ისტერია
მიაჩნდათ, რომ მას ორგანიზმში ხეტიალი და სასიცოცხლო ფუნქციების დარღვევა შეეძლო. ცხადია, ეს შეხედულება უსაფუძვლოა და დღეს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ისტერია განპირობებულია ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორების რთული კომპლექსით. მის წარმოშობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ფსიქიკური ტრავმა. ამასთანავე, რაც უფრო ძლიერია ავადმყოფობისადმი წინასწარი განწყობა, მით უფრო მცირეა ფსიქიკური ტრავმის როლი - უმნიშვნელო განცდაც კი საკმარისია ისტერიული აშლილობისთვის. პირიქით, ნევროპათიული და ფსიქოპათიური თვისებებით ნაკლებად დატვირთულ პიროვნებას ნევროზი შეიძლება განუვითარდეს მხოლოდ ძლიერი, აფექტური განცდის შედეგად.
საზოგადოდ, ისტერიული ნევროზის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს კონსტიტუციური განწყობა (ემოციური კონსტიტუცია, ისტერიული წრის ფსიქოპათიური პიროვნება), ბავშვის აღზრდის დეფექტი ოჯახსა თუ სკოლაში, ფსიქიკური ტრავმა, სექსუალური კონფლიქტი, გარეგანი მავნე ფაქტორების ზეგავლენისადმი ნერვული სისტემის ადაპტაციის უნარის დაქვეითება. ისტერიის განვითარებას ხელს უწყობს ინფექცია, ინტოქსიკაცია, თავის ტვინის ტრავმა, ფიზიკური გადაღლა, ხანგრძლივი უძილობა, არასასურველი სოციალური გარემო.
როგორ ვლინდება ისტერია
ისტერია ფრიად ნაირსახოვან კლინიკურ სურათს ავითარებს: ავადმყოფი ფანტაზიორობს, ახდენს ორგანული დაავადების კლინიკური სურათის ინსცენირებას და ამით გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში ხვდება. ისტერია იწვევს სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის მოშლილობას მოტორულ (მოძრაობით), სენსორულ (მგრძნობელობით), ვეგეტატიურ-ტროფიკულ და ფსიქიკურ სფეროში.
მოტორულ მოშლილობათაგან გვხვდება ისტერიული დამბლა, პარეზი (ნაწილობრივი დამბლა), კონტრაქტურა (სახსრის მოძრაობის მეტ-ნაკლები შეზღუდვა), ისტერიული ასტაზია-აბაზია ანუ დგომისა და სიარულის ფსიქოგენური შეუძლებლობა. ისტერიული ასტაზია-აბაზიის დროს მწოლიარე ავადმყოფი კიდურებს თავისუფლად ამოძრავებს, მაგრამ დგომასა და სიარულს ვერ ახერხებს, ან ძნელად და უცნაურად მოძრაობს. ასტაზია-აბაზიას ხშირად ერთვის ფეხების პარეზი. ამ დროს ორგანული დამბლის სიმპტომები არ ვლინდება.
ისტერიული კრუნჩხვითი შეტევა
ისტერიული კრუნჩხვითი შეტევა ანუ დიდი ისტერიული შეტევა თავის დროზე დეტალურად აღწერა შარკომ. მისი აღწერით, ისტერიულ კრუნჩხვით შეტევაში 4 ფაზა გამოიყოფა, თუმცა ამ კლასიკური სახით შეტევები დღეს იშვიათად ვითარდება. ჩვეულებრივ, გვხვდება შეტევის შემდეგი ნაირსახეობა - ისტერიული კრუნჩხვითი შეტევა როგორც რეაქცია რაიმე უარყოფით ემოციაზე: ჩქარდება გულისცემა, გულის არეში თავს იჩენს უსიამოვნო შეგრძნება, ძნელდება სუნთქვა, აღმოცენდება ჰაერის უკმარისობის, მოხრჩობისა და ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება, რაც გლობუს ჰყსტჰერიცუს-ის სახელწოდებით არის ცნობილია. ყველა ეს სიმპტომი შეტევის წინამორბედია. ავადმყოფი ნელა ეცემა, ფრთხილობს და სხეულს არ იზიანებს (ეპილეფსიური გულყრისგან განსხვავებით), რის შემდეგაც ეწყება თავისებური ტონური, კლონური ან ორივე ტიპის კრუნჩხვა, რაც ჭეშმარიტად ეპილეფსიური გენეზის ტონურ და კლონურ კრუნჩხვებს არ წარმოადგენს. იწყება დიდი ამპლიტუდის მქონე, ამა თუ იმ შინაარსის - შიშის, მრისხანების, თავდასხმის, თავდაცვის - გამომხატველი მოძრაობები, ზოგჯერ - გადატანილი განცდის მოტორული რეპროდუქცია და სხვა.
ავადმყოფი ტუჩებსა და ხელებს იკვნეტს, სხვებს კბენს, ოხრავს, ისტერიულ რკალს აკეთებს, უხმობს ვინმეს დახმარებისა და ალერსისათვის. კრუნჩხვითი შეტევის დროს ავადმყოფი წამოწითლებული ან გაფითრებულია, თვალები დახუჭული აქვს და გახელას ეწინააღმდეგება. თუ ქუთუთოებს აუწევთ, დაინახავთ, რომ გუგები თანაბარია და სინათლეზე რეაქცია შენარჩუნებული აქვს. კრუნჩხვითი შეტევის შემდეგ ავადმყოფი შესაძლოა გადავიდეს სომნამბულურ - ბინდისებრი ცნობიერების - მდგომარეობაში. ამ დროს ის იღებს სხვადასხვა პოზას, ტირის, იცინის. ისტერიული შეტევის დროს ადამიანი გონებას არ კარგავს, მხოლოდ მისი ველი უვიწროვდება, თუმცა იმ დონემდე, რომ შეტევის თითქმის ყველა დეტალი ახსოვს. ისტერიული შეტევა ინდივიდუალური ხასიათისაა. შესაძლოა, ნაირსახოვანიც კი იყოს ერთი და იმავე პაციენტისთვის. გრძელდება 20-30 წუთს ან რამდენიმე საათს. შეტევის შემდეგ ავადმყოფი მშვიდდება. უმეტესად მჟღავნდება დიდი ისტერიული შეტევის ერთი ან რამდენიმე კომპონენტი, რასაც მცირე ისტერიულ შეტევას უწოდებენ.
მიმდინარეობა და პროგნოზი
ისტერია უმეტესად 15-25 წლის ასაკში მჟღავნდება. შესაძლოა გამოვლინდეს ბავშვებსა და ხანდაზმულებშიც. მიმდინარეობს ქრონიკულად, მწვავდება არასასურველ პირობებში. ასაკთან ერთად გამწვავების სიხშირე იკლებს. კლიმაქტერიულ პერიოდში შეინიშნება ისტერიული მოვლენების დროებითი გამწვავება. პაციენტთა უმრავლესობა შრომისუნარიანობას ინარჩუნებს. ისტერიის ცალკეული სიმპტომები და სინდრომები მკურნალობას ექვემდებარება. შრომის, დასვენების, ძილის, კვების რეჟიმის, ჰიგიენური პირობების დაცვა და ცხოვრებისეული გამოცდილება აკავებს ისტერიის რთულ მექანიზმებს, ამსუბუქებს დაავადების სიმძიმეს და ხელს უწყობს ავადმყოფის შრომისუნარიანობის შენარჩუნებას.