რა უნდა ვიცოდეთ პედიატრიულ შიდსზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ პედიატრიულ შიდსზე

 

- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის დედისგან შვილისთვის გადაცემა, რასაც მედიკოსები ვერტიკალური გზით ინფიცირებას ვუწოდებთ, ათ წლამდე ასაკის ბავშვებში თანდაყოლილი აივ-ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. გაეროს სპეციალიზებულმა სააგენტოებმა შეიმუშავეს მისი პრევენციის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს:

  • მშობლებში აივ-ინფექციის პროფილაქტიკას;
  •  აივ-პოზიტიური ქალების დაორსულების თავიდან აცილებას;
  •  აივ-პოზიტიური დედისგან ნაყოფისთვის ან ახალშობილისთვის აივ-ის გადაცემის პრევენციას.

    აივ-პოზიტიური ქალისგან ნაყოფზე ან ახალშობილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია ითვალისწინებს:

  •  დედისა და ახალშობილის პროფილაქტიკურ მკურნალობას ანტირეტროვირუსული პრეპარატებით;
  • ოპტიმალურ სამეანო ღონისძიებებს (საკეისრო კვეთას);
  • ნაყოფის უსაფრთხო კვებას (ძუძუთი კვებისგან თავის შეკავებას, თუ შესაძლებელია, უზრუნველყოფილ იქნეს ადეკვატური ხელოვნური კვება).

ამ ფაქტორებთან ერთად ვერტიკალური გადაცემის რისკს ამცირებს პროფილაქტიკური ანტირეტროვირუსული მკურნალობა.

სტატისტიკის თანახმად, როდესაც მკურნალობა არ ტარდება, ინფექციის გადაცემის ალბათობა 20-28%-ია, პრეპარატ ზინოვუდინით მონოთერაპიის ფონზე რისკი 8-11%-მდე მცირდება, მაღალეფექტური ანტირეტროვირუსული მკურნალობის ფონზე კი ის მხოლოდ 1-2%-ია.

პროფილაქტიკური ანტირეტროვირუსული მკურნალობა ითვალისწინებს როგორც აივინფიცირებულის მკურნალობას ორსულობისა და ლოგინობის პერიოდში, ასევე - ახალშობილის მკურნალობასაც.

ექიმი ინფიცირებულს მკურნალობის სქემას ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით ინდივიდუალურად შეურჩევს.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ აივინფიცირებულ ახალშობილთა სისხლში მოცირკულირე ვირუსი დაბადებიდან მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ განისაზღვრება. ამ ფაქტის საფუძველზე წარმოიშვა ჰიპოთეზა, რომ ვერტიკალური გადაცემა უმეტესად მშობიარობის მომენტში ხდება, ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილი თუ ინფიცირდება მუცლადყოფნის პერიოდში. ამის გათვალისწინებით, ვერტიკალური გადაცემის პროფილაქტიკისთვის გამიზნული მკურნალობა მეტწილად უშუალოდ მშობიარობის წინ და დაბადებიდან 24-48 საათის განმავლობაში ტარდება. ბუნებრივია, ეს სტრატეგია ვერ იცავს ნაყოფს ადრეულ პერიოდში ინფიცირებისგან, ასევე - დღენაკლულებს და ახალშობილებს ძუძუთი კვების დროს ინფიცირებისგან.

როცა დედის ჯანმრთელობა საამისო საშუალებას იძლევა, მიზანშეწონილია, ანტირეტროვირუსული თერაპია დაიწყოს გესტაციის მე-14 კვირის შემდეგ, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ანტირეტროვირუსული მედიკამენტების უარყოფითი ზემოქმედება ნაყოფზე. ორსულობის პირველ ტრიმესტრში ამ მედიკამენტებმა შესაძლოა გაამძაფროს ორსულობით გამოწვეული გულისრევა და ღებინება.

 

-რას გვეტყვით ოპტიმალური სამეანო ღონისძიებების შესახებ?

- საკეისრო კვეთა სამშობიარო მოქმედების დაწყებამდე და მემბრანების რღვევამდე, ანტირეტროვირუსული მკურნალობისგან დამოუკიდებლად, 55-80%-ით ამცირებს ნაყოფის ინფიცირების რისკს.

გეგმური საკეისრო კვეთა განსაკუთრებით მაშინ არის მიზანშეწონილი, როდესაც ქალს მშობიარობის მომენტში მაღალი ვირუსული დატვირთვა აღენიშნება.

საკეისრო კვეთა უნდა დაიგეგმოს გესტაციის 38-ე კვირას. ცნობილია, რომ აივინფიცირებული ორსულები მიდრეკილნი არიან ნაადრევი მშობიარობისაკენ, ამიტომ თუ თავი იჩინა ნაადრევი მშობიარობის ნიშნებმა, საკესირო კვეთა კიდევ უფრო ადრე უნდა ჩატარდეს.

თუ აივინფიცირებული ორსული ბუნებრივი გზით მშობიარობს, მშობიარობისას აკრძალულია ინვაზიური მეთოდების გამოყენება, მაგალითად, სანაყოფე ბუშტის მთლიანობის ხელოვნურად დარღვევა, ნაყოფის თავზე ელექტროდების დადება, ნაყოფის თავიდან სისხლის აღება და ა.შ.

 

- რას გვეტყვით ახალშობილთა კვებაზე?

- აივინფიცირებულთა შვილების 20% ძუძუთი კვების დროს ინფიცირდება. ამის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზაა ხელოვნური კვება. მეორე მხრივ, ძუძუთი კვებას აქვს უდავო უპირატესობა: დედის რძე ახალშობილისთვის სრულყოფილი საკვებია; ის იცავს ბავშვს პათოგენური მიკროორგანიზმებისგან, მათ შორის - დიარეული დაავადებებისა და სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევებისგან; ბუნებრივი კვება უფრო ეკონომიურია, რაც მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით - განვითარებადი ქვეყნებისთვის; ძუძუთი კვება ახანგრძლივებს პერიოდს ქალის მომდევნო დაორსულებამდე. ხელოვნური კვების ფონზე იმატებს საკვების უკმარისობით და სხვა ინფექციური დაავადებებით, განსაკუთრებით - დიარეული დაავადებებით გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა, მეტადრე - სიცოცხლის პირველ 6 თვეს. ინფექციებით გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა მოსალოდნელია შერეული კვების დროსაც. ერთ-ერთი კვლევის შედეგების თანახმად, სიცოცხლის პირველი 3 თვის მანძილზე შერეული კვების დროს აივინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ბუნებრივი კვების შემთხვევაში.

ამის კვალობაზე, რეკომენდებულია:

  • ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება, თუ შესაძლებელია ხელოვნური კვება უსაფრთხოდ, ასაკის შესაბამისი კვებითი ღირებულების მქონე ნარევებით. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველ თვეს მიზანშეწონილია მხოლოდ ბუნებრივი კვება.
  • აივ-ის გადაცემის რისკის მინიმუმამდე დასაყვანად ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს პირველი შესაძლებლობისთანავე, ინდივიდუალურ გარემოებათა გათვალისწინებით.
  • თუ აივინფიცირებული დედა გადაწყვეტს, ბავშვი ხელოვნურად კვებოს, მას უნდა მიეცეს სათანადო რეკომენდაცია ჩვილის ადეკვატური, უსაფრთხო კვების შესახებ.

    უნდა ითქვას, რომ ძუძუთი კვება აივინფიცირებული ქალის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ აივინფიცირებულ ქალებს შორის, რომლებიც ძუძუს აწოვებდნენ შვილს, მშობიარობიდან 2 წლის განმავლობაში სიკვდილიანობამ 3-ჯერ მოიმატა და 10%-ს მიაღწია.


- რა თავისებურებები ახასიათებს აივ-ინფექციის კლინიკურ მიმდინარეობას ბავშვთა ასაკში?

- იმუნოდეფიციტის ვირუსის საინკუბაციო პერიოდი ბავშვებში უფრო ხანმოკლეა, ვიდრე მოზრდილებში და შეადგენს 3-5 წელს. გაცილებით ნაკლებია ბავშვებში სიცოცხლის ხანგრძლივობაც კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ. პერინატალური ინფიცირების შემთხვევაში კლინიკური ნიშნები საშუალოდ 2,5 წლის ასაკში ვლინდება. თუ სიმპტომებმა სიცოცხლის პირველივე წელს იჩინს თავი, ბავშვი უმეტესად წლამდე ასაკში იღუპება.

ბავშვებში, რომლებიც ვერტიკალური ტრანსმისიით დაინფიცირდნენ, არ არის აღწერილი მწვავე მონონუკლეოზის მსგავსი სინდრომი - პერიფერიული ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. სპეციფიკურ სიმპტომად ითვლება რძიანა, რომელსაც მკურნალობის შემთხვევაშიც კი მორეციდივე მიმდინარეობა ახასიათებს. რძიანა შესაძლოა აივ-ინფექციის პირველ სიმპტომად მოგვევლინოს.

საშვილოსნოსშიდა ინფიცირების შემთხვევაში ყალიბდება თავისებური კლინიკური სურათი, რომელსაც ახასიათებს ზრდა-განვითარების შეფერხება და მრავლობითი დარღვევა ქალა-სახისა და ტვინის ნაწილებში (აივინფიცირებულ ახალშობილებს აქვთ სახის თავისებური ნაკვთები - წინ წამოწეული შუბლი, ბრტყელი ცხვირი, ეგზოფთალმი მოცისფრო სკლერების ფონზე და მიკროცეფალია. როდესაც ეს სიმპტომები მკვეთრია, შიდსი სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში ვლინდება, ხოლო მცირე ცვლილებების შემთხვევაში - 1 წლის შემდეგ).

აივინფიცირებულ ბავშვებს შორის განსაკუთრებით ხშირია ოტიტი და პნევმონია, განვითარებად ქვეყნებში - ქრონიკული გასტროენტერიტი და ტუბერკულოზი. ხშირად აღინიშნება ჰეპატომეგალია (ღვიძლის გადიდება), მორეციდივე ცხელება, დიარეა და გენერალიზებული დერმატიტიც. ისინი ცუდად ემორჩილება მკურნალობას და ხშირად მომაკვდინებელიც კი ხდება.

აივ-ინფექციის პროგრესის კვალდაკვალ თავს იჩენს ოპორტუნისტული ინფექციებიც, რომლებიც მოზრდილებში ოპორტუნისტულად არ თვლება. ბავშვთა უმრავლესობას უვითარდება რომელიმე ნევროლოგიური პათოლოგია, რომელიც ხშირად ვლინდება ენცეფალოპათიით ან გონებრივი ჩამორჩენილობით. შიდსის დროს ყბაყურა ჯირკვლის დაზიანებაც მხოლოდ პედიატრიულ პრაქტიკაშია აღწერილი. დიდხანს მიაჩნდათ, რომ ბავშვებს კაპოშის სარკომა არ უვითარდებათ. მაგრამ უკანასკნელ ხანს ამ დაავადების შემთხვევები იქნა აღწერილი.

 

- როგორ დავიცვათ მომავალი თაობა აივ-ინფექციისგან?

- ევროპის რეგიონში ახალშობილთა აივ-ინფექციასთან საბრძოლველად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა დედისგან შვილისთვის აივ-ინფექცია/შიდსის გადაცემის პროფილაქტიკის რამდენიმე კლინიკური სცენარი. ვარაუდობენ, რომ ამ პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად 2010 წლის მიწურულისთვის ახალშობილთა შორის აივ-ინფექციის გავრცელება 100 000 ცოცხალ ახალშობილზე 1 შემთხვევამდე დაიკლებს, ხოლო დედისგან შვილისთვის ინფექციის გადაცემის სიხშირე - 2%-მდე. გაეროს აივ-ინფექცია/შიდსის სპეციალურმა ასამბლეამ იკისრა პასუხისმგებლობა, 2010 წლის ბოლომდე 50%-ით შეამციროს აივინფიცირებულ ახალშობილთა რიცხოვნობა.

გაეროს სპეციალური ასამბლეის დადგენილების თანახმად, ბრძოლა ახალშობილთა აივ-ინფექციის წინააღმდეგ თითოეული ქვეყნის მთავრობის პოლიტიკური მოვალეობაა. საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ დაუშვებელია აივინფიცირებული ქალების დისკრიმინაცია, აუცილებელია ამ ქალებისა და მათი შვილების უფლებების დაცვა. პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ სამედიცინო საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც მას აწარმოებს, ხოლო ინფორმაცია წარმოადგენდეს საექიმო საიდუმლოს.

აივ-ინფექციის დედისგან ბავშვისთვის გადაცემის პროფილაქტიკა აივინფიცირებული დედებისა და მათი შვილების კომპლექსური სამედიცნო დახმარების განუყოფელი ნაწილია.