როგორ დავამარცხოთ შარდის ბუშტის ანთება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავამარცხოთ შარდის ბუშტის ანთება

ცისტიტი უროლოგიური პრობლემაა, მაგრამ მიზეზი, რომელსაც ყველაზე ხშირად მივყავართ მის განვითარებამდე, - ვაგინალური მიკროფლორის დარღვევა, - გინეკოლოგიის კომპეტენციის სფეროა. ცისტიტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა და ამიტომ დიდ სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.

- როგორი შეიძლება იყოს ცისტიტი?

- ცისტიტის კლასიფიკაცია შეიძლება სხვადასხვა კუთხით:

  • მიმდინარეობის მიხედვით ის მწვავეა ან ქრონიკული;
  • წარმოშობის მიხედვით - პირველადი ან მეორეული;
  • ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით - ინფექციური, ქიმიური, სხივური, ალერგიული და სხვა;
  • ლოკალიზაციისა და ანთებითი პროცესის გავრცელების მიხედვით - კეროვანი ან დიფუზური. ცალკე გამოყოფენ შარდის ბუშტის ყელის ტრიგონიტს - სამკუთხედის ზონის ანთებას;
  • მორფოლოგიური ცვლილებების ხასიათის მიხედვით - კატარული, ჰემორაგიული, წყლულოვანი, განგრენოზული, ინტერსტიციული და სხვა.

პრინციპულად მნიშვნელოვანია პირველადი და მეორეული ცისტიტების გარჩევა, რადგან ისინი სხვადასხვანაირ მკურნალობას მოითხოვს. გოგონებთან უმეტესად პირველადი ცისტიტი გვხვდება, ბიჭებთან - მეორეული.

- მწვავე და ქრონიკული ცისტიტი ახსენეთ. რა განსხვავებაა მათ შორის?

- მწვავე ცისტიტი ყველაზე გავრცელებული უროლოგიური დაავადებაა. გაურთულებელი ცისტიტის დროს ზიანდება მხოლოდ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსი, უფრო ღრმად მიკროორგანიზმები აღარ ვრცელდება. ქრონიკული ცისტიტი როგორც დამოუკიდებელი დაავადება, შეიძლება ითქვას, არ არსებობს. უმეტესად მას მეორეული ხასიათი აქვს - წარმოადგენს საშარდე სისტემაში უკვე არსებული დაავადების (ქრონიკული პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, პროსტატის ადენომის, დივერტიკულის, შარდის ბუშტის კიბოს და სხვათა) გართულებას.

- რა კლინიკური სიმპტომებია მოსალოდნელი ცისტიტის დროს?

- შარდის ბუშტის ანთება, უპირველესად, გამოიხატება შარდვის გახშირებით. ამ დროს სიხშირე არ შეესაბამება გამოყოფილი შარდის რაოდენობას. ხშირად აღნიშნავენ ტკივილს შარდვის დასასრულს. ზოგჯერ შარდში სისხლი ჩნდება. მწვავე ცისტიტის დროს იმატებს ტემპერატურა, თავს იჩენს ტკივილი მუცლის ქვედა არეში. თუ განვითარდა ცისტიტის ყელის ფორმა, აღინიშნება შარდის შეუკავებლობის ეპიზოდებიც. მწვავე ცისტიტი იწყება მოულოდნელად, ორგანიზმის გადაცივებიდან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. რაც უფრო ძლიერია ანთება, მით უფრო ხშირია მოშარდვის სურვილი და ინტენსიურია ტკივილი. მძიმე ფორმების დროს ავადმყოფი ყოველ 20-30 წუთში ერთხელ შარდავს. მწვავე ცისტიტის დროს ტკივილი ბოქვენზედა არეში მოშარდვის აქტისგან დამოუკიდებლად შეიგრძნობა, ხოლო შარდის ბუშტის საპროექციო არე პალპაციით მკვეთრად მტკივნეულია. მუდმივი ტკივილის იმპულსები შეშუპებული ლორწოვანი გარსიდან იწვევს დეტრუზორის (შარდის ბუშტის კუნთების) შეკუმშვას და ბუშტშიდა წნევის მომატებას, ცოტაოდენი შარდის დაგროვებაც კი მოშარდვის დაუძლეველ სურვილს წარმოშობს. ბიჭებში ხშირად გვხვდება შარდის მწვავე შეკავება, რაც განპირობებულია შარდის გავლით ანთებადი შარდის ბუშტის ყელთან. ამ დროს ტკივილები შესაძლოა გადაეცეს შორისის არის, უკანა ტანისა და ასოს თავის მიმართულებით. ქრონიკული ცისტიტის დროს კლინიკური სურათი ისეთივეა, როგორიც მწვავე ცისტიტის დროს, ოღონდ ნაკლებად მკვეთრი.

- მოსახლეობის რომელ ჯგუფში გვხვდება ეს პათოლოგია ყველაზე მეტად?

- შარდის ბუშტის ანთება გაცილებით ხშირად ემართებათ ქალებს. მაგალითად, ყოველ ქალზე მწვავე ცისტიტის წელიწადში 0,5-0,7 შემთხვევა აღირიცხება, მაშინ როდესაც მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 1000-ზე 6-8 ეპიზოდს შეადგენს. გოგონები ცისტიტით შესაბამისი ასაკის ვაჟებზე 3-4-ჯერ მეტად ავადობენ. განსაკუთრებით ხშირია ეს დაავადება 4-დან 12 წლამდე ასაკის გოგონებთან.

- რისი ბრალია ასეთი განსხვავება?

- ამის მიზეზია ქალის შარდსასქესო სისტემის აგებულების ანატომიურ-ტოპოგრაფიული თავისებურებები: მოკლე შარდსადინარი, საშოსა და ანუსის სიახლოვე შარდსადინარის გარეთა ხვრელთან. ასეთი განლაგება ქმნის საუცხოო პირობებს პათოგენური მიკროფლორის ურეთრისა და შარდის ბუშტისკენ გასავრცელებლად. მამაკაცებში შარდის ბუშტის ინფიცირება მოსალოდნელია პროსტატის, სათესლე ბუშტუკების, სათესლე ჯირკვლის დანამატისა და შარდსადინარში არსებული ანთების კერებიდან.


- რომელი მიკროორგანიზმები იწვევს ცისტიტს?

- ცისტიტი შესაძლოა გამოიწვიოს:

  • ნაწლავის ჩხირმა;
  • სტაფილოკოკმა;
  • პროტეუსმა;
  • სტრეპტოკოკმა;
  • მიკოპლაზმამ;
  • ვირუსებმა;
  • ქლამიდიამ;
  • ტრიქომონამ;
  • Candida-ს ჯგუფის სოკომ.

ეს გამომწვევები შარდის ბუშტში სხვადასხვანაირად ხვდება:

  • აღმავალი გზით (შარდსადინარის ხვრელიდან);
  • დაღმავალი გზით (თირკმელებიდან);
  • ლიმფოგენური გზით (მეზობელი ორგანოებიდან);
  • ჰემატოგენური გზით (დაშორებული ორგანოებიდან);
  • უშუალოდ (პირდაპირ).

ინფექციის განვითარების აღმავალი გზა ყველაზე აქტუალურია.

- როგორ სვამენ შარდის ბუშტის ანთების დაიგნოზს?

- ანტიბაქტერიული მკურნალობისას მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესება და ტიპური კლინიკური სურათი საშუალებას გვაძლევს, ადვილად დავსვათ მწვავე ცისტიტის დიაგნოზი. როდესაც ცისტიტი ძნელად ექვემდებარება მკურნალობას და დაავადება ხანგრძლივდება, ქრონიკულდება, აუცილებელია მისი დიფერენცირება სხვა დაავადებებისგან: ტუბერკულოზისგან, უბრალო წყლულისგან, შისტოსომოზისგან, შარდის ბუშტის კიბოსგან, პროსტატის კიბოსგან და სხვა. ქრონიკული ცისტიტის დიაგნოზი ეფუძნება:

  • ანამნეზურ მონაცემებს;
  • სიმპტომებს;
  • შარდის მაკროსკოპიასა და მიკროსკოპიას;
  • ბაქტეროლოგიურ მონაცემებს;
  • ცისტოსკოპიურ კვლევას;
  • ქვედა საშარდე გზების ფუნქციური მდგომარეობის შესწავლას.

ამ დროს სისხლის საერთო ანალიზი ავლენს უმნიშვნელო ლეიკოციტოზს, შარდის საერთო ანალიზი - ჭეშმარიტ ბაქტერიურიას, ლეიკოციტურიას, გამორიცხული არ არის ერითროციტურია, პროტეინურია და ეპითელური უჯრედების მომატება. ულტრაბგერითი კვლევა წარმოაჩენს შარდის ბუშტის კედლების გასქელებას, შიგთავსის არაჰომოგენურობას, ცისტოსკოპია - ლორწოვანის ჰიპერემიასა და შეშუპებას. ქალებთან დიაგნოსტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასქესო ორგანოს გამოკვლევა. გეგმურ შემოწმებათა ნუსხაში უნდა შედიოდეს სქესობრივი ინფექციებისა და საშოს მიკროფლორის კვლევა.

- როგორ იღებენ შარდს ანალიზისთვის?

- ანალიზისთვის შარდი უნდა ავიღოთ საფუძვლიანი ჰიგიენური ტუალეტის შემდეგ. გამოსაკვლევად საჭიროა შარდის ნაკადის შუა ულუფა. სასურველია, შარდი დილისა იყოს.

- ხშირად გაგვიგონია, რომ ცისტიტი ახალგათხოვილი ქალების ხვედრია. მართალია თუ არა?

- მართალია. არსებობს ასეთი ტერმინიც - „თაფლობის თვის ცისტიტი”. ის გულისხმობს ცისტიტის სიმპტომების აღმოცენებას დეფლორაციის შემდეგ. საქმე ის არის, რომ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ქალიშვილს ზოგჯერ ერღვევა საშოს მიკროფლორა. პირველი სქესობრივი აქტის დროს ეს მიკროფლორა დიდი რაოდენობით ხვდება შარდსადინარსა და შარდის ბუშტში. მათი კედლები მზად არ არის ასეთი შეტევისთვის და იწყება ანთებითი პროცესი.

- ორსულობასაც ხომ არ უკავშირდება ცისტიტის განვითარება?

- ორსულობა რთული ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმში ჰორმონული და ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება. ამ დროს სუსტდება ორგანიზმის იმუნური სისტემა, რაც მას უფრო უმწეოს ხდის ინფექციური დაავადებების, მათ შორის - ცისტიტის, მიმართ. ორსულობის ადრეულ სტადიებზე ცისტიტის გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თვით დაავადების მკურნალობისთვის, ისე ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის და გართულებების თავიდან ასაცილებლადაც. კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ ორსულობისას დარღვეულია შარდის გამოყოფა, რამაც შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს პროცესს. ცისტიტი შესაძლოა განვითარდეს როგორც მშობიარობის პერიოდში, ისე მის შემდეგაც. ორსულობისას ცისტიტის განვითარების შემთხვევაში ქალმა უნდა მიმართოს სპეციალისტს. არ შეიძლება მედიკამენტების უკონტროლო მიღება - ამან შეიძლება ავნოს ორსულობის ნორმალურ პროცესს.


- როგორ მკურნალობენ ცისტიტს?

- მწვავე ცისტიტის დროს აუცილებელია წოლითი რეჟიმი. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და გამაღიზიანებელი საკვები. საჭიროა სითხის (მინერალური წყლის, წვენების) უხვი მიღება - დაახლოებით 2 ლიტრისა დღე-ღამეში. დიდ შვებას იძლევა სათბურა შარდის ბუშტის საპროექციო არეში და ცხელი აბაზანები. ანტიბიოტიკოთერაპია მწვავე ცისტიტის დროს უკეთესობას სულ 3-4 დღის შემდეგ იწვევს, მაგრამ რეციდივის თავიდან ასაცილებლად ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა 2-3 კვირაზე ნაკლებ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. მწვავე ცისტიტის დროს შარდის ბუშტში სამკურნალო საშუალებების ინსტალაცია უკუნაჩვენებია. ქრონიკული ცისტიტის დროს, რომელიც უმეტესად მეორეულია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძირითადი მიზეზის აღმოფხვრას, რომელიც ანთების მიმდინარეობას უწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს შარდის ბუშტის კენჭი, დივერტიკული, პროსტატის ადენომა, შარდსადინარის შევიწროება და სხვა. ქრონიკული ცისტიტის მკურნალობა საჭიროა კომპლექსურად:

  • ანტიბიოტიკებით;
  • ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატებით;
  • ვიტამინებით;
  • იმუნური სისტემის გამაძლიერებლებით და სხვა მედიკემანტებით, რომლებიც ინდივიდუალურია ყველა პაციენტისთვის და სპეციალისტმა უნდა დანიშნოს.

თუ ქრონიკული ცისტიტი გართულებულია შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსით, ბუშტის ყელის სკლეროზით, შარდსადინარის დისტალური ნაწილის სტენოზით და სხვა, უპირატესობა უნდა მიენიჭოს მკურნალობის ოპერაციულ მეთოდს.

- რა ართულებს ცისტიტის მკურნალობას?

- ცისტიტის მკურნალობის სირთულე გამოწვეულია მრავალი ფაქტორით. უმეტესად ეს ფაქტორები ერთმანეთს ერწყმის, რაც უფრო მეტად ართულებს მკურნალობას. ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია თვითმკურნალობა და სპეციალისტთან დაგვიანებით მისვლა. არასწორად შერჩეული წამალი უეფექტოა და ხელს უწყობს პროცესის გავრცელებას და გაქრონიკულებას, ამასთან ერთად კი ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი შტამების წარმოშობას. უკანასკნელ ხანს გაჩნდა სანდო მონაცემები ცისტიტის განვითარებაში უროგენიტალიური ინფექციების ატიპური გამომწვევების დიდი როლის შესახებ. მიაჩნიათ, რომ ქრონიკული უროგენიტალიური ინფექციები ხელს უწყობენ რეზისტენტობის ჩამოყალიბებას, ადგილობრივი ფაქტორების დეკომპენსაციისა და იმუნური სისტემის დასუსტებას. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები ნათლად მიგვანიშნებს, რა სერიოზული პრობლემაა ცისტიტი და რაოდენ რთულია მისი მკურნალობა.

- საჭიროა თუ არა ბაქტერიოგრამის გაკეთება ცისტიტის მკურნალობისთვის?

- ცისტიტის მკურნალობა ეფექტური და შედეგიანი რომ იყოს, აუცილებელია ინფექციის გამომწვევი მიკრობის ვერიფიცირება, ეს კი შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის გარეშე ვერ მოხერხდება. უფრო მეტიც - თუ საშუალება არის, რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიისთვის 2-3-ჯერადი ბაქტერიოლოგიური კვლევა უკეთესია.

- შესაძლებელია თუ არა ცისტიტის პროფილაქტიკა? რას გვირჩევდით ამ დაავადების პრევენციისთვის?

- ცისტიტის პროფილაქტიკა გულისხმობს ელემენტარული წესების დაცვას შარდსასქესო სისტემის სწორი ფუნქციობისთვის და იმ მიზეზების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უწყობს დაავადების აღმოცენებასა და განმეორებას. რეკომენდაციები ასეთია:

  • ერიდეთ სხეულის გადაცივებას (გაციებას);
  • მაღალ დონეზე შეინარჩუნეთ იმუნიტეტი;
  • მუდამ დაიცავით პირადი და სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა;
  • დროულად და სრულად დაიცალეთ შარდის ბუშტი. ეს ხელს შეუწყობს ბუშტში მოხვედრილი ბაქტერიების გამოძევებას;
  • სქესობრივ აქტამდე და მის შემდეგ დაიცალეთ შარდის ბუშტი. სქესობრივი აქტის შემდეგ შარდის გამოყოფა გამორეცხავს შარდსადინარ გზებზე მოხვედრილ მიკრობებს;
  • იკვებეთ სწორად;
  • ყურადღება მიაქციეთ სეზონურ ჩაცმულობას;
  • ნუ ჩაიცვამთ მოჭერილ ტანსაცმელს - ის ხელს უშლის მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში სისხლის მიმოქცევას;
  • ნუ ჩაიცვამთ სინთეტიკური მასალისგან დამზადებულ ქვედა საცვლებს.

ეს ყოველივე, სწორად შერჩეულ მედიკამენტებთან ერთად, თავიდან აგაცილებთ ცისტიტის წარმოშობასა და გამეორებას.

amyloidosis