კბილების დაავადებები როგორც სინუსიტის მიზეზი
ამ ტიპის სინუსიტი შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ცხვირის ღრუდან სინუსში (წიაღში) შემავალმა ინფექციამ, არამედ სტომატოლოგიურმა დაავადებებმაც. დიახ, კბილების პათოლოგიამ შეიძლება დასაბამი მისცეს ჰაიმორიტს.
რა არის ოდონტოგენური სინუსიტი?
ოდონტოგენური ჰაიმორიტი ეწოდება სინუსიტს, რომელიც წარმოიქმნება კბილების დაზიანების გამო. ის მთლიანობაში ჰაიმორიტის შემთხვევათა ნახევარს შეადგენს. პათოლოგიის მიზეზი ზედა ყბის კბილების ფესვების მდებარეობის ანატომიური თავისებურებებია. თუ ფესვები ახლოსაა ლოკალიზებული ზედა ყბის სინუსთან, მაშინ მათ ირგვლივ ნებისმიერმა ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს საპასუხო ანთებითი რეაქცია სინუსში.
მაინც რა აძლევს დასაბამს სინუსიტს? საქმე ისაა, რომ ჰაიმორის წიაღები ზედა ყბის ძვალში ცხვირის ორივე მხარეს განთავსებული ღრუებია. ისინი დაკავშირებულია ცხვირის ღრუსთან, რის გამოც ინფექცია ადვილად აღწევს სინუსების ლორწოვან გარსში. გარდა ამისა, თითოეულ ადამიანს აქვს ზედა ყბის ანატომიური სტრუქტურის ინდივიდუალური მახასიათებლები. შესაბამისად, განსხვავდება როგორც სინუსების მოცულობა, ისე მათთან კბილების ფესვების მდებარეობაც. არსებობს კატეგორია, რომელსაც ზედა ყბის სინუსსა და კბილის ფესვებს შორის სივრცე ძვლოვანი ქსოვილით აქვს ამოვსებული, ასეთ ადამიანებს ოდონტოგენური სინუსიტი ფაქტობრივად არ ემუქრებათ. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ზედა ყბის კბილების ფესვები ჰაიმორის წიაღის ფსკერთან აქვთ განთავსებული, ზოგიერთების ფესვები კი პირდაპირ სინუსში შედის. ამ შემთხვევაში დაავადებული კბილიდან სინუსების ლორწოვან გარსზე ინფექციის გადატანის რისკი გაცილებით დიდია.
ისიც საყურადღებოა, რომ საპირისპირო პროცესი არ ხდება – სინუსებიდან ინფექციის გადატანა კბილების ფესვებში შეუძლებელია, ასე რომ სინუსიტის გამო კბილის ტკივილი არარეალურია. სინუსიტს შეუძლია გამოიწვიოს დისკომფორტი ზედა ყბის კბილების მიდამოში, მაგრამ წიაღში მიმდინარე ანთებითი პროცესი არ იწვევს კბილების დაზიანებას.
კბილების დაავადებები, რომლებიც სინუსიტს იწვევენ
უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვეულებრივი კარიესი არ შეიძლება გახდეს სინუსიტის მიზეზი. კარიესი კბილის მყარი ქსოვილების დაზიანებაა, ის მათ მიღმა არ ვრცელდება და მით უფრო, ვერ ხვდება ძვლოვან ქსოვილში. თუმცა არანამკურნალებ კარიესს მოსდევს გართულებები, რომლებიც უკვე ზედა ყბის სინუსების ანთების მიზეზი ხდება.
თუ კბილების ფესვები ძალიან ახლოს არის განთავსებული სინუსის ფსკერთან, მაშინ ჩვეულებრივი პულპიტის გამწვავებაც კი შეიძლება გახდეს მწვავე სინუსიტის საფუძველი. პულპიტი შორს წასული კარიესის ხშირი გართულებაა, როდესაც კარიესული დაზიანება აღწევს კბილის პულპაში, რომელშიც განთავსებულია ნეიროვასკულური ღერო (იგივე შეკვრა, კონა).
ჰაიმორის წიაღის დაინფიცირების მეორე ხშირი მიზეზი კბილის ფესვის წვეროსთან ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული ანთებაა. ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება გრანულომები ან რადიკულური კისტები. გრანულომა არის კბილის ფესვის წვეროსთან არსებული ანთებითი წარმონაქმნი, ხოლო რადიკულური კისტა – იმავე ადგილას ლოკალიზებული ღრუ წარმონაქმნი, ამოვსებული კისტოზური სითხით (შიგთავსით). კისტა და გრანულომა არღვევენ ძვლოვან ქსოვილს კბილის ფესვის მწვერვალთან. ზრდის კვალად ისინი აღწევენ სინუსის ფსკერს და აინფიცირებენ მას.
მესამე მიზეზი არის სიბრძნის კბილის ჩანასახის არანორმალური პოზიცია (მდებარეობა) ზედა ყბაში. სიბრძნის კბილის ჩანასახი ასევე იწვევს გარშემო ქსოვილების ანთებას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სინუსზე.
გარდა ამისა, ჰაიმორიტი შეიძლება განვითარდეს კბილის ფესვის არხის დამუშავებისას. როდესაც კბილის ფესვსა და ყბის სინუსს შორის არ არის ძვლოვანი ძგიდე, სტომატოლოგმა, ფესვის არხის მკურნალობისას, შეიძლება შემთხვევით დააზიანოს წიაღის ლორწოვანი გარსი, შეიყვანოს ინფექციური აგენტი სინუსში. მსგავსი სიტუაცია შეიძლება განვითარდეს შევსების მასალის გამოყენების დროსაც.
როდესაც ანატომიურად ადამიანს არ აქვს ძვლოვანი ბარიერი, ექიმს შეუძლია მანიპულირებისას შეიჭრას სინუსის ღრუში და მის ირგვლივ ანთებითი პროცესის განვითარებას მისცეს დასაბამი. სინუსიტი შეიძლება განვითარდეს ასევე ზედა ყბის კბილების ამოღებისას, თუ მათი ფესვები უკავშირდება ყბის სინუსს.
ოდონტოგენური ჰაიმორიტის მკურნალობა
თავდაპირველად აუცილებელია სინუსიტის გამომწვევი მიზეზის იდენტიფიცირება – ოდონტოგენური ფაქტორის გარდა, ის შეიძლება გამოწვეული იყოს სახისა და ყბის ტრავმით, ცხვირის ღრუში მიმდინარე ინფექციური პროცესებით, სისხლით ინფექციის შეჭრა-შეღწევით და სხვა. სინუსიტის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმაციული დიაგნოსტიკური მეთოდია კონუსურ-სხივური კომპიუტერული ტომოგრაფია. ამ კვლევით მიღებული სურათების მიხედვით ექიმს შეუძლია შეისწავლოს (შეაფასოს) ყბის სინუსების, ცხვირის ძგიდისა და კბილების ფესვების მდგომარეობა, გაარკვიოს, არის თუ არა ფესვები განთავსებული სინუსების ფსკერთან.
თუ საქმე კბილების დაავადებებშია, პირველ რიგში, საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია და დაზიანებული კბილების მკურნალობა, ინფექციისა და ანთების კერის აღმოფხვრა. ხშირად სინუსიტი ქრება კბილის ფესვებში ანთებითი პროცესის აღმოფხვრისა და კისტის მკურნალობის შემდეგ.
კბილის არხებიდან სინუსებში შეღწევისას პათოგენური მიკროორგანიზმები (ყველაზე ხშირად სოკო) მრავლდებიან და დასაბამს აძლევენ ანთებას. ამიტომაც პირველ ეტაპზე საჭიროა დაავადებული კბილების მკურნალობა, მეორე ეტაპზე კი ერთვება ოტორინოლარინგოლოგი ჰაიმორის წიაღის სამკურნალოდ – ინფექციისგან სინუსის გასაწმენდად და თერაპიული კურსის დასანიშნად.
აღსანიშნავია, რომ ოდონტოგენური სინუსიტით ავადდებიან მხოლოდ მოზრდილები ან მოზარდები, რომლებსაც უკვე ამოსული აქვთ მუდმივი კბილები. სარძევე კბილებს ძალიან პატარა ფესვები აქვთ, შესაბამისად, ისინი ვერ აღწევს წიაღების ფსკერს. გარდა ამისა, სარძევე კბილების ქვეშ ყბის ძვალში განთავსებულია მუდმივი კბილები, რაც ასევე ხელს უშლის სარძევე კბილების ფესვებიდან სინუსებში ინფექციის შეღწევას. ამგვარად, ოდონტოგენური სინუსიტი ბავშვებს არ ემუქრება!