ხანდაზმულთა დაავადებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021

ხანდაზმულთა დაავადებები

ხანდაზმულთა დაავადებები

დაავადებათა უმრავლესობა ხანდაზმულ ორგანიზმში თავისებურად  მიმდინარეობს, ამიტომ გამოკვლევა და მკურნალობა განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. სხვაგვარად შესაძლოა დიაგნოზი არასწორად დაისვას და მკურნალობა უშედეგო, საზიანოც კი აღმოჩნდეს.

 

 

ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი გერონტოლოგი, თერაპიის ეროვნული ცენტრის გერონტოლოგიისა და გერიატრიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი ტატა ზუბიაშვილი.

- ქალბატონო ტატა, რატომ ბერდება ადამიანი?

- სიბერე ორგანიზმის ასაკობრივი განვითარების გარდაუვალი ეტაპია. ის განპირობებულია იმ ცვლილებებით, რომლებიც წლების მანძილზე მიმდინარეობს ორგანიზმში მოლეკულურ, უჯრედულ თუ ორგანულ დონეზე. სხვადასხვა ორგანოსა თუ ქსოვილის დაბერების პროცესი სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს.

თავდაპირველად იცვლება ხასიათი, ემოციური სფერო, შემდეგ კანი, თმა, ფრჩხილები, ამას მოსდევს წონის მატება და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში ირღვევა აბსოლუტურად ყველა ორგანოსა თუ სისტემის ფუნქციონირება. არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც დაბერების მიზეზი ადამიანის დნმ-ში იმალება. უჯრედთა დნმ-ს დაზიანება, რომელიც ჟანგვის პროცესებით არის გამოწვეული, ასაკთან ერთად ღრმავდება,
რაც სიბერისთვის დამახასიათებელ დეგენერაციულ ცვლილებებს იწვევს.

- როდის იწყება სიბერე?

- ადამიანთა დაბერების პროცესი სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. შესაბამისად, ერთსა და იმავე ასაკში მათი ჯანმრთელობაც სხვადასხვანაირია.
ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ადამიანის კალენდარული და ბიოლოგიური ასაკი. კალენდარული ასაკის მნიშვნელობა ყველამ იცის, ბიოლოგიური ასაკი კი ორგანიზმის დაბერებისა და ჯანმრთელობის საზომია. ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრა ფიზიოლოგიურ და ნაადრევ სიბერეს შორის ზღვარის გავლების საშუალებას გვაძლევს. რაც უფრო მეტად უსწრებს კალენდარული ასაკი ბიოლოგიურს, მით უფრო ნელა მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მით მეტხანს ცოცხლობს ადამიანი.

ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრა ადვილი არ არის. როგორც უკვე მოგახსენეთ, ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებები არათანაბრად მიმდინარეობს. ხშირად ორგანოთა რომელიმე სისტემა სხვებზე სწრაფად ბერდება. სწორედ ეს ქმნის სირთულეებს ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრისას, რადგან ეს პროცესი კომპლექსურად უნდა აფასებდეს მთელი ორგანიზმის მდგომარეობას. ასე რომ, კითხვაზე, როდის იწყება სიბერე, - ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ზოგადად კი გერონტოლოგიის ინტერესის ობიექტია 60 წელს გადაცილებული ადამიანი. ასეთი ადამიანები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. მათ 3 ჯგუფად ყოფენ:

  • ხანდაზმულებად (60-74 წლისანი);
  • მოხუცებად (75-89 წლისანი);
  • დღეგრძელებად (90 წელს გადაცილებულები).

- რა უწყობს ხელს დღეგრძელობას?

- დღეგრძელობის ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა:

  • მემკვიდრეობა;
  • ცხოვრების ჯანსაღი წესი;
  • ემოციური სიჯანსაღე;
  • ბალანსირებული, სრულფასოვანი, ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით კვება. 50 წელს გადაცილებული ადამიანი უნდა იღებდეს ცილებით მდიდარ (ხაჭო, ხორცი, მაგრამ არა მისი ნახარში) და ცხიმებით ღარიბ საკვებს. ზოგი მიიჩნევს, რომ არსებობს საკვები, რომელიც ხელს უწყობს დღეგრძელობას. ასეთ პროდუქტებს მიაკუთვნებენ, მაგალითად, მაწონს. ასევე ითვლება, რომ ჩ ვიტამინი დიდ როლს ასრულებს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში;
  • ზომიერი ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური ვარჯიში, რასაკვირველია, ხელს უწყობს ორგანიზმის გაკაჟებას, მაგრამ გადატვირთვა, მით უმეტეს, ხანდაზმულ ასაკში, უარყოფითად იმოქმედებს ჯანმრთელობაზე.

- რა განასხვავებს ნაადრევ სიბერეს ფიზიოლოგიურისგან?

- ფიზიოლოგიურ დაბერებას ახასიათებს ასაკობრივი ცვლილებების ისეთი ტემპები და შედეგები, რომლებიც ადამიანის ბუნებრივ ადაპტაციურ შესაძლებლობებს შეესაბამება, ნაადრევი დაბერების დროს კი ეს ასაკობრივი ცვლილებები უფრო ადრე იჩენს თავს. ნაადრევ დაბერებას განაპირობებს გადატანილი დაავადებები და არასასურველი გარეგანი ფაქტორები, მაგალითად, ხშირი და ძლიერი სტრესი.
ნაადრევი სიბერის ნიშნებია:

  • ადვილად დაღლა;
  • შრომის უნარის დაქვეითება;
  • მეხსიერების დაქვეითება;
  • ემოციური გაუწონასწორებლობა;
  • რეპროდუქციული ფუნქციის ნაადრევი დაქვეითება;
  • გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ და სხვა ორგანოთა სისტემების ადაპტაციური შესაძლებლობების დაქვეითება.

არის შემთხვევები, როდესაც დაბერების პროცესი შენელებულია - ადამიანს ასაკობრივი ცვლილებები სხვებთან შედარებით გვიან გამოაჩნდება. ასეთი ხალხი, როგორც აღვნიშნეთ, უფრო მეტხანს ცოცხლობს.

- რომელი დაავადებებია დამახასიათებელი ხანდაზმული და მოხუცებული ასაკისთვის?

- მოხუცებულები მიდრეკილნი არიან მეხსიერების დაქვეითებისკენ, ოსტეოპოროზისკენ, წინამდებარე ჯირკვლის ადენომისა და კიბოსკენ, თუმცა გერიატრიის ინტერესის საგანია სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის დამახასიათებელი დაავადებებიც, რომლებიც  მოხუცებულებში თავისებურად მიმდინარეობს და რომელთა მკურნალობაც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. ესენია:

  • გულისა და ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებები (გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზული ენცეფალოპათიები);
  • ჰიპერტენზია;
  • გულის უკმარისობა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • დეპრესია;
  • თვალის დაავადებები (კატარაქტა, გლაუკომა) და სხვა.

ბოლო ხანს საკმაოდ გახშირდა ონკოლოგიური დაავადებებიც.
მოხუცებულები განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან ათეროსკლეროზით და ჰიპერტენზიით. ამ ასაკში ნივთიერებათა ცვლის პროცესები ისედაც შენელებულია, ამას ერთვის სხვა ფაქტორებიც (მემკვი-დრეობა, კვება) და სისხლძარღვებში ქოლესტერინი ლაგდება. ხანდაზმულ ასაკში ათეროსკლეროზის პარალელურად მიმდინარეობს ფიზიოსკლეროზიც, ყოველივე ამის ფონზე კი ადვილად ვითარდება ესენციური ჰიპერტენზია. შინაგან ორგანოებში ათეროსკლეროზული ცვლილებების გამო განვითარებულ პათოლოგიურ პროცესებს (პნევმონია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვების ტუბერკულოზი, შაქრიანი დიაბეტი) შედარებით ნელი და შენიღბული მიმდინარეობა ახასიათებს.

ხანში შესულებსა და მოხუცებს, ისევე, როგორც ახალგაზრდებს, შესაძლოა დაემართოთ ნებისმიერი მწვავე და ქრონიკული დაავადება, მაგრამ ორგანიზმის ასაკობრივი თავისებურებები მათ ატიპურ, არეაქტიულ (ტკივილის შეგრძნების დაქვეითებით), უსიმპტომო მიმდინარეობას განაპირობებს.
მოხუცებულს მიდრეკილება აქვს პათოლოგიური პროცესების პროგრესირებისკენ. 40-45 წლიდან იწყება დაავადებათა "დაგროვების" პროცესი, ამის კვალობაზე, ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში მწვავე სნეულებები იშვიათდება, სამაგიეროდ ხშირდება ქრონიკულად მიმდინარე პათოლოგიური პროცესები. დაავადებათა მკურნალობა და დიაგნოსტირება ამ ასაკობრივ ჯგუფებში განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.

- რას გვეტყვით მკურნალობის თავისებურებებზე?

- ხანდაზმულისა და მოხუცებულისთვის პრეპარატის დანიშვნა სიფრთხილეს მოითხოვს. მათთვის დოზა 2-3-ჯერ ნაკლები უნდა იყოს. მაგალითად, არ შეიძლება, წნევა მოხუცებულს სწრაფად და მკვეთრად დავუგდოთ. ის ნელ-ნელა უნდა დაიწიოს, რათა სისხლძარღვები შეეგუოს ახალ პირობებს, ნივთიერებათა ცვლა ნორმალურად გაგრძელდეს და პაციენტი კოლაფსში არ ჩავარდეს.
გერონტოლოგიურ ასაკში მედიკამენტებით მკურნალობისას გასათვალისწინებელია შემდეგი მომენტები:

  • მოხუცებულ ასაკში სამკურნალო საშუალებათა ორგანიზმზე არასასურველი გავლენის საფრთხე მეტია, რადგან ძირითადი დაავადებით გამოწვეულ ცვლილებებს ასაკობრივიც ემატება.
  • მოხუცებულებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი სულ მცირე ინტოქსიკაციის (მათ შორის - წამლისმიერი ინტოქსიკაციის) მიმართაც კი დაქვეითებული აქვთ.
  • დაუშვებელია ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტის მიღება. ამ ასაკის პაციენტს რაც შეიძლება ნაკლები პრეპარატი უნდა დაენიშნოს. აუცილებელია წამლის მიღებიდან მიღებამდე მკაცრი ინტერვალის დაცვა.
  • მედიკამენტის დოზა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. რეკომენდებულია, თავდაპირველად მცირე დოზები დაინიშნოს და შემდეგ თანდათან გაიზარდოს. ეს განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებს, სედაციურ, ჰიპოტენზიურ და ნეიროლეფსიურ საშუალებებს ეხება. მოხუცებს ეს პრეპარატები შუახნის ადამიანებზე ორჯერ ნაკლები დოზით ენიშნებათ.
  • მოხუცებს სითხის მოთხოვნილება დაქვეითებული აქვთ, რამაც შესაძლოა მკურნალობის პერიოდში წამლისმიერი ინტოქსიკაცია განაპირობოს, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მიღებული და გამოყოფილი სითხის ოდენობას.
  • გერონტოლოგიურ ასაკში ორგანიზმი ადვილად ეჩვევა წამლებს (განსაკუთრებით - საძილე და დამამშვიდებელ საშუალებებს), ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატების ცვლა.
  • ამ ასაკში საკმაოდ ხშირია წამლისმიერი ალერგია.
  • გერონტოლოგიურ ასაკში წამლისმიერი ინტოქსიკაციის საფრთხე უფრო მეტია, როდესაც ორგანიზმს სათანადო ოდენობით არ მიეწოდება ვიტამინები (განსაკუთრებით - B ჯგუფისა). ამის კვალობაზე, შესაძლოა, ვიტამინოთერაპია წამლისმიერი ინტოქსიკაციებისა და სხვა გვერდითი მოვლენებისგან დასაცავ საუკეთესო საშუალებად ჩაითვალოს.

მოდი, რამდენიმე სიტყვით ცალ-ცალკე მიმოვიხილოთ მოხუცებული ასაკისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი დაავადებები და მათი მკურნალობის თავისებურებები.


მეხსიერება
მეხსიერების დაქვეითება ბუნებრივი სიბერის ერთ-ერთ ნიშნად ითვლება. ყველამ იცის, რომ ხანდაზმულ ასაკში პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებიც კი ძნელად ითვისებენ ახალ ინფორმაციას და უჭირთ მეხსიერებიდან დასწავლილი (დამახსოვრებული) ინფორმაციის ამოღება.
მეხსიერების ასაკობრივი ცვლილებები 40-დან 65 წლამდე ვითარდება და აღარ პროგრესირებს. ასეთი ცვლილებები არ აფერხებს ყოველდღიური ცხოვრების რიტმს, ხოლო რამის დასწავლისას კარნახთან შერწყმული დახმარება აუმჯობესებს ინფორმაციის ათვისებასა და რეპროდუქციას. ეს განასხვავებს ამ ტიპის მეხსიერების დაქვეითებას ალცჰაიმერისა და სხვა დაავადებებისთვის დამახასიათებელი მეხსიერების გამოვარდნისგან. ეს არის ერთგვარი კეთილთვისებიანი მოხუცებულობითი გულმავიწყობა. მისი მკურნალობა და პროფილაქტიკა ითვალისწინებს ქოლესტერინის დაქვეითებას, სისხლძარღვების ელასტიკურობის გაზრდას და ასე შემდეგ.


ოსტეოპოროზი
ოსტეოპოროზი ძვლოვანი მასის შემცირებით მიმდინარე დაავადებაა, რომლის დროსაც მთავარი საშიშროება ძვლის მოტეხილობაა. ძვლოვანის მასის შემცირების მიზეზი ძვლის გაფაშრება, კალციუმით გაღარიბებაა. მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ანუ 45-50 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმში ოსტეოპოროზის პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, ძვლების სიმკვრივე სწრაფად და პროგრესულად ქვეითდება. მენოპაუზის პირველი 5 წლის განმავლობაში ქალები ძვლოვანი მასის მეოთხედს კარგავენ. ამის მიზეზი ესტროგენების პროდუქციის დაქვეითება გახლავთ. წელის ტკივილი, ძვლების ტკივილი, მხრებში მოხრა, დადაბლება სწორედ ძვლის სტრუქტურის ცვლილებებზე მიანიშნებს. ამის გამოვლენა შესაძლებელია ძვლის დენსიტომეტრიით - ექოსკოპიური გამოკვლევით.
ოსტეოპოროზის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება, D ვიტამინისა და კალციუმის საკმაო ოდენობით მიღება. ძვლებში კალციუმის ჩალაგებას ხელს უწყობს ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც. ფიზიკური დატვირთვით შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო გზით წარვმართოთ ორგანიზმში კალციუმის ცვლა. ინიშნება კალციუმის პრეპარატებიც.



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
კატეგორიის სხვა სტატიები
„შენ გაქვს იმდენი ძალა, რომ ზეგავლენა მოახდინო მატერიაზე, რადგან შენ ენერგია ხარ ცნობიერებით, შენ გონიერი მატერია ხარ" - ეს დოქტორ ჯო დისპენზას ცნობილი გამონათქვამია.
დღეს კინო ინდუსტრია არაერთ ფილმსა თუ სერიალს გვთავაზობს ექიმებზე და ზოგადად სამედიცინო სფეროზე. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
სასიყვარულო გრძნობები ზოგჯერ ხანდაზმულ ასაკშიც იჩენს ხოლმე თავს.
ცოტა ხნის წინ გამოვლენილი გენეტიკური ფაქტორი ზრდასრული ადამიანის კანს, ახალშობილი ბავშვის კანის მსგავსად,
მიზეზები და შედეგები სისხლძარღვთა სისტემა ჩვენი ორგანიზმის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალია,
ადამიანის ორგანიზმი ურთულესი ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც მხოლოდ სიკვდილის შემდეგ წყვეტს ფუნქციონირებას.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად