სადღესასწაულოდ გასათვალისწინებელი რჩევები

საქართველოში ხომ გურმანებს დღესასწაულების აღნიშვნა გამორჩეული ლხინითა და დროსტარებით გვჩვევია. ამიტომაც დიასახლისები საგანგებოდ ემზადებიან. ყველა ცდილობს, სადღესასწაულო სუფრა ტრადიციული კერძებითა და ნუგბარით დაამშვენოს. სხვა თუ არაფერი, საცივი და გოზინაყი მაინც, საახალწლო სუფრის ეს განუყოფელი ატრიბუტები, აუცილებლად მოამზადოს.
მოკლედ, "სმა-ჭამა დიდად შესარგი" არა მხოლოდ ახალი წლის ღამეს, მომდევნო დღეებშიც ფართოდ არის გაჩაღებული. სხვა საკითხია, როგორ გვერგება ეს ყველაფერი.
ამ დღეებში ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას (და არამარტო მას; მასზე დამოკიდებულებით - გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინულ და სხვა სისტემებსაც) ისეთი დატვირთვა ადგება, რომ ზოგიერთს კარგა ხანს სუფრისკენ გახედვაც აღარ უნდა. არც არის გასაკვირი - საჭმლის მომნელებელი სისტემა ამ დღეებში ძალიან იღლება და იფიტება. ამის მიზეზია, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ქეიფი ღამით იწყება და დილამდე გრძელდება, რაც, ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმიდან გამომდინარე, ისედაც არასასურველია. ბევრის ორგანიზმი ამას ვერ ეგუება და ცუდად იტანს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გარდა ამისა, ახალი წლის ღამეს, ისევე როგორც მომდევნო დღეებში, გვიწევს დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის, ურთიერთარათავსებადი საკვების მიღება, რის გამოც საჭმლის მომნელებელი სისტემა ფუნქციურ გადატვირთვას განიცდის. ყველაზე უარესი ის არის, რომ ზოგიერთი, მთელი დღე სადღესასწაულო სამზადისსა და ფუსფუსში გართული, შიმშილს ვერ გრძნობს ან საახალწლო ლხინის მოლოდინში თავს არც კი იწუხებს კვების რეჟიმის დაცვით, "მუცელს ინახავს", ღამით კი, მიუჯდება თუ არა სუფრას, მთელი დღის განმავლობაში ნაშიმშილებ კუჭს ერთბაშად მიაყრის ნაირ-ნაირ საკვებს. ეს სრულიად დაუშვებელია. ასეთ ადამიანებს ვურჩევ, კუჭს გაუფრთხილდნენ და საახალწლო სუფრასთან დაჯდომამდე ჩვეულებრივ მიიღონ საკვები.
გაითვალისწინეთ: თუ მთელი დღის განმავლობაში იშიმშილებთ და შემდეგ ერთიანად მიაძღებით ისედაც არათავსებად კერძებს, თქვენს ორგანიზმს კარგი დღე არ დაადგება. ამიტომაც არის, რომ მეორე დილით სავსე, დამძიმებული მუცლით ვიღვიძებთ. ზოგიერთს გულისრევის შეგრძნება, მეტეორიზმი (აირთა დაგროვების გამო მუცლის შებერვა), შეკრულობა და სხვა ჩივილებიც აქვს.
უკვე აღვნიშნეთ, რომ მრავალი კერძი, რომელიც სადღესასწაულო სუფრას გვიმშვენებს, ურთიერთარათავსებადია. როდესაც კუჭში ერთდროულად ხვდება თუნდაც დაბალკალორიული, მაგრამ ერთმანეთთან შეუთავსებელი საკვები, მონელება ძნელდება. ეს იმიტომ, რომ სხვადასხვა სახის პროდუქტს მოსანელებლად სხვადასხვა პირობები სჭირდება. მაგალითად, ცილების დაშლა-მონელებისთვის მჟავე გარემოა საჭირო, მაშინ როცა ნახშირწყლების მონელება ტუტე გარემოს საჭიროებს.
უფრო მეტად გასაგები რომ იყოს, სხვადასხვა სახის საკვების მოსანელებლად კუჭი სხვადასხვანაირი შემადგენლობის წვენს გამოყოფს. თუ მასში ერთდროულად მოხვდა იოლად და ძნელად მოსანელებელი საკვები, ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა არეულობა დატრიალდება იქ. თუ ერთად მივირთვით დიდი ოდენობით ცილებისა და დიდი ოდენობით ნახშირწყლების შემცველი კერძები, ცხადია, რომელიმე მათგანის ათვისება შეფერხდება.
დანაწევრებული კვების წესების თანახმად, არათავსებადი პროდუქტები მინიმუმ ორსაათიანი ინტერვალით უნდა მივირთვათ. სადღესასწაულო სუფრასთან ამ წესს, რა თქმა უნდა, ვერ დავიცავთ და არც არავინ იცავს, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების გათვალისწინება მაინც აუცილებელია - ჩვენივე ჯანმრთელობას წაადგება.
მამაპაპურად დანაყრებული ნოყიერ კერძებს - ბანანს, ვაშლს, ციტრუსებს, გოზინაყს, ყავას, ნამცხვრებს და სხვა ნუგბარს ჩაროზად უმალ ნუ დააყოლებთ. შეგახსენებთ: თუ, მაგალითად, ვაშლს ცარიელ კუჭზე მიირთმევთ, ის ამ ორგანოს 15-20 წუთში დატოვებს, ხოლო ხორციანი კერძის შემდეგ მირთმეული კუჭში დიდხანს დაყოვნდება და დუღილისა და ლპობის პროცესს გამოიწვევს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ორივე პროდუქტი, ხორციც და ვაშლიც, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა განყოფილებებს ცუდად დამუშავებული მიაღწევს, ეს კი პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ფუნქციურ გადატვირთვას გამოიწვევს. საკვების მოუნელებელი ნარჩენები მსხვილ ნაწლავში დაგროვდება და შეკრულობას დაუდებს სათავეს.
პროდუქტთა თავსებადობის ცხრილს რომ გადახედოთ, შესაძლოა ტრადიციულ კერძებსა და კვებაზე უარის თქმა მოგიწიოთ. ცხადია, საქართველოში მცხოვრებ გურმანთა საჭმლის მომნელებელი სისტემა ბევრ გამონაკლისს არის შეჩვეული და მართლაც გმირულად ართმევს თავს საკვების მიერ მიყენებულ დარტყმებს. აბა, წარმოიდგინეთ: ხინკალი თავისთავადაც არათავსებადი კომპონენტებისაგან - ხორცისა და ცომისაგან შედგება. ან კიდევ ყველით სავსე ხაჭაპურს ქაბაბს ან საცივს რომ დავაყოლებთ, რა დღე უნდა დაადგეს საბრალო კუჭს?!
ზემოთ ნახსენები ცხრილის მიხედვით, ხორცი, განსაკუთრებით ფრინველისა, და თევზი მხოლოდ მწვანე და სახამებლის არშემცველ ბოსტნეულს ეთავსება. ნიგოზი, რომელიც ძნელად მოსანელებელი პროდუქტია (განსაკუთრებით მათთვის, ვინც ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიებს უჩივის), მხოლოდ ბოსტნეულთან არის თავსებადი. ამ პრინციპებით რომ ვიხელმძღვანელოთ, ჩვენებური ბაჟე, რომელსაც დიდი ეშხით მოვასხამთ ხოლმე ქათმის ხორცს ან შემწვარი თევზის ნაჭრებს, დიეტოლოგიისა და პროდუქტთა თავსებადობის თვალსაზრისით არცთუ ისე მისაღები საკვებია. მით უმეტეს საცივი, რომელიც ნიგოზთან ერთად სხვადასხვა სუნელისა და სანელებლის დამატებასაც მოითხოვს. არ მინდა, მკითხველი დაფრთხეს და გამინაწყენდეს, ეს დალოცვილი, წელიწადში ერთხელაც აღარ ვჭამოთ გემრიელადო?! დავეთანხმები და იმასაც დავძენ, რომ სიამოვნებით და ნეტარებით მიღებულ საკვებს ორგანიზმი ყოველთვის უკეთ ინელებს და ითვისებს, თუმცა საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიათა მქონე პირებს მაინც ვურჩევ, ჩვენი რჩევები გაითვალისწინონ.
ალბათ, მკითხველებს შორის აღმოჩნდებიან ისეთი ადამიანებიც, რომელთაც ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა სიმპტომი ეცნობათ და საკუთარ თავზეც ექნებათ გამოცდილი. ისინი ყველაზე უკეთ მიხვდებიან განმარტებული საკითხების მნიშვნელობას.