შიდსია თუ არა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შიდსია თუ არა?

სამწუხაროდ, ინფიცირებისა და დაავადების შემთხვევები არ იკლებს. ეს ფაქტი ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ამიტომაც ბუნებრივია შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ აღმოცენებული ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების შიში. მიუხედავად ხშირი საუბრისა, ჩვენს მკითხველს ამ დაავადებასთან დაკავშირებით კვლავ უამრავი შეკითხვა უჩნდება. შევეცდებით მათ ვუპასუხოთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ვებგვერდის მასალებზე დაყრდნობით.

საშიშია თუ არა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირების თვალსაზრისით შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტი?

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 გზა, მათ შორის ერთ-ერთი აივინფიცირებულ პირთან დაუცველი (პრეზერვატივის გარეშე) სქესობრივი კონტაქტია. გარდა სქესობრივი კონტაქტისა, აივ ინფექცია გადაეცემა ინფიცირებული სისხლით (დაავადებული სისხლით დაბიძურებული სამედიცინო ინსტრუმენტები და ინტრავენურად ნარკოტიკების შეყვანა ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცითა და ნემსით) და დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის, ძუძუთი კვების დროს. აღსანიშნავია, რომ აივ ინფექციის გადაცემის სქესობრივი გზა საკმაოდ აქტუალურია. არსებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში ინფიცირებულ პირთა 56,6%-ს დაავადება სწორედ სქესობრივი კონტაქტის შედეგად გადაეცა, მათგან 45,8%-ში დასნებოვნება მოხდა ჰეტეროსექსუალური (საპირისპირო სქესის პირთან), ხოლო 10,8-%-ში - ჰომო/ბისექსუალური კონტაქტის დროს. ინტრავენური ნარკომანიის წილად მოდის 40,8%.

აღსანიშნავია, რომ აივ ინფიცირების რისკი გაცილებით მაღალია ჰომოსექსუალური კონტაქტისას. აღნიშნულის მიზეზია ლორწოვანი გარსის ტრავმირების მაღალი ალბათობა და ლორწოვანის უჯრედებში აივ ინფექციის პირდაპირი სამიზნის - ჩD4 რეცეპტორების მაღალი შემცველობა.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ აივ ინფექციის გადაცემა შესაძლებელია სქესობრივი კონტაქტის ნებისმიერი ფორმის დროს, თუ ეს კონტაქტი დაუცველია. ვირუსის გადაცემის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სასქესო გზების ლორწოვანის მდგომარეობა. დადგენილია, რომ ვირუსის გადაცემის რისკი იზრდება სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების არსებობისას, სასქესო ორგანოების ლორწოვანის ანთებითი დაავადებებისა და მიკროტრავმების დროს.

შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტისას ინფიცირებისგან დაცვის საშუალებაა პრეზერვატივი. რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ ის არ დაზიანდა სქესობრივი კონტაქტისას. შიდსი არ გადაეცემა გამოყენებულ პრეზერვატივზე ხელით შეხებისას.

ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ...

ბუნებრივია, მკითხველს აინტერესებს, რა სიმპტომები შეიძლება აღმოცენდეს ინფიცირების შემდეგ.

ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან 2-3 კვირის განმავლობაში დაავადების სიმპტომები არ ვლინდება. ეს არის ინფიცირების უსიმპტომო (ასიმპტომური) პერიოდი.

ასიმპტომურ პერიოდს მოსდევს მწვავე რეტროვირუსული სინდრომი, რომელიც სხვადასხვა სიმპტომით ვლინდება. თითოეულმა მათგანმა შესაძლოა შემდეგი სიხშირით იჩინოს თავი:

  • ცხელება ანუ ტემპერატურის მომატება - 96%;
  • ადენოპათია ანუ ლიმფური კვანძების გადიდება - 74%;
  • ფარინგიტი ანუ ხახის ანთება (ახასიათებს ყელის ტკივილი) - 70%;
  • სხვადასხვა სახის გამონაყარი - 70%. შეიძლება გაჩნდეს მოწითალო პატარა კვანძების მსგავსი ელემენტები სახესა და ტანზე, იშვიათად - ხელისა და ფეხის გულებზე. ზოგჯერ აღინიშნება წყლულოვანი გამონაყარი პირის ღრუში, საყლაპავისა და სასქესო ორგანოების ლორწოვანზე;
  • მიალგია ანუ კუნთების ტკივილი - 54%;
  • დიარეა ანუ ფაღარათი - 32%;
  • თავის ტკივილი - 43%;
  • სისუსტე და მოთენთილობა - 27%;
  • ჰეპატოსპლენომეგალია ანუ ღვიძლისა და ელენთის გადიდება - 14%;
  • წონის დაქვეითება - 13 %;
  • სასქესო ორგანოებისა და პირის ღრუს სოკოვანი ინფექცია - 12 %;
  • ნევროლოგიური გამოვლინებები - 12%. შესაძლოა აღმოცენდეს ასეპტიკური (არაბაქტერიული) მენინგიტი, მენინგოენცეფალიტი, პერიფერიული ნეიროპათია, გიიენ-ბარეს სინდრომი, მხრის ნევრიტი, გონებრივი დარღვევები, ფსიქოზი.

ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ უმეტესად აივ ინფექცია წლების განმავლობაში (საშუალოდ 5-7 წელი) უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მწვავე დაავადების განვითარება ინფიცირებიდან 2-3 კვირის შემდეგ იშვიათია.

სამედიცინო ტერმინოლოგიით, ჩამოთვლილ სიმპტომებს არასპეციფიკურს უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ არც ერთი სიმპტომი არ არის დამახასიათებელი მხოლოდ რომელიმე კონკრეტული დაავადებისთვის და სრულიად განსხვავებული დაავადებების დროს შეიძლება შეგვხვდეს. ამ თავისებურების გამო შეუძლებელია დავასახელოთ მხოლოდ შიდსისთვის დამახასიათებელი ისეთი ნიშანი, რომელიც სხვა დაავადების დროს არ გვხვდება.

როგორც თავად ხედავთ, დასახელებული სიმპტომებიდან ბევრი საკმაოდ ხშირია. ამის გამო პაციენტები ხშირად კითხულობენ - შეიძლება თუ არა ჰქონდეთ შიდსი რომელიმე დასახელებული ჩივილის არსებობისას. ამ კითხვაზე საპასუხოდ აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევა აივინფიცირების გამოსარიცხად, თუ პაციენტს აქვს აღწერილი სიმპტომები და ამასთანავე:

  • ერთხელ მაინც გაუკეთებია ნარკოტიკი ინტრავენურად სხვის მიერ გამოყენებული ნემსით ან შპრიცით;
  • ჰყავს ნარკოტიკის მომხმარებელი მეუღლე ან სქესობრივი პარტნიორი;
  • ჰქონია შემთხვევითი დაუცველი სქესობრივი კონტაქტი;
  • აქვს ან ჰქონდა სქესობრივი გზით გადადმდები რომელიმე ინფექცია;
  • ჰქონდა ან აქვს b ან c ჰეპატიტი;
  • აქვს ტუბერკულოზი;
  • იტარებს სამედიცინო მანიპულაციებს და სისხლის გადასხმას;
  • გაუკეთებია ტატუირება ან პირსინგი.

აივ-ანტისხეულები სისხლში შეიძლება გამოვლინდეს ინფიცირებიდან 4-8 კვირის შემდეგ. თავდაპირველად ტარდება სასკრინინგო კვლევა, ხოლო დადებითი შედეგის შემთხვევაში კვლევა გრძელდება დამადასტურებელი ანუ კონფირმაციული მეთოდით.

რას გვირჩევენ აივ ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით

შიდსის პროფილაქტიკა სექსობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებების პროფილაქტიკის ანალოგიურია. აუცილებელია:

  • ოჯახური ერთგულება და მხოლოდ ერთი ჯანმრთელი სქესობრივი პარტნიორი;
  • დაუცველ სქესობრივ კონტაქტებზე უარის თქმა და შემთხვევითი სქესობრივი კავშირისას პრეზერვატივის გამოყენება.