რატომ ეხვევა ჩემს შვილს თავბრუ?

გთხოვთ, ამიხსნათ, რატომ ეხვევა ბავშვს თავბრუ და ვის მივმართო?
ხშირად ბავშვებს უჭირთ, თავბრუხვევა და თავის ტკივილი ერთმანეთისგან განასხვაონ. ამ ასაკში ბავშვი თავბრუხვევისას უჩივის თავის ტკივილს, ყურების შუილს, ღებინების შეგრძნებას, შესაძლოა, ამას პირღებინება და გაძლიერებული ოფლიანობაც დაერთოს. თუ გარემოს ტემპერატურა მაღალია, თანაც ბავშვი დიდხანს იყო მზისგულზე, მისი შეგრძნებების მიზეზიც იოლი მისახვედრია, მაგრამ თავბრუხვევა შესაძლოა რომელიმე პათოლოგიამაც გამოიწვიოს. სახელდობრ:
- სისხლძარღვოვანმა პათოლოგიამ, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ ქალა-ტვინის ამა თუ იმ ტრავმის დროს, რაც ბავშვთა ასაკში არცთუ ისე იშვიათია;
- ტოქსიკოინფექციამ, ბოტულიზმმა, ქიმიური ნივთიერებებით, სოკოთი მოწამვლამ, რკინადეფიციტურმა ანემიამ (ბავშვთა ასაკში თავბრუხვევის მიზეზი ყველაზე ხშირად სწორედ ეს უკანასკნელია: ანემიისას ვითარდება ორგანიზმის ქრონიკული ჰიპოქსია - ჟანგბადის უკმარისობა, რომელიც თავბრუხვევას იწვევს);
- ტანადობის დარღვევამ, კისრის მალების დონეზე ხერხემლის გამრუდებამ;
- მხედველობის დაზიანებამ - რეფრაქციის, აკომოდაციის დარღვევამ;
- შაკიკმა, რომელიც გარდატეხის პერიოდში იჩენს თავს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში შაკიკი ყველაზე ნაკლებად შეიძლება იყოს თავბრუხვევის მიზეზი).
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რკინადეფიციტური ანემია ადრეული ასაკის ბავშვთა 17,5-30%-ს აქვს. რკინის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს:
- რკინის არასაკმარისი მარაგი დაბადებისას. რისკის ჯგუფში შედიან დღენაკლული, ორსულობისას ანემიით დაავადებულ მელოგინეთა ახალშობილები;
- პლაცენტის მდგომარეობა - ნაყოფის ორგანიზმში რკინის დადებით ბალანსს პლაცენტის სატრანსპორტო მექანიზმები უზრუნველყოფს;
- საკვების მეშვეობით რკინის არასაკმარისი მიღება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი შეწოვის დარღვევა. მნიშვნელობა აქვს არა იმდენად სურსათში რკინის შემცველობას, რამდენადაც მის შეწოვასა და ათვისებას ორგანიზმის მიერ. რკინა თორმეტგოჯა ნაწლავსა და წვრილ ნაწლავებში შეიწოვება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების (ქრონიკული ენტერიტის, მალაბსორბციის სინდრომის, ნაწლავური ინფექციების) დროს რკინის შეწოვა ირღვევა და მისი დეფიციტი ვითარდება;
- რკინის გაძლიერებული მოთხოვნა ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდში. ამ დროს მიმდინარეობს ქსოვილთა ინტენსიური ზრდა, ორგანოებისა და სისტემების მომწიფება, იმატებს მოცირკულირე სისხლის მოცულობა. რკინაზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება პუბერტატულ (სქესობრივი მომწიფების) პერიოდში და მენსტრუალური ფუნქციის ჩამოყალიბებისას;
- ორგანიზმის მიერ რკინის კარგვა. ასეთი რამ უმთავრესად სისხლდენისას (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაავადებები, პოლიპები, სისხლძარღვოვანი ანომალიები, ცხვირიდან სისხლდენა), ჭიებით ინვაზიისას, უხვი მენსტრუაციისას ხდება. ბევრ რკინას კარგავენ ბავშვები, რომლებიც ხშირად ავადდებიან მწვავე რესპირაციული (სასუნთქი გზების) ინფექციებით. ვინაიდან ვირუსები და ბაქტერიები ბავშვის ორგანიზმში არსებულ ამ ელემენტს თავიანთი მეტაბოლური პროცესებისთვის იყენებენ.
ამრიგად, ადრეული ასაკის ბავშვებში რკინის დეფიციტის მიზეზია ამ ელემენტის უკმარისობა დაბადებისას, არარაციონალური კვება და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ხოლო მოზრდილებში - სისხლდენები და ორგანიზმის სწრაფი ზრდა.