სახიფათო პროფესიები
თუ საქმე არ იცი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ იცავ უსაფრთხოების წესებს, შესაძლოა, საყვარელი საქმე შენსავე წინააღმდეგ შემობრუნდეს და შენს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. თუმცა არსებობს ისეთი პროფესიებიც, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათოა. ამჯერად სწორედ ასეთ პროფესიებზე გესაუბრებით.
ყველაზე სახიფათო პროფესია აქვთ ხისმჭრელებს, ზღვის კიბორჩხალების (ომარების) მომპოვებლებს და ოქროს მაღაროების მეშახტეებს. თითოეული მათგანი სამუშაოს სიმძიმის, ხიფათის არსებობის, რისკის, სტრესისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით ათბალიან სისტემაში ერთ ქულას იღებს (რაც უფრო ნაკლებია ქულა, მით უფრო საშიშია პროფესია). მომდევნო ორი პოზიცია სამხედროებსა და მეხანძრეებს უკავიათ, მათ კი, - ეს, ალბათ, მრავალ თქვენგანს გაუკვირდება, - ექიმები და ჟურნალისტები მოსდევენ. ”ოჯახის მკურნალის” სპეციფიკის გათვალისწინებით, მათზე უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით.
-
პროფესია - მედიკოსი
ცოტამ თუ იცის, რომ ექიმის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო პროფესიათაგანია. თუ კარგად დავუკვირდებით მედპერსონალის მუშაობის არსს, დავინახავთ, რომ მასში ყველა ნეგატიური ფაქტორი გვხვდება:
- მაღალი ფსიქოემოციური დატვირთვა,
- ღამით მუშაობა,
- მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა,
- საშიშ ნივთიერებებთან (წამლებთან, ნარკოტიკებთან, ლაბორატორიის რეაქტივებთან, რადიაციული გამოსხივების მქონე პრეპარატებთან, სისხლთან) მუდმივი და ხანგრძლივი კონტაქტი...
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მედიკოსები გულის იშემიური დაავადებით ორჯერ უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე სხვა სპეციალობის ადამიანები, რომლებიც ასევე გონებრივი სამუშაოთი არიან დაკავებულნი. ქირურგების ნახევარზე მეტი ორმოცდაათი წლის ასაკში მიოკარდიუმის ინფარქტით ან თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგიით კვდება. ეს სრულიადაც არ არის გასაკვირი. ქრონიკულ სტრესს, პასუხისმგებლობას სხვისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გამო, სამუშაოს მაღალ ტემპს, ღამის საათებში ძლიერ დაძაბულობას იქამდე მივყავართ, რომ სამედიცინო სამსახურში დასაქმებული ადამიანები სხვა დაავადებების მიხედვითაც ლიდერობენ.
ექიმებს ხშირად ემართებათ ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია, ჰიპერტონია და ნევრასთენია - ფსიქიკური გადაძაბვის გამო, ვენების ვარიკოზული გაგანიერება - მრავალი საათის განმავლობაში ფეხზე დგომის გამო, რადიკულიტი და ოსტეოქონდროზი - უხერხულ პოზაში დიდხანს მუშაობის გამო, კანის ალერგიული დაავადებები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მედიცინის მუშაკთა თითქმის მესამედი B და C ჰეპატიტით არის ინფიცირებული, თუმცა ეს მონაცემები ოფიციალური არ გახლავთ. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, რადგან რეალურ ცხოვრებაში ძალიან ძნელი, პრაქტიკულად შეუძლებელია იმის დამტკიცება, რომ ინფიცირება მხოლოდ პროფესიულ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული.
შესაძლოა, ვინმესგან გაიგონოთ, ღამით მუშაობას მიჩვეული ვარო, მაგრამ გვერწმუნეთ, ღამის საათებში მუშაობა ადამიანისთვის ძალიან ძნელია. სამედიცინო დაწესებულებებში უფრო და უფრო მეტი ქალი იწყებს მუშაობას. მათ მესამედს სწორედ ღამით უწევს შრომა. ესენი 29-დან 39 წლამდე ანუ რეპროდუქციული ასაკის ქალები არიან, რომელთა ორგანიზმისათვის ღამით მუშაობა ერთიორად უფრო საშიშია.
ცნობილია, რომ ღამის საათებში მუშაობა სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს ზრდის. ძილის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი მელატონინი, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს თრგუნავს. ისე რომ, როცა ძილისა და სიფხიზლის გრაფიკი დარღვეულია, მელატონინის გამოყოფა არ ხდება. უკვე ჩატარებულია გამოკვლევები, რომლებმაც მეცნიერებს ღამით მუშაობასა და მკერდის კიბოს განვითარებას შორის კავშირის არსებობაზე მიანიშნა.
როდესაც ადამიანს ხშირად უხდება ღამის ტეხა, იმუნური სისტემა განსაკუთრებით მოწყვლადი ხდება და გაცილებით მეტად უჭირს დაავადებებთან გამკლავება.
ღამის საათებში მუშაობა ნერვულ სისტემასაც ფიტავს. ამ კუთხით ის განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის. სხვათა შორის, მათთვის მუშაობის ასეთი გრაფიკი საერთოდ მიუღებელია, რადგან იზრდება ვადამდელი მშობიარობის რისკი. ბიოლოგიური საათის არევა საშვილოსნოს აქტიურობასაც არღვევს.
ღამის ცვლა მამაკაცებისთვისაც საფრთხის შემცველია მათ ხშირად უვითარდებათ პროსტატის კიბო, იმუნიტეტის დაქვეითების გამო კი, ქალების მსგავსად, ხშირად ემართებათ სხვა დაავადებებიც.
ღამის ცვლა ყველაზე ნეგატიურად აისახება თავის ტვინის შესაძლებლობებზე - მის უნარზე, დაიმახსოვროს, გააანალიზოს, შემოქმედებითად მიუდგეს პრობლემის გადაწყვეტას. ამის გამო ადამიანი "ჯდება" ენერგოტონიკებზე - პრეპარატებზე, რომლებიც ტვინში სისხლის მიმოქცევასა და გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს და არც კი ეჭვობს, რომ ერთადერთი, რაც მას სჭირდება, სრულფასოვანი ღამის ძილია.
არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ითვლება, რომ ყოველწლიურად სამედიცინო პერსონალის დაახლოებით რვა პროცენტი იქცევა ინვალიდად ან, როგორც ახლა ამბობენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანად. მათი ნახევარი მუდმივი სტრესის მდგომარეობაში მუშაობს, ხოლო 70% - ჯანმრთელობისათვის საშიშ და ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების მუდმივი საფრთხის პირობებში.
-
ექსტრიმი სამუშაო ადგილზე
ექიმის სამუშაოს ყველაზე დიდ "ექსტრიმს" ინფექციის შიში, ღამით მუშაობა და დიდხანს ფეხზე დგომა კი არ ქმნის, არამედ... პაციენტების თავდასხმა! ამ მხრივ ყველაზე ხშირად სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ზარალდებიან. ჩვენთან ამ მხრივ სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ აქა-იქ მაინც გაიელვებს ექიმის მუშტით თუ სხვადასხვა საგნით ცემის, ძაღლების მიქსევის, სასწრაფო დახმარების მანქანის ქვებით დაზიანების ფაქტები. საბედნიეროდ, წარსულში დარჩა ცეცხლსასროლი იარაღით მუქარის შემთხვევები.
თავდასხმათა სიაში სასწრაფოებს კვალდაკვალ მოჰყვებიან საავადმყოფოების მიმღები განყოფილებების თანამშრომლები. სწორედ იქ ხვდება პირველად მედპერსონალი უბედური შემთხვევების, ჩხუბისა და ტრავმების შემდეგ გააფთრებულ დაზარალებულებს და მათ ნათესავ-მეგობრებს. დაზარალებულთა უმრავლესობა ძალზე აგრესიულია, ხოლო შემთხვევამდე მიღებული ალკოჰოლური სასმელი თუ ნარკოტიკი "გმირული" საქციელისკენ უბიძგებს. ალბათ ბევრ ექიმს ახსოვს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში თბილისის საავადმყოფოებში - ნარკოტიკების მომხმარებლები დღისით-მზისით იჭრებოდნენ საავადმყოფოში და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ითხოვდნენ ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებებს. ამ სტატიის ავტორი იმის მომსწრეც გახლავთ, როგორ გაუხსნეს ცეცხლი საავადმყოფოში მწოლიარე ნარკოტიკების მომხმარებლებმა ქუჩიდან მოსულ მოძალადეებს (ისინიც `წამლის~ წასაღებად იყვნენ მოსულნი). ნატყვიარები ბოლო დრომდე აჩნდა თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს კედლებს.
აი, ასეთი გახლავთ სამედიცინო დაწესებულების მუშაკთა პროფესიის ის ნიუანსები, რომლებიც გარეთ იშვიათად გამოჟონავს. მიუხედავად ამისა, სამედიცინო სფეროს თანამშრომლები მაინც ხალხის სამსახურში დგანან და თავიანთი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად სხვებს უნარჩუნებენ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
-
პროფესია - ჟურნალისტი
როდესაც ჟურნალისტს პირში ბურთს სჩრიან, არ აძლევენ საშუალებას, შეასრულოს თავისი პროფესიული მოვალეობა - ეს საშინელებაა. პროფესიონალი ყოველთვის მოვლენათა შუაგულში უნდა ტრიალებდეს და საზოგადოებას უყვებოდეს მათ შესახებ, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს. ყველა მკითხველს თუ ტელემაყურებელს აქვს უფლება, გაიგოს, რა ხდება მის ქვეყანაში, ვინ მართავს მას, რას უნდა მოველოდეთ ხვალ.
გასული წლის 25 იანვარს ევროპარლამენტმა მიიღო პროექტი რეზოლუციისა "ჟურნალისტების თავისუფლებისა და სიცოცხლის საფრთხეების შესახებ". მასში მოყვანილი ფაქტები ეფუძნება ჟურნალისტიკის უსაფრთხოების საერთაშორისო ინსტიტუტისა (ინსი - ლათინური ასოებით) და დამოუკიდებელი ორგანიზაციის PRESS EMBLEM KAMPAN-ის (ეს სტრუქტურა ასზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, რათა მიღებულ იქნეს საერთაშორისო კონვენცია რეგიონული და ნაციონალური ჟურნალისტთა ორგანიზაციების წევრების დასაცავად) მონაცემებს. ამ მონაცემების თანახმად, ათი წლის განმავლობაში - 1996-დან 2006 წლამდე - მსოფლიოში ათასი ჟურნალისტი და საინფორმაციო საშუალებების სფეროში დასაქმებული სხვა პირი დაიღუპა. ყველაზე დამაფიქრებელი ის არის, რომ მათი მხოლოდ მეოთხედია ომისა და კონფლიქტების მსხვერპლი, დანარჩენი მშვიდობიან პერიოდში გამოესალმა სიცოცხლეს. გასულ წელს კი დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობამ თითქმის 50%-ით იმატა. ყველაზე მეტი ჟურნალისტი ერაყში დაიღუპა, მომდევნო პოზიციებზე კი ჩვენი მეზობელი რუსეთი და შორეული კოლუმბია დგანან.
დიახ, ის, რასაც ჟურნალისტი წერს ან ამბობს, შესაძლოა, ბევრს არ მოსწონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი ვთქვათ. ასეთია ჟურნალისტის პროფესია, პროფესია, რომელიც გადაჯაჭვულია გამოძიების საფრთხეებთან, ხელისუფლებისა და საზოგადოების კრიტიკასთან, ხელისუფლების შეცდომების გამომზეურებასთან, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის ფაქტების გამოვლენასთან.
ჟურნალისტს განსაკუთრებული საფრთხე ემუქრება მაშინ, როცა ის ცხელ წერტილებში მუშაობს და უშუალოდ იმ ადგილებიდან მიჰყავს რეპორტაჟი, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რამდენი ჟურნალისტი დაღუპულა ან უგზო-უკვლოდ გამქრალა ყოველდღიური ინფორმაციის ორიოდე აბზაცის მოპოვებისას!
ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა საზოგადოებას შოკში აგდებს. მიუხედავად ამისა, ამ ხმაურიანი მკვლელობების 85% გაუხსნელი რჩება. სულ ახლო წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, ჩვენს მეხსიერებაში მაშინვე ამოტივტივდება გიორგი სანაია, უკრაინაში მოკლული გიორგი ღონღაძე, რუსეთში მოკლული ვლადისლავ ლისტიევი, ანა პოლიტკოვსკაია, რუსულენოვანი "ფორბსის" მთავარი რედაქტორი პაველ ხლებნიკოვი... სულ ახლახან, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, სამაჩაბლოში მოკლულ იქნა ჟურნალისტი გიორგი ჩიხლაძე, ცნობილი ფოტოგრაფი და "რუსული ნიუსუიკის" რეპორტიორი ალექსანდრ კლიმჩუკი, ქალაქ გორის დაბომბვას შეეწირა ირლანდიის ტელეკომპანიის ოპერატორი სტენ სტორიმანსი, ხოლო მისმა კოლეგამ იეროენ აკერმანსმა მძიმე ჭრილობები მიიღო. პირდაპირი რეპორტაჟის მსვლელობისას ხელში დაჭრილ იქნა "საზოგადოებრივი არხის" რეპორტიორი თამარ ურუშაძე... რამდენი სახელის ჩამოთვლა შეიძლება... სხვათა შორის, მრავალი ექსპერტის აზრით, ბოლო დროს ჟურნალისტებზე განზრახ ნადირობენ ომის მონაწილე მხარეები.
აი, ასეთი პროფესიებია ჟურნალისტობა და ექიმობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ მუშაობას საზოგადოების ინფორმირებისთვის, მისი სამედიცინო და სხვა საკითხებში განათლებისათვის, მისი ჯანმრთელობისთვის და გპირდებით, რომ ასე იქნება მუდამ.
P. შ. სიმართლე რომ ითქვას, სამუშაო, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ჩვენს ნერვებზე მაინც მოქმედებს და, შესაბამისად, ჩვენს ჯანმრთელობაზეც ახდენს გავლენას, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანს, როგორც სოციალურ და საკუთარი შრომის მატერიალურ გასამრჯელოზე - ხელფასზე - მუდმივად დამოკიდებულ არსებას, სამუშაოს გარეშე არსებობა არ შეუძლია. მხოლოდ ის არის სასიხარულო, რომ დროდადრო ხდება ბედნიერი შემთხვევებიც: ადამიანის გადარჩენა, ახალი სიცოცხლის დაბადება და უამრავი მადლიერი გული, პროექტის იღბლიანად დასრულება, მოსახლეობამდე სწორი ინფორმაციის მიტანა, საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, ბოლოს და ბოლოს, დაწინაურება ან ხელფასის მომატება, - რომლებიც გვაგუებენ ყოველ დილით ადგომისა და სამუშაოზე წასვლის მძიმე აუცილებლობას.