ბავშვის თვალები
- როგორ ყალიბდება მხედველობა?
- მხედველობითი სისტემა ყველაზე სწრაფად სიცოცხლის პირველ თვეებში ვითარდება. მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადებისას და სიცოცხლის პირველ დღეებში ნებისმიერმა პათოლოგიურმა პროცესმა (განსაკუთრებით კი ინფექციამ), რომელიც თვალის შიგნითა გარსის შემღვრევას, მხედველობის ნერვის ფუნქციის მოშლას და სხვა დარღვევებს იწვევს, შესაძლოა საგრძნობლად შეაფერხოს მხედველობითი ანალიზატორის განვითარება. ფუნქციურ დახვეწასთან ერთად თვალის ზომებიც იმატებს. ახალშობილის გუგა მოზრდილის გუგაზე 6 მმ-ით მოკლეა. ამით აიხსნება ახალშობილთა შორსმხედველობა. გუგის ზრდასთან ერთად შორსმხედველობა მცირდება.
- როგორ აფასებენ ჩვილის მხედველობას?
- ჩვილის მხედველობას ფიქსაციით აფასებენ. სიცოცხლის პირველ კვირას მხედველობა სინათლეზე გუგის რეაქციით ფასდება. ფიქსაცია სიცოცხლის მეორე კვირიდან ვლინდება, გრძელდება რამდენიმე წამს და ისიც მხოლოდ საგნის ნელი მოძრაობისას შეიმჩნევა. სიცოცხლის მეორე თვიდან ჩვილს შეუძლია, უკვე ორივე თვალით მყარად დააფიქსიროს საგანი. ამ პერიოდში მშობელი ამჩნევს, რომ პატარა აქტიურად აკვირდება საგნებს, ცოცხლად რეაგირებს დედის დანახვაზე. ექვსი-რვა თვიდან ჩვილი იწყებს ფიგურების გარჩევას, თორმეტი თვიდან კი ნახატების თვალიერებას. სიცოცხლის პირველი ორი თვის განმავლობაში სიელმე ყველა ბავშვს შეიძლება შეამჩნიოთ. ეს თვალის მამოძრავებელი ცენტრის მოუმწიფებლობის შედეგია. თუ სიელმე უფრო მეტხანს გაგრძელდა და უფრო შესამჩნევი გახდა, მკურნალობა აუცილებელია. მხედველობითი სისტემა მთელი ბავშვობის განმავლობაში ვითარდება. თუნდაც მცირედი გადახრის ადრეულ ასაკში გამოვლენამ შეიძლება მძიმე პათოლოგია აგვაცილოს თავიდან.
- რა უნდა იცოდეს მშობელმა და რას მიაქციოს ყურადღება, პათოლოგია რომ არ გამოეპაროს?
- მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს:
- თვალის ჭრილს. ახალშობილს ნორმაში ის ვიწრო აქვს. მარცხენა და მარჯვენა ჭრილები ერთმანეთისგან არ უნდა განსხვავდებოდეს, თვალის კაკლები თანაბრად უნდა იყოს ამობურცული თვალბუდიდან;
- თვალის ზომას, მის სიმეტრიულობას. ზომის მომატება ან ასიმეტრია მძიმე პათოლოგიაზე - თანდაყოლილ გლაუკომაზე მიუთითებს. ამ დაავადების დროს თვალშიდა წნევა იმატებს, რასაც მხედველობის სწრაფი და შეუქცევადი დაქვეითება მოჰყვება;
- წამწამების ზრდას. თუ წამწამები არათანაბარი სიგრძისაა, ეხება გუგას, შესაძლოა, ანთებისა და რქოვანა გარსის დაზიანების მიზეზად იქცეს.
თვალის ყველა ხილული სტრუქტურა ერთ მთლიანობას უნდა ქმნიდეს. რქოვანა გამჭვირვალე უნდა იყოს, ფერადი გარსები - ერთნაირი შეფერილობისა. მნიშვნელოვანია სინათლეზე გუგის რეაქცია - ის უნდა შეფასდეს ჩაბნელებულ ოთახში, სინათლის წერტილოვანი წყაროს გამოყენებით. სინათლის სხივის მოხვედრისას ჯანსაღი გუგა ვიწროვდება. თუ ნორმიდან გადახრის რაიმე ნიშანი შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ბავშვთა ოფთალმოლოგს. გეგმური კონსულტაცია ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს პათოლოგიის ნაადრევი გამოვლენისთვის.
- როდის ტარდება მხედველობის პირველი გამოკვლევა?
- პირველი გასინჯვა სამშობიაროში ტარდება. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დღენაკლულ, 2 კგ-მდე წონით და მუცლადყოფნის 34-ე კვირამდე დაბადებულ ახალშობილებს. მათ რეტინოპათიის რისკჯგუფს მიაკუთვნებენ.
რეტინოპათია
რეტინოპათია საშიში დაავადებაა, რომელსაც შეუძლია, მხედველობის სრული დაკარგვა გამოიწვიოს. ნაყოფის იმ სისხლძარღვების ჩამოყალიბება, რომლებიც კვებავს თვალს, იწყება მე-16 კვირიდან და მშობიარობის მომენტისთვის მთავრდება. ვადამდე დაბადებულ ბავშვს მიეწოდება კონცენტრირებული ჟანგბადი, რომელიც თვალს აზიანებს. დედა რეტინოპათიას იმ დროს ამჩნევს, როდესაც მკურნალობა უკვე ნაკლებშედეგიანია, ამიტომ ოფთალმოლოგის პერიოდული კონსულტაცია ყველა დღენაკლულ ახალშობილს სჭირდება.
- როგორი სიხშირით უნდა შეუმოწმდეს მხედველობა წლამდე ასაკის ბავშვს?
- სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვის მხედველობა მუდმივ კონტროლს მოითხოვს. პირველი გასინჯვა სამშობიაროში ტარდება. ამის შემდეგ ბავშვს პოლიკლინიკაში სინჯავს ოფთალმოლოგი. ბევრი თანდაყოლილი დაავადება გამოვლენას იწყებს დაბადებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. პოლიკლინიკაში პირველი ვიზიტის დროს - 1 თვის ასაკში - ექიმი ათვალიერებს ბავშვს, უმოწმებს საგნებზე მხედველობის ფიქსაციის უნარს, უთვალიერებს თვალის ჭრილს, ქუთუთოებს, საცრემლე გზებს, თვალის ლორწოვანს, შემდეგ ამოწმებს თვალის გამჭვირვალობას, ფსკერის მდგომარეობას, რეფრაქციას (ახლომხედველობის ან შორსმხედველობის გამოსავლენად). მომდევნო ვიზიტები საჭიროა 6 თვისა და 1 წლის ასაკში. პრობლემის აღმოჩენისას ბავშვი აჰყავთ დისპანსერულ მეთვალყურეობაზე და ყოველ 2-3 თვეში ამოწმებენ. რეტინოპათიაზე საეჭვო დღენაკლულის გასინჯვა თვალის სისხლძარღვოვანი ქსელის განვთარებამდე ხდება ორ კვირაში ერთხელ, მერე კი 18 წლამდე - წელიწადში ორჯერ. თუ მშობლებს ან ახლო ნათესავებს თვალის დაავადება ჰქონდათ, სასურველია, ბავშვი 5 წლამდე მიიყვანოთ სპეციალიზებულ კლინიკაში.
- როდის არის საჭირო ოფთალმოლოგის სასწრაფო კონსულტაცია?
- დღენაკლულ ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც დაბადებისთანავე დასჭირდათ ჟანგბადის მიწოდება, რეტინოპათიის მაღალი რისკი აქვთ. ჭარბი ჟანგბადის ზემოქმედებით თვალის ფსკერის პერიფერიაზე ხდება სისხლძარღვთა აშრევება. რაც უფრო ღრმაა დღენაკლულობა, მით უფრო დიდია რეტინოპათიის განვითარების ალბათობა. ეს დაავადება სწრაფად იწვევს სიბრმავეს, ამიტომ ბავშვს დაბადებისთანავე უნდა დაუწესდეს ოფთალმოლოგის მუდმივი მეთვალყურეობა. თუ თვალები დიდი ან სხვადასხვა ზომისა გეჩვენებათ, შესაძლოა, ბავშვს თანდაყოლილი გლაუკომა ჰქონდეს. შესაძლოა შეამჩნიოთ რქოვანას შემღვრევაც. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. თუ გუგამ მიიღო მორუხო-მოთეთრო ფერი, თითქოს გარსი გადაეფარაო - ეს თანდაყოლილ კატარაქტას გვაეჭვებინებს. თუ სიელმე ორი თვის შემდეგაც შეიმჩნევა, თანაც პროგრესირებს, მკურნალობა აუცილებელია. ექიმთან მისვლა საჭიროა მაშინაც, როცა ბავშვს თვალები უნებურად გაურბის (ნისტაგმი). ასევე - თვალის ტრავმის, უცხო სხეულის მოხვედრის, ქიმიური ნივთიერების მოხვედრის, დამწვრობის შემთხვევაში.
- თუ პატარას გაღვიძებისას თვალიდან გამონადენი შევამჩნიეთ, მივიყვანოთ თუ არა ექიმთან?
- ახალშობილებსა და ჩვილებს ხშირად ემართებათ თვალების ანთება, რომელიც ვლინდება თვალის სიწითლით, ცრემლდენით, ქუთუთოების შეშუპებით, თვალის ლორწოვანი გარსის შეწითლებით, თვალიდან მოყვითალო გამონადენით. თუ პატარას სხვა ჩივილები არ აქვს, თეთრი გამონადენი ავადმყოფობის ნიშანი არ არის და მკურნალობას არ მოითხოვს. საკმარისია თვალის ყოველდღიური ჰიგიენა: დღეში ერთხელ, დილაობით, თვალები თბილი ჩაის ნაყენში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით ამოუწმინდეთ. ზედა და ქვედა ქუთუთოები მუშავდება ცალ-ცალკე, თვალების გარეთა კუთხიდან ცხვირისკენ. თითოეული თვალისთვის სხვადასხვა ტამპონი გამოიყენეთ. მეტისმეტ გულმოდგინებას და თვალების ხშირ წმენდას არ გირჩევთ - შესაძლოა გამოირეცხოს საცრემლე გარსი, რომელიც მიკრობთა საწინააღმდეგო აგენტებს შეიცავს. მისი გამოშრობა თვალისთვის საზიანოა. თვალის ანთების დროს, რაზეც მოყვითალო გამონადენი მიგანიშნებთ, ნუ ჩააწვეთებთ ბავშვს თვალში დედის რძეს - რძე მიკროორგანიზმებისთვის კარგი საკვები ნიადაგია და ხშირად ინფექციურ გართულებებს აძლევს დასაბამს.
- როგორ მოვიქცეთ თვალის ანთებითი დაავადებების - კონიუნქტივიტის, დაკრიოცისტიტის დროს?
- კონიუნქტივიტი შეიძლება იყოს ვირუსული, ბაქტერიული, ალერგიული, რაც გასათვალისწინებელია მკურნალობის შერჩევისას. მკურნალობა კი მხოლოდ ოფთალმოლოგმა უნდა შეარჩიოს. დაკრიოცისტიტი საცრემლე არხის დახშობაა. მისი ძირითადი სიმპტომებია ლორწოსა და ჩირქის გამოდენა საცრემლე პარკზე თითის დაჭერისას. ნორმაში საცრემლე არხსა და ცხვირის ღრუს შორის კავშირი ფორმირდება მუცლად ყოფნის პერიოდის მე-8 თვეზე, მანამდე კი საცრემლე არხს თხელი აპკი ახშობს. დაბადებისას ბავშვების უმრავლესობას ეს აპკი გაეწოვება ან აეხევა პირველი ტირილის დროს. თუ ასე არ მოხდა, ცრემლი საცრემლე პარკში გუბდება, დაერთვის ინფექცია, ვითარდება მწვავე ან ქრონიკული დაკრიოცისტიტი. საცრემლე არხის დახშობისას ხშირად ეფექტურია თვალის მასაჟი. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ტარდება ცრემლ-ცხვირის არხის ზონდირება. ეს საკმაოდ სწრაფი და უვნებელი მანიპულაციაა და პოლიკლინიკაშიც ატარებენ.
საცრემლე არხის სპაზმი ან შეშუპება
საცრემლე არხის სპაზმი, როგორც წესი, იწყება გარემოს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას და შესაძლოა ერთვოდეს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას. თუ ჩირქოვანი გამონადენი არ შეინიშნება, მკურნალობა საჭირო არ არის. შესაძლოა, ცრემლდენა დაერთოს ზედა ყბაზე კბილების, კერძოდ, ეშვების ამოჭრას. მისი ფესვები ეხება ჰაიმორის ღრუს და ანთებას იწვევს. როცა კბილები ამოიჭრება, ცრემლდენა და სურდო თავისთავად გაივლის.
- მხედველობის დარღვევების მქონე ბავშვების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. რისი ბრალია ეს?
- ამის ახსნას ყველა სხვადასხვანაირად ცდილობს. ზიგი კომპიუტერს აბრალებს, ზოგი - წერა-კითხვის ნაადრევ შესწავლას. ამ ფაქტორების უარყოფით გავლენას ხელაღებით ვერ უარვყოფთ, მაგრამ ფაქტია, ბავშვების ნაწილს მაინც აქვს შენარჩუნებული ნორმალური მხედველობა. გამოდის, რომ ტელევიზორი, კოპიუტერი თუ მობილური ტელეფონი არ არის ახლომხედველობისა თუ სხვა დარღვევების მთავარი მიზეზი. მხედველობა მხოლოდ ერთი ფაქტორის გამო არ ირღვევა. ბავშვის თვალმა გარემოს მკაფიოდ აღქმის უნარი რომ დაკარგოს, საჭიროა რამდენიმე დამზიანებელი ფაქტორის ერთობლივი ზემოქმედება. ესენია:
- მემკვიდრეობა - თუ მშობლებს ან სისხლით ნათესავებს აქვთ მხედველობის დარღვევისადმი მიდრეკილება, პატარა ნაკლებად გამძლე იქნება მხედველობის დატვირთვის მიმართ;
- ინფექციური დაავადებები - ნებისმიერი დაავადება, რომელიც ასუსტებს ორგანიზმს, დროებით ამცირებს თვალების მუშაობის უნარს. თუ გამოჯანმრთელების პერიოდში ბავშვმა დიდი მხედველობითი დატვირთვა მიიღო (მულტფილმები, ინტერნეტთამაშები), დარღვევა შესაძლოა მუდმივი გახდეს. ცნობილია ინფექციური დაავადებები, რომლებიც პროვოცირებას უწევს მხედველობის დაქვეითებას: წითურა, წითელა, ქუნთრუშა, ადენოვირუსული და ჰერპესვირუსული დაავადება, მძიმედ მიმდინარე გრიპი;
- დღისა და განათების არასწორი რეჟიმი. დიდხანს ხატვა, კონსტრუქტორისა თუ ფაზლის აწყობა თვალების ქრონიკულ დაღლილობას იწვევს. ცუდი განათება და ჭარბი სინათლე ასევე აზიანებს მხედველობას;
- კომპიუტერზე, მობილურზე თამაშის, ტელევიზორის ყურების დროს ბავშვის მხედველობა მეტისმეტად ახლოსაა მიმართული. ამ დროს თვალის ბროლის კუნთები გამუდმებით დაძაბულია და თანდათან ეჩვევა ასეთ მდგომარეობას. ვითარდება აკომოდაციის სპაზმი - მდგომარეობა, როდესაც თვალი ნაწილობრივ კარგავს უნარს, მხედველობა ახლომდებარე საგნებიდან შორს გადაიტანოს. თუ ზედმეტი დატვირთვა დიდხანს გაგრძელდა, რამდენიმე თვის შემდეგ სპაზმი ახლომხედველობაში გადაიზრდება.
- დიდი მხედველობითი დატვირთვა - ხანგრძლივი, მონოტონური მეცადინეობა შეუსვენებლად. არ შეიძლება გაკვეთილების გადაბმა, ლექციების შეერთება შესვენების გარეშე. ხუთწუთიანი შესვენებაც საკმარისია არა მხოლოდ მხედველობის, არამედ გონებრივი გადაღლილობის თავიდან ასაცილებლად.
- საჭიროა თუ არა, ოთახში, სადაც ბავშვი თამაშობს, სინათლე დღისითაც ენთოს?
- თუ ბავშვი კითხულობს ან თამაშობს პატარა დეტალებით: კონსტრუქტორით, მოზაიკით, ფაზლით, - საჭიროა ზომიერი სინათლე. ძლიერი და მკვეთრი განათება თვალებს ადვილად ღლის.
- როგორი ნათურები ჯობს?
- ლუმინისცენტური ნათურები, რომლებიც ბუნებრივი განათების მსგავს თბილ, თეთრ სინათლეს გამოსცემს. თუ ბავშვი კითხულობს, ხატავს ან მაგიდასთან თამაშობს, უმჯობესია ენთოს მაგიდის ნათურა, შუქი კი მარცხნიდან ეცემოდეს. გირჩევთ:
- 2-3 წლამდე საერთოდ ნუ მიაკარებთ ბავშვს კომპიუტერს - ძალიან მაღალია უარყოფითი ზემოქმედების რისკი.
- 4-6 წლის ასაკში ტელეეკრანსა და მონიტორთან დღეში 40 წუთზე მეტს ნუ გაატარებს, 15-20 წუთში ერთხელ კი შეასვენეთ.
- 6-7 წლის ასაკში ეს დრო შეიძლება ერთ საათამდე გავზარდოთ ყოველი 30 წუთის შემდეგ შესვენებით; 7-12 წლის ასაკში - 1,5 საათამდე, 12-15 წლის ასაკში - 2,5 საათამდე.
- თვალებიდან ტელეეკრანამდე მანძილი 2 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტელევიზორი უნდა იდგეს თვალების დონეზე, ოთახი თანაბრად იყოს განათებული, არ შეიძლება ჩაბნელებულ ოთახში, მწოლიარე ყურება - ეს მხედველობას მეტისმეტად ძაბავს.
- კომპიუტერის მონიტორი თვალებიდან 40-60 სმ-ით მაინც უნდა იყოს მოშორებული, იდგეს თვალების დონეზე ან ოდნავ ქვევით, სამუშაო ადგილი დამატებით იყოს განათებული მაგიდის ნათურით.
- თუ ბავშვს მხედველობის დარღვევა აქვს, შეიძლება თუ არა მისთვის კომპიუტერთან ურთიერთობა?
- შეიძლება, მაგრამ მხოლოდ მუშაობა და არა მონიტორთან გასართობად ჯდომა. მუშაობაც - მხედველობის დამზოგველი რეჟიმით, 30 წუთში ერთხელ 3-4-წუთიანი შესვენებით, 3 საათის შემდეგ - 30-წუთიანი შესვენებით, დროდადრო მხედველობის კონცენტრირებით შორეულ საგნებზე. ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:
- თვალებიდან 15-დუიმიან მონიტორამდე მანძილი 35-40 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, 17 და 19 დუიმიან მონიტორამდე - 50-60 სმ-ზე ნაკლები.
- თვალებსა და მონიტორის ცენტრს შორის უნდა იქმნებოდეს საშუალოდ 10-15-გრადუსიანი კუთხე, რათა თავიდან ავიცილოთ ზედა ქუთუთოების იძულებითი მაღლა დგომა.
- მონიტორის ირგვლივ ფონური განათება არ უნდა იყოს თვალებისთვის უსიამოვნოდ ძლიერი ან სუსტი. არ შეიძლება კომპიუტერთან მუშაობა ცუდი განათების პირობებში.
- მონიტორი არ უნდა ირეკლავდეს სხვა სინათლის წყაროს (ფანჯარას, ნათურას...).
- მონიტორის ნათება მკვეთრად არ უნდა გამოიყოფოდეს ფონისგან (ოთახის განათებისგან).
მობილურ ტელეფონზე შეიძლება მხოლოდ საუბარი. სასარგებლოა გაკაჟება, სპორტის ისეთი სახეობებით დატვირთვა, სადაც თავის ტრავმა ნაკლებმოსალოდნელია. მაგალითად, კარგია სირბილი, მაგიდის ჩოგბურთი, ცურვა... საკვებ რაციონში უნდა შედიოდეს მაწონი, იოგურტი, ხაჭო, მოხარშული თევზი და ზღვის პროდუქტები, საქონლის, ქათმის ხორცი, ენა, ბოსტნეული, სტაფილო, ოხრახუში, ნიახური, ტარხუნა, ხილი, შავი მოცვი, მაყვალი, კივი, აუცილებლად - დღეში ერთი ვაშლი. ცხოვრების ჯანსაღი წესი - სწორად შედგენილი დღის რეჟიმი, დასვენებისა და მეცადინეობისთვის დროის სწორი განაწილება, სრულფასოვანი ძილი და კვება - აი, რა არის საჭირო კარგი მხედველობისთვის.