„კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა პაციენტთან სწორი კომუნიკაცია!“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„კვალიფიკაციასთან ერთად საჭიროა პაციენტთან სწორი კომუნიკაცია!“

წინაპრების ნიჭი და განსაკუთრებული უნარები მომავალ თაობებს რომ გადაეცემათ, ეს არავის ეეჭვება. ახალგაზრდა ოსტატმა რომ ხანდახან სტაჟიან სპეციალისტსაც აჯობოს, არც ეს არის გასაკვირი მედიცინაში, და მაინც, ამდენ თბილ ემოციას და დადებით შეფასებას არ ველოდი ახალგაზრდა ექიმ გეგი კირთაძეზე.

კოლეგებისგან კი ვიცოდი, რომ ეს ნიჭიერი, თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, გამორჩეულად ზრდილი და წესიერი ახალგაზრდა, არაერთი რთული ოპერაციის შემოქმედი, უკვე საკმაოდ ცნობილი ქირურგია, მაგრამ პაციენტთა შეფასებებმა მაინც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა: „თავმდაბალი, ჭკვიანი, გულისხმიერი, ძალიან თბილი და მაგარი კაცი, დადებითი პიროვნება, არ უხეშობს ზოგიერთი ქირურგივით, წესიერად გელაპარაკება, ყველაფერს დაწვრილებით გიხსნის“ – არ ცხრებოდნენ და უხვი ეპითეტებით ამკობდნენ საყვარელ ექიმს საკონსულტაციოდ მისული პაციენტები.

გეგი კირთაძე ამჟამად რეზიდენტურას გადის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. უმცროსი ექიმი ამავდროულად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

კვალიფიკაცია მიღებული აქვს ატლანტაში, დონალდ დენისის ოტორინოლარინგოლოგიურ ცენტრში (2015 წ.) და ემორის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის სამედიცინო სკოლაში (2020 წ.).

დატვირთული საოპერაციო დღის შემდეგ ახალგაზრდა ქირურგმა ინტერვიუსთვისაც მოიცალა. მე მას ჯერ რინოპლასტიკაზე გავესაუბრე, რადგან კმაყოფილი და მადლიერი პაციენტებისაგან გაგონილი მქონდა, რომ „ცხვირის ოპერაციებს „მაგრად“ აკეთებს, „მაგარი“ ხელი აქვს“, თუმცა, მას, როგორც ოტორინოლარინგოლოგს, სხვა სახის ოპერაციების (ტონზილექტომია, ცხვირის ძგიდის, ყურის ოპერაციები და სხვა) წარმოებაც უწევს პრაქტიკაში.

– რა შემთხვევაში ტარდება ცხვირის პლასტიკური ოპერაცია და რას გულისხმობს ეს ქირურგიული ჩარევა?

– ცხვირის პლასტიკური ოპერაცია, ანუ სეპტორინოპლასტიკა, გულისხმობს ცხვირის ანატომიური, ფუნქციური და ესთეტიკური თავისებურებების შეცვლას. შესაბამისად, ეს ოპერაცია იყოფა რეკონსტრუქციულ და კოსმეტიკურ რინოპლასტიკად. რეკონსტრუქციული რინოპლასტიკა უპირატესად ცხვირით სუნთქვის გასაუმჯობესებლად ტარდება, ხოლო კოსმეტიკური რინოპლასტიკა ცხვირის ვიზუალური და ესთეტიკური ფორმის გაუმჯობესებას ემსახურება.

რა თქმა უნდა, ორივე ტიპის ოპერაცია ურთიერთდამოკიდებულია და ხშირად ერთდროულად ტარდება, პაციენტისათვის სასურველი შედეგის მისაღწევად.

ოპერაციულ მიდგომას რაც შეეხება, არსებობს ღია და დახურული რინოპლასტიკა. ღია გულისხმობს მცირე განაკვეთს ცხვირის კოლომელაზე (ნესტოებს შორის კანზე) და ქირურგს ანიჭებს კარგ ვიზუალიზაციას ცხვირის ხრტილოვან და ძვლოვან სტრუქტურებზე. დახურული რინოპლასტიკის დროს ოპერაციული ჩარევა ხდება ცხვირის ღრუდან და არ საჭიროებს კანზე განაკვეთს. ორივე მეთოდი აქტიურად გამოიყენება პრაქტიკაში და ოპერაციის წინ აუცილებლად პაციეტთან ერთად უნდა იქნეს განხილული, რომ გავითვალისწინოთ პაციენტის სურვილები, ინტერესები და კეთილდღეობა.

ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას შეუძლია შეცვალოს ცხვირის ფორმა, ზომა და პაციენტის იერსახე. ოპერაცია უნდა შესრულდეს ცხვირის ტრავმული დაზიანების დროს, თანდაყოლილი დეფექტების (მაგალითად, ქოანის ატრეზია) აღმოსაფხვრელად ან ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას სუნთქვის გასუმჯობესებლად.

– რა პრობლემებით გაკითხავენ უმეტესად პაციენტები, ანუ ვის უტარდება ყველაზე ხშირად ამ ტიპის ოპერაცია?

– პაციენტთა უმრავლესობა უჩივის ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და მომართვის ყველაზე ხშირი მიზეზიც ეს არის. ასევე ხშირად მესმის პაციენტებისგან ისეთი ჩივილები, როგორებიცაა: უჰაერობა, ადვილად დაღლა, პერიოდულად თავის ტკივილი, ცხვირიდან სისხლდენა ან გამონადენი, ძილის დროს ხვრინვა (ამ უკანასკნელს, უმეტესად პაციენტის უძილო პარტნიორი აღნიშნავს ხოლმე).

– ასაკობრივი შეზღუდვა და უკუჩვენებები თუ აქვს რინოპლასტიკას?

– ცხვირის პლასტიკა ყველაზე ადრე შეიძლება გაკეთდეს 14-15 წლიდან, ზედა ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს. ამასთანავე აუცილებელია ცხვირის ღრუს შეფასება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცხვირის გარეგანი დეფორმაცია ტრავმის შედეგად არის განვითარებული.

ოპერაციული ჩარევა არ არის რეკომენდებული მანამ, ვიდრე ცხვირი ზრდის პროცესშია, ცხვირის ღრუში არის მწვავე ინფექციური ან ანთებითი პროცესი, პაციენტს აქვს სხეულის დიზმორფული აშლილობა, ემოციურად არასტაბილურია, აქტიური მომხმარებელია კოკაინის და სხვა.

– რა ასაკის პაციენტები ჭარბობენ?

– უხშირესად მოგვმართავენ 17-დან 45 წლამდე პაციენტები.

– უწინ კოსმეტიკური თვალსაზრისით ქალები უფრო ხშირად იტარებდნენ ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას, ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში პაციენტებს შორის მამაკაცები ჭარბობენ, თუ ასეა, რა პრობლემები აწუხებთ მათ უფრო ხშირად?

– ცხვირის პლასტიკური ოპერაცია ხშირად მხოლოდ კოსმეტიკურ ჩარევად განიხილება, რაც არასწორ წარმოდგენას ბადებს საზოგადოებაში. შესაძლოა პაციენტს ჩამოუყალიბდეს გარკვეული სტიგმა ოპერაციასთან დაკავშირებით. რადგან გარეგნობასა და ვიზუალურ ესთეტიკაზე, ტრადიციულად, ქალი ლიდერობდა, მამაკაცებს შეიძლება გაუჩნდეთ გარკვეული დისკომფორტი გარეგნობის შეცვლასთან დაკავშირებით. მსგავს სიტუაციებში აუცილებელია სათანადო ყურადღება გამოვიჩინოთ პაციენტის მიმართ, დეტალურად ავუხსნათ, რომ ეს ოპერაცია გულისხმობს არა მხოლოდ ცხვირის ვიზუალური ფორმის ცვლილებას, არამედ სუნთქვის გაუმჯობესებას. რადგან ცხვირის ანატომიური აგებულება გავლენას ახდენს ცხვირით სუნთქვის ფუნქციაზე, აუცილებელი ხდება რეკონსტრუქციული ოპერაციის ჩატარება, სუნთქვის გაუმჯობესებისა და აღდგენის მიზნით.

– რომელი უფრო რთულია თქვენს სფეროში, ქალი თუ მამაკაცი პაციენტი და რატომ?

– დიდ სირთულეს წარმოადგენს პაციენტი, რომელსაც აქვს არარეალური მოლოდინები პოსტოპერაციულად. განსაკუთრებით რთულია სწორი კომუნიკაციის დამყარება და ოპერაციის დეტალების განხილვა იმ პაციენტთან, რომელსაც არ სურს საკუთარი ცხვირის მდგომარეობის ობიექტურად განხილვა-შეფასება. მსგავს პრობლემებს ვაწყდებით როგორც ქალებთან, ისე მამაკაც პაციენტებთან. ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან, რათა თავიდან ავირიდოთ გაუთვალისწინებელი სირთულეები.

– რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ცხვირზე პლასტიკურ ჩარევას?

– როგორც ყველა ოპერაციულ ჩარევას, ცხვირის პლასტიკასაც შეიძლება მოჰყვეს ნაოპერაციები არიდან სისხლდენა და ჭრილობის ინფიცირება.

სხვა შესაძლო გართულებებია: ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, პოსტოპერაციული დეფორმაცია, ცხვირის ირგვლივ მგრძნობელობის დაკარგვა, ცხვირის ძგიდის პერფორაცია (ანუ ხვრელი ცხვირის ძგიდეში), ტკივილი ნაოპერაციებ არეში, ნაწიბურის წარმოქმნა და ა. შ.

– რა რეკომენდაციებს მისცემთ მკითხველს, როგორც ქირურგი ოტორინოლარინგოლოგი?

– მკითხველს მოვუწოდებ, თუ აქვს ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ცხვირის მკვეთრი დეფორმაცია ან სხვა ტიპის ჩივილები ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებებთან დაკავშირებით, მოიძიოს სანდო ინფორმაცია და აუცილებლად დროულად მიმართოს კვალიფიცირებულ ექიმს, სათანადო სამედიცინო დახმარების მისაღებად.

– როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი კვალიფიცირებულ ექიმად ჩამოყალიბებისათვის?

– სწავლისა და საკუთარ თავზე მუშაობის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქმის სიყვარული, და კიდევ, ერთია კვალიფიკაცია, ცოდნა და მეორეა პაციენტთან კომუნიკაციის უნარი. ექიმს უნდა შეეძლოს პაციენტთან ურთიერთობა, რომ მას სწორად, მისთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია. სხვაგვარად პროფესიონალიზმი ექიმობაში წარმოუდგენელია.

ჩემს პროფესიულ განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ გოჩა მხეიძეს, ჩემს მასწავლებელსა და კლინიკურ კოორდინატორს. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვუცხადო აკადემიკოს შოთა ჯაფარიძეს, პროფესორ ლიკა ლომიძეს და ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გრიშა თოფურიას.

– ექიმობა რამ გადაგაწყვეტინათ?

– მედიცინა თავისთავად ძალიან საინტერესო მეცნიერება და სპეციალობაა, მაგრამ ჩემს არჩევანში ნამდვილად დიდი როლი ითამაშეს ბაბუამ და დედამ.

ბაბუაჩემი, ამირან გეგენავა, იყო ქ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გამოჩენილი ქირურგი-ოტორინოლარინგოლოგი, ქედის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ბონის საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების გამგე, აჭარის მედმუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე. კითხულობდა ლექციებს მშობლიურ და უცხო ენაზე ოტორინოლარინგოლოგიაში. აქტიურად მონაწილეობდა მომავალი თაობების პროფესიულ აღზრდაში. მისი მიზანი იყო ახალგაზრდა ინტერნებისა და ორდინატორების ხელშეწყობა, სწავლება და გზის გაკაფვა. ხელმოკლე სტუდენტების დახმარება.

დედა – ხათუნა გეგენავა, ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, წლები მოღვაწეობდა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტში და „ავერსის კლინიკაში“. ამჟამად მუშაობს ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკასა და ოტორინოლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში ექიმ-აუდიოლოგად.

* * *

ხათუნა გეგენავას ხსენებაზე კიდევ უფრო დიდი ემოციებით ავივსე, რადგან ჩემი ძვირფასი რესპონდენტი, ცნობილი აუდიოლოგის, ყოველთვის, ყველას მიმართ კეთილგანწყობილი, თბილად მოღიმარი, ძალიან კოლეგიალური, მოსიყვარულე და შესანიშნავი ექიმის ვაჟი აღმოჩნდა.

ამდენი სასიხარულო განცდის შემდეგ კლინიკიდან წამოსვლა მეძნელებოდა. ნელი ნაბიჯით მომავალს ერთი ეპიზოდი გამახსენდა: როდესაც კორნელია გრაკქუსის მეგობარი ქალები, მდიდარ რომაელთა ცოლები, ერთმანეთს თავიანთი ძვირფასეულობითა და მორთულობით ეტრაბახებოდნენ და კორნელიასაც სთხოვეს ეჩვენებინა თავისი სამკაულები, მან გამოუყვანა თავისი შვილები და უთხრა: „აი, ჩემი სამკაულები და მორთულობანიო“. ხათუნა გეგენავა ორი ვაჟკაცის დედაა. „საოცარი სამკაულები“ ჰქონია მასაც!