სამყარო მშვენიერია

ცნობილია, რომ გრძნობის - სმენის, მხედველობის, ყნოსვის, შეგრძნებისა და გემოვნების - ორგანოთა საშუალებით ადამიანი იღებს ინფორმაციას, რომელიც მას სამყაროს სრული სურათის მიღებაში ეხმარება. ის, თუ რამდენად გასაგები, საინტერესო, მრავალფეროვანი, ლამაზი იქნება ეს თავდაპირველი სურათი, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მომავალი პიროვნების ცხოვრებას, მისი მეხსიერების, აზროვნების, შემოქმედებითი უნარის განვითარებას. სამეცნიერო მონაცემების თანახმად, ბავშვის ყველაზე ინტენსიური განვითარება ადრეულ ასაკში ხდება.
სამი წლისთვის ტვინის უჯრედების განვითარება დასრულებულია 70%-ით, ექვსი წლისთვის კი 90%-ით. ესე იგი ექვსი წლის შემდეგ ბუნებრივი მონაცემები, რითაც ბუნებამ დააჯილდოვა ბავშვი, უკვე სრულად არის გამოვლენილი და გამოყენებული. ამიტომ გვირჩევენ სპეციალისტები, მაქსიმალურად გამოვიყენოთ დრო, როცა ყველა პატარას აქვს საშუალება გენიოსად ითვლებოდეს.
განვავითაროთ მხედველობა
დადგენილია, რომ ორსულობის 28-ე კვირას ბავშვი რეაგირებს მკვეთრ შუქზე. ახალშობილი არჩევს სინათლესა და ჩრდილს, მას ხიბლავენ მოძრავი საგნები მბრწყინავი ლაქებით. ფერების დიფერენცირება ახალშობილებს არ შეუძლიათ, ეს უნარი მათ 6 კვირიდან 2 თვემდე შუალედში უჩნდებათ. სწორედ ამიტომ ამჯობინებენ, სიცოცხლის პირველი თვის განმავლობაში პატარამ უყუროს შავ-თეთრ გამოსახულებას, რომელიც ხაზებს, წრეებს ან რგოლებს ასახავს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
პატარებს სიამოვნებთ როგორც რეალური, ასევე სქემატური გამოსახულების თვალიერება. მათ ხიბლავთ გრიმასები, ემოციების - სიხარულის, გაკვირვების, ჭმუნვის - მიმიკური გამოსახულება, ამიტომ შეიძლება, სხვადასხვა ემოციის გამომხატველი სახეები საწოლთან დავამაგროთ, რომ პატარამ ათვალიეროს. ობიექტი არ უნდა იყოს მეტისმეტად ბევრი - მათი რიცხვი ორ-სამს არ უნდა აღემატებოდეს. კარგია აგრეთვე საწოლის ზემოთ სხვადასხვა ფერის ბუშტების ჩამოკიდება. ისინი ბავშვს მზერის ფოკუსირებაში ეხმარებიან. იმავე მიზანს ემსახურება სათამაშო, რომელიც საწოლზე მაგრდება და დაქოქვისას მოძრაობს, თუმცა ასეთი სათამაშოც ფერად ფიგურებს "ატრიალებს" და არა შავ-თეთრ გამოსახულებებს, პატარას კი ფერების გარჩევა მხოლოდ სამი თვიდან შეეძლება. ბავშვი ჯერ წითელი და ყვითელი ფერების გარჩევას იწყებს, შემდეგ ამას ემატება ლურჯი, მწვანე და სხვა.
დაახლოებით ორთვე-ნახევრის ასაკიდან ჩხაკუნა სათამაშო საშუალებას აძლევს ბავშვს, ერთმანეთს დაუკავშიროს თვალით ნანახი და ხელით გაკეთებული - სამყარო მის ირგვლივ მოცულობითი ხდება.
პატარა ბავშვის მხედველობაზე უარყოფითად მოქმედებს ტელევიზორი - იძაბება ბავშვის თვალი, ნერვული სისტემა, პატარა ძალიან იღლება და ტირის.
სმენა და მუსიკალური აღქმა
თუ გგონიათ, რომ მუსიკალური აღქმა მაშინ იწყება, როცა პატარა მშობლების გადაწყვეტილებით სამუსიკო სკოლაში შედის, ძალიან ცდებით. მრავალი სამედიცინო გამოკვლევა ადასტურებს, რომ ბავშვი ბგერებს ისმენს და არჩევს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში, დაახლოებით ორსულობის მეხუთე თვისთვის, ამიტომ ბავშვის ფსიქიკის ტრავმირების თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ორსულებს ურჩევენ, თავი არიდონ ისეთი მელოდიების მოსმენას, რომლებშიც ჭარბობს დაბალი სიხშირე და მკვეთრი ან მაღალი ბგერები და ამჯობინონ წყნარი და სასიამოვნოდ მოსასმენი მელოდიები.
ორსულობის პერიოდში დედის მისწრაფებები განსაზღვრავს ჯერ კიდევ მუცლად მყოფი ადამიანის მუსიკალურ გემოვნებას. არავინ უარყოფს, რომ მუსიკალური ნიჭის განვითარება პოპკულტურის საშუალებითაც შეიძლება, მაგრამ ყველა მშობელს სურს, რომ მის შვილს თანამედროვე ესტრადასთან ერთად მოსწონდეს მოცარტის, ჩაიკოვსკის, ვივალდის მუსიკა. დედებო, გაითვალისწინეთ, რომ ეს ყოველივე თქვენს ხელთაა! ჩართეთ წყნარი კლასიკური მუსიკა, რათა ის ქმნიდეს ფონს, როცა ბავშვს სძინავს ან თამაშობს.
ჯერ კიდევ ახალშობილობის პერიოდიდან შეიძლება, სმენისა და რიტმის გრძნობის განვითარების მიზნით პატარასთან ერთად შევასრულოთ ვარჯიში, "ვიცეკვოთ". ამისთვის საკმარისია, გარკვეულ რიტმში ვათამაშოთ ბავშვის ხელ-ფეხი. კარგი იქნება, თუ მელოდიას დედაც ააყოლებს ხმას, რადგან ვერც ერთი, მსოფლიოში ულამაზესი მელოდიაც კი ვერ შეედრება დედის ტკბილ ხმას. დედა მღერის და თუნდაც ნამდვილად არ ჰქონდეს იდეალური ხმა და სმენა, ის პატარას უმთავრესს გადასცემს - სიყვარულს, სინაზეს, სითბოს და დაცულობის შეგრძნებას. სწორედ ამიტომ გვირჩევენ, არასოდეს ვუთხრათ შვილს უარი სიმღერაზე, მით უფრო - იავნანაზე. ეს ბავშვს ამშვიდებს და ბედნიერების განცდას ანიჭებს.
ერთი წლის ასაკის შემდეგ მიზანშეწონილია თამაში, რომლის დროსაც ბავშვი სხვადასხვა ხმას ისმენს. ამ მხრივ სულ მარტივი რამაა საკმარისი - წყალში კენჭის ჩაგდება, წყალში მილით სულის ჩაბერვა, ხურდა ფულის ჩაყრა ბოთლში და ჩხაკუნი. სმენითი შთაბეჭდილებების გამრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ დაუკრათ სხვადასხვა მელოდია სალამურით, სასტვენით... ასწავლეთ ბავშვს ყური დაუგდოს ბუნებაში არსებულ ხმებს - ჩიტების ჭიკჭიკს, კალიის ხმას, ფუტკრის ბზუილს. შგიძლიათ ბავშვს ეთამაშოთ "გამოცნობანა" და მას შესთავაზოთ გამოიცნოს, რის ხმას ისმენს. მსგავსი მეთოდებით ვითარდება არა მარტო სმენა, არამედ მეხსიერება და აბსტრაქტული აზროვნებაც.