ქრონიკული რინიტი
მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები სხვადასხვა კომბინაციით:
- ცხვირით სუნთქვის გაძნელება (პერიოდულად ან მუდმივად);
- ლორწოვანი ან წებოვანი გამონადენი ცხვირიდან;
- ხახის უკანა კედელზე ლორწოს ჩადინება;
- ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე;
- ქერქების განვითარება ცხვირის ლორწოვანზე;
- ცხვირცემინება;
- ყნოსვის დაქვეითება;
- დუდღუნი (ე. წ. ცხვირში ლაპარაკი);
- ხვრინვა;
- ხველის შეტევა (ცხვირხახიდან ლორწოს ჩადინების გამო);
- სიმშრალე და წვის შეგრძნება ყელის არეში (პირით სუნთქვისა და ჩადინებული ლორწოს მიერ ხახის უკანა კედლის გაღიზიანების გამო).
არსებობს ქრონიკული რინიტის სხვადასხვა ფორმა:
ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტი – ცხვირის ნიჟარები გადიდებულია, პრაქტიკულად არ რეაგირებს სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებზე, ცხვირის სავალები შევიწროებულია. ჰიპერტროფია ანუ ცხვირის ნიჟარების გადიდება შეიძლება იყოს ლოკალური (გადიდებულია მხოლოდ წინა ან მხოლოდ უკანა ბოლო) და დიფუზური (გადიდებულია მთელი ნიჟარა).
ქრონიკული ატროფიული რინიტი – ლორწოვანი გარსი გამომშრალია, განლეულია, ცხვირის სავალები გაფართოებული, მათში ქერქებია განვითარებული. არსებობს ქრონიკული ატროფიული რინიტის განსაკუთრებული ფორმა – „ცარიელი ცხვირის სინდრომი“, რომლის დროსაც ლორწოვანი გარსი განლეულია (ატროფირებულია) ქსოვილთა კვების (ტროფიკის) მოშლის გამო. ის, ხშირად, ცხვირის ღრუზე ჩატარებული რადიკალური ოპერაციების შედეგად ვითარდება.
ალერგიული რინიტი – (როგორც სეზონური, ასევე მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე) ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის რეაქციაა სპეციფიკურ ალერგენებზე (სახლისა და მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ბეწვი და ა. შ.)
პროფესიული რინიტი – მავნე ნივთიერებათა შესუნთქვაზე განვითარებული რეაქციაა (ალერგია და გაღიზიანება). მავნე ნივთიერებათა ნუსხა ძალიან დიდია: საწარმოო მტვერი, ბიოორგანული ორთქლი, სხვადასხვა აირი, ქიმიური წარმოების პროდუქტები, კოსმეტიკური საშუალებები, ხის მტვერი, ლაბორატორიული ცხოველების ქერტლი და სხვა. აღნიშნულ ნივთიერებათა ხანგრძლივად ზემოქმედება თანდათანობით იწვევს ქრონიკული რინიტის განვითარებას.
არაალერგიული რინიტი ეოზინოფილური სინდრომით – ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა ალერგიული რინიტის მსგავსი, თუმცა, ამ დროს ალერგია არ ვლინდება. მიუხედავად ამისა, ცხვირის ღრუდან მიღებული გამონადენის მიკროსკოპიული ანალიზით განისაზღვრება ეოზინოფილები – ალერგიული რეაქციისათვის დამახასიათებელი უჯრედები.
ვაზომოტორული რინიტი – დაავადებაა, რომელიც უკავშირდება ცხვირის სტრუქტურების სისხლძარღვოვანი ტონუსის რეგულაციის დარღვევას და ლორწოვანი გარსის პერიოდულად შესიებას. შეიძლება იყოს იდიოპათიური (როდესაც კონკრეტული გამომწვევი მიზეზი ვერ დგინდება) ან სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით განპირობებული, კერძოდ:
- მედიკამენტური – სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთებისა და სპრეების ხანგრძლივად გამოყენების, ასევე ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღების შედეგად განვითარებული;
- ჰორმონული – რომელიც ორგანიზმში ჰორმონული ფონის ცვლილების საპასუხოდ აღმოცენდება (როდესაც შინაგანი სეკრეციის ანუ ენდოკრინული ჯირკვლის, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ირღვევა);
- კვებისმიერი – ალკოჰოლის, ასევე მეტისმეტად ცხელი ან ცხარე საკვების მიღების შედეგად განვითარებული;
- სიცივისმიერი – რომელიც ცივი ჰაერის შესუნთქვით, ტერფებისა და მტევნების მოყინვითაა გამოწვეული.
ცხვირის ღრუს ანატომიის დარღვევა (მაგალითად, ცხვირის ძგიდის გამრუდება) იწვევს ჰაერის ნაკადის გამავლობის დარღვევას ცხვირში. ეს უარყოფითად აისახება ცხვირის ნიჟარების ლორწოვან გარსზე. ჩვეულებრივ, ვითარდება ვაზომოტორული ან ჰიპერტროფიული რინიტი. ტიპურია შემდეგი სიტუაცია: პაციენტს გამრუდებული აქვს ცხვირის ძგიდე მარცხნივ. ამის გამო ცხვირის მარცხენა ნახევრით არასრულფასოვანი სუნთქვა მოჭარბებულ დატვირთვას იწვევს ცხვირის მარჯვენა ნახევარზე. ცხვირის ღრუს სტრუქტურები (კერძოდ, ნიჟარები) მოჭარბებული დატვირთვის საპასუხოდ სივდება, ზომა იმატებს (ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტი), რის შედეგადაც ცხვირის სავალი მარჯვენა მხარესაც ვიწროვდება. საბოლოოდ კი პაციენტი ორივე ნესტოთი ცუდად სუნთქავს, მიუხედავად იმისა, რომ ერთ მხარეს აღენიშნება ძგიდის გამრუდება.
არაალერგიული რინიტი უხშირესად უკავშირდება არაქიდონის მჟავას ცვლის დარღვევას. არაქიდონის მჟავა უჯერი ცხიმოვანი მჟავაა. ის ორგანიზმის მრავალი უჯრედის მემბრანის შემადგენლობაში შედის, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ანთებითი პროცესების განვითარებაში.
არაალერგიული რინიტი ეოზინოფილური სინდრომით პირველი ეტაპია ისეთი პათოლოგიების ჩამოყალიბებაში როგორებიცაა:
- ქრონიკული პოლიპოზური რინოსინუსიტი – ცხვირისა და ცხვირის მახლობელი წიაღების ანთება, რომელიც ხასიათდება პოლიპების განვითარებით, პათოლოგიურად შეცვლილი, შეშუპებული ლორწოვანი გარსით;
- ბრონქული ასთმა – ქვედა სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს წვრილი ბრონქების შეშუპება, ქოშინის, მსტვინავი ხიხინის, ხველისა და მკერდის არის შებოჭილობის თანხლებით.
- აცეტილსალიცილის მჟავას აუტანლობა.
ქრონიკული რინიტის დიაგნოსტიკა
ქრონიკული რინიტის დიაგნოსტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ფორმის განსაზღვრას, რადგან მასზეა დამოკიდებული მკურნალობის ეფექტურობა.
ყურადღება ექცევა:
- პაციენტის ჩივილებსა და ზოგად ანამნეზს: ცხვირის გაჭედილობა მუდმივად აღენიშნება პაციენტს თუ პერიოდულობით; აქვს თუ არა გამონადენი ცხვირიდან, სიმშრალე და ქერქები; რა საშუალებებს იყენებს და რა დროიდან; აქვს თუ არა ალერგია, გადატანილი ოპერაცია ცხვირზე. უჩივის თუ არა ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის ენდოკრინულს და სხვა.
- ზოგად დათვალიერებას: ალერგიული რინიტის დროს პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ თვალების გაწითლება, ცრემლდენა, ვაზომოტორული ფორმის დროს – ცხვირის წვერის, ხელის თითების სილურჯე და გაციება, გაძლიერებული ოფლდენა, სხეულის ტემპერატურის დაქვეითება, გულის შეკუმშვათა გაიშვიათება და სხვა.
- ცხვირის დათვალიერებას – რინოსკოპიას, მათ შორის ენდოსკოპიურს, ოპტიკური ტექნიკის გამოყენებით.
- სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებებით სინჯის ჩატარებას, რათა განისაზღვროს ლორწოვანი გარსის რეაქტიულობა (საპასუხო რეაქციის განვითარების შესაძლებლობა ზემოქმედებაზე, კონკრეტულად მოცულობის შემცირების უნარი).
- ცხვირხახის ენდოსკოპიურ დათვალიერებას ადენოიდებისა და სხვა წარმონაქმნების გასამორიცხად.
- რენტგენოლოგიურ და კიმპიუტერულ ტომოგრაფიულ კვლევას ცხვირის მახლობელი წიაღების ანთების – სინუსიტის გამოსარიცხად.
- რინომანომეტრიას – ცხვირში ჰაერის ნაკადის წინაღობის განსაზღვრას (ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ობიექტურად შეფასდეს ცხვირით სუნთქვის გაძნელება) სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებების მიღებამდე და შემდეგ. ამ მეთოდით მკურნალობის ეფექტურობასაც აფასებენ.
- ალერგიული სინჯების ჩატარებას ალერგიულ რინიტზე ეჭვის შემთხვევაში. სინჯებზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ცხვირიდან აღებული ნაცხის შესწავლას ეოზინოფილებზე.
ვაზომოტორული რინიტის დიაგნოზი ქრონიკული რინიტის ყველა სხვა ფორმის გამორიცხვის შემდეგ დგინდება.
როგორ მკურნალობენ ქრონიკულ რინიტს
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია ქრონიკული რინიტის ფორმაზე, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დიაგნოზის სწორად დასმას.
- ალერგიული რინიტის მკურნალობა გულისხმობს: ალერგენებთან კონტაქტის შეწყვეტას (შეძლებისდაგვარად), ადგილობრივი და ზოგადი მოქმედების ანტიალერგიული პრეპარატების, ჰორმონშემცველი ნაზალური (ცხვირის) სპრეების გამოყენებას, სპეციფიკურ იმუნოთერაპიას – ორგანიზმის ადაპტაციას ალერგენების თანდათანობით მზარდ კონცენტრაციებთან.
- ცხვირის ძგიდის გამრუდების შემთხვევაში მის ქირურგიულ გასწორებას (სეპტოპლასტიკას) მიმართავენ.
- ატროფიული რინიტის დროს ინიშნება ცხვირის დამატენიანებელი სპრეები, მედიკამენტები, რომლებიც აუმჯობესებს ლორწოვანი გარსის ტროფიკას (კვებას), დამარბილებელი ზეთოვანი წვეთები, ასევე, A, D და B ჯგუფის ვიტამინები, რკინის პრეპარატები.
- ვაზომოტორული რინიტის დროს რეკომენდებულია მაპროვოცირებელი ფაქტორებისაგან თავდაცვა, რეგულარულად ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, კონტრასტული შხაპი, სხვადასხვა სამკურნალო სპრეები ცხვირში შესასხურებლად.
- ზოგიერთ შემთხვევაში ეფექტურია ფიზიოთერაპია და ნემსორეფლექსოთერაპია.
რა უნდა გვახსოვდეს:
- რინიტის ყველა ფორმის დროს სასარგებლოა ცხვირის გამორეცხვა იზოტონური ხსნარით (რომელიც სისხლის პლაზმას შეესაბამება, მაგალითად, ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარით).
- სისლხლძარღვთა შემავიწროვებელი წვეთებისა და სპრეების (რომელიც ეფექტურად ხსნის ცხვირის გაჭედილობას) ხანგრძლივად გამოყენება კატეგორიულად უკუნაჩვენებია, რადგანაც იწვევს მედიკამენტზე დამოკიდებულებას და მედიკამენტური რინიტის ჩამოყალიბებას. ეს უკანასკნელი კი ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.
- ცხვირით სუნთქვის მუდმივად გაძნელება მთელი ორგანიზმის ჟანგბადოვან შიმშილს განაპირობებს. საწყის ეტაპზე აღნიშნული ჰიპოქსია თავის ტკივილით, სწრაფად დაღლით, ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევით ვლინდება, დროთა განმავლობაში კი გულის, სიხლძარღვებისა და სხვა ორგანოთა პათოლოგიებს აძლევს დასაბამს.
- ცხვირით სუნთქვის დარღვევამ ძილში შესაძლოა ობსტრუქციული აპნოეს სინდრომის განვითარება გამოიწვიოს. ეს უკანასკნელი ძილში სუნთქვის გაჩერებაა, რაც მეტად სახიფათოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და მთლიანად ორგანიზმისათვის სხვადასხვა გართულებათა გამო.
ამიტომაც აუცილებელია ცხვირის სტრუქტურათა ანომალიის დროულად კორექცია და საზოგადოდ, ყელ-ყურ-ცხვირის პრობლემათა სათანადოდ მკურნალობა.