რადიაციული მუტანტები
ამ ნაშრომებმა საფუძველი ჩაუყარა ბიოლოგიის ახალ მიმართულებას - რადიაციულ გენეტიკას. ჩვენი ორგანიზმის უჯრედებში ისეთი ელემენტარული ნაწილაკების შეღწევისას, როგორებიც არის კვანტები, ელექტრონები, პროტონები, ნეიტრონები, ხდება დნმ-ს იონიზაცია ანუ დნმ-ს სტრუქტურა ზიანდება. იონიზაციის ადგილებში დნმ იხლიჩება, რაც მუტაციებს წარმოქმნის. ამ მუტაციებს რადიაციით ინდუცირებულ მუტაციებს უწოდებენ. გენეტიკური დაზიანებები დასხივების შემდეგ ვლინდება როგორც ქრომოსომული, ისე გენური ანომალიების სახით. ქრომოსომული ანომალიები ქრომოსომათა რიცხვისა და სტრუქტურის ცვლილებებს ეხება, გენური კი თვით გენებში მომხდარ ცვლილებებს.
დედამიწის მოსახლეობა დასხივებას რადიაციის სხვადასხვა წყაროდან იღებს. დასხივების ბუნებრივ წყაროებს მიეკუთვნება გალაქტიკის კოსმოსური სხივები, რომლებსაც დიდი გამჭოლი უნარი ახასიათებს. მისგან თავის დასაღწევად 15 მ სისქის ტყვიის ეკრანი დაგვჭირდებოდა. მაგრამ მათგან ატმოსფერო გვიცავს. ატმოსფეროში გავლისას ამ სხივების დიდი ნაწილი გარდაიქმნება და ჩვენთვის უვნებელი ხდება. თუმცა სხვადასხვა სახის სხივები კოსმოსიდან მაინც ხვდება დედამიწაზე.
ბუნებრივი რადიაციის კიდევ ერთი წყარო დედამიწის ქერქში არსებული რადიაქტიური ნივთიერებების შემცველი მადნებია. დედამიწის მოსახლეობა სხვადასხვა ინტენსივობის ბუნებრივი რადიაციის ზემოქმედებას განიცდის. რა თქმა უნდა, რადიაქტიური ნივთიერებების შემცველ მადნებთან და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი რადიაციის უფრო მეტ დოზას იღებენ. რადიაქტიურ ნივთიერებებს შეიძლება შეიცავდეს ჰაერი, საკვები, წყალი...
სამწუხაროდ, ატომური ენერგიის გამოყენებამ სამხედრო თუ სამშვიდობო მიზნით ადამიანთა მასობრივი დასხივება გამოიწვია. ყველამ იცის იაპონიის ქალაქების ხიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის (1945 წ.), აშშ-ის სავანა რივერის (1970 წ.), ლენინგრადის (1979 წ.), ჩერნობილის (1986 წ.) და სულ ახლახან - ფუკუსიმას (2011 წ.) ატომური ელექტროსადგურების ტრაგედიების, აშშ-ის, საბჭოთა კავშირის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის მიერ ათასობით ატომური ბომბის გამოცდის შესახებ. გარდა ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად ვაწყდებით რადიაციას, როცა რენტგენოლოგიურ გამოკვლევას ვიტარებთ ან ხშირად დავფრინავთ თვითმფრინავით.
როგორია რადიაციის ზემოქმედების მექანიზმი, როგორ მოქმედებს იგი ადამიანის გენეტიკურ აპარატზე და რა შეიძლება მოჰყვეს ამგვარ ზემოქმედებას ადამიანის შთამომავლობისთვის?
ექსპერიმენტულ მასალაზე მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით, ატომური ელექტროსადგურების ავარიებისა თუ კატასტროფების, ატომური ბომბარდირებისა თუ ატომური ბომბების გამოცდების, რენტგენოლოგიური კვლევებისა და რენტგენოდიაგნოსტიკის მონაცემებზე დაყრდნობით დაგროვდა დიდი ფაქტობრივი მასალა, რომლის საფუძველზე დღეს შეგვიძლია დავადგინოთ ის საფრთხე, რომელიც გვემუქრება ახლა და შეიძლება დაემუქროს ჩვენს შთამომავლობას მომავალში.
პირველი ფართომასშტაბიანი კვლევა იმის დასადგენად, რა გავლენას ახდენს რადიაცია ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამერიკელმა და იაპონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ხიროსიმასა და ნაგასაკიში. ეს გამოკვლევა 1946 წელს დაიწყო, უშუალოდ ამ ქალაქების ატომური დაბომბვის შემდეგ. იმ დროისათვის გენეტიკა როგორც მეცნიერება ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომ ისინი სტატისტიკურად შეისწავლიდნენ მკვდრადშობადობას, სიკვდილიანობას, განვითარების ანომალიებს და დაავადებათა სიხშირეს დასხივებული ადამიანების შთამომავლებში. შემდგომ ეს დაავადებები ქრომოსომებისა და გენების ცვლილებებს დაუკავშირეს. ეს იყო კოლოსალური კვლევა, რომელმაც ასიათასობით ადამიანი მოიცვა.
რადიაცია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ძალზე სახიფათოა ცოცხალი ორგანიზმისათვის. მის მცირე დოზასაც კი შეუძლია ჩართოს მექანიზმები, რომლებიც სიმსივნესა და გენეტიკურ დაზიანებებს იწვევს. რადიაციის დიდი დოზა შლის უჯრედებს, რაც მთელი ორგანიზმის სიკვდილის მიზეზად იქცევა. დიდი დოზით დასხივებისას შედეგები რამდენიმე საათის, რამდენიმე დღის შემდეგ იჩენს თავს, მცირე დოზით დასხივების შედეგების შესახებ კი ძალიან ცოტა რამ ვიცით. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უცნობია, რა სახის დაზიანება განიცადა დნმ-მ, მეორე მხრივ, ეს გენეტიკური დეფექტები თაობების მანძილზე ვლინდება და მათი აღრიცხვა გართულებულია. მესამე მხრივ, მაშინაც კი, როცა რაიმე გენეტიკურ დეფექტს აღმოვაჩენთ და რადიაციის ზემოქმედებას ვიეჭვებთ, ამის დამტკიცება ძალიან ძნელია, რადგან ასეთ დაზიანებას მხოლოდ რადიაცია არ იწვევს. ზოგიერთი მემკვიდრეობითი დეფექტის განსხვავება იმ დეფექტებისგან, რომელთა მიზეზიც რადიაციაა, თითქმის შეუძლებელია... რაც უფრო ნაკლებია რადიაციის დოზა და რაც უფრო მეტი ხანია გასული დასხივების შემდგომ, მით უფრო მწირია ჩვენი ცოდნა ამ ზემოქმედების შედეგების შესახებ.
ყაზახეთში, სემიპალატინსკის პოლიგონზე, 1949-1989 წლებში 400-მდე ატომური ბომბის გამოცდა ჩატარდა. იაპონელ მეცნიერთა მონაცემებით, 2000 წლისთვის რადიაციის დონე ამ ზონაში 600-ჯერ აღემატებოდა ნორმას და შეესაბამებოდა იმ რადიაციულ ფონს, რომელიც ხიროსიმაში იყო ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ. დიდი დოზით დასხივება მიიღეს არა მარტო ამ რეგიონის მახლობლად მცხოვრებმა ადამიანებმა, არამედ ციმბირისა და ალტაის მხარის მოსახლეობამაც. 1985-1995 წლებში ამ რეგიონში აღრიცხულ იქნა ლეიკოზით ავადობის, ბავშვთა სიკვდილიანობის, თანდაყოლილი ანომალიების, შიზოფრენიისა და სპონტანური აბორტების მომატება. ეს უკანასკნელი ორგანიზმის რადიაციული დაზიანების ყველაზე მგრძნობიარე ინდიკატორია.
რაც შეეხება თანდაყოლილ ანომალიებს, მათი რიცხვი მომატებული აღმოჩნდა დასხივებული ადამიანების არა პირველ და მეორე, არამედ მესამე თაობაში.
სსრკ-ის პირველი ლედი რაისა გორბაჩოვა მწვავე ლეიკოზით გარდაიცვალა. ყველაზე ტრაგიკული კი ამ ამბავში ის არის, რომ მისი დაავადება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო რადიაციული დასხივებით მაშინ, როცა რადიაციულმა ღრუბელმა მის მშობლიურ ქალაქს გადაუარა. რაისა გორბაჩოვა დაიბადა და 20 წელიწადი ცხოვრობდა რუბცოვკაში, რომელიც სემიპალატინსკის პოლიგონიდან 100 კმ-ზე მდებარეობს. ამ ქალაქში ყველაზე გავრცელებული დაავადება ლეიკოზია.
ბად გასტაინი ავსტრიის საკურორტო დაბაა. მისი ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობაა თერმული წყლები, შუა ქალაქში მდებარე შადრევანი და რადონის სამკურნალო აბაზანები. რადონის წყლები რადიაქტიური წყაროებია, რომლებიც რადონის იზოტოპს შეიცავს. რადონის აბაზანები ენიშნებათ პიჰერტონიის მქონე პაციენტებს, რადგან ასეთი აბაზანების შემდეგ წნევა იკლებს, გულისცემის სიხშირე ეცემა დიასტოლის - გულის კუნთის დასვენების სტადიის - გახანგრძლივების ხარჯზე. აქვს დამამშვიდებელი მოქმედებაც, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. დაბის მკვიდრი მოსახლეობისა და სამედიცინო პერსონალის გენეტიკურმა გამოკვლევამ კი ცხადყო, რომ ისინი დასაშვებზე მეტ დასხივებას იღებდნენ. მათ აღმოაჩნდათ უჩვეულო ქრომოსომული ანომალიები, რომელთა ბიოლოგიური მნიშვნელობა და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა ჯერ კიდევ დაუდგენელია.
2009 წელს გაეროს ატომური რადიაციის სამეცნიერო კომიტეტმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც შეფასებული იყო მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის ბავშვთა გენეტიკური დეფექტებით დაბადების სიხშირე. შემდგომ ეს რიცხვი შეადარეს იმ მონაცემებს, როდესაც მშობლებმა მიიღეს რადიაციის დამატებითი (იგულისხმება ბუნებრივი რადიაციული ფონისგან განსხვავებული) დოზა. ამასთანავე, ცალკე გაითვალისწინეს ის შემთხვევები, როცა დასხივება მშობელთა ერთმა თაობამ მიიღო და ცალკე - ის, როცა მშობელთა რამდენიმე თაობამ მიიღო რადიაციის დოზა.
შედეგი ასეთია: მსოფლიოს მოსახლეობაში მემკვიდრეობითი დეფექტით ბავშვის დაბადების ალბათობა ყოველ 1 მილიონ ახალშობილზე გენური მუტაციებისთვის შეადგენს 12.500-ს, ქრომოსომული მუტაციებისთვის - 3.400-ს, სხვა მემკვიდრეობითი დაავადებებისთვის კი 90 000-ს. დასხივებული მშობლების შვილებისთვის ეს მაჩვენებლები, ასევე ყოველ 1 მილიონ ახალშობილზე, განსხვავებულია: გენური მუტაციებისთვის 1 500-ს და 10 000-ს შეადგენს შესაბამისად მშობელთა ერთი თაობის და რამდენიმე თაობის დასხივებისას, ქრომოსომული მუტაციებისთვის - 400-ს და 240-ს, ხოლო სხვა მემკვიდრეობითი დაავადებებისთვის - 450-ს და 4 500-ს. ახალშობილთა თითქმის 10%-ს აქვს სხვადასხვა გენეტიკური დეფექტი, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანის ემბრიონული განვითარების პერიოდი ორგანიზმის განვითარების ყველაზე რადიომგრძნობიარე პერიოდია. გამოყოფენ მის რამდენიმე ეტაპს:
1. პრეიმპლანტაციურს - განაყოფიერების შემდგომ მე-12 საათიდან 30-60 საათის ჩათვლით;
2. ორგანოგენეზის პერიოდს - განაყოფიერების შემდგომ მე-9-45-ე დღეს;
3. ნერვული სისტემის ფორმირების პერიოდს - მე-17-20 დღეს;
4. ემბრიოგენეზის მე-16-25-ე კვირებს.
ემბრიონის დასხივება ემბრიოგენეზის პირველი 2 თვის განმავლობაში იწვევს ემბრიონის 100%-ით დაზიანებას, მე-3-4 თვეს - 64%-ით, ხოლო მე-6-10 თვეს - 23%-ით.
ორსულობის პირველ სემესტრში ემბრიონის რადიომგრძნობელობა თითქმის 300-ჯერ მეტია, ვიდრე ზრდასრული ორგანიზმისა. პრეიმპლანტაციურ და ორგანოგენეზამდელ პერიოდში რადიაციული დასხივებისას ორსულობა სპონტანური აბორტით სრულდება. პრაქტიკულად ყველა მუტაცია, რომელიც ამ პერიოდში წარმოიშობა, სიცოცხლესთან შეუთავსებელია. ასეთი ემბრიონები იღუპებიან. მათთან ერთად ელიმინირდებიან მათი გამომწვევი მუტაციებიც.
რადიაციის მოქმედების შედეგს შეგვიძლია მივაწეროთ:
1. ემბრიონთა, ახალშობილთა და ჩვილთა სიკვდილი;
2. თავის ტვინის არარსებობა (ანენცეფალია) ან სიპატარავე (მიკროცეფალია);
3. თავის ტვინის დაავადებები (ნეირობლასტომა, წყალმანკი, გონებრივი ჩამორჩენა);
4. ერთი ან ორივე თვალის არარსებობა ან განუვითარებლობა (ანოფთალმია, მიკროფთალმია), ბროლის დაზიანება ან არარსებობა, ბადურას, ფერადი გარსის დაზიანებები;
5. სხეულის ფორმისა და ზომის ცვლა, კიდურების, გულმკერდის დეფორმაცია, ქალას ფორმის ცვლა.
6. შინაგან ორგანოთა განვითარების ანომალიები, მათი არარსებობა ან ადგილმდებარეობის პათოლოგიური გადანაცვლება და სხვა პათოლოგიები.
ბავშვებს, რომელთა დედებმაც მიიღეს რადიაციული დასხივების დოზა ფეხმძიმობის 7-15 კვირას, გონებრივი ჩამორჩენა აღენიშნებოდათ. რადიაციული დასხივების რადიომგრძნობიარე პერიოდებია აგრეთვე პუბერტატული პერიოდი და ხანდაზმულობის ასაკი.
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ეკოლოგიის დამოუკიდებელი ექსპერტი ვიაჩესლავ კონოვალოვი, მსოფლიოში უნიკალური კოლექციის - "ჩერნობილის რადიაციული მუტანტების" ერთადერთი მფლობელია. მის კოლექციაში ასობით ეგზემპლარია: ორთავიანი ხბოები და გოჭები, რვაფეხა კვიცი...
სად პოულობდა იგი მუტანტებს?
დაზიანებულ ზონაში ყველგან შეიძლებოდა მათი ნახვა. უკანასკნელი ეგზემპლარი მან 1991 წელს მოიპოვა. მერე სსრკ დაიშალა და კონოვალოვმაც შეწყვიტა მუტანტების ძებნა. მის კოლექციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ემბრიონთა მუმიებია. ეს აბორტული მასალაა, რომელიც მან სამედიცინო დაწესებულებებში მოიძია. ამ დაუბადებელი ბავშვების ხილვა მრავალ ჩვენგანს გაუჭირდება. ისინი დედის სხეულშივე დაასახიჩრა რადიაციამ.
ევოლუციის პროცესში ადამიანის ორგანიზმს თავდაცვის მძლავრი მექანიზმები ჩამოუყალიბდა. ადამიანის რეპარაციული სისტემები ცდილობენ, გამოასწორონ ან აღმოფხვრან დნმ-ს ყველა დაზიანება. ყველას, ვინც კი რადიაციის ზემოქმედება განიცადა, არ არის აუცილებელი, სიმსივნე ან რომელიმე გენეტიკური დაავადება დაემართოს, მაგრამ მათი დაავადების ალბათობა უფრო მეტია, ვიდრე იმ ადამიანისა, რომელიც არ დასხივებულა. ამასთანავე, რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო დიდია დასხივების დოზა.
გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მეცნიერთა ყურადღებას იქცევს ძალზე სახიფათო მოვლენა, რომელსაც რადიაციულად ინდუცირებული პოპულაციის გენეტიკური არასტაბილურობა ეწოდება. ამ არასტაბილურობას იწვევს რადიაციის არა დიდი, არამედ მცირე დოზები. დადასტურებულია, რომ რადიაციის მცირე დოზები ბიძგს აძლევს ქრომოსომათა უბნების გადაადგილებას, რაც ამ ქრომოსომებში მოთავსებული გენების ფუნქციობის ცვლილებას იწვევს. მუტაციები, რომლებიც უშუალოდ რადიაციული დასხივების შემდეგ წარმოიშობა, ელიმინირდება მომდევნო თაობებში. შემდეგ დგება პერიოდი, როდესაც მუტაციათა რაოდენობა საკონტროლო დონეს არ აღემატება - ათობით თაობა ჯანმრთელი თაობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამ პერიოდს ენაცვლება გენეტიკური ცვლილებების ახალი ტალღა, როცა პოპულაციაში ახალი - დე-ნოვო - მუტაციები წარმოიშობა. სუსტი, მაგრამ მუდმივი რადიაციული ზემოქმედება მნიშვნელოვან ბიოლოგიურ ეფექტს იწვევს. ეს ბიოლოგიური მოვლენა ჯერ შეუსწავლელია.