სოციალურ ქსელებში სქროლვა ტვინზე მოქმედებს
სოციალურ მედიაში ან ახალი ამბების არხებში დროის მოსაკლავად უსასრულოდ სქროლვა შეიძლება ბევრად უფრო საზიანო იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა Journal of Computers in Human Behavior Reports-ში, დუმსქროლინგი იწვევს ეგზისტენციალურ შფოთვას, სასოწარკვეთას, უნდობლობას და სხვების მიმართ ეჭვს.
მეცნიერებმა გამოკითხეს 800-ზე მეტი სტუდენტი შეერთებული შტატებისა და ირანის უნივერსიტეტებიდან.
„როდესაც ჩვენ მუდმივად ვხვდებით ნეგატიურ ამბებს და ინფორმაციას ონლაინში, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენს რწმენას, როდესაც საქმე ეხება ჩვენს სიკვდილიანობას და ჩვენს ცხოვრებაზე კონტროლს“, - განმარტა კვლევის წამყვანმა ავტორმა რეზა შაბაჰანგამ The Guardian-თან ინტერვიუში.
თავის კვლევაში გუნდმა აღმოაჩინა, რომ ნეგატიური ამბების მუდმივი ზემოქმედება საბოლოოდ ეჭვქვეშ აყენებს ძირითად ვარაუდებს მსოფლიოს სამართლიანობისა და კეთილგანწყობის შესახებ.
- „ძალიან დიდი დროის დახარჯვა ნებისმიერი მედიის ან სოციალური მედიის კითხვაზე, მიუხედავად იმისა, ცუდია თუ არა, დაკავშირებულია დეპრესიასთან“, — ამბობს ფსიქოლოგი სიუზან ალბერსი. მაგრამ უმიზნოდ ინტერნეტ-სერფინგი განსაკუთრებით საშიშია დეპრესიით დაავადებულთათვის – ადამიანები თავიანთ ნეგატიურ გრძნობებს შესაბამისი შინაარსით აძლიერებენ. ფსიქოლოგის თქმით, ამან შეიძლება გააუარესოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, უძილობა და რეალობის აღქმა.