ნარკომანია სოციალური პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნარკომანია სოციალური პრობლემა

.

ამის შესახებ ნარკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა თოდაძე გვესაუბრება.

  • ქალბატონო ხათუნა, რა ასაკიდან შეიძლება, ადამიანი ამ მავნე ჩვევის ტყვეობაში აღმოჩნდეს?

- სხვადასხვა ნარკოტიკის მოხმარება სხვადასხვა ასაკში იწყება, მაგრამ, საზოგადოდ, შეიძლება ითქვას, რომ მოზარდი ასაკი საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარების თვალსაზრისით ყველაზე სახიფათოა.

სხვადასხვა გამოკვლევის მიხედვით, შედარებით ნაკლებსახიფათო ნარკოტიკებს, როგორიც არის, მაგალითად, მარიხუანა (რადგან მაინც მოწევასთან არის დაკავშირებული, არაინვაზიური მეთოდით მიიღება და არა ინექციით), 13-დან 15 წლამდე ასაკში სინჯავენ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც მას გასინჯავს, გააგრძელებს მის მიღებას ან გადავა უფრო მძიმე ნარკოტიკებზე, მაგრამ რისკის ფაქტორი ასეთ ბავშვებს მათზე მაღალი აქვთ, ვისაც ამ ტიპის ნარკოტიკები არ გაუსინჯავს.

საქართველოში ჯერჯერობით ნაკლებად ხელმისაწვდომია მეტამფეტამინები და ამფეტამინები, რომლებიც ძალიან სწრაფად შეიძლება გავრცელდეს აქაც. ჩვენში ამ ჯგუფის ნარკოტიკებს ძირითადად კუსტარულად ამზადებენ აფთიაქში შეძენილი მედიკამენტების ტოქსიკური ნივთიერებებით დამუშავებით და ინექციური გზით იღებენ. მათი მომხმარებლები ხშირად არიან ახალგაზრდები. რაც შეეხება საინექციო ნარკოტიკებს, საქართველოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათ მოხმარებას ყველაზე ხშირად 16-დან 18 წლამდე იწყებენ.

  • - რაკი მარიხუანა ახსენეთ, მინდა ვთქვა, რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თავს ამ სფეროში ექსპერტებად მიიჩნევენ, ყველას აქვს ჩამოყალიბებული აზრი მისი ლეგალიზაციის თაობაზე, მაგრამ რატომღაც არავინ უსმენს ექიმ ნარკოლოგებს, რომელთაც იციან, რა არის მარიხუანა, რას იწვევს და რამდენად საშიშია იგი ადამიანისთვის. ხშირად არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ მარიხუანა არ იწვევს "ლომკას" ანუ აბსტინენციას და, ამდენად, საშიში არ არის. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ამის თაობაზე პროფესიონალის მოსაზრება.

- დღესდღეობით მარიხუანას თაობაზე დებატები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. მრავალ ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, დე ფაქტო ეს ნარკოტიკი ნაკლებად იდევნება, თუმცა დე იურე მისდამი მიდგომა მკაცრია. ყველა მეტ-ნაკლებად კულტურული და განვითარებული ქვეყანა უერთდება საერთაშორისო კონვენციებს, მათ შორის - კონვენციას ნარკოტიკული საშუალებების შესახებ, რომელიც გაეროს მიერ არის შემუშავებული.

გაერო გვაძლევს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალს. არსებობს ყველაზე მკაცრად კონტროლირებადი საშუალებების სია, რომელთა მოხმარება აკრძალულია, სამედიცინო თვალსაზრისითაც კი. მეორეა იმ ნარკოტიკული საშუალებების სია, რომელთა ბრუნვაზე კონტროლი დიდია, მაგრამ ნებადართულია მოხმარება სამედიცინო მიზნით. ასეთია, მაგალითად, მორფიუმი, მეთადონი, კოდეინი.

რაც შეეხება მარიხუანას, იგი შედის სწორედ იმ ნივთიერებათა ჩამონათვალში, რომლებიც სამედიცინო თვალსაზრისითაც არ მოიხმარება, თუმცა ბოლო წლებში მრავალ ქვეყანაში ჩატარდა სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა დაავადების (შიდსის ბოლო სტადია, ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების შემცირება, გლაუკომა და ა.შ.) დროს მარიხუანას ან მისი აქტიური ინგრედიენტების გამოყენების თაობაზე. ჯერჯერობით მარიხუანასგან მიღებული მედიკამენტის უპირატესობა სხვა მედიკამენტებთან შედარებით არ არის დამტკიცებული. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ნიდერლანდებში, სადაც მაქსიმალური ლეგალიზაციაა, მარიხუანასთან დაკავშირებული ღონისძიებები ბოლო ხანს საკმაოდ გამკაცრდა. რამდენიმე ქალაქში საერთოდ აიკრძალა მისი გაყიდვა. ჰოლანდიაში, როგორც ცნობილია, ქუჩაში, სპეციალურად გამოყოფილ და ლიცენზირებულ კაფეებში, შეიძლება მიიღო მარიხუანა სხვადასხვა ფორმით. სწორედ ნიდერლანდების გამოცდილებამ მისცა დიდი ინფორმაცია მსოფლიოს. და, სხვათა შორის, ერთ-ერთი შედეგი, რაც მარიხუანას ლეგალიზაციამ გამოიღო, ის არის, რომ თავად ნიდერლანდების მოსახლეობაში შემცირდა მძიმე ნარკოტიკების - ჰეროინის, კოკაინის და სხვათა მოხმარება. მაგრამ ამას მაინც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, ვინაიდან მთელი მსოფლიოს ნარკომომხმარებლები ნიდერლანდებისკენ დაიძრნენ. ეს, ერთი მხრივ, ქვეყნის შემოსავლისათვის ცუდი არ არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრი უარყოფითი შედეგიც აქვს. ასე რომ, ადგილობრივი მოსახლეობა მაინცდამაინც არ არის მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე.

  • რითია მარიხუანა საშიში, გარდა იმისა, რომ მომავალში უფრო მძიმე ნარკოტიკებისკენ უხსნის ადამიანს გზას?

- მარიხუანა იწვევს ცნობიერების, შეგრძნებების ცვლილებას, როგორც წესი, გამძაფრებას. ამ დროს ხმებიც უფრო სხვანაირად ესმით, ფერებსაც განსხვავებულად ხედავენ. რატომ ხდება ასე? მექანიზმი ფიზიოლოგიურია: თავის ტვინს აქვს დამცველობითი ფუნქცია; როდესაც ორი ან სამი განსხვავებული, მაგრამ ახლოს მდგარი გამღიზიანებლის, მაგალითად, ბგერის ან მხედველობითი ტალღის რამდენიმე სტიმული ერთდროულად მოდის, ამ შემოტევისგან თავის დასაცავად ტვინი მსგავს ან ახლოს მყოფ სტიმულებს აერთიანებს და ატარებს როგორც ერთს, რათა არ გადაიტვირთოს. მარიხუანა ფილტრაციის ზღურბლს აქვეითებს, ამიტომ თავის ტვინს გაცილებით მეტი სტიმულის მიღება შეუძლია. მაგალითად, თუ, ჩვეულებრივ, ერთი ტონალობის მწვანეს ვხედავთ, მარიხუანას ზემოქმედებით ადამიანს რამდენიმე ელფერის აღქმა შეუძლია. ასევეა მუსიკისა და კინოფილმების შემთხვევაშიც. ამიტომაც არის, რომ მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ უყვართ მუსიკის მოსმენა ან რამის ყურება და აქვთ განცდა, რომ სხვანაირად ხედავენ და აღიქვამენ.

გარდა ამისა, ხდება აზროვნებითი პროცესების აჩქარებაც. ეს სულაც არ არის კარგი, იმიტომ რომ სწრაფად მიმდინარეობს აზროვნებითი ასოციაციების ცვლა და თრობის პერიოდში ჰგონიათ, საინტერესო, მნიშვნელოვანი, გენიალური მიგნებები და იდეები მოსდით, მაგრამ აზრისა და იდეის ჩამოყალიბებამდე, გადმოცემამდე საქმე ვეღარ მიდის.

მარიხუანას მოხმარებას ჰალუცინაციებიც ახასიათებს. ამ ნარკოტიკის მოხმარებისას წამყვანია აღქმის ცვლილება, ჰალუცინაციები კი აღქმის პათოლოგიის ყველაზე მძაფრი გამოვლინებაა. ჰალუცინაციების განვითარების სიხშირე დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე, წინასწარ განწყობაზე, ფსიქოზისკენ მიდრეკილებაზე. თავისთავად, ეს სახიფათოა, რადგან ადამიანი არაადეკვატური ხდება, რაც მის ქცევაშიც პოვებს ასახვას.

გარდა ამისა, ხშირად ყალიბდება პარანოიდული ანუ ბოდვითი განწყობა, რასაც მომხმარებელთა ენაზე "იზმენა" ჰქვია. ეს არის პარანოიდული განწყობა, რომელიც უმრავლესობას განცდილი აქვს და უმთავრესად უარყოფითად არის შეფერილი. მარიხუანას ზემოქმედებისას, განსაკუთრებით - ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, ხშირად ჰგონიათ, რომ მათ ვიღაც უთვალთვალებს, მისდევს, აკონტროლებს... თუ ეს მძაფრად და ძლიერადაა გამოხატული, ადამიანიც შესაბამისად იქცევა: იმალება, გარბის. მისი ფსიქოტიპიც მეტად მნიშვნელოვანია - შესაძლოა სხვას თავს დაესხას თავდაცვის მიზნით. ამ მდგომარეობას "მდევნელის დევნას" ვეძახით, თუმცა ასეთ მძაფრ დარღვევამდე საქმე იშვიათად მიდის.

მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სახიფათოა ისეთი ქმედება, რომელიც მოითხოვს ჩამოყალიბებულ, კოორდინირებულ მოძრაობებს, მაგალითად, მანქანის მართვა. ამ დროს ხდება დროისა და სივრცის აღქმის გაუკუღმართება. ხშირად ადამიანი თრობის მდგომარეობაში ვერ აფასებს მანძილს, ეცვლება დროის აღქმაც. ამიტომ თრობის შემთხვევაში მომხმარებლები თვითონაც ერიდებიან ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვას, თუმცა კონტროლი ყოველთვის ვერ ხერხდება.

  • მარიხუანაზე დამოკიდებულება თუ ყალიბდება?

- სხვა ძლიერმოქმედ ნარკოტიკებთან შედარებით ნელა. გააჩნია, რამდენად ინტენსიურია მისი მიღება, რა ასაკისაა მომხმარებელი. თავიდან ჩნდება ჯგუფური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება - ნარკოტიკული საშუალების იმ სიტუაციაში მიღების სურვილი, როგორშიც მიჩვეულები არიან. შემდგომი სტადია უფრო მძიმეა - ყალიბდება ინდივიდუალური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში ადამიანი მარტოც იღებს ნარკოტიკულ საშუალებას, ბოლოს კი ყალიბდება ფიზიკური დამოკიდებულება, რასაც, ჩვეულებრივ, წლები სჭირდება და ე.წ. "ლომკით" ანუ აღკვეთის სინდრომით გამოიხატება.

ბოლო ხანს დასავლეთში კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს ისეთი ჯიშების გამოყვანა, რომლებშიც გაცილებით მეტია ტეტრაჰიდროკანაბინოლი - ის აქტიური ნარკოტიკური ინგრედიენტი, რომელიც თრობის ეფექტს იწვევს. საქმე ის არის, რომ ჰოლანდიაში თავდაპირველად დააწესეს მარიხუანას გაყიდვის ნორმა - 30 გრამი კაცზე. შემდგომ ეს ნორმა ნელ-ნელა შეამცირეს, რადგან მომხმარებლები თრობის პერიოდში ხშირად არაადეკვატურად იქცეოდნენ და საზოგადოებას დისკომფორტს უქმნიდნენ. გარდა ამისა, იქ ნებადართულია მარიხუანას მცირე რაოდენობით სახლში კულტივირებაც, მაგრამ ესეც მკაცრად არის განსაზღვრული და ნებადართულზე მეტი თუ აღმოაჩინეს, ითვლება, რომ გასაყიდად არის განკუთვნილი, რეალიზაციის მიმართ კი აღარ არიან ისეთი ლიბერალურები. ამიტომ მომხმარებლებმა დაიწყეს ისეთი ჯიშების გამოყვანა, სადაც მეტია ნარკოტიკი, რის შედეგადაც ნარკოტიკული თრობაც და თავის ტვინზე მისი ზემოქმედებაც უფრო გამძაფრდა, ამიტომ ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად საუბრობენ ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომზე ანუ აღკვეთის სინდრომზე, რომელიც, მართალია, ისეთი მძიმე არ არის, როგორიც, მაგალითად, ჰეროინის შემთხვევაში, მაგრამ საკამოდ უსიამოვნოა და, როგორც წესი, ისევ ნარკოტიკული საშუალების მიღებით მთავრდება.

2015 წლისთვის უნდა გამოიცეს დაავადებათა ახალი საერთაშორისო კლასიფიკაცია, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი წინადადება ის გახლავთ, რომ ახალ დამატებაში კანაბინოიდებით ანუ მარიხუანათი გამოწვეული აღკვეთის სინდრომი შეტანილ იქნეს როგორც სპეციფიკური სინდრომი, იმის ხაზგასასმელად, რომ ეს მდგომარეობა უკვე საკმაოდ გავრცელებულია და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება.


  • საბოლოოდ რას იწვევს მარიხუანას მოხმარება?

- რა თქმა უნდა, პიროვნების დეგრადაციას, როგორც ყველა ნარკოტიკი. როდესაც დამოკიდებულება ძლიერია, მარიხუანა იწვევს დამახასიათებელ სინდრომს, რომელსაც ამოტივაციურ სინდრომს უწოდებენ. სახელწოდებაც მიუთითებს, რა მდგომარეობაშია ამ დროს ადამიანი. მას არ აქვს რამის კეთების, საქმიანობის მოტივაცია, სურვილი. მისი ერთადერთი მიზანია მარიხუანას მიღება, რომელიც უკვე ძალიან ხშირად, 2-3 საათში ერთხელ სჭირდება, რათა გახდეს აქტიური, შეეძლოს მოძრაობა, კვება. ხშირი მოხმარების შემთხვევაში მარიხუანას მეტაბოლიზმი ჩქარდება - ორგანიზმში იგი უფრო სწრაფად იშლება, ამიტომ მისი ხელახალი მიღების სურვილიც მალ-მალე ჩნდება. მძიმე ფორმების მკურნალობა ძალიან ძნელია.

ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებული პირებისთვის დამახასიათებელია თავიანთი მდგომარეობის გაუცნობიერებლობა. ბევრი დრო სჭირდებათ, ვიდრე მკურნალობის საჭიროებას გააცნობიერებენ. ხშირად პაციენტს თავად არ სურს მკურნალობა, მაგრამ ოჯახის წევრებს მოჰყავთ კლინიკაში. ამ შემთხვევაში მკურნალობა უშედეგოა. თუ ადამიანი თავს ავადმყოფად არ მიიჩნევს, მისი მკურნალობა შეუძლებელია. როცა გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მდგომარეობა, მკურნალობა მაშინაც კი რთულია, იმიტომ, რომ ეს არის რეციდივებით, ანუ გამწვავებებით მიმდინარე ქრონიკული დაავადება. ზოგჯერ შეიძლება რეციდივის ფორმა არც ჰქონდეს და გაბმულად მიმდინარეობდეს ნარკოტიკის მოხმარება, სანამ ორგანიზმი საბოლოოდ არ დაუძლურდება. ამის შემდეგ მიმართავენ ხოლმე სამედიცინო დაწესებულებებს. იგივე მდგომარეობაა ჰეროინის, ოპიოიდების, სტიმულატორების, ალკოჰოლის შემთხვევაში.

  • შედეგებს მეტ-ნაკლებად ყველა იცნობს, მაგრამ მაინც იწყებენ მოხმარებას, რადგან არავის ჰგონია, რომ ნარკოდამოკიდებული გახდება. სოციალური ასპექტის შესახებაც მინდა გკითხოთ: გაგვიგონია, რომ ერთი მომხმარებელი კიდევ 4-5 ადამიანს უხსნის გზას ამ მიმართულებით. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?

- ნარკოტიკებს ძალიან დიდი ზიანი მოაქვს როგორც მიკროსაზოგადოებისთვის, ისე ქვეყნისთვის. ის ოჯახი, სადაც ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი ცხოვრობს, პრაქტიკულად თვითონაც ავადდება. ნევროზები, შფოთვითი სინდრომები, ფსიქოლოგიური და ფსიქიკური აშლილობები აღენიშნებათ ოჯახის წევრებს, ვინაიდან გამუდმებით სტრესის ქვეშ იმყოფებიან.

ვინაიდან ნარკოტიკი არ არის ლეგალური, მისი ყოველდღიური გამოყენება მოითხოვს საკმაოდ დიდ თანხებს, რის გამოც ნარკოტიკების მომხმარებლების უმრავლესობა კრიმინალთან არის დაკავშირებული, ანუ ადრე თუ გვიან სამართალდამრღვევი ხდება. წესისამებრ, იწყებენ საკუთარ სახლში ქურდობით, შემდგომ, როცა აღარაფერი აქვთ მოსაპარი და გასაყიდი, ქუჩაში გადიან სხვისთვის ქონების წასართმევად.

აღკვეთის მდგომარეობაში ადამიანმა შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც საკუთარ თავს, ისე სხვასაც - ოჯახის წევრს ან სრულიად უცხო ადამიანს. ნარკოდამოკიდებულება ფინანსურადაც დიდი ზიანის მომტანია საზოგადოებისთვის.

წესისამებრ, ნარკოტიკის მომხმარებლები არიან შრომისუნარიანი ასაკის ადამიანები, რომელთაც შრომის უნარი არ აქვთ, ან არ სურთ მუშაობა. ამასთან, თუ ადამიანი შემჩნეულია ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაში, აღარავის სურს მისი დასაქმება. ასე რომ, მაშინაც კი, როცა მუშაობა სურთ, სამუშაოს პოვნა უჭირთ, რაც ძალიან ცუდია ქვეყნის ეკონომიკისათვის. შრომისუნარიანი ადამიანი, იმის მაგივრად, რომ დოვლათი შექმნას, პრაქტიკულად ზარალის მომტანია. ამას ემატება საკმაოდ მძიმე დაავადებები, რომლებიც სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს და დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენებათ, საქართველოში და ევროპის მრავალ ქვეყანაში ძირითადი გამავრცელებლები ისეთი უმძიმესი დაავადებებისა, როგორიც არის აივ-ინფექცია/შიდსი, C და B ჰეპატიტები, ნარკოტიკების მომხმარებლები არიან. ამის მიზეზია, ერთი მხრივ, ზიარი საინექციო საშუალებების მოხმარება და მეორე მხრივ, დაუცველი სექსუალური აქტივობა.

სამწუხაროდ, მრავალ ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, თავდაცვის საშუალებების გამოყენების კულტურა დაბალია... ტუბერკულოზიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარებასთან, უმთავრესად იმიტომ, რომ ნარკოტიკები აქვეითებს იმუნიტეტს და გზას უხსნის ინფექციას. ციხეში, განსაკუთრებით - იმ ქვეყნებში, სადაც ნარკოტიკების მოხმარება კრიმინალად ითვლება, ისე როგორც დღესდღეობით საქართველოში, ნარკომომხმარებლების თავშეყრა ძალიან დიდია და ტუბერკულოზის, შიდსის, ჰეპატიტის გავრცელების რისკი იმატებს.

  • უმთავრესად რა ნარკოტიკებს მოიხმარენ საქართველოში?

- ჩვენს ქვეყანაში ნარკოსცენა ძალიან შეიცვალა. საქართველოში ყველაზე პოპულარული და გავრცელებული იყო ოპიოიდების ჯგუფის ნარკოტიკები: ჰეროინი, ნედლი ოპიუმი (ე.წ. "შავი"), სუბუტექსი. ბოლო ხანს სამართალდამცავმა ორგანოებმა სერიოზული ღონისძიებები გაატარეს, რის გამოც შავ ბაზარზე ეს ნარკოტიკული საშუალებები ძალიან ძნელი საშოვნელი გახდა და გაძვირდა. ნარკოტიკის მოპოვების შეუძლებლობა ზოგისთვის მკურნალობის მოტივად იქცა, მაგრამ არა ყველასათვის; ბევრი გადავიდა სხვა ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებზე ან ალკოჰოლზე.

ახლა ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა ე.წ. სააფთიაქო ნარკოტიკული საშუალებები, ანუ ის ნარკოტიკები, რომლებიც შეიძლება კუსტარულად დამზადდეს აფთიაქებში ლეგალურად ან არალეგალურად ნაყიდი მედიკამენტებისგან. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება გახლავთ კუსტარულად დამზადებული სტიმულატორები: ე.წ. ვინტი და ჯეფი, რომლებიც ძალიან მოკლე ხანში იწვევს გამოხატულ ნევროლოგიურ ცვლილებებს და დარღვევებს, რომელთა უკუგანვითარება ძალიან რთულია და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი. ხანგრძლივი და ინტენსიური მოხმარების შემთხვევაში საბოლოო შედეგი ისეთია, როგორიც ახასიათებს ორ პრაქტიკულად უმძიმეს ნევროლოგიურ დაავადებას: ალცჰაიმერის დაავადებასა და პარკინსონიზმს.

აღნიშვნის ღირსია ე.წ. ნიანგის მოხმარება, რომელიც მზადდება კოდეინის შემცველი აბებისგან ტოქსიკური საშუალებებით დამუშავების შედეგად - მიიღება უფრო ძლიერი ნარკოტიკი დეზომორფინი. სწორედ ეს ტოქსიკური მინარევები მოქმედებს ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემაზე, მათ შორის - თავის ტვინზეც. "ნიანგის" ვენაში შეყვანის შედეგად კიდურებზე ჩნდება აბსცესები - დაჩირქებული ადგილები, რის გამოც შემდგომში კანი ნიანგის ტყავს ემსგავსება. მაღალია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. თუ სხვა ოპიოიდების შემთხვევაში უშუალო ანტიდოტი ძალიან ეფექტურია და ზედოზირებისას სწრაფად გამოჰყავს ადამიანი კომური მდგომარეობიდან, ნიანგის შემთხვევაში სპეციფიკური საშუალებები ხშირად უეფექტოა - ოპიოიდებით მოწამვლას ემატება ტოქსიკური ინგრედიენტების ზემოქმედებით განპირობებული დარღვევებიც და ხშირად ადამიანის გადარჩენა ვეღარ ხერხდება. ახალგაზრდებში მოდურია ფსიქოტროპული, სედაციური საშუალებების, ანტიდეპრესანტების მიღება. ამიტომ საჭიროა, დაინერგოს რეცეპტის გამოყენების პრაქტიკა და გამკაცრდეს სასჯელი იმ აფთიაქებისთვის, რომლებიც არალეგალურად, ურეცეპტოდ ყიდიან ამ საშუალებებს.

  • როგორ მკურნალობენ?

- ამ მხრივ სერიოზული პროგრესია. 2005 წლის ბოლოს დაიწყო ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა ჩანაცვლებითი თერაპია, რომლის დროსაც გამოიყენება მეტადონი ან ბუპრენორფინი. გლობალური ფონდის დახმარებით დავიწყეთ პილოტური პროგრამები, მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვაძლევს რეკომენდაციას, ოპიოიდების მკურნალობის შემთხვევაში ადამიანს პირველ რიგში ჩანაცვლებითი თერაპია ანუ აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია შევთავაზოთ, თუმცა პაციენტს სხვა ტიპის მკურნალობის არჩევანიც უნდა ჰქონდეს. ამ პროგრამის წყალობით აშკარაა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რესოციალიზაცია, დეკრიმინილიზაცია, შეუდარებლად მცირდება შიდსის და სისხლით გადამდები სხვა მძიმე დაავადებების გავრცელების რისკი. ამ შედეგის გამო 2008 წლიდან ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამებიც დაინერგა. მეტ წილს სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ პაციენტსაც აქვს შესატანი ფინანსური წვლილი - თვეში 150 ლარი. წელს ძალიან კარგი პრეცედენტი განახორციელა თბილისის მერიამ - სოციალურად დაუცველ ფენას და ინვალიდებს ამ თანხას უხდის.

გარდა ჩანაცვლებითი თერაპიისა არსებობს დეტოქსიკაცია-რეაბილიტაციის კურსი, რომელიც დაახლოებით ერთთვიან მკურნალობას მოიცავს. აქედან ორ კვირას ადამიანი ატარებს კლინიკაში, სადაც მას უფასოდ უტარდება დეტოქსიკაცია, ხოლო შემდგომ - ინტენსიური სარეაბილიტაციო ღონისძიებები, მედიკამენტური მკურნალობა, რადგან აღკვეთის მდგომარეობის კუპირების შემდგომ ხშირად რჩება ნარჩენი მოვლენები. ამას ემატება ფსიქოთერაპიული და სხვა დამხმარე ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს რემისია.

ამჟამად ციხეებში ორი პროგრამა მოქმედებს. პირველი 2008 წლის ბოლოდან ამოქმედდა №8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში - გლდანის საპყრობილეში, ხოლო მეორე - წელს, გლობალური ფონდის დაფინანსებით, ქუთაისის №2 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში - ქუთაისის ციხეში. ორივე არის წინასწარი დაკავების დაწესებულება, სადაც მოკვლევის პერიოდში გადაჰყავთ ადამიანები. ეს სწორედ ის ადგილებია, სადაც მათ ეწყებათ მძიმე "ლომკა". თუ პაციენტი იყო მეთადონის პროგრამაში, აღკვეთის სინდრომი იწყება V-VI დღეს, დიდხანს გრძელდება და ძალიან მძიმეა. არანამკურნალევი აღკვეთის სინდრომი წამების ტოლფასია, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს მკურნალობა.

ჩვენი პროგრამები მოიცავს მეტადონით 2-3-თვიან თერაპიას, რაც ძალიან მოხერხებულია - მიღება ხდება დღეში ერთხელ, პერორალურად, ნელ-ნელა, საფეხურებრივად მცირდება დოზა. პაციენტი კმაყოფილია, რადგან არ აქვს აბსტინენციის მდგომარეობა. ეს ძალიან კარგია თავად სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისთვისაც, ვინაიდან პატიმარი მშვიდადაა, სხვას არ აწუხებს, აგრესიული ან სუიციდური მცდელობები აღარ აქვს და, რაც მთავარია, არ ცდილობს ფსიქოტროპული ნივთიერებების არალეგალურად შემოტანას, რადგან უზრუნველყოფილია საჭირო მკურნალობით. თუმცა ეს ეხება მხოლოდ ოპიოიდებზე დამოკიდებულ პატიმრებს.

სამწუხაროდ, დღეს პენიტენციალურ სისტემაში ადეკვატური დახმარება არ უტარდებათ სხვა ნარკოტიკების, იმავე ვინტისა და ჯეფის მომხმარებლებს, რომელთაც უმძიმესი დარღვევები აღენიშნებათ და დროული მკურნალობა სჭირდებათ. იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს მომავალში მდგომარეობა გამოსწორდება და შესაბამისი მკურნალობა ასეთი პაციენტებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება.