ნევროზისა და დეპრესიის ფსიქოლოგიური საფუძველი
სასოწარკვეთილ ადამიანს გუნება-განწყობა ეცვლება და უსიამოვნო ფიქრებს თავს ვერ აღწევს. დუნდება ყველა ფსიქიკური პროცესი, ირღვევა ძილი. როცა ასეთი მდგომარეობა ორ კვირაზე მეტხანს გასტანს, ამბობენ, რომ ადამიანს აქვს დეპრესია.
დეპრესია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, თუმცა მკურნალობას სხვებზე უკეთ ექვემდებარება. ყოველ მეოთხე ქალსა და ყოველ მეათე მამაკაცს დეპრესია სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება. საბედნიეროდ, მათი 80-90 პროცენტი წარმატებით იკურნება.
დეპრესიის ამოცნობა ზოგჯერ ძნელია, რადგან ადამიანები ცდილობენ, ავადმყოფური სიმპტომები ყოფით სირთულეებს მიაწერონ. ხშირად გაიგონებთ: არაფერია გასაკვირი, მავანს დეპრესია რომ აქვს - მან ხომ მძიმე განსაცდელი გამოიარა, ფსიქოლოგიური ადაპტაცია კი ვერ შეძლოო, - მაგრამ ავიწყდებათ, რომ ბევრი დიდ უბედურებასა და სტრესს დეპრესიის გარეშეც უძლებს, ხოლო მას, ვინც ამას ვერ ახერხებს, სპეციალისტის დახმარება სჭირდება.
დეპრესიით დაავადებულ თითქმის ყოველ ადამიანს ახასიათებს უხალისობის, უიმედობის მუდმივი განცდა და გაღიზიანებადობა. გარდა ამისა, დეპრესიაზე მიანიშნებს:
- მადის გაძლიერება ან შესუსტება, რასაც თან სდევს წონის მატება ან კლება;
- ძილის დარღვევა - წყვეტილი ძილი, ჩაძინების გაძნელება, დილით ადრე გაღვიძება ან ძილად მივარდნა;
- ენერგიის დაქვეითება, ადვილად დაღლა;
- ამაოების განცდა;
- დანაშაულის შეგრძნება;
- ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, აზროვნების გაძნელება, გაუბედაობა;
- სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრი, სიკვდილის სურვილი ან თვითმკვლელობის მცდელობა;
- მელანქოლია (ძლიერი მოწყენილობა, უხალისობა), მოძრაობის შენელება;
- თავის, მუცლის ან სხვა მიდამოს ტკივილი, წვა, ჩხვლეტა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები.
თუ ადამიანს აქვს ჩამოთვლილთაგან ოთხი ან მეტი სიმპტომი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მან ფსიქოლოგს უნდა მიმართოს.
დეპრესიის დროს ამ ფიზიკურ და ფსიქიკურ უსიამოვნო შეგრძნებებს თითქოს ბოლო არ უჩანს. მათ არც სასიამოვნო ამბები აქარწყლებს. ზოგი ადამიანი ისეა მოცული სასოწარკვეთილებით, რომ ექიმთან მისვლაც კი არ შეუძლია, არც მიაჩნია საჭიროდ და არც რაიმე შედეგის იმედი აქვს. ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამშრომლები ცდილობენ, დეპრესიით დაავადებულს რჩევებითა და დაყვავებით დაეხმარონ, მაგრამ დროთა განმავლობაში რწმუნდებიან, რომ მათი ცდები უშედეგოა - დეპრესიული ადამიანი არ ითვალისწინებს მათ რჩევებს და უარყოფს დახმარებას.
დეპრესია ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს, ზოგს - მთელი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ზოგს - რამდენჯერმე. დეპრესიის შეტევებს შორის ადამიანი თავს სავსებით ჯანმრთელად გრძნობს. უნდა ითქვას ისიც, რომ ავადმყოფების დაახლოებით მეოთხედს დაავადება უხანგრძლივდება და ქრონიკულ დეპრესიაში გადაეზრდება. როცა ადამიანს ძალუძს დეპრესიასთან გამკლავება და თავის მოვალეობათა შესრულება, საფიქრებელია, რომ მას ექიმის დახმარება არ დასჭირდება, მაგრამ თუ იგი იმდენად არის მოცული ავადმყოფური განცდებით, რომ ნორმალურად ვეღარ ცხოვრობს - ეს უკვე ავადმყოფობაა.
დეპრესიას უამრავი მიზეზი აქვს: ოჯახური, სამსახურებრივი თუ ინტიმური უსიამოვნებები, იმედგაცრუება, ხანგრძლივი ემოციური და ფიზიკური გადაძაბვა, ცუდის მოლოდინი. არსებობს უმიზეზო დეპრესიაც - ადამიანი დასაძინებლად ჯანმრთელი წვება და ღრმა დეპრესიით იღვიძებს.
ბავშვებში დეპრესია ხშირად გამოიხატება ქცევის დარღვევით - გამომწვევი ქცევით, კონფლიქტურობით, ხეტიალისადმი მიდრეკილებით.
დეპრესია იპყრობთ უმეტესად ლაბილური ფსიქიკის, სუსტი ნებისყოფის, თავდაჯერებას მოკლებულ, დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს. ისინი ადვილად ემორჩილებიან სტრესს. მათზე ძლიერ გავლენას ახდენს სხვების უარყოფითი დამოკიდებულება, ცინიკური მოპყრობა. ზოგჯერ უბრალო ირონიასაც კი წონასწორობიდან გამოჰყავს.
დეპრესია შექცევადი დაავადებაა. მან უკვალოდ უნდა გაიაროს. მსუბუქი ფორმის დროს ადამიანი შესაძლოა უწამლოდ, ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით განიკურნოს. ზოგჯერ სასარგებლოა გარემოს, სამსახურის გამოცვლა. უმეტესად კი საჭირო ხდება სპეციალისტის - ფსიქიატრის ან ფსიქოლოგის - დახმარება.
მკურნალობის დაწყებამდე უნდა ჩატარდეს კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა, დადგინდეს დეპრესიის გამომწვევი ფაქტორი. დეპრესიული მდგომარეობა ნამდვილად არ არის რთული დასაძლევი. მთავარია, ავადმყოფმა ის არ დამალოს, საკუთარ თავთან მარტო არ დარჩეს. ასეთ ადამიანს ახლობლები უნდა ესაუბრონ, აგრძნობინონ, რომ გვერდით ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც მოუსმენს, მის წუხილს გაიზიარებს, თანაუგრძნობს. თუ საჭიროა ფსიქოთერაპიული ჩარევა, ეს დროულად, მდგომარეობის გაღრმავებამდე უნდა მოხდეს.
ნევროზი
ნევროზი განეკუთვნება ფსიქოგენურ რეაქციულ დაავადებათა ჯგუფს, რომლებიც სხვადასხვა ძალისა და ხანგრძლივობის სტრესული (პათოგენური) ფაქტორების ზეგავლენით წარმოიშობა. უმეტესად ნევროზის მიზეზია არა პათოგენური გამღიზიანებლის აბსოლუტური ძალა, არამედ მატრავმირებელი ზემოქმედების სიგნალური მნიშვნელობა და ფსიქიკური ტრავმის მიღების მომენტში დაავადებულის უმაღლესი ნერვული მოქმედების ფუნქციური მდგომარეობა.
ნევროზის განვითარებას ხელს უწყობს როგორც ინდივიდუალურად მნიშვნელოვანი გამღიზიანებლები, ასევე ნერვული სისტემის დამასუსტებელი მავნე ფაქტორების (სომატური დაავადებები, გადაღლა, იძულებითი გამოუძინებლობა, ენდოკრინული დარღვევები, ალკოჰოლიზმი და სხვა) გავლენა.
დიფუზური დაზიანების ტიპის ნევროზების კლინიკური გამომსახველობა შეესატყვისება ნევრასთენიურ გამოვლინებებს, ხოლო ლოკალური დაზიანებები აკვიატებული მდგომარეობის საფუძველს წარმოადგენს.
ნევროზის ნერვული მექანიზმები უკავშირდება ნერვული პროცესების ძალებისა და მოძრაობის გადაძაბვას, პათოლოგიური აღგზნებისა და შეკავების ინერტული კერების წარმოქმნას საგანგებოდ ძლიერი, ერთგვაროვანი, სწრაფად ცვალებადი უეცარი უარყოფითი გამღიზიანებლების ზეგავლენით. პიროვნების უმთავრეს ურთიერთობათა რღვევას მივყავართ ნერვულ-ფსიქიკურ გადაძაბვამდე, რაც კლინიკურად გამოიხატება ნევროზულ მდგომარეობათა სხვადასხვა ფორმით.
ნევროზის ძირითადი კლინიკური ფორმებია:
- ნევრასთენია;
- ისტერიული ნევროზი;
- აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი.
ნევრასთენია როგორც დამოუკიდებელი დაავადება აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ნევრასთენიული სინდრომისგან, რომელიც არცთუ იშვიათად შეიმჩნევა ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაავადებებისა და შიზოფრენიის დროს.
ნევრასთენიის საფუძველი ხშირად არის მეტისმეტი და ხანგრძლივი გადაღლა, რომელსაც თან სდევს უარყოფითი განცდები (ნერვიულობა, შიში, შფოთვიანი მოლოდინი, მუდმივი სიჩქარე, ზიზღი შესასრულებელი სამუშაოს მიმართ და სხვა), ორგანიზმის დამასუსტებელი ფაქტორები - ძილის, კვების მუდმივი ნაკლებობა, ქრონიკული ინტოქსიკაცია (ალკოჰოლით, ნიკოტინით). ნევრასთენიის წარმომშობი არსებითი მომენტია სხვადასხვა სახის სამუშაოზე ყურადღების გადატანის მუდმივი აუცილებლობა, განსაკუთრებით - როცა ეს ნერვიულობასა და მუდმივ მღელვარებასთან არის დაკავშირებული.
ნევრასთენიის ერთ-ერთ კარდინალურ თვისებას წარმოადგენს ე.წ. გამაღიზიანებელი სისუსტე, რომელიც გამოხატულია ცენტრალური ნერვული სისტემის მომეტებული აღგზნებადობითა და სწრაფი დაღლით, ღონემიხდილობით. ეს სიმპტომი პიროვნების ფსიქიკური მოქმედების ინტელექტუალურ, ემოციურ და ნებელობით სფეროებში გამოვლინდება. ავადმყოფი მცირე შენიშვნასა თუ სხვა გარეგან გამღიზიანებელზე პასუხობს მძაფრი მრისხანებით, ყვირილით, ლანძღვით, მაგრამ მაშინვე მშვიდდება და ინანიებს თავის საქციელს, ითრგუნება, ზოგჯერ ტირის კიდეც და თავშეუკავებლობის გამო კიცხავს საკუთარ თავს. ასეთი ადამიანები იშვიათად სძლევენ დათრგუნულობას, აპათიას, კარგავენ ინიციატივას, ინტერესს გარშემო მყოფების მიმართ, ადვილად იღლებიან და ამიტომ უფრო და უფრო ნაკლებს მუშაობენ. განსაკუთრებით უჭირთ ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც ყურადღების დაძაბვას მოითხოვს. ხშირად უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას, დარღვეული აქვთ ძილი, ხედავენ უსიამოვნო სიზმრებს.
ისტერია სხვადასხვანაირად ვლინდება. ზოგჯერ მისი სიმპტომები სხვა დაავადებისას მოგვაგონებს. ძირითადი გამოვლინებებია ისტერიული შეტევა, ვეგეტატიური და სენსომოტორული მოშლილობა. ისტერიული შეტევა (გულყრა) ყოველთვის რაიმე გარეგან გამღიზიანებელთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით - სიტუაციასთან, რომელიც ტრავმას აყენებს პიროვნების ფსიქიკას ან ახსენებს წარსულში გადატანილ უსიამოვნო განცდებს.
ცნობიერება ამ დროს მთლიანად არ არის დაბინდული. ზოგჯერ შეიმჩნევა მეტყველების ისტერიული დარღვევა: მუტიზმი (სიმუნჯე), ენაბლუობა, აფონია (ხმის ჟღერადობის დაკარგვა) ან ყრუმუნჯობა.
ისტერიული ავადმყოფობის ხასიათი ძალიან ჰგავს ბავშვის ხასიათს. ბავშვებს თავის ტვინის ქერქი ჯერ კიდევ არასაკმარისად აქვთ განვითარებული და მათ ქცევებში დიდ როლს ასრულებს ქერქქვეშა ნაწილი, ამიტომ ისტერიის დროს მომატებულია ემოციურობა. ისტერიული ავადმყოფი ხელმძღვანელობს არა გონებით, არამედ გრძნობით.
აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზი შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაემართოს, მაგრამ უმეტესად მაინც ბავშვობაში იჩენს თავს. ადამიანი მოცულია აკვიატებული აზრებით. მიუხედავად იმისა, რომ ესმის მათი აბსურდულობა, ებრძვის კიდეც მათ, მაინც ვერ სძლევს - თავს ვერ ანებებს გაუთავებელ ბანას, კარის, ონკანის, გაზქურის შემოწმებას.
აკვიატებულ მოქმედებათა ნევროზი ფსიქიკის ქრონიკული დარღვევაა, რომელიც მძიმედაც შეიძლება იყოს გამოხატული და მსუბუქადაც. ზოგიერთს მხოლოდ აკვიატებული აზრები ტანჯავს, აკლია თვითრწმენა, ყოველი ნაბიჯის გადადგმამდე ყოყმანობს, მერყეობს, გონებრივი სამუშაოს შესრულებისას ერთსა და იმავეს რამდენჯერმე კითხულობს, უსასრულოდ იმეორებს, ითვლის... აკვიატებული ეჭვები იმით გამოიხატება, რომ ავადმყოფი დარწმუნებული არ არის განსაზღვრულ მოქმედებათა სისწორეში. ამ ნევროზით შეპყრობილნი გრძნობენ თავიანთი ეჭვების, შიშის, ყოყმანის უსაფუძვლობას, ებრძვიან ავადმყოფურ სიმპტომებს, მაგრამ უშედეგოდ. აკვიატებულ მოქმედებებს რიტუალებს უწოდებენ. მათ ასრულებენ, რათა სძლიონ შიშსა და შფოთვას. ზოგ შემთხვევაში აკვიატება ისე იპყრობს ადამიანს, იმდენ დროს ართმევს, რომ მისი ჩვეული ცხოვრება ირღვევა: უჭირს მუშაობა, ოჯახსა და სოციალურ გარემოსთან შეგუება.
ნევროზების მკურნალობა კომპლექსურია - მოიცავს ფსიქოთერაპიას, ფარმაკოთერაპიას, საერთო მომამაგრებელ თერაპიას. მკურნალობის პროცესი რთული და ხანგრძლივია და დიდ მოთმინებას მოითხოვს.