დეპრესია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დეპრესია

ოციდან ერთ ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც უვლინდება დეპრესიის ეპიზოდი. საშუალო ასაკი 32 წელია. მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დეპრესია გაცილებით ხშირია. მაგალითად, საკმაოდ მაღალია მისი გავრცელების მაჩვენებელი საფრანგეთში - 21 %, აშშ-ში - 19,2%, ჰოლანდიაში - 17,9%. დაბალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებიდან მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ბრაზილია - 18,4% და უკრაინა - 14,6%. ყველაზე იშვიათია დეპრესია იაპონიასა (6,6%) და ჩინეთში. დეპრესიული მდგომარეობის მაჩვენებელი იზრდება ჩვენშიც. ის განსაკუთრებით წელიწადის გარდამავალ პერიოდებში - შემოდგომასა და გაზაფხულზე გვიტევს, როდესაც ატმოსფერული წნევისა და ჰაერის ტემპერატურის, დღის ხანგრძლივობის ცვლილებები ორგანიზმში ზოგიერთი ჰორმონის კონცენტრაციას ამცირებს. რა დაავადებაა დეპრესია, როდის ვითარდება და როგორ გავუმკლავდეთ მას, ამის შესახებ ექიმი მზია ყიზილაშვილი გვესაუბრება.

- უპირველეს ყოვლისა, გვაინტერესებს, რა იწვევს დეპრესიას და ვინ ხვდება მის რისკჯგუფში.

- დეპრესიის მიზეზები ბოლომდე შეუსწავლელია. მისი განვითარება უკავშირდება ორგანიზმზე რამდენიმე ფაქტორის: ასაკის, სქესის, მემკვიდრეობის, ოჯახური მდგომარეობის და სხვათა - ერთობლივ ზემოქმედებას. ცნობილია, რომ დეპრესია ყველაზე მეტად ემუქრება:

  • 35 წელს გადაცილებულებს;
  • ქალებს (მამაკაცებზე ორჯერ მეტად);
  • ნეგროიდული რასის წარმომადგენლებს, ლათინოამერიკელებს, შერეული ქორწინების შედეგად დაბადებულ ბავშვებს;
  • უმუშევრებს.

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც ზრდის დეპრესიის განვითარების ალბათობას: მკაცრი აღზრდა, ოჯახური კონფლიქტები, უთანხმოება მეგობრებთან, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მაგალითად, შაკიკი, ფსიქოაქტიური პრეპარატების, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატის, ანალგეტიკების, ჰორმონების, ანტიბიოტიკების, იმუნოდეპრესანტების გამოყენება, ძილის სიჭარბე და უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია და სხვა. სპეციალისტთა აზრით, მთავარი ფაქტორი, რომელიც დეპრესიის განვითარებას უწყობს ხელს, მისდამი გენეტიკური განწყობაა. თუ რომელიმე მშობელს, დას ან ძმას დეპრესია ჰქონდა, ეს მისი განვითარების ალბათობას 3-ჯერ ზრდის.

- დაავადების განსხვავებული ფორმები თუ არსებობს?

- მიზეზის მიხედვით განასხვავებენ დეპრესიის რამდენიმე კლინიკურ ფორმას:

1. ახლობლის, სამსახურის, საზოგადოებრივი მდგომარეობის დაკარგვის შედეგად ვითარდება რეაქტიული დეპრესია, რომელიც ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს;

2. შინაგან ანუ ენდოგენურ ფორმაზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც მიზეზი ერთი შეხედვით გაურკვეველია. ეს უკავშირდება ორგანიზმში ზოგიერთი ნივთიერების არასათანადო სინთეზს. ამ მხრივ აღსანიშნავია სეროტონინი, ნორადრენალინი და დოფამინი;

3. კალიუმისა და ზოგიერთი სხვა მარილის ცვლის დარღვევისას ვითარდება დეპრესიის მეტაბოლური ფორმა;

4. სპეციალისტები აღარ დავობენ იმაზე, რომ მწვავე დეპრესიული მდგომარეობა უკავშირდება იმ გენის მოქმედებას, რომელიც სეროტონინის სატრანსპორტო ცილის სინთეზს განაგებს. ამ გენის მუტაცია გენეტიკური ტიპის დეპრესიას იწვევს.

5. საკმაოდ ხშირია სტრესის შემდგომ ტვინის გადაჭარბებულ დატვირთვაზე რეაქციის სახით განვითარებული დეპრესია.

6. გამოყოფენ აგრეთვე სეზონურ, მშობიარობის შემდგომ და ფარულად მიმდინარე ფორმებს.

სეზონური დეპრესია, ჩვეულებრივ, შემოდგომის ბოლოს იჩენს თავს და გარემოში მზის სინათლის დეფიციტს უკავშირდება. მშობიარობის შემდგომი დეპრესია ორგანიზმში რთული ჰორმონული ძვრების შედეგია, დედის მიერ მშობიარობის დროს გადატანილი ძლიერი ტკივილით, ახალშობილზე ზრუნვითა და მისი დაკარგვის შიშითაა პროვოცირებული. ფარული დეპრესია ფიზიკური დეფექტით არის გამოწვეული. ეს ყველაზე შენიღბული ფორმაა.


- ცნობილია, რომ განასხვავებენ მონოპოლარული და ბიპოლარული ტიპის აშლილობებს...

- მონოპოლარულია აშლილობა, როდესაც ადამიანს უქვეითდება გუნება-განწყობა და იგი უარს ამბობს განსაზღვრული სახის საქმიანობაზე ან ცხოვრებისეულ აქტივობაზე, ხოლო ბიპოლარული აშლილობის შემთხვევაში, რომელსაც საზოგადოება მანიაკურ-დეპრესიული სინდრომის სახელით იცნობს, გუნება-განწყობილების დაქვეითების პარალელურად შეინიშნება ეიფორია და გაწონასწორების შუალედები. მანიაკური სინდრომის გამწვავებისას ადამიანი აგზნებულია, თავი ძლიერი, ყოვლისშემძლე ჰგონია, საკმაოდ სწრაფად და უჩვეულოდ რეაგირებს გარემოში მიმდინარე მოვლენებზე.

- რა ნიშნებია დამახასიათებელი დეპრესიისთვის?

- დეპრესიისთვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი - ტრიადა, რომელიც მოიცავს: ანჰედონიას - მდგომარეობას, როდესაც ადამიანს დაქვეითებული აქვს გუნება-განწყობა, კარგავს სიხარულის განცდის უნარს და მოვლენები, რომლებიც წინათ ახარებდა, მასში ამაღლებულ ემოციებს აღარ იწვევს. აზროვნებითი პროცესების მოშლას - ადამიანი არაადეკვატურია ირგვლივ მიმდინარე მოვლენათა მიმართ, მის ცნობიერებაში დომინირებს მხოლოდ უარყოფითი აზრები და გარემოსადმი პესიმისტური დამოკიდებულება. შეინიშნება მოძრაობითი აქტივობის დაქვეთება. საბედნიეროდ, დღეს არსებობს სპეციალური სადიაგნოზო ტესტსისტემები, რომელთა დახმარებითაც საკმაოდ ადვილია დეპრესიის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა, დიაგნოსტირება და, შესაბამისად, ანტიდეპრესიული მკურნალობაც გაცილებით ეფექტიანია.

- რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს მდგომარეობა?

- დეპრესია შეიძლება გაგრძელდეს თვეობით, ზოგჯერ წლობითაც კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ბიპოლარული აფექტური აშლილობის შემადგენლობაში შედის და ისე მანიფესტირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დეპრესიას პერიოდულად ენაცვლება განსხვავებული განწყობები - ადამიანი რამდენიმე ხანს მხიარულია, უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობს, აქტიურია და ხალისიანი, მერე კი აპათია, უგუნებობა და ჰიპოდინამია იპყრობს.

- რისი ბრალია, რომ დეპრესია ქალებს უფრო მეტად ერევა, ვიდრე მამაკაცებს?

- მამაკაცებისთვის დამახასიათებელია ე.წ. დეპრესია სევდის გარეშე. მათთან ყველა თვალშისაცემი სიმპტომი შენიღბულია და წინა პლანზე წამოიწევს გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, უმადობა, თავდაჯერების დაკარგვა და სისუსტე, ანუ მათთან დეპრესიის ერთგვარი სომატიზება ხდება, რაც ვლინდება თავის, სახსრების, გულმკერდის ტკივილით, არტერიული წნევის ცვლილებით, საჭმლის მონელების დარღვევით. მათ აზრადაც არ მოსდით, რომ ეს ყველაფერი დეპრესიის შედეგია და არა ხერხემალში მიმდინარე პროცესებისა. ქალები დეპრესიის დროს სხვაგვარად იქცევიან. ისინი ამაზე საუბრობენ სოციალურ ქსელებში, მეგობრებთან, გაცილებით ხშირად მიმართავენ სპეციალისტებს და, შესაბამისად, დეპრესიის დიაგნოზსაც მათ გაცილებით ხშირად უსვამენ, ვიდრე მამაკაცებს.

- დეპრესია მხოლოდ ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობასა და ქცევაზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ მთელ ორგანიზმზე. როგორ აისახება იგი ქრონიკულ დაავადებათა მიმდინარეობაზე?

- დეპრესია ნეგატიურ გავლენას ახდენს ქრონიკულ დაავადებათა მიმდინარეობაზე. ამ მხრივ აღსანიშნავია ართრიტი, ასთმა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, სიმსივნეები, დიაბეტი და გაცხიმოვნება. ქალებთან იგი ზრდის II ტიპის დიაბეტის განვითარების ალბათობას. იმავდროულად, დიაბეტის ფონზე დეპრესია 3-ჯერ ხშირია, ინსულინდამოკიდებული ფორმების შემთხვევაში - კიდევ უფრო ხშირიც. საქმე ის არის, რომ დეპრესიის მქონე პირებს სისხლში მაღალი აქვთ სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონე, რომელიც მაღლა სწევს გლუკოზის დონეს, აქვეითებს შაქრის მეტაბოლიზმს და ზრდის ინსულინრეზისტენტობას. დეპრესიით არის ავად ონკოლოგიურ პაციენტთა 15-25%. ის, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ აპროვოცირებს კიბოს განვითარებას, მაგრამ თავად დიაგნოზი ადამიანებში იწვევს შიშს, სევდას, მწუხარებას და სხვა ნეგატიურ ემოციებს, რაც საბოლოოდ, მოსალოდნელია, დეპრესიაში გადაიზარდოს. დეპრესიის თანდართვა გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის პროცესზეც, ამცირებს ეფექტს.

- რა მიზეზშედეგობრივი კავშირია კვებასა და დეპრესიის მიმდინარეობას შორის?

- კვების დეფიციტის დროს ორგანიზმში რთულდება ისეთი ამინმჟავების სინთეზი, რომლებიც ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ესენია ნეირომედიატორები - ნივთიერებები, რომლებიც ტვინის უჯრედებს შორის იმპულსების გადაცემას განაპირობებს. მათ შორის მთავარია სეროტონინი - მედიატორი, რომლის დეფიციტიც იწვევს დეპრესიის ფორმირებას. იგი ამინმჟავა ტრიფტოფანისგან წარმოიქმნება. ტვინის ნორმალურ ფუნქციობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთი ნივთიერებების დეფიციტიც, როგორებიცაა ფოლიუმის მჟავა, B ჯგუფის ვიტამინები, ომეგა 3 ჯგუფის ცხიმოვანი მჟავები და სხვა. მათ შეიცავს ზღვის პროდუქტები და მცენარეული წარმოშობის საკვები. აღსანიშნავია, რომ დეპრესიული მდგომარეობის დროს გუნება-განწყობაზე დადებითად მოქმედებს კოფეინით მდიდარი სასმელები - ჩაი და ყავა.


- რას ითვალისწინებს დეპრესიის მკურნალობა?

- დეპრესიის სამკურნალოდ მიმართავენ მედიკამენტურ თერაპიას, ძირითადად - ანტიდეპრესანტებით. პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტი არჩევს ოპტიმალურ მედიკამენტს და, რაც მთავარია, ოპტიმალური დოზით. ჩვეულებრივ, ამ შემთხვევაში 2-3-კომპონენტიანი თერაპია ტარდება. მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ ხდება მდგომარეობის გადაფასება და გამორიცხული არ არის დანიშნულების შეცვლა და შესწორება, ამიტომ დაუშვებელია თვითმკურნალობა მეგობრებისა და ახლობლების მიერ რეკომენდებული პრეპარატებით, რადგან არსებობს მედიკამენტი, რომელიც ერთ პაციენტთან ჩინებულად უმკლავდება პრობლემას, მეორესთან კი არაეფექტიანი აღმოჩნდება ხოლმე.

- პაციენტები ხშირად გაურბიან ანტიდეპრესანტების მიღებას იმ მიზეზით, რომ ეშინიათ, მათზე დამოკიდებულნი არ გახდნენ. რამდენად რეალურია მათი შიში?

- ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზატორებისა და საძილე საშუალებებისგან განსხვავებით, დამოკიდებულებასა და მიჩვევას არ იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პაციენტი სპეციალისტის დანიშნულებით იღებს მათ. ასე რომ, შიში უსაფუძვლოა.

- როგორ მოქმედებს ანტიდეპრესანტი?

- ანტიდეპრესანტის მთავარი დანიშნულებაა, აღადგინოს ერთი უჯრედიდან მეორეზე ნერვული იმპულსის გადაცემა სათანადო დონით და ხელი შეუწყოს საჭირო ნეირომედიატორების გამომუშავებას, რომელთა დეფიციტი იწვევს კიდეც ტვინში სააზროვნო პროცესების შეფერხებას და გუნება-განწყობის გაუარესებას. არის შემთხვევები, როცა მხოლოდ მედიკამენტებით სასურველი შედეგის მიღება ვერ ხერხდება. ამ დროს აუცილებელია მკურნალობაში ფსიქოთერაპიის ჩართვაც.

- როგორ შეიძლება გართულდეს დეპრესია?

- დეპრესია რომელიმე სხვა დაავადების განვითარებას არ იწვევს. მისი ყველაზე საშიში შედეგია სუიციდის მცდელობა. ამიტომაც არის საჭირო, დეპრესიის ნიშნების გამოვლენისთანავე ადამიანმა სპეციალისტს მიმართოს.

- რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ და რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც აღინიშნება დეპრესიის მზარდი გავრცელება. ყოველწლიურად 2-3 ათასით იზრდება დაავადებულთა რიცხვი. თანაც გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ რეგისტრირებულ პაციენტთა რაოდენობაა - ბევრი, უბრალოდ, არ მიმართავს სპეციალისტს. გარდა ამისა, მცდარი შეხედულებების გავლენით, ყველა გაურბის ფსიქიატრთან მკურნალობას და რატომღაც სხვასთან მისვლას ამჯობინებენ. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა ამ სფეროში საფუძვლიანად გარკვეულმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს, რადგან ფარმაკოლოგიურ ბაზარზე აღნიშნულ მედიკამენტთა საკმაოდ ფართო არჩევანია, ამასთან, განსხვავებულია მათი ფასები, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტისთვის. არსებობს პრეპარატები, რომლებიც მოძველდა და გვერდითი ეფექტებიც აქვს, რის გამოც მათით მკურნალობა უშედეგო და ზოგჯერ საზიანოც კია, ამიტომ ყველა პაციენტს ვურჩევ, დეპრესიის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოს სპეციალისტს და ჩაიტაროს სრულფასოვანი მკურნალობა, რაც განკურნების აუცილებელი პირობაა.