რას გვიქადის სიბერე?
- როდის იწყება სიბერე?
- ადამიანთა დაბერების პროცესი სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს.
შესაბამისად, ერთსა და იმავე ასაკში მათი ჯანმრთელობაც სხვადასხვანაირია.
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ადამიანის კალენდარული და ბიოლოგიური ასაკი.
კალენდარული ასაკის მნიშვნელობა ყველამ იცის, ბიოლოგიური ასაკი კი ორგანიზმის დაბერებისა და ჯანმრთელობის საზომია.
ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრა ფიზიოლოგიურ და ნაადრევ სიბერეს შორის ზღვარის გავლების საშუალებას გვაძლევს.
რაც უფრო მეტად უსწრებს კალენდარული ასაკი ბიოლოგიურს, მით უფრო ნელა მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მით მეტხანს ცოცხლობს ადამიანი.
ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრა ადვილი არ არის.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებები არათანაბრად მიმდინარეობს. ხშირად ორგანოთა რომელიმე სისტემა სხვებზე სწრაფად ბერდება. სწორედ ეს ქმნის სირთულეებს ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრისას, რადგან ეს პროცესი კომპლექსურად უნდა აფასებდეს მთელი ორგანიზმის მდგომარეობას. ასე რომ, კითხვაზე, როდის იწყება სიბერე, - ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია.
ზოგადად კი გერონტოლოგიის ინტერესის ობიექტია 60 წელს გადაცილებული ადამიანი. ასეთი ადამიანები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ.
მათ 3 ჯგუფად ყოფენ:
ხანდაზმულებად (60-74 წლისანი);
მოხუცებად (75-89 წლისანი);
დღეგრძელებად (90 წელს გადაცილებულები).
- რა განასხვავებს ნაადრევ სიბერეს ფიზიოლოგიურისგან?
- ფიზიოლოგიურ დაბერებას ახასიათებს ასაკობრივი ცვლილებების ისეთი ტემპები და შედეგები, რომლებიც ადამიანის ბუნებრივ ადაპტაციურ შესაძლებლობებს შეესაბამება, ნაადრევი დაბერების დროს კი ეს ასაკობრივი ცვლილებები უფრო ადრე იჩენს თავს. ნაადრევ დაბერებას განაპირობებს გადატანილი დაავადებები და არასასურველი გარეგანი ფაქტორები, მაგალითად, ხშირი და ძლიერი სტრესი.
ნაადრევი სიბერის ნიშნებია:
- ადვილად დაღლა;
- შრომის უნარის დაქვეითება;
- მეხსიერების დაქვეითება;
- ემოციური გაუწონასწორებლობა;
- რეპროდუქციული ფუნქციის ნაადრევი დაქვეითება;
- გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ და სხვა ორგანოთა სისტემების ადაპტაციური შესაძლებლობების დაქვეითება.
არის შემთხვევები, როდესაც დაბერების პროცესი შენელებულია - ადამიანს ასაკობრივი ცვლილებები სხვებთან შედარებით გვიან გამოაჩნდება. ასეთი ხალხი, როგორც აღვნიშნეთ, უფრო მეტხანს ცოცხლობს.
- რომელი დაავადებებია დამახასიათებელი ხანდაზმული და მოხუცებული ასაკისთვის?
- მოხუცებულები მიდრეკილნი არიან მეხსიერების დაქვეითებისკენ, ოსტეოპოროზისკენ, წინამდებარე ჯირკვლის ადენომისა და კიბოსკენ, თუმცა გერიატრიის ინტერესის საგანია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის დამახასიათებელი დაავადებებიც, რომლებიც მოხუცებულებში თავისებურად მიმდინარეობს და რომელთა მკურნალობაც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.
ესენია:
გულისა და ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებები (გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზული ენცეფალოპათიები);
ჰიპერტენზია;
გულის უკმარისობა;
შაქრიანი დიაბეტი;
დეპრესია;
თვალის დაავადებები (კატარაქტა, გლაუკომა) და სხვა.
ბოლო ხანს საკმაოდ გახშირდა ონკოლოგიური დაავადებებიც.
მოხუცებულები განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან ათეროსკლეროზით და ჰიპერტენზიით. ამ ასაკში ნივთიერებათა ცვლის პროცესები ისედაც შენელებულია, ამას ერთვის სხვა ფაქტორებიც (მემკვი-დრეობა, კვება) და სისხლძარღვებში ქოლესტერინი ლაგდება. ხანდაზმულ ასაკში ათეროსკლეროზის პარალელურად მიმდინარეობს ფიზიოსკლეროზიც, ყოველივე ამის ფონზე კი ადვილად ვითარდება ესენციური ჰიპერტენზია. შინაგან ორგანოებში ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო განვითარებულ პათოლოგიურ პროცესებს (პნევმონია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვების ტუბერკულოზი, შაქრიანი დიაბეტი) შედარებით ნელი და შენიღბული მიმდინარეობა ახასიათებს.
ხანში შესულებსა და მოხუცებს, ისევე, როგორც ახალგაზრდებს, შესაძლოა დაემართოთ ნებისმიერი მწვავე და ქრონიკული დაავადება, მაგრამ ორგანიზმის ასაკობრივი თავისებურებები მათ ატიპურ, არეაქტიულ (ტკივილის შეგრძნების დაქვეითებით), უსიმპტომო მიმდინარეობას განაპირობებს.
მოხუცებულს მიდრეკილება აქვს პათოლოგიური პროცესების პროგრესირებისკენ. 40-45 წლიდან იწყება დაავადებათა "დაგროვების" პროცესი, ამის კვალობაზე, ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში მწვავე სნეულებები იშვიათდება, სამაგიეროდ ხშირდება ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესები. დაავადებათა მკურნალობა და დიაგნოსტირება ამ ასაკობრივ ჯგუფებში განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.
- მოხუცებულ ასაკში სამკურნალო საშუალებათა ორგანიზმზე არასასურველი გავლენის საფრთხე მეტია, რადგან ძირითადი დაავადებით გამოწვეულ ცვლილებებს ასაკობრივიც ემატება.
- მოხუცებულებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი სულ მცირე ინტოქსიკაციის (მათ შორის - წამლისმიერი ინტოქსიკაციის) მიმართაც კი დაქვეითებული აქვთ.
- დაუშვებელია ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტის მიღება. ამ ასაკის პაციენტს რაც შეიძლება ნაკლები პრეპარატი უნდა დაენიშნოს. აუცილებელია წამლის მიღებიდან მიღებამდე მკაცრი ინტერვალის დაცვა.
- მედიკამენტის დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. რეკომენდებულია, თავდაპირველად მცირე დოზები დაინიშნოს და შემდეგ თანდათან გაიზარდოს. ეს განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებს, სედაციურ, ჰიპოტენზიურ და ნეიროლეფსიურ საშუალებებს ეხება. მოხუცებს ეს პრეპარატები შუახნის ადამიანებზე ორჯერ ნაკლები დოზით ენიშნებათ.
- მოხუცებს სითხის მოთხოვნილება დაქვეითებული აქვთ, რამაც შესაძლოა მკურნალობის პერიოდში წამლისმიერი ინტოქსიკაცია განაპირობოს, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მიღებული და გამოყოფილი სითხის ოდენობას.
- გერონტოლოგიურ ასაკში ორგანიზმი ადვილად ეჩვევა წამლებს (განსაკუთრებით - საძილე და დამამშვიდებელ საშუალებებს), ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატების ცვლა.
- ამ ასაკში საკმაოდ ხშირია წამლისმიერი ალერგია.
- გერონტოლოგიურ ასაკში წამლისმიერი ინტოქსიკაციის საფრთხე უფრო მეტია, როდესაც ორგანიზმს სათანადო ოდენობით არ მიეწოდება ვიტამინები (განსაკუთრებით - B ჯგუფისა). ამის კვალობაზე, შესაძლოა, ვიტამინოთერაპია წამლისმიერი ინტოქსიკაციებისა და სხვა გვერდითი მოვლენებისგან დასაცავ საუკეთესო საშუალებად ჩაითვალოს.