სიმსივნე და კიბოსწინარე დაავადებები
ავტონომიური ზრდით, პოლიმორფულობითა და უჯრედთა ატიპურობით.
სიმსივნური წარმონაქმნი პირველად ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1600 წლის ძველეგვიპტურ პაპირუსშია მოხსენიებული. ავტორი აღწერს სარძევე ჯირკვლის სიმსივნეს და იქვე მიუთითებს, რომ იგი უკურნებელი დაავადებაა. ტერმინი "კიბო" კი მედიცინაში ჰიპოკრატემ დანერგა. მან ქსოვილოვან ახალწარმონაქმნს "კარცინომა" უწოდა, რაც ბერძნულად "კიბორჩხალას" ნიშნავს - თვალით ნანახი სიმსივნური წარმონაქმნები მეცნიერს სწორედ ამ ცხოველს მოაგონებდა.
მოგვიანებით ამ საკითხით ცელსიუსი დაინტერესდა და დაასკვნა, რომ უმჯობესი იყო, სიმსივნე ადრეულ სტადიაშივე ამოკვეთილიყო, მოგვიანებით კი მისთვის ხელის ხლებას თავს არიდებდა. ბერძნული "კარცინომა" მან ლათინური ტერმინით - "კანცერით" შეცვალა. ტერმინი "ონკოლოგია", რომელიც ეწოდა მედიცინის დარგს სიმსივნური დაავადებების შესახებ, გალენუსის მიერ არის მოწოდებული.
რატომ ვითარდება სიმსივნე?
ონკოგენეზის (სიმსივნის წარმოშობის) შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემას დღეს რამდენიმე თეორია ცდილობს, მაგრამ ყოველი მათგანი მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის სიმსივნის წარმოშობის მიზეზებს. განსხვავებულ მოსაზრებათა მიუხედავად, თეორიათა ავტორები ერთ საკითხზე ერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან - იმაზე, რომ სიმსივნური პროცესის დაწყება შედეგია ორგანიზმის კონტროლიდან გამოსული უჯრედების სწრაფი და არანორმალური ზრდისა, რაც საბოლოოდ ატიპური ქსოვილოვანი წარმონაქმნის ჩამოყალიბებით სრულდება.
თავად პროცესს, რომლის დროსაც ნორმალური უჯრედები ორგანიზმის კონტროლიდან გამოდიან და უწესრიგო გამრავლებას იწყებენ, სიმსივნური ტრანსფორმაცია ეწოდება.
- გაღიზიანების თეორია - ამ თეორიის თანახმად, ქსოვილების ხშირი ტრავმატიზაცია აჩქარებს უჯრედების დაყოფას: ტრავმის შემდგომ ისინი იძულებულნი ხდებიან, სწრაფად დაიყონ, რათა ჭრილობა დროულად შეხორცდეს და ამით ბიძგს აძლევენ ორგანიზმში სიმსივნურ ზრდას. ამის თვალსაჩინო მაგალითია ხალები, რომლებიც ტანსაცმლით ხშირი ცვეთისა და გაღიზიანების შედეგად მალიგნიზდება - ავთვისებიან წარმონაქმნებად გარდაიქმნება.
- ფიზიკურ-ქიმიური თეორია. იგი სიმსივნეების განვითარების მიზეზად ორგანიზმზე სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური ეგზოგენური (გარეგანი) ფაქტორის ზემოქმედებას მიიჩნევს. ეს ფაქტორებია რენტგენისა და გამა-გამოსხივება, ასევე - კანცეროგენული ნივთიერებები, რომლებიც უჯრედთა ონკოტრანსფორმაციას იწვევს.
სიმსივნეების განვითარებაში არანაკლებ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენდოგენური კანცეროგენების ზემოქმედებაც.
მოგეხსენებათ, ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება მეტაბოლური პროდუქტები. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ასეთ ნარჩენს უნარი შესწევს, უჯრედების სიმსივნური ტრანსფორმაცია გამოიწვიოს. მაგალითად, დადგენილია ამ პროცესში ტრიფტოფანისა და თიროზინის მეტაბოლიტების როლი. ისინი ონკოცილებს წარმოქმნიან, ეს უკანასკნელნი კი ჯანმრთელი უჯრედების სიმსივნურ გარდაქმნას აპროვოცირებენ.
- ვირუსულ-გენეტიკური თეორია - ზოგიერთი ვირუსი უჯრედებში შეჭრისას არღვევს დაყოფის მარეგულირებელ მექანიზმებს და სიმსივნურ ტრანსფორმაციას იწვევს. უჯრედების გენეტიკური აპარატის ცვლილების შემდგომ უწესრიგო დაყოფა თავისთავად გრძელდება და ამ პროცესში საკუთრივ ვირუსი მნიშვნელოვან როლს უკვე აღარ ასრულებს. ასეთ ვირუსებს ონკოვირუსებს უწოდებენ. ონკოვირუსებია: T-უჯრედოვანი ლეიკოზის ვირუსი, პაპილომავირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ჰერპეს-ვირუსი, B დაC ჰეპატიტების ვირუსები.
- მუტაციური თეორია სიმსივნური პროცესის განვითარების მიზეზად კანცეროგენების ანუ სიმსივნის გამომწვევი ფაქტორების გავლენით უჯრედების გენეტიკურ აპარატში მიმდინარე მუტაციებს მიიჩნევს. ფაქტორებს, რომლებიც უჯრედის გენეტიკურ აპარატში მუტაციებს იწვევს, მუტაგენები ეწოდება.
- იმუნოლოგიური თეორია: ყველაზე ჯანმრთელ ორგანიზმშიც კი მუდმივად მიმდინარეობს ერთეული მუტაციები და მათი სიმსივნური ტრანსფორმაცია, მაგრამ ნორმაში იმუნური სისტემა "არასწორ უჯრედებს" სწრაფად ანადგურებს, მაშინ კი, როცა იმუნური სისტემის ფუნქციონირება დარღვეულია, სიმსივნური უჯრედები ვეღარ ნადგურდება და მათი უმნიშვნელო რაოდენობაც კი სიმსივნურ წარმონაქმნებს უდებს სათავეს.
- დისჰორმონული თეორია სიმსივნის განვითარების მიზეზად მიიჩნევს სხვადასხვა სახის მოშლილობას, რომლებიც ორგანიზმში ჰორმონულ წონასწორობას არღვევს. დეზონტოგენური თეორიის თანახმად, სიმსივნის მიზეზი ემბრიოგენულ სტადიაზე ქსოვილთა განვითარების დარღვევაა, რაც შემდგომ მაპროვოცირებელ ფაქტორთა გავლენით ონკოლოგიურ წარმონაქმნად ტრანსფორმირდება.
სიმსივნის ნიშნები
- ავტონომიურობა. სიმსივნე ისე ჩნდება და იზრდება, რომ არც ნერვულ, არც ენდოკრინულ და არც იმუნურ სისტემას მასთან გამკლავების უნარი არ შესწევს.
- სწრაფი და არაკონტროლირებადი ზრდა, რომელიც დამანგრეველ ხასიათს ატარებს, იწვევს ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე ზეწოლას და მათ დაზიანებას. ზოგჯერ სიმსივნური ქსოვილი თვეობით ან კვირაობით იზრდება, ზოგჯერ კი დღე-ღამეშიც შესამჩნევად იმატებს.
- სიმსივნეს ახასიათებს ირგვლივ მდებარე ქსოვილებში შეჭრის - ინვაზიის, ინფილტრაციისა და პენეტრაციის (ჩაზრდის) უნარი და ადგილობრივი მეტასტაზების ფორმირება. მეტასტაზირება ხდება არა მხოლოდ ახლომდებარე, არამედ საკმაოდ მოშორებულ ადგილებშიც. მეტასტაზები ვრცელდება ლიმფისა და სისხლძარღვების საშუალებით. ხშირად ჩაიზრდება სხვადასხვა ორგანოში. ზოგიერთ სიმსივნეს შერჩევითი მეტასტაზირება ახასიათებს - მათი მეტასტაზები მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ქსოვილებში ვრცელდება.
- ორგანიზმზე ზოგადი ზემოქმედება - გამოიხატება სიმსივნური უჯრედების მიერ გამომუშავებული ტოქსინებით ორგანიზმის მოწამვლით, სიმსივნის საწინააღმდეგო და ზოგადი იმუნიტეტის დათრგუნვით, ზოგადი ინტოქსიკაციით, ფიზიკური გამოფიტვით, სისუსტით, დეპრესიითა და კახექსიით (ავადმყოფური სიგამხდრით).
- უნარი, სპეციალური მოსატყუებელი მექანიზმების დახმარებით დაუსხლტნენ T-კილერი უჯრედების იმუნოლოგიურ კონტროლს.
- მოუმწიფებლობა. რაც უფრო ნაკლებია სიმსივნური უჯრედების მომწიფების ხარისხი, მით უფრო ავთვისებიანია იგი, უფრო სწრაფად იზრდება და ადრე მეტასტაზირებს, სამაგიეროდ, უფრო მეტად მგრძნობიარეა სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიისადმი.
- ატიპურობა - ქსოვილოვანი და უჯრედოვანი არანორმალურობა. სიმსივნური უჯრედები გარეგნულად განსხვავდება იმ ქსოვილთა უჯრედებისგან, რომლებშიც ვითარდება. როცა სიმსივნე ძალზე სწრაფად იზრდება, ის ძირითადად არასპეციალიზებული უჯრედებისგან შედგება და სიმსივნური პირველწყაროს დადგენა ჭირს კიდეც, ძალიან ნელა ზრდისას კი სიმსივნური უჯრედები ჯანმრთელებს ემსგავსება და მათი ფუნქციების ნაწილობრივ შესრულებაც კი შეუძლია.
- პოლიმორფულობა (უჯრედთა მრავალფეროვნება) - სიმსივნური უჯრედები აგებულების მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანია.
- სიმსივნეები ასტიმულირებენ სისხლის მიმოქცევის სისტემის ინტენსიურ ზრდას, სისხლძარღვებით ამდიდრებენ წარმონაქმნს და ქსოვილში ხშირ სისხლჩაქცევებს იწვევენ.
სიმსივნის გამომწვევი ფაქტორები
ფაქტორებს, რომლებიც სიმსივნის წარმოქმნას განაპირობებს, კანცეროგენები ეწოდება.
მექანიკური კანცეროგენებია: ხშირი ტრავმატიზაცია და შემდგომ ქსოვილთა რეგენერაცია.
ფიზიკური კანცეროგენებია: მაიონიზებელი გამოსხივება, რომელიც იწვევს ლეიკოზებს, ძვლის ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებს, ულტრაიისფერი გამოსხივება (კანის კიბო).
ცნობილია, რომ მზით ძლიერი დამწვრობა საგრძნობლად ზრდის მომავალში მეტად ავთვისებიანი სიმსივნის - მელანომის - განვითარების ალბათობას.
ქიმიური კანცეროგენები. ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედებით სიმსივნეები შესაძლოა განვითარდეს არა მხოლოდ ქიმიური ნივთიერების მოქმედების ადგილას, არამედ მთელ ორგანიზმში.
ბიოლოგიური კანცეროგენები - უკვე ნახსენებ ონკოვირუსთა გარდა, კანცეროგენული თვისებები ბაქტერიებსაც აქვთ. მათ მიერ გამოწვეული ლორწოვანი გარსების ქრონიკული ანთებითი პროცესები შესაძლოა მალიგნიზაციით დასრულდეს.
კიბოსწინარე დაავადებები
კიბოსწინარე (სიმსივნისწინარე) დაავადებები თანდაყოლილი ან შეძენილი ქსოვილოვანი ცვლილებებია, რომლებიც ხელს უწყობს ავთვისებიან ახალწარმონაქმნთა განვითარებას. ახალწარმონაქმნი თითქმის არასოდეს ჩნდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ორგანიზმში - ყოველ კიბოს აქვს თავისი წინამორბედი დაავადება. პროცესი, რომლის დროსაც ნორმალური უჯრედები სიმსივნურად ფორმირდება, სხვადასხვანაირია და ხშირად საკმაოდ ხანგრძლივიც, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია მათი დიაგნოსტიკა მორფოლოგიური მეთოდებით. კიბოსწინარე დაავადებების 0,1-5% ავთვისებიანდება. ამგვარ დაავადებათა სპექტრი საკმაოდ ფართოა. მათ რიცხვს მიაკუთვნებენ პრაქტიკულად ყველა ქრონიკულ სპეციფიკურ და არასპეციფიკურ ანთებით დაავადებას.
კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ობლიგატურ და ფაკულტატურ სიმსივნისწინარე დაავადებებს.
ობლიგატური კიბოსწინარე დაავადებები თანდაყოლილი ფაქტორებით არის განპირობებული და ადრე თუ გვიან კიბოში გადაიზრდება. ობლიგატური კიბოსწინარე დაავადებებია:
- მსხვილი ნაწლავის პოლიპოზი;
- პიგმენტური ქსეროდერმა;
- ბოუენის დერმატოზი;
- კუჭის ადენომური პოლიპი.
ფაკულტატური სიმსივნისწინარე დაავადებები ავთვისებიან ახალწარმონაქმნებად იშვიათად ტრანსფორმირდება. რაც უფრო მეტხანს აქვს ადამიანს ფაკულტატური დაავადება, მით უფრო დიდია მისი ავთვისებიან სიმსივნედ ქცევის ალბათობა, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება.
ფაკულტატური სიმსივნისწინა დაავადებებია:
- სარძევე ჯირკვლის სადინართა დისჰორმონული ცვლილებები, კისტები, ადენოზი;
- ატროფიული გასტრიტი;
- არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;
- საშვილოსნოს ყელის ეროზია;
- კანის დამწვრობა, კეთილთვისებიანი აქანტომა, კერატოზი, პიგმენტური ქსეროდერმა, ბაზალურუჯრედოვანი კიბო;
- პირის ღრუს ლეიკოპლაკია, ერითროპლაკია, ლორწქვეშა ფიბროზი;
- სასუნთქი სისტემის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, შარდგამომყოფი სისტემის კიბოსწინარე დაავადებები.
სიმსივნური დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, განსაკუთრებული მეთვალყურეობა დაუწესონ რისკჯგუფში შემავალ პირებს, რათა მათ ორგანიზმში არ მოხდეს კიბოსწინარე დაავადებების კიბოდ გადაგვარება.