თამაშის როლი ბავშვის განვითარებაში
გვესაუბრება კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, მარიამ ჯანაშვილი.
– რამდენად მნიშვნელოვანია თამაში ბავშვის ცხოვრებაში და რა ასაკიდან შეიძლება დავიწყოთ თამაში?
– თამაში არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილი ბავშვის ცხოვრებასა და განვითარებაში. თამაში იწყება ჩვილობიდან და გრძელდება მისი ცხოვრების ბოლომდე. თამაშს მოაქვს სიხარული, ბედნიერება და კმაყოფილების შეგრძნება და მისი მეშვეობით ბავშვი სწავლობს თავის თავს, სხვებს და მის გარშემო სამყაროს, იძენს უნარებს და ქმნის სოციალურ ურთიერთობებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს საკმარისი დრო თამაშისთვის და ეს იყოს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, ვინაიდან ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილება და ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. თამაში ავითარებს ბავშვის ფიზიკურ, მორალურ, ინტელექტუალურ, სოციალურ და ემოციურ მხარეებს.
– კერძოდ, რა სახის განვითარებას უწყობს ხელს თამაში?
– სხვადასხვა ნივთების შეხება, მოსინჯვა, ტექსტურის შეგრძნება და ხმის გაგება ავითარებს სმენის, მხედველობით, ტაქტილურ და სხვა შეგრძნებათა მოდალობებს.
სხვადასხვა ზომისა და ფორმის საგნების აღება, ბურთით თამაში ხელისა და ფეხის გამოყენებით, დაჭერობანას თამაში, ველოსიპედის ტარება, ხტომა, ხატვა ავითარებს ბავშვის წვრილ და მსხვილ მოტორულ უნარებს.
ბავშვებს თამაშისას, ცდისა და შეცდომის მეთოდით, სხვაზე დაკვირვებით, წარმოქმნილი სირთულეების დაძლევითა თუ თამაშში წარმოქმნილ სხვადასხვა დილემასთან გამკლავებით, უვითარდებათ სააზროვნო უნარები, იწყებენ დაგეგმვას და ხდებიან ორგანიზებულები, რაც ხელს უწყობს კოგნიტური სფეროს განვითარებას.
– რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის ემოციურ-სოციალური სფეროს განვითარებისთვის თამაში?
– სხვადასხვა თამაშის დროს ბავშვებს ხშირად უხდებათ თავიანთ ემოციებთან გამკლავება, როგორიცაა მარცხის დროს გამოწვეული იმედგაცრუება ან სიბრაზის მართვა და დამშვიდება, სიხარულის გამოხატვა. ამ დროს ვითარდება ბავშვის ემოციური სფერო.
ასევე, აღსანიშნავია სოციალური სფეროს განვითარება, როდესაც სხვა ბავშვებთან ერთად თამაშის დროს ბავშვი ეცნობა ადამიანებთან ურთიერთობის ნორმებს, სწავლობს როგორ ითამაშოს სხვებთან კონფლიქტის გარეშე, იგი სწავლობს წარმოქმნილი კონფლიქტის მართვას, ან იმას, თუ როგორ დაიცვას საერთო შეთანხმებები ან წესები, ისწავლოს დათმობა ან საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სოციალურად მისაღები ფორმით.
თამაშის დროს, ვითარდება მორალური სფეროც, როდესაც ბავშვი აცნობიერებს და გადაწყვეტილებებს იღებს გარკვეული მორალური დილემების წარმოქმნის დროს, სხვებთან ურთიერთობისას სწავლობს ღირებულებების გათვალისწინებას და სხვისი პოზიციიდან სიტუაციის დანახვას.
– როგორია ბავშვის ასაკის მიხედვით თამაშის სახეები და ეტაპი?
– ასაკის მიხედვით გამოიყოფა თამაშის სხვადასხვა ეტაპები.
- თავდაპირველ ეტაპზე, ჩვილობის პერიოდში, ბავშვები ძირითადად მარტო თამაშობენ. ისინი თამაშობენ ირგვლივ არსებული ნივთებით, მშობლებთან და ოჯახის წევრებთან. შეიცნობენ საკუთარ სხეულს, გარშემო საგნებს, მათ ფორმას, ხმას და ტექსტურას.
- 2-3 წლის ასაკამდე ისინი თანატოლების გარემოცვაში თამაშს იწყებენ და შესაძლოა დაიწყონ მათი მიბაძვა. აწყობენ ფაზლებს, კუბებით აშენებენ კოშკს, თამაშობენ ქვიშაში და ა.შ.
- 3 წლიდან ბავშვები იწყებენ სხვა ბავშვებთან ერთად ორმხრივ თამაშს. ეს კი ხელს უწყობს კოგნიტური, მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. ბავშვები იწყებენ როლურ თამაშებს, რაც ავითარებს წარმოსახვის უნარს (თოჯინის მოვლა, საჭმლის მომზადება და სხვა). თამაშისას ბავშვს გადააქვს ყოველდღიური აქტივობები, რაც სძენს მას ახალ გამოცდილებებს, რომელთაც იგი ყოველდღიურ, რუტინულ საქმიანობაში გამოიყენებს.
- შემდეგ მოდის სოციალურ-როლური თამაშები, როდესაც ბავშვები თამაშობენ ისეთ თამაშებს, სადაც მათ აქვთ სხვადასხვა როლი (ექიმობანა, მასწავლებლობანა, დედა-შვილობანა და სხვა).
- მომდევნო ეტაპი გახლავთ წესებიანი თამაშები, რომლის დროსაც სხვადასხვა თამაშს აქვს თავისი წესები, თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა, ასევე თამაშები რომელსაც ჰყავს გამარჯვებული და დამარცხებული. ისინი სწავლობენ ლიდერის (კაპიტნის) დემოკრატიულად არჩევას, ერთობლივად უხარიათ, სწავლობენ როგორ მოერგონ ჯგუფს, უვითარდებათ წარმოსახვა და აბსტრაქტული მოსაზრებები.
- სპეციალურად სტრუქტურირებული თამაშების გამოყენებით ბავშვს უვითადება ლოგიკური აზროვნება და ქმნის სპეციალურ საგანმანათლებლო სიტუაციებს, სადაც ეუფლება ინტელექტუალურ პროცესებს.
– თამაშთან ერთად რამდენად საყურადღებოა იმ ადგილის მოწყობაც, სადაც ბავშვმა უნდა ითამაშოს?
– მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს სათამაშოდ გამოყოფილი სივრცე, სადაც ის კომფორტულად იგრძნობს თავს, არ იქნება აღნიშნული სივრცე სათამაშოებით გადატვირთული, ვინაიდან ბევრი სათამაშო ბავშვს აკარგვინებს ინტერესს. კარგი იქნება პერიოდულად სათამაშოების ჩანაცვლება და ნაცნობი სათამაშოებით თავიდან დაინტერესება.
თამაში ხელს უწყობს უფრო ჯანსაღ ბავშვობას, ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას და ამავდროულად მეტყველების უნარის სტიმულირებას. თამაშის საშუალებით ბავშვები აჩვენებენ თავიანთ ინტერესებს, იკვლევენ და სწავლობენ გადაწყვეტილებების მიღებას კონკრეტულ სიტუაციებში, უკეთ ეცნობიან გარემოს და ადამიანურ ურთიერთობებს, ქმნიან თავიანთ ქცევას, ხდებიან ცხოვრებისეულად დამოუკიდებლები და უამრავ შეკითხვაზე იღებენ პასუხს. ბავშვები იკმაყოფილებენ ცნობისმოყვარეობას, ამდიდრებენ წარმოსახვას, ასევე ავითარებენ რეფლექსიებს და სხვა. თამაშები დადებითად მოქმედებს თითოეული ადამიანის აღზრდასა და განვითარებაზე. ისინი გართობის ფორმაა, რომელიც დადებითად მოქმედებს სოციალიზაციაზე, მორალურ, ემოციურ, ფიზიკურ განვითარებასა და ჯანმრთელობაზე.