ღებინება, მათ შორის სისხლიანი ღებინება, მუქი კუპრისფერი განავალი.

იშვიათად, მძიმე დაზიანებები ვითარდება სხივური თერაპიის დასრულებიდან დიდი დროის შემდეგ. მაღალი დოზით დასხივების შემდეგ მოსალოდნელია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება 6 თვიდან 1 წლის განმავლობაში, რაც ანემიით ან არტერიული წნევის ციფრების მატებით ვლინდება. კუნთებში მაღალი დოზის აკუმულირებულმა რადიაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, კუნთების ატროფია, კალციუმის დეპოზიტების ჩალაგება. იშვიათად აღწერილია სხივური თერაპიით გამოწვეული ახალი ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის შემთხვევებიც. ასეთი სიმსივნეები, ჩვეულებრივ, რადიაციული თერაპიის დასრულებიდან 10 და მეტი წლის შემდეგ ვითარდება.

პრევენცია

ბირთვულ რეაქტორებზე უბედური შემთხვევების ან რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელების გამო ფონური რადიაციის დონე შესაძლოა დასაშვებზე მეტად გაიზარდოს. ასეთ დროს მოსახლეობამ უნდა შეასრულოს ჯანდაცვის ორგანოების რჩევები. ინფორმაცია, როგორც წესი, ვრცელდება ტელევიზიით, რადიოთი ან სხვა სამაუწყებლო საშუალებებით. რეკომენდაციები მოსალოდნელია მოიცავდეს ევაკუაციას ან თავშესაფრის მოძებნას. ევაკუაცია ან ადგილზე თავშესაფრის მოძებნა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის შემდეგზე: რა დროა გასული შემთხვევიდან, შეჩერებულია თუ არა გამოსხივება, როგორია ამინდი, ადეკვატური თავშესაფრის არსებობა, გზის და ტრანსპორტის მდგომარება. თავშესაფრის შემთხვევაში რეკომენდებულია ბეტონისა და მეტალის ნაგებობა, უკეთესია მიწის დონიდან ერთი სართულით ქვემოთ. თუ შენობა მიწის ზემოთაა, სასურველია თავშესაფარი ოთახი საძირკვლიდან, სახურავიდან და ფანჯრებიდან შეძლებისდაგვარად დაშორებული იყოს და შენობის შუაგულში მდებარეობდეს.

თუ პირი შეეხო რადიოაქტიურ ნივთიერებას, რეკომენდებულია ტანსაცმლის გამოცვლა და შხაპის მიღება. გარკვეულ შემთხვევებში მოსახლეობის სამიზნე ჯგუფისთვის მოწოდებულია კალიუმის იოდიდის ტაბლეტების მიღება, რომელთა მიწოდებას ლოკალური ფარმაცევტული კომპანიები ან ჯანდაცვის სააგენტოები უზრუნველყოფენ. კალიუმის იოდიდი სასარგებლოა მხოლოდ რადიოაქტიური იოდით დასხივებისას, სხვა რადიოაქტიური ნივთიერებების შემთხვევაში ის ვერ ასრულებს დამცველობით როლს. პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ მაღალი მგრძნობელობა იოდის მიმართ ან ფარისებრი ჯირკვლის სხვა პრობლემები, თავი უნდა შეიკავონ კალიუმის იოდიდის მიღებისაგან. თუ საეჭვოა იოდის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობა, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

სადიაგნოზო პროცედურებისა და სხივური თერაპიის დროს, რაც გულისხმობს გამოსხივების მაღალი დოზებით ზემოქმედებას, რეკომენდებულია სხეულის მგრძნობიარე მიდამოების – თვალის, მკერდის, საკვერცხეების, სათესლეების, ფარისებრი ჯირკვლის დაცვა და დაფარვა (მაგ.: ტყვიის შემცველი საფარის გამოყენება).

პროგნოზი

რადიაციული დაზიანების გამოსავალი დამოკიდებულია დასხივების დოზაზე, ზემოქმედების ხანგრძლივობაზე (რამდენად სწრაფად მოხდა დასხივების მიღება) და სხეულის დაზიანების ფართობზე. სხვა ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია, პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა და სამედიცინო დახმარების დროული მიღება.ზოგადად, სამედიცინო დახმარების გარეშე ადამიანების გადარჩენა შეუძლებელია, თუ მათ მიიღეს მთელი სხეულის რადიაცია 3 Gy და მეტი დოზით. ნებისმიერი ჩარევის მიუხედავად, 6 Gy-ზე მეტი დასხივება უხშირესად სასიკვდილოა. თითქმის ყველა პაციენტი, რომელთაც მიღებული აქვთ 2 Gy და ნაკლები დოზით დასხივება, ერთი თვის განმავლობაში სრულად გამოჯანმრთელდება, თუმცა, მომავალში რჩება სიმსივნის განვითარების რისკი.პაციენტთა ნახევარს, რომელთაც მიიღეს 6 Gy ან ნაკლები დოზით დასხივება და ჩაუტარდათ დროული სამედიცინო დახმარება, აქვთ გადარჩენის შანსი. ასევე აღწერილია 10 Gy-მდე დოზის მიღების შემდეგ პაციენტის გადარჩენის რამდენიმე შემთხვევა.

ძნელია, ექიმმა დაავადების საწყის ეტაპზე განსაზღვროს პაციენტის მიერ მიღებული დასხივების დოზა. ამიტომ გამოსავალს აფასებენ მხოლოდ სიმპტომების მიხედვით.

ცერებროვასკულური სინდრომი საათების ან რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტის გარდაცვალებით მთავრდება. გახანგრძლივებული გასტროინტესტინური სინდრომი 3-დან 10 დღემდე ფატალურად სრულდება. თუმცა, ზოგიერთი რამდენიმე კვირასაც ცოცხლობს. პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს სათანადო სამედიცინო დახმარება, გამოჯანმრთელების შესაძლებლობა ჰემოპოეზური (სისხლის წარმოქმნის დაზიანებით მიმდინარე) სინდრომის არსებობის შემთხვევაშიც აქვთ. თუმცა, გამოჯანმრთელება დამოკიდებულია მიღებული რადიაციის დოზაზე და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. ისინი, ვინც ვერ გადარჩებიან, ჩვეულებრივ, დასხივების შემდეგ 4-8 კვირის განმავლობაში გარდაიცვლებიან.

მკურნალობა

დასაწყისში რადიაციული დასხივების მკურნალობამდე ფიზიკურ დაზიანებებს მკურნალობენ, რადგან ის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. დასხივებისთვის რაიმე გადაუდებელი მკურნალობა არ არსებობს. ამიტომ პაციენტს აკვირდებიან, აფასებენ სხვადასხვა სინდრომის განვითარებას და სიმპტომებს მათი გაჩენისთანავე მკურნალობენ. რადიოაქტიური ნივთიერებებით კონტამინაციის (დაბინძურების) შემთხვევებში უნდა მოხდეს ნივთიერების დაუყოვნებელი მოშორება, შემდგომი დასხივებისა და ორგანიზმის მიერ მისი შთანთქმის თავიდან ასაცილებლად. დაბინძურებული კანი ან ჭრილობა სასწრაფოდ უნდა გასუფთავდეს მარილიანი ხსნარით ან ქირურგიული ღრუბლის საშუალებით. დეკონტამინაციის შემდეგ ჭრილობა იფარება, რადგან არ მოხდეს სხვა მიდამოს ჩამორეცხვის დროს მისი დაბინძურება. კანი რბილად უნდა ჩამოირეცხოს დიდი რაოდენობის საპნით და თბილი (არა ცხელი) წყლით. ნაკეცები და ფრჩხილები დამატებით ყურადღებას საჭიროებს. მიზანშეწონილი არ არის ძლიერი ქიმიკატებისა და ჯაგრისის გამოყენება, ასევე კანის გახეხვა, რამაც შეიძლება დაარღვიოს მისი მთლიანობა. თუ თმის რადიოაქტიური ნივთიერებებისგან განთავისუფლება ვერ მოხერხდა საპნითა და წყლით დაბანის გზით, უმჯობესია თმის მაკრატლით ძირამდე შეჭრა და არა გაპარსვა. გადაპარსვისას შეიძლება დაზიანდეს კანი და მოხდეს სხეულში რადიაციის გავრცელება. დეკონტამინაცია უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ გეიგერ-მიულერის ხელსაწყო არ გვაჩვენებს ორგანიზმიდან რადიოაქტიურობის გაქრობას. გამონაკლისია მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩამორეცხვა ზრდის კანის დაზიანების ალბათობას. დამწვარი ადგილების მექანიკურად გახეხვა დაუშვებელია, შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქად ჩამორეცხვა.

გარკვეული ზომების მიღება ამცირებს ორგანიზმის შიგნით რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელებას. თუ ადამიანმა გადაყლაპა რადიოაქტიური ნივთიერების მნიშვნელოვანი რაოდენობა, შესაძლებელია ღებინების გამოწვევა. ზოგიერთი რადიოაქტიური ნივთიერებისთვის არსებობს ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლიან მათ აბსორბციას ან აჩქარებენ ორგანიზმიდან მათ გამოყოფას. კალიუმის იოდიდის მიღება ეფექტურად ამცირებს რადიოაქტიური იოდის აბსორბციას ფარისებრი ჯირკვლის მიერ. შესაბამისად, მცირდება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის და სხვა დაზიანების განვითარების რისკი. კალიუმის იოდიდი ეფექტურია მხოლოდ რადიოაქტიური იოდის და არა სხვა ნივთიერებების მიმართ. სხვა საშუალებები, როგორიცაა თუთია ან კალციუმის დიეთილენტრიამინ-პენტა-აცეტატი (DTPA – გამოიყენება პლუტონიუმის, იტრიუმის, კალიფორნიუმის და ამერიციუმისთვის), კალციუმი ან ალუმინის ფოსფატის ხსნარი (რადიოაქტიური სტრონციუმისთვის) და პრუსიის ლურჯი (რადიოაქტიური ცეზიუმის, რუბიდიუმისა და თალიუმისთვის) შეიძლება გაკეთდეს ინტრავენურად, რაც ხელს უწყობს რადიონუკლიდების მოცილებას ორგანიზმში შეღწევამდე. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საშუალებები, კალიუმის იოდიდის გარდა, მავნე ნივთიერებების გავრცელებას ამცირებენ მხოლოდ 25-დან 75%-მდე.

გულისრევა და ღებინება შეიძლება შემცირდეს ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებით. ეს საშუალებები ეძლევა ყველა პაციენტს, რომლებიც სხივურ ან ქიმიოთერაპიას იტარებენ. დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) მკურნალობა ხდება ინტრავენურად სითხეების გადასხმის გზით.

კუჭ-ნაწლავისა და სისხლმბადი სისტემის დაზიანების მქონე პაციენტებს ცალკე ათავსებენ (ხდება სხვებისაგან მათი იზოლაცია), რათა შემცირდეს მიკროორგანიზმებით ინფიცირების რისკი. სისხლის უჯრედების რაოდენობის მოსამატებლად პაციენტებს უნიშნავენ სისხლის გადასხმას და სისხლის უჯრედების წარმოქმნაზე მოქმედ ზრდის მასტიმულირებელ ფაქტორებს (ასეთებია ერითროპოეტინი და კოლონიამასტიმულირებელი ფაქტორი). ეს მკურნალობა ამცირებს სისხლდენას და ანემიას, ამასთან, ამაღლებს იმუნიტეტს ინფექციასთან საბრძოლველად. თუ ძვლის ტვინი რამდენადმე დაზიანებულია, მაშინ მკურნალობის აღნიშნული მეთოდები ხშირად არაეფექტურია. ამის გამო ზოგჯერ საჭირო ხდება ძვლის ტვინის გადანერგვა (ტრანსპლანტაცია). თუმცა, რადიაციული დაზიანებების დროს მკურნალობის ამ მეთოდის გამოყენების დიდი გამოცდილება არ არსებობს და წარმატების პროცენტიც დაბალია.

კუჭ-ნაწლავის დაზიანების მქონე პაციენტები საჭიროებენ ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, სითხის გადასხმას და დამამშვიდებელ საშუალებებს. ზოგიერთი პაციენტი შესაძლოა მსუბუქ დიეტაზე იყოს. ნაწლავებში არსებული ბაქტერიების ორგანიზმში გავრცელების თავიდან ასაცილებლად ინიშნება ანტიბიოტიკების ტაბლეტები. ანტიბიოტიკები, ისევე როგორც სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული პრეპარატები, საჭიროების შემთხვევაში, მიეცემა ინტრავენურად.

ცერებროვასკულური (თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე) სინდრომის მკურნალობის მიზანია პაციენტისთვის ტკივილის, დისკომფორტის, აგზნებისა და სუნთქვის გაძნელების შემსუბუქება. გულყრების სამკურნალოდ შესაბამისი წამლები ინიშნება.

რადიაციული იარებით და წყლულებით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად პაციენტს ეძლევა ტკივილგამაყუჩებელი წამლები. თუ დროთა განმავლობაში ჭრილობები არ შეხორცდა, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი ქირურგიული გზით აღდგენა – კანის გადანერგვით ან სხვა პროცედურებით.

სრულად ნახეთ: მერკის ენციკლოპედია, რადიაციული დაზიანებები