ვარ 50 წლის მამაკაცი. ექიმებმა დამიდგინეს ქრონიკული სურდო და შუა ყურის ანთება. ამ დაავადებების გამო სმენა დამიქვეითდა. მუდმივად მაქვს ყურიდან ჩირქოვანი გამონადენი. როგორც ექიმმა მითხრა, მოასწარი, თორემ ძვალი დაგეშლებოდა და ტვინის ანთებას ვერ გადაურჩებოდიო. გარდა ამისა, მაქვს ოტოსკლეროზიც. გთხოვთ ამიხსნათ, რას წარმოადგენს ეს პათოლოგიები და როგორ მკურნალობენ მათ.
ჩემს 12 წლის შვილს უკვე მერამდენე წელია აქვს ნუშურა ჯირკვლების ანთება. დამყავს ექიმთან, რომელმაც მას ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზი დაუსვა, მაგრამ პროცესმა თანდათან ჩაითრია ყურიც და ბავშვს სმენა დაუქვეითდა. გთხოვთ აგვიხსნათ, რა პათოლოგიაა
ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიებს შორის ქსოვილის რღვევით მიმდინარე დაავადებები საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს. გარდა სიმსივნური პათოლოგიებისა, რომლებსაც ამჯერად არ შევეხებით, ამ მხრივ საყურადღებოა ქრონიკულად
ყელის ქრონიკული დაავადებები
ყელის ქრონიკული დაავადებები უამრავ პათოლოგიას მოიცავს, მათ შორის - ხორხის, ხახის, სასის თანდაყოლილ თუ შეძენილ ანომალიებს, სიმსივნურ დაავადებებს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ქრონიკული ტონზილიტი, ფარინგიტი და ლარინგიტია.
რა არის ქრონიკული ტონზილიტი?
ტონზილიტი სასის ტონზილების ანუ ნუშურა ჯირკვლების ანთებაა. ქრონიკული ტონზილიტისთვის დამახასიათებელია სასის ტონზილებისა და მათ გარშემო არსებული ქსოვილების მუდმივად გამოხატული ცვლილებები, სხვადასხვა სიხშირის ადგილობრივი გამწვავება (ანგინა) და გართულებები გულის, სახსრების, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების და სხვა ორგანოთა მხრივ. ბოლო ხანს შეიმჩნევა ამ დაავადების გახშირების ტენდენცია. ქრონიკული ტონზილიტი ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ უმეტესად ბავშვები ავადობენ. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, უფრო სწორად, იგი მწვავდება შემოდგომაზე და ზამთარში, როცა ჰაერის ტემპერატურა დაბალია, ადამიანი ადვილად ცივდება და გრიპის ეპიდემიაც მძვინვარებს. ქრონიკული ტონზილიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ხშირი ანგინა და ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლებიც ლიმფოიდური ქსოვილის დაზიანებით მიმდინარეობს. ქრონიკული ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის გაძნელება (ადენოიდები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია), ახლომდებარე ქსოვილებში არსებული ინფექციური კერები - კარიესული კბილები, ჩირქოვანი სინუსიტები, ქრონიკული ადენოიდიტი და სხვა. სასის ტონზილებზე პათოლოგიური აგენტების მუდმივი ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა მცირდება. ნუშურების ქსოვილში მიმდინარეობს ცვლილებები, რომელთა საფუძველზე ორგანიზმი საკუთარი თავის მიმართ აგრესიას იჩენს. ქრონიკული ტონზილიტის გავრცელებული ნიშანია პირიდან ცუდი სუნი. საზოგადოდ კი ქრონიკული ტონზილიტის სიმპტომები მის ფორმაზეა დამოკიდებული. კომპენსირებული ტონზილიტის დროს პროცესი ლოკალიზებულია სასის ტონზილებში. ამ დროს შეინიშნება ადგილობრივი ცვლილებები; ნუშურების ლაკუნებში ბაქტერიებსა და ლიმფოციტებთან ერთად გროვდება ჩამოფცქვნილი ბრტყელი ეპითელიუმი და ფიბრინი ანუ ჩირქი. ამ ხაჭოსებრ ჩირქოვან მასას საცობებს უწოდებენ. ასეთ ლაკუნებში ვირუსებისა და ბაქტერიების გამრავლებისთვის საუკეთესო პირობები იქმნება. ამ დროს აუცილებელია მკურნალობა. კომპენსირებული ფორმის დროს უფრო მეტად კონსერვატიული მკურნალობაა მიღებული. ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის შემთხვევაში ინფექცია სცდება სასის ტონზილების ფარგლებს და მთელ ორგანიზმში ვრცელდება. ახასიათებს ხშირი გამწვავება ანგინით, დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინებით, აგრეთვე - ქრონიკული ინტოქსიკაციის მოვლენები: საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, სახსრების ტკივილი, დაბალი სიცხეები, - ზოგჯერ კი გართულებებიც გულის, თირკმელების, სახსრების, ნერვული სისტემის მხრივ. ქრონიკულ ტონზილიტს დღესდღეობით 100-ზე მეტ დაავადებას უკავშირებენ. მათ შორის - ყელის რბილი ქსოვილების აბსცესს, რევმატიზმს, გულის რევმატულ მანკებს, ქრონიკულ გლომერულონეფრიტს, საშვილოსნოს დანამატების ქრონიკულ ანთებას. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში მოსალოდნელია სისხლის ინფიცირება (სეფსისი) და სხვა. ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის დროს ნაჩვენებია ტონზილექტომია.
ამოვიკვეთოთ თუ არა?
წინათ ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთა ერთადერთ მართებულ მიდგომად მიიჩნეოდა, ახლა კი ფიქრობენ, რომ უმჯობესია მათი შენარჩუნება, თუ ისინი სხვა ორგანოებისთვის ინფექციის ქრონიკულ წყაროდ არ გადაიქცევა. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სამ მიმართულებას:
- ანტიბაქტერულ თერაპიას;
- სასის ტონზილების სანაციას (გამორეცხვას);
- ფიზიოთერაპიას, უმთავრესად - ლაზერითა და ულტრაბგერით ზემოქმედებას.
მარტივი ფორმების დროს ტონზილების ლაკუნებს სადეზინფექციო ხსნარით გამორეცხავენ და საცობებისგან ათავისუფლებენ. ამის შემდეგ ტონზილების ზედაპირს იოდგლიცერინით ამუშავებენ, ანდა ლაკუნებში შეჰყავთ ჟელეს ტიპის ანტისეპტიკური ან ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. შედეგიანია ფიზიოთერაპია (ულტრამაღალი სიხშირის სხივებით). ასეთი მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივ რემისიას იწვევს. ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობის დროს დიდი ყურადღება ექცევა ორგანიზმის თავდაცვითი ძალების სტიმულირებას (ცხოვრების ჯანსაღი წესი, რაციონალური კვება, გაკაჟება, სამკურნალო ფიზკულტურა). ზოგჯერ იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატებიც ინიშნება.