საკეისრო კვეთა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკეისრო კვეთა

ოპერაციის მსვლელობისას იხსნება მუცლის წინა კედელი, ამის შემდეგ კეთდება განაკვეთი საშვილოსნოზე, ამოჰყავთ ახალშობილი, ჭრიან ჭიპლარს და ბავშვს გადასცემენ ბებიაქალს. ბოლოს საშვილოსნოდან იღებენ პლაცენტას. საშვილოსნო იკერება სპეციალური ძაფით, რომელიც 3-4 თვეში გაიწოვება, ხოლო მუცლის კედლის ჭრილობა შრეობრივად იკერება. ოპერაცია, მდგომარეობის შესაბამისად, გრძელდება 20-40 წუთი. საკეისრო კვეთის მეთოდი მრავალი საუკუნეა ცნობილია, მაგრამ მის გამოყენებას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან დედა ოპერაციის შემდეგ, როგორც წესი, იღუპებოდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გერმანელმა ქირურგმა კერერმა 1881 წელს სამსართულიანი ნაკერით საშვილოსნოს კედლის აღდგენის მეთოდი შეიმუშავა, საკეისრო კვეთამ თანდათან პოვა აღიარება. მიუხედავად ამისა, ოპერაციის დროსაც და მის შემდეგაც გართულება იმდენად ხშირი იყო, რომ მეანები თავს არიდებდნენ ამ მეთოდის გამოყენებას. უფრო მეტად იყო მიღებული სამეანო მაშები და ნაყოფის ვაკუუმექსტრაქცია. მეოცე საუკუნის 50-70-იან წლებში საკეისრო კვეთის ტექნიკა დაიხვეწა, განვითარდა ანესთეზიოლოგია, ტრანსფუზიოლოგია, ნეონეტოლოგია, გაჩნდა ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. ამან შესაძლებელი გახადა საკეისრო კვეთის ჩვენებათა გაფართოება და დღესდღეობით იგი მთელ მსოფლიოში ძალზე გავრცელებული ოპერაციაა. ჩვენებები გაფართოვდა უფრო პერინატალური კუთხით, ანუ ნაყოფის ინტერესებიდან გამომდინარე - მოგეხსენებათ, ბოლო ხანს საგრძნობლად გაუმჯობესდა ნაყოფის მდგომარეობის დიაგნოსტიკა (ექოსკანირება, დოპლეროგრაფია, პლაცენტოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია, მონიტორული კონტროლი). განსაკუთრებით აქტუალური გახლავთ საკეისრო კვეთა ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიც არის ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა, ვინაიდან ამ დროს ხშირია ნაყოფის ჰიპოქსია და ტრავმატიზმი.

- უფრო ზუსტად, როდის ტარდება საკეისრო კვეთა?

- ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაციული ჩარევა, საკეისრო კვეთაც მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ საკეისრო კვეთის ოპერაცია პათოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავალია და არა არჩევის მეთოდი. განასხვავებენ საკეისრო კვეთის აბსოლუტურ და შედარებით ჩვენებებს. აბსოლუტური ჩვენება იმას ნიშნავს, რომ მშობიარობა ბუნებრივი გზით შეუძლებელია. ასეთია გართულებები, რომლებიც დედასა და ნაყოფს სასიკვდილო საფრთხეს უქმნის:

* ნაყოფის არასწორი (გარდიგარდმო) მდებარეობა;

* ნაყოფისა და სამშობიარო გზების ზომათა შეუსაბამობა (ვიწრო ან დეფორმირებული მენჯი, დიდი ნაყოფი, საშვილოსნოს ყელისა და საშოს ნაწიბუროვანი დავიწროება, სამშობიარო გზების სიმსივნეები);

* სასქესო ორგანოების ვარიკოზი;

* პლაცენტის სრული წინამდებარეობა (როდესაც იგი ახშობს საშვილოსნოდან გამოსავალს) ან ნორმალურად მიმაგრებული პლაცენტის ნაადრევი აცლა;

* საშვილოსნოს მოსალოდნელი ან დაწყებული გახევა;

* ჭიპლარის გამოვარდნა და სხვა.

ერთი აბსოლუტური ჩვენება საკმარისია, რომ საკეისრო კვეთა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში არც ოპერაციის პირობებს და არც უკუჩვენებებს არ ითვალისწინებენ. შედარებითი ჩვენება ისეთი კლინიკური სიტუაციაა, როდესაც ნაყოფის მიღება ბუნებრივი მშობიარობით შესაძლებელია, მაგრამ არსებობს უფრო დიდი რისკი, ვიდრე საკეისრო კვეთის შემთხვევაში. ამ დროს ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა ორი და მეტი შედარებითი ჩვენების არსებობა. შედარებითი ჩვენებებია:

* დიდი ან გადამწიფებული ნაყოფი;

* ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა;

* 35 წელს გადაცილებული პირველმშობიარე;

* დედის მძიმე მდგომარეობა (სამშობიარო მოქმედების ანომალიები, ორსულობის გართულებები, ექსტრაგენიტალიური დაავადებები - ტუბერკულოზი, მაღალი მიოპია, თირკმლის, ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ასევე - მრავალკვანძოვანი მიომა და სხვა);

* ნაყოფის დისტრესსინდრომი (ჟანგბადოვანი შიმშილი), ღრმა დღენაკლულობა;

* სასქესო ორგანოების ინფექციათა გამწვავება ორსულობის ბოლო კვირას - სამშობიარო გზებში გავლისას ბავშვი შესაძლოა დაინფიცირდეს.

- ხშირად გაგვიგონია, რომ საკეისრო კვეთა გეგმურია. რას ნიშნავს გეგმური საკეისრო კვეთა და რა განსხვავებაა გეგმურ და გადაუდებელ ოპერაციებს შორის?

- საკეისრო კვეთის ჩვენებები, განსაკუთრებით - აბსოლუტური, როგორც წესი, ორსულობის დროსაც ცნობილია, ზოგჯერ - დაორსულებამდეც კი. ამ დროს საკეისრო კვეთა გეგმურად ტარდება, ჩატარების თარიღს კი მკურნალი ექიმი ადგენს. გეგმური საკეისროს შემდეგ ნაწიბური, ჩვეულებრივ, შეუმჩნეველია. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ორსული ჩვეულებრივი, ბუნებრივი გზით მშობიარობისთვის ემზადება, მაგრამ უეცარი გართულების გამო აუცილებელი ხდება საკეისრო კვეთის ჩატარება. ამას ეწოდება სასწრაფო საკეისრო კვეთა.

- საშიშია თუ არა მშობიარობა მაღალი ხარისხის მიოპიის დროს?

- საშიშია, მით უმეტეს, თუ მიოპია ორსულობის პერიოდშიც პროგრესირებს. ასეთ დროს გაჭინთვა არ შეიძლება, რადგან არსებობს ბადურის აცლისა და დაბრმავების დიდი ალბათობა. ან საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს, ან ჭინთვები სამეანო მაშების მეშვეობით გამოითიშოს.

- დღეს 35 წელს გადაცილებულ პირველმშობიარეებს უმეტესად საკეისრო კვეთით ამშობიარებენ. აუცილებელია ეს?

- ეს იმით არის გამოწვეული, რომ 35 წელს გადაცილებულ პირველმშობიარეებს უფრო ხშირად აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და თირკმლის პათოლოგიები, ენდოკრინული და გინეკოლოგიური დაავადებები, დამძიმებული ანამნეზი, ორსულობის თანმხლები დაავადებები, შეზღუდული აქვთ სამშობიარო გზების ელასტიკურობა, ყოველივე ეს კი ნაყოფის დისტრესსა და ტრავმატიზმს განაპირობებს. ასეთ დროს უპირატესობა ენიჭება საკეისრო კვეთას.

- ბავშვისთვის ბუნებრივი გზით დაბადება ჯობს თუ საკეისრო კვეთით? შეიძლება თუ არა, ოპერაცია ორსულის სურვილით გაკეთდეს?

- დაბადება, დედის საშვილოსნოდან გამოსვლა ბავშვისთვის პირველი დიდი გამოცდაა. სამშობიარო არხში გავლისას იგი "სწავლობს" დაბრკოლებების გადალახვას. როდესაც მშობიარობა ბუნებრივი გზით მიმდინარეობს, ბავშვი აქტიურად მონაწილეობს მასში. სამშობიარო არხში გავლისას მისი ფილტვებიდან გამოიწურება სითხე, რაც დაბადების შემდეგ მისი ნორმალური სუნთქვის საწინდარია. სულ ცოტა ხნის წინ მიაჩნდათ, რომ საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვი უფრო მშვიდია, რადგან არ გადაუტანია სამშობიარო სტრესი. სინამდვილეში ასეთი პატარები დაბადების შემდეგ მშვიდები კი არა, პასიურები არიან. საკეისრო კვეთის შემდეგ ბავშვი ერთხანს კიდევ განიცდის ნარკოზის ზემოქმედებას (მით უმეტეს - ზოგადი ნარკოზით ჩატარებული კვეთის შემთხვევაში), ამიტომ უჭირს აქტიურ სუნთქვაზე, წოვასა და ტირილზე გადასვლა. გარემოსთან მისი შეგუება უფრო მძიმედ მიმდინარეობს, რადგან ერთი გარემოდან მეორეში ერთბაშად ხვდება, იმ შუალედური ეტაპის გარეშე, რომელსაც დედის სამშობიარო გზები წარმოადგენს. ასეთ ბავშვებს წნევის მკვეთრი ცვალებადობის გამო შესაძლოა გაუჩნდეთ სისხლძარღვოვანი პრობლემები, განუვითარდეთ დისბაქტერიოზი, რადგან ნაწლავები სტერილურია და იქ "ცუდი" ბაქტერიები დასახლდნენ. აქედან გამომდინარე, ბავშვისთვის საკეისრო კვეთა ამქვეყნად მოვლინების არცთუ ოპტიმალური გზაა. ეს იძულებითი ოპერაციაა და უნდა ჩატარდეს მხოლოდ ჩვენებით, ისეთ სიტუაციებში, რომლებიც ზემოთ უკვე აღვწერეთ. დღეს ჩვენში ნებადართულია საკეისრო კვეთის ორსულის სურვილით ჩატარება, მაგრამ თუ არ არსებობს საკეირო კვეთის ჩვენება, თუ არც ბავშვის, არც დედის ჯანმრთელობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ოპერაციის გაკეთება მხოლოდ შიშის ან ჭირვეულობის გამო არამც და არამც არ არის რეკომენდებული.


- რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს საკეისრო კვეთას?

- საკეისრო კვეთის ყველაზე დიდი ღირსებაა ბავშვის დაბადება სწორედ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ  მიზეზით დედას, ბავშვს ან ორივეს ერთად უდიდესი საფრთხე ემუქრება. ასე რომ, როდესაც არსებობს საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენება, მის ნაკლოვანებებზე ლაპარაკი ზედმეტია. გარდა ამისა, საკეისრო კვეთისას საშო არ იჭიმება, არ ჩნდება ჩახევები, არ ედება ნაკერები, არ იჭიმება მყესები და მენჯის ორგანოები, არ ხდება მათი დაწევა, საშვილოსნოს ყელის გახევა, შემდგომ არ ვითარდება ბუასილი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ახლა - რაც შეეხება ნაკლოვანებებს: მართლია ოპერაცია ბუნებრივ მშობიარობაზე მოკლე ხანში სრულდება, მაგრამ ნარკოზიდან გამოსვლა, ჭრილობის მოშუშება, ტკივილი, სისხლის დანაკარგის აღდგენა, ინფიცირების მაღალი ალბათობა, ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, მოძრაობის შეზღუდვა საგრძნობლად ართულებს მელოგინის ცხოვრებას ოპერაციის შემდგომ. ნარკოზის შემდეგ მელოგინის ტვინი ვეღარ იღებს სიგნალს, რომ ბავშვი დაიბადა, რაც ორგანიზმში ერთგვარ გაურკვევლობას იწვევს და საშვილოსნო ისე ინტენსიურად ვეღარ იკუმშება, როგორც ბუნებრივი მშობიარობის შემდეგ.

- თუ პირველი ბავშვი საკეისროთია გაჩენილი, შემდეგშიც აუცილებელია თუ არა ისევ ოპერაციის გაკეთება?

- თუ მიზეზი, რომლის გამოც საკეისრო კვეთა ჩატარდა, აღარ არსებობს და ორსულობაც გართულების გარეშე მიმდინარეობს, თუ ექოსკანირება ცხადყოფს, რომ ნაწიბური სრულფასოვანია და არც ნაყოფია დიდი, ბუნებრივი მშობიარობა შესაძლებელია, ოღონდ სასურველია, საკეისრო კვეთიდან 2 წელი მაინც გავიდეს. თუ ქალი 2-ჯერ და მეტად არის ნაოპერაციევი და უკანასკნელი ოპერაციიდან გასულია 5 წელი, ამ შემთხვევაში ბუნებრივი მშობიარობა სარისკოა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ასეთი ქალებიც მშობიარობენ ბუნებრივი გზით, თუ ექოსკოპია აჩვენებს, რომ ნაწიბური სრულყოფილია და ნაწიბურის არეში ტკივილები არ აღინიშნება. ოღონდ საჭიროა მშობიარობის დინამიკის მკაცრი კონტროლი.

- გაუტკივარების რომელ მეთოდებს მიმართავენ დღეს საკეისრო კვეთის დროს? საჭიროა თუ არა ბუნებრივი მშობიარობის გაუტკივარება?

- სამშობიარო ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ტკივილია, რომელსაც კი ქალი განიცდის. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანი უხსოვარი დროიდან ცდილობდა, ეპოვა ამ ტანჯვის შემსუბუქების გზები. ქალისთვის მშობიარობის გაუტკივარება მხოლოდ კომფორტული პირობების შექმნა კი არ არის, არამედ მშობიარობით გამოწვეული სტრესის მოხსნაც, - სტრესისა, როელიც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვისაც. რაც შეეხება საკეისრო კვეთას, ამჟამად არსებობს მისი გაუტკივარების ორი გზა: ზოგადი (ენდოტრაქეული ნარკოზი) და რეგიონული (ეპიდურალური და სპინალური ანესთეზია). წამყვანი კლინიკები უპირატესობას ანიჭებენ ეპიდურლურ და სპინალურ ანესთეზიას, როგორც დედისა და ნაყოფისთვის გაუტკივარების ყველაზე სასურველ და დამზოგველ მეთოდს. რეგიონული ანესთეზიის დროს მგრძნობელობა ითიშება სხეულის განსაზღვრულ ნაწილში, მაგრამ პაციენტის ცნობიერება გამოთიშული არ არის. რეგიონული გაუტკივარების მეთოდებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სპინალურ და ეპიდურალურ ანესთეზიას. ამ დროს ზურგის ტვინის არეში შეჰყავთ ხანგრძლივი მოქმედების საანესთეზიო საშუალება, რაც იწვევს ინექციის ადგილის ქვევით ტკივილის, შეხებისა და მოძრაობის დროებით გამოთიშვას. დღეს ეპიდურალური და სპინალური  ანესთეზია ფართოდ გამოიყენება გაუტკივარებისთვის როგორც ბუნებრივი მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის დროს. სპინალური გაუტკივარება ეფექტური, მარტივი და იაფია, მაგრამ შედარებით ხანმოკლე, ამიტომ მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი ეპიდურალური გაუტკივარება დაინერგა, მას თითქმის აღარავინ იყენებს. ეპიდურალური ანესთეზია ტექნიკურად უფრო რთულია, ვიდრე სპინალური, მაგრამ იმდენად ეფექტურია, რომ შეიძლება, მეანობის ერთ-ერთ უდიდეს მონაპოვრად ჩაითვალოს. მისი ეფექტურობა აღემატება 80%-ს და თითქმის მთლიანად ათავისუფლებს მშობიარეს ტკივილისაგან. ეპიდურალური ანესთეზია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ქალმა დაივიწყოს ტკივილით მოგვრილი ტანჯვა და აქტიური მონაწილეობა მიიღოს საკუთარი შვილის დაბადებაში.

- სად მდებარეობს ეპიდურალური სივრცე?

- ეპიდურალური სივრცე ხერხემლის წელის მიდამოში მდებარეობს. იმის გამო, რომ იქ გადის სხეულის ქვედა ნაწილის ნერვები, ინექციის შემდეგ ეს მიდამო ყოველგვარ მგრძნობელობას კარგავს. ეპიდურალურ სივრცეში სპეციალური კათეტერის საშუალებით შეყვანილი ადგილობრივი ანესთეტიკი ბლოკავს იმ ნერვებს, რომლებსაც იმპულსები თავის ტვინისკენ მიაქვთ. ეპიდურალური ანესთეზიისთვის საჭიროა დაახლოებით 20-30 წუთი.

- როგორ იქცევით, თუ მშობიარობისას ქალს საკეისრო კვეთა დასჭირდა?

- ეს ეპიდურალური გაუტკივარების ერთ-ერთი ღირსებაა: თუ აუცილებელი გახდა საკეისრო კვეთის ჩატარება, ეპიდურალურ სივრცეში იზრდება მხოლოდ ანესთეტიკის დოზა.

- კიდევ რა ღირსებები აქვს გაუტკივარების ამ სახეობას?

- პირველი და უმთავრესი - ქალს შეუძლია შეიგრძნოს ის, რასაც ბავშვის დაბადება ჰქვია. მეორე - მშობიარობის დროს არ გამოიყენება სხვა (ინჰალაციური თუ არაინჰალაციური) ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, რის გამოც ახალშობილი იბადება მედიკამენტური დეპრესიის გარეშე, ნორმალური ტონუსით, სუნთქვით, გულისცემით და სხვა მნიშვნელოვანი სასიცოცხლო მაჩვენებლებით. ეპიდურალური ანესთეზიის დანერგვის კვალდაკვალ შემცირდა მშობიარობის გართულებათა რიცხვიც. ეპიდურალური ანესთეზიის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ შესაძლებელია მშობიარობისა და საკეისრო კვეთის შემდეგ გაუტკივარების გახანგრძლივება. გარდა ამისა, ის მშობიარობის საშუალებას აძლევს ისეთ ქალებსაც, რომელთა მშობიარობაც 50 წლის წინ შეუძლებლად მიაჩნდათ. სახელდობრ, მათ, ვისაც აქვს გულის მანკი, მაღალი ხარისხის მიოპია, ჰიპერტონიული დაავადება, თირკმელების დაავადება და სხვა.

- ვის შეუძლია გაიკეთოს ეპიდურალური გაუტკივარება?

- მისი გაკეთება შეუძლია თითქმის ყველა მშობიარეს, მცირე გამონაკლისის გარდა. ორსულობის ზოგიერთმა გართულებამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტებმა, რომლებსაც ქალი ორსულობისას სვამდა, შესაძლოა ეპიდურალური ანესთეზია მიზანშეუწონელი გახადოს. კონსულტაციისთვის ორსულმა უნდა მიმართოს თავის მეანს ან ანესთეზიოლოგს.


- კერძოდ, როდის არ შეიძლება ეპიდურალური გაუტკივარება? საზოგადოდ, უვნებელია თუ არა იგი?

- სადღეისოდ გაუტკივარების ეს მეთოდი განვითარებულ ქვეყნებში ჩვეულებრივი მოვლენაა. იგი უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვისაც. ეპიდურალური გაუტკივარების უკუჩვენებებია:

* ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები;

* ხერხემლის მძიმე პათოლოგიები (მაღალი ხარისხის სკოლიოზი, ლორდოზი), რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ანესთეტიკის გავრცელებას;

* ზურგზე ჩატარებული პუნქციის შემდეგ გაჩენილი კანის ჩირქოვანი დაზიანება;

* მოუწესრიგებელი ჰიპოვოლემია (მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება);

* სისხლის შემდედებელი სისტემის მძიმე დარღვევები;

* გულის რიტმის მძიმე დარღვევა.

- ორსულებს ხშირად უჩნდებათ ასეთი კითხვა: შესაძლოა თუ არა, მანიპიულაციის დროს დაზიანდეს ზურგის ტვინი და ყოველთვის მიიღწევა თუ არა სათანადო ეფექტი?

- ზურგის ტვინი გულმკერდის XII-წელის I მალის დონეზე მთავრდება, ხოლო ეპიდურალური სივრცის პუნქცია წელის II-III მალის დონეზე ხდება, ამიტომ ზურგის ტვინის დაზიანება გამორიცხულია. რაც შეეხება ეფექტს, იშვიათად შესაძლოა გაუტკივარება არასრული აღმოჩნდეს ან სხეულის მხოლოდ ცალი მხარე მოიცვას. ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს ანესთეზიოლოგს, რათა მან სათანადო ზომები მიიღოს.

- როდის კეთდება ენდოტრაქეული ნარკოზი და რა ვითარებაა ამ მხრივ ორსულებში?

- ენდოტრაქეულ ნარკოზს უპირატესობა ენიჭება მაშინ, როდესაც საკეისრო კვეთა ტარდება ექსტრემალური ჩვენებით (პლაცენტის აცლა, პერინატალური სისხლდენა, ნაყოფის დისტრესი), ასევე - კოაგულოპათიის, სისტემური ინფექციისა და დედის ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიის შემთხვევაში, პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის დროს, როდესაც არსებობს რეგიონული ანესთეზიის უკუჩვენება, დაბოლოს, მაშინ, როდესაც პაციენტი ამა თუ იმ მიზეზით უარს ამბობს რეგიონულ ანესთეზიაზე. მეანობაში ზოგადი ანესთეზიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულება კუჭის შიგთავსის ასპირაციაა. სულ რაღაც 30 მლ შიგთავსის ასპირაციამ შესაძლოა ფატალური პნევმონიტი (მენდელსონის სინდრომი) გამოიწვიოს. გარდა ამისა, ორსულებში ხშირად ჭირს ინტუბაცია, განსაკუთრებით - სიმსუქნის შემთხვევაში.

- საშიში ხომ არ არის ბავშვისთვის ზოგადი ნარკოზი?

- ნაყოფის ამოყვანამდე ანესთეზია საკმაოდ ზედაპირულია, რათა ბავშვზე ანესთეტიკების დამთრგუნველი ზემოქმედება გამოირიცხოს. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ დროს ქალს ეღვიძება და სტკივა - მას უმეტესად არაფერი ახსოვს.

- როგორია მელოგინის რეჟიმი ოპერაციის შემდგომ პერიოდში?

- პირველ დღე-ღამეს მელოგინე ატარებს ოპერაციულ ბლოკში. 6 საათის შემდეგ მას ნებას აძლევენ წამოჯდეს, 12 საათის შემდეგ კი წამოდგეს და მედდის დახმარებით რამდენიმე ნაბიჯიც გადადგას. მეორე დღეს იგი გადაჰყავთ პალატაში, სადაც მას შეუძლია იმყოფებოდეს თავის ახალშობილთან ერთად. ნაწლავთა ფუნქციის მოსაწესრიგებლად ერთი დღე-ღამის შემდეგ კეთდება გამწმენდი ოყნა. საშვილოსნოს შეკუმშვის დასაჩქარებლად ძალიან მნიშვნელოვანია, ახალშობილის ძუძუთი კვება რაც შეიძლება მალე დავიწყოთ. როდესაც ახალშობილი ძუძუს წოვს, საშვილოსნო ინტენსიურად იწყებს შეკუმშვას. ოპერაციის შემდეგ სარძევე ჯირკვლებიდან ხსენი იწყებს დენას, ხოლო ორ დღეში იწყება ლაქტაცია და გამოიყოფა სრულყოფილი რძე.

მელოგინის კვების რეჟიმი

პირველი დღე - უგაზო მინერალური წყალი (შესაძლებელია ლიმონის წვენის დამატება). ჭამა არ შეიძლება.

მეორე დღე - დიეტა ფართოვდება: ნებადართულია ფაფის, უცხიმო ბულიონის, მოხარშული ხორცის, ტკბილი ჩაის მიღება.

მესამე დღე - უკვე შეიძლება სრულფასოვანი კვება.

რაციონიდან გამოირიცხება მხოლოდ ის პროდუქტები, რომლებიც უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების დროს. რა უნდა ახსოვდეს მელოგინეს:

* არ ასწიოს სიმძიმე;

* მუცლის კუნთების გასავარჯიშებლად ატაროს სპეციალური ბანდაჟი, მაგრამ ხანგრძლივად არა. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი უარყოფითი იქნება. აბაზანის მიღება და ცურვა ნებადართულია არა უმცირეს 1,5-2თვის შემდეგ.

* სქესობრივი ცხოვრების გაგრძელება ნებადართულია ოპერაციიდან 6 კვირის შემდეგ. მანამდე საჭიროა მიმართოს გინეკოლოგს და დარწმუნდეს, რომ აღდგენითი პერიოდი ნორმალურად დასრულდა.

* ნაწიბურის ადგილას დაბუჟებისა და დისკომფორტის შეგრძნება შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში დარჩეს, მაგრამ თუ ქალს ძლიერი ტკივილი აწუხებს, ნაწიბური წითლდება ან იქიდან გამოიყოფა მოყავისფრო, ყვითელი ან სისხლიანი გამონადენი, ქალმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.