პროსტატის კიბოს მკურნალობა

მართალია, მონაცემები პროსტატის კიბოს მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის ეფექტიანობის შესახებ დღეს გაცილებით მეტია, ვიდრე სულ რაღაც 10 წლის წინ, მაგრამ თითოეული მათგანის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად გამოკვლევები ჯერ კიდევ გრძელდება.
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის გეგმის შემუშავებისას ექიმები განასხვავებენ პროსტატის კიბოს სამ სახეს - ორგანოში ლოკალიზებულს (დაზიანებულია მხოლოდ პროსტატა), ადგილობრივად გავრცელებულს (პროსტატის დიდი სიმსივნე ან მხოლოდ ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნე) და მეტასტაზირებულს (სიმსივნე გავრცელებულია შორს ან ფართოდ).
მხოლოდ ორგანოში ლოკალიზებული ან ადგილობრივად გავრცელებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში მკურნალობა გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას, სხივურ თერაპიას, ჰორმონულ თერაპიას, კრიოთერაპიას, ზოგჯერ - რამდენიმე ამ მეთოდის კომბინაციას და ამასთან ერთად პაციენტზე დაკვირვებას. პროსტატის მეტასტაზირებული სიმსივნის განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. მისი მკურნალობა, რომელიც ჰორმონული თერაპიითა და ქიმიოთერაპიით ხორციელდება, ფაქტობრივად პალიატიურია - მხოლოდ სიმსივნის ზრდის შეფერხებასა და დაავადების სიმპტომების შესუსტებას ემსახურება.
ქირურგიული მკურნალობა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
პროსტატის კიბოს ქირურგიული მკურნალობისას ტარდება რადიკალური პროსტატექტომია - პროსტატის ამოკვეთა. სწორედ რადიკალურ პროსტატექტომიას მიმართავენ ყველაზე ხშირად ორგანოში ლოკალიზებული და ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნის დროს. არსებული მონაცემებით, მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტიანობა 90%-ს უტოლდება.
რადიკალური პროსტატექტომია შეიძლება ჩატარდეს როგორც ღია ქირურგიული ჩარევით, ისე ლაპაროსკოპიით. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ხვეწენ ოპერაციულ ტექნიკას და შეიმუშავებენ მეთოდებს, რომელთა წყალობითაც შესაძლებელი ხდება ოპერირება მცირე განაკვეთიდან სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით. მონაცემები ჯერჯერობით იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი ჩარევის შედეგები არ განსხვავდება ღია წესით ჩატარებული ოპერაციის შედეგებისგან, თუმცა, რასაკვირველია, ვერ უარვყოფთ, რომ რაც უფრო ნაკლებად ტრავმულია ჩარევა, მით უფრო ნაკლები სისხლი იკარგება და მით უფრო ნაკლებია ტკივილი ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
სხივური თერაპია
სხივური თერაპიის მიზანია სიმსივნური უჯრედების განადგურება და მათი გამრავლების შეჩერება. მკურნალობის ეს მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტს, რომ სიმსივნური უჯრედები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად მრავლდებიან, გაცილებით ადვილად იშლებიან გამოსხივების ზემოქმედებით, ვიდრე მიმდებარე ნორმალური უჯრედები. კლინიკური კვლევების მონაცემების თანახმად, ორგანოში ლოკალიზებული პროსტატის კიბოს სხივური თერაპიის შედეგები მკურნალობიდან 10 წლის განმავლობაში ისეთივეა, როგორიც რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ.
10-წლიანი პერიოდის შემდეგ სხივური თერაპიის ეფექტურობის კვლევა გრძელდება. არ არის გამორიცხული მოგვიანებითი რეციდივი. არჩევანი ოპერაციულ მკურნალობასა და სხივურ თერაპიას შორის დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის - პაციენტის სურვილზე, ასაკზე, თანმხლებ დაავადებებზე და, რასაკვირველია, თავად სიმსივნის გავრცელებაზე. ორგანოში ლოკალიზებული პროსტატის კიბოს შემთხვევაში მოწინავე ქვეყნებში პაციენტთა 30%-ს სწორედ სხივური თერაპია უტარდება. ზოგჯერ ონკოლოგები სხივურ თერაპიას ატარებენ ქირურგიულ ან ჰორმონულ თერაპიასთან ერთად. ასეთი კომბინაციის მიზანი მკურნალობის შორეული შედეგების გაუმჯობესებაა.
პროსტატის კიბოს ჰორმონული თერაპია
მამაკაცის ორგანიზმში გამომუშავებული მამაკაცური ჰორმონი (ანდროგენი) ტესტოსტერონი პროსტატის სიმსივნური უჯრედების ზრდას ასტიმულირებს. ჰორმონული მკურნალობა ტესტოსტერონის მიერ ამ სტიმულაციის დაქვეითებას ისახავს მიზნად. ჩვეულებრივ, ტესტოსტერონი სათესლე ჯირკვლებში გამომუშავდება. ამ პროცესს ასტიმულირებს მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონი. ეს ჰორმონი თავის ტვინში არსებულ ენდოკრინულ ჯირკვალში - ჰიპოთალამუსში გამომუშავდება და სისხლის ნაკადით აღწევს სათესლე ჯირკვლებამდე, სადაც ტესტოსტერონის გამომუშავებას ასტიმულირებს.
ჰორმონული მკურნალობა ანუ ანდროგენული დეპრივაცია (პროსტატაზე ტესტოსტერონის ზემოქმედების აღკვეთა) შეიძლება ჩატარდეს როგორც ქირურგიული, ისე მედიკამენტური გზით.
ქირურგიული მეთოდია სათესლე ჯირკვლების მოკვეთა - ამ ოპერაციას ორქიექტომიას ან კასტრაციას უწოდებენ. მედიკამენტური ჰორმონული მკურნალობისას შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ორი ტიპის პრეპარატები. ერთ ჯგუფს მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტს უწოდებენ. ეს მედიკამენტები ბლოკავენ მალუთეინიზებელი ჰორმონის რილიზინგ-ჰორმონის გამოთავისუფლებას თავის ტვინში. მედიკამენტთა მეორე ჯგუფს უწოდებენ ანტიანდროგენულ პრეპარატებს. ისინი მამაკაცური ჰორმონების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, კერძოდ, ბლოკავენ პროსტატაზე ტესტოსტერონის ზემოქმედებას.