სხივური თერაპია: საინტერესო დეტალები

სხივური თერაპიის ეფექტი ეფუძნება მაიონიზებელი გამოსხივებისადმი სიმსივნური უჯრედების მაღალ მგრძნობელობას. აღნიშნული გამოსხივების ზემოქმედებით სიმსივნურ უჯრედებში, რომლებიც ინტენსიური დაყოფა-გამრავლებით გამოირჩევა, ვითარდება მრავლობითი მუტაცია, რის შედეგადაც ისინი იღუპებიან.
ორგანიზმის ნორმალური უჯრედები ამ დროს ასეთსავე ცვლილებას არ განიცდიან, რადგან დასხივებისადმი გაცილებით ამტანნი არიან. ისიც უნდა ითქვას, რომ სიმსივნური უჯრედების ნაწილი დასხივების მომენტში ისვენებს, რის წყალობითაც ზოგიერთი მათგანი დასხივების შედეგად ნორმალური (ჯანმრთელი) უჯრედის სახეს იღებს, ჯანსაღდება, ნორმას უბრუნდება. სწორედ ამიტომ სხივური თერაპია ერთ მომენტად კი არ ტარდება, არამედ რამდენიმე სეანსად.
დასხივების ერთჯერადი და სუმარული (ანუ ჯამური) დოზის შერჩევა იმგვარად ხდება, რომ არ დაზიანდეს ჯანმრთელი ქსოვილები, სამაგიეროდ, მაქსიმალური ზემოქმედება განიცადოს სიმსივნურმა უჯრედებმა. სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად გამოიყენება აგრეთვე დასხივების სპეციალური მეთოდიკა - სიმსივნის დასხივება სხვადასხვა მხრიდან. ასეთი მიდგომის მეოხებით სიმსივნურ წარმონაქმნში მაიონიზებელი გამოსხივების მაქსიმალური დოზა იყრის თავს.
რა საჭიროა სხივური თერაპია
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
სხივური თერაპია ონკოლოგიურ პათოლოგიათა მკურნალობის სამიდან ერთ-ერთი წამყვანი მეთოდია. ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში, მაგალითად, ლიმფოგრანულომატოზის დროს, ქირურგიული და მედიკამენტური (იგივე ქიმიოთერაპია) მეთოდების მსგავსად, ისიც სრული განკურნების საშუალებას იძლევა. ზოგიერთი დაავადების მკურნალობისას სხივური თერაპია ავსებს ქიმიოთერაპიასა და ქირურგიულ მკურნალობას და ამით აუმჯობესებს შედეგს. მაგალითად, სარძევე ჯირკვლის, სწორი ნაწლავის, ფილტვის კიბოს დროს და სხვა. ზოგიერთი დაავადების დროს კი სხივური თერაპიის წყალობით სუსტდება დაავადების მტანჯველი სიმპტომები, მაგალითად, ძვლებში კიბოს მეტასტაზირებისას მცირდება ტკივილები. სხივური თერაპია გამოიყენება არაონკოლოგიური (არასიმსივნური) დაავადებების სამკურნალოდაც. მაგალითად, იყო დრო, როდესაც რენტგენოთერაპია გამოიყენებოდა მომატებული ოფლიანობის სამკურნალოდ და როგორც ეპილაციის მეთოდი.
როგორ ტარდება სხივური თერაპია
მაიონიზებელი გამოსხივება ჯანმრთელი ქსოვილებისთვის უსაფრთხო არ არის, ამიტომაც დასხივება რამდენიმე სეანსად ხორციელდება. საჭიროების შემთხვევაში დასხივებას ახორციელებენ რამდენიმე წერტილიდან, იმგვარად, რომ ჯანმრთელმა ქსოვილებმა დასხივების მინიმალური დოზა მიიღონ, სიმსივნურმა წარმონაქმნმა კი მაქსიმალური.
სხივური თერაპია დაგეგმვით იწყება. ამისთვის წინასწარ არაერთი გამოკვლევა ტარდება სიმსივნური წარმონაქმნის ადგილმდებარეობის (ლოკალიზაციის) დეტალური შესწავლისათვის. მხოლოდ ამგვარი მიდგომით არის შესაძლებელი მაიონიზებელი დასხივების სიმსივნისკენ ზუსტად მიმართვა.
არსებობს სხივური თერაპიის რამდენიმე სახე. ისინი, უპირველეს ყოვლისა, გამოსხივების სახეობის მიხედვით დიფერენცირდება: რენტგენოთერაპია და გამათერაპია.
დამასხივებელი წყაროს ადამიანის სხეულის მიმართ მდებარეობის მიხედვით კი განასხვავებენ სამი ტიპის დასხივებას: დისტანციურს (შორი მანძილიდან), კონტაქტურს და შიდაღრუებრივს.
დასხივება შესაძლოა დაყვანილ იქნეს უშუალოდ სიმსივნურ წარმონაქმნზე წვრილი ნემსების საშუალებით (შიდაქსოვილოვანი დასხივება). სეანსის დროს პაციენტი არც ტკივილს და არც სხვა უსიამოვნო შეგრძნებას არ განიცდის.
სხივური თერაპია ტარდება სპეციალურად აღჭურვილ ოთახში. მედდა ეხმარება პაციენტს, მიიღოს ის მდებარეობა, რომელიც დაგეგმვისას შეირჩა. სპეციალური ბლოკების დახმარებით ჯანმრთელ ორგანოებსა და ქსოვილებს დასხივებისაგან იცავენ. ამის შემდეგ იწყება სეანსი, რომელიც ერთიდან ხუთ წუთამდე გრძელდება. ექიმი პროცედურას აკვირდება კაბინეტიდან, რომელსაც აქვს ვიზუალური დამაკავშირებელი საპროცედურო ოთახთან.
სხივური თერაპია სამ ძირითად მიმართულებად იყოფა. ესენია: დისტანციური სხივური თერაპია, ბრაქითერაპია და რადიონუკლიდური თერაპია. ამათგან ყველაზე მეტად დისტანციური სხივური თერაპიაა გავრცელებული, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შორი მანძილიდან დასხივებას წარმოადგენს. დისტანციიდან დასხივებისას მთავარი მიზანია, სიმსივნური წარმონაქმნის უბანში რადიობიოლოგიური ზემოქმედების მაქსიმალური კონცენტრაცია შეიქმნას, ხოლო ჯანმრთელი ქსოვილები მაქსიმალურად იქნეს დაცული დასხივებისაგან. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა სახის ტექნიკური აღჭურვილობა (ფიქსირებული და მოძრავი, როტაციული ტექნიკა).
დასხივების საერთო დოზა ფრაქციებად იყოფა. მკურნალობა რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ტარდება (კვირაში 4-5-ჯერ). ამ მიდგომით მიიღწევა სიმსივნის თანდათანობითი დაზიანება-განადგურება, ხოლო ჯანმრთელ (ნორმალურ) ქსოვილებს ყოველი მომდევნო ფრაქციის წინ აღდგენის საშუალება ეძლევათ.
ბრაქითერაპიის დროს გამოსხივების წყარო დახურული (კაფსულა, აბი და სხვა) შეჰყავთ სიმსივნით დაზიანებულ ორგანოში. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი ყოველგვარი სიმსივნის დროს არ გამოიყენება. მაგალითად, მას არ მიმართავენ სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დროს.
რადიონუკლიდური თერაპია დღეისთვის ფართოდ გავრცელებულ მეთოდს არ წარმოადგენს. აღნიშნული მეთოდის დროს გამოსხივების წყარო - რადიონუკლიდები - ღია მდგომარეობაში შეჰყავთ არა უშუალოდ დაზიანებულ ორგანოში, არამედ პაციენტის ორგანიზმში, რის შემდეგაც რადიონუკლიდები თავად აღწევენ ავთვისებიანი სიმსივნის კერას.
შიდაღრუებრივი სხივური თერაპიის დროს გამოიყენება რადიაქტიური მასალის შემცველი დაბალენერგეტიკული რადიაქტიური წყაროები - ნემსი, კაფსულა, მავთული და სხვა. სიმსივნის დასაზიანებლად რადიაციის სათანადო დოზა განსაზღვრულ, არცთუ ისე დიდ უბანზე, შესაძლოა, ხანგრძლივად - დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში იქნეს მიმართული. შიდაღრუებრივი სხივური თერაპიისას რადიაქტიური წყარო უშუალოდ ღრუში შეჰყავთ. მაგალითად, საშვილოსნოს ღრუში. შიდაქსოვილოვანი დასხივებისას კი რადიაქტიური ნემსი ან მავთული განსაკუთრებული მეთოდით შეჰყავთ სიმსივნის მახლობლად, შესაბამის ქსოვილში (ენის ქსოვილი, შარდის ბუშტის კედელი და სხვა).