ბავშვი და ფოტოაპარატი
რამდენად მართებულია ამ ასაკში ფოტოაპარატთან ურთიერთობა? ნინიკო, 25 წლის
- შეუსრულეთ ბავშვს თხოვნა. ნუ დაუმალავთ ფოტოაპარატს! უმჯობესია ასწავლოთ, როგორ მოიხმაროს ის, რათა დაიჭიროს მომენტი და დააფიქსიროს წამის გაელვება. ჩვეულებრივ, ბავშვები სიამოვნებით ატარებენ ექსპერიმენტებს ფოტოაპარატით, უღებენ ფოტოსურათებს სხვებს და თვითონაც დიდი სიხარულითა და სიამოვნებით პოზირებენ, მაგრამ იცით თუ არა, რომ ფოტოგადაღება - ეს მხოლოდ წამის აღბეჭდვა როდია; ეს შესანიშნავი საშუალებაა განვითარებისთვის.
ვინ არის კადრში?
სანამ ბავშვი პატარაა, ის ყველაზე პოპულარული ობიექტია ოჯახური გადაღებების დროს. როგორც კი ბავშვი დაიწყებს ფოტოსურათზე საკუთარი თავის აღქმას, იცნობს თავის თავსა და ახლობლებს, შეიძლება ეს კადრები განმავითარებელ საშუალებად გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ აჩვენებთ პატარას ოჯახის ერთი და იმავე წევრის ფოტოსურათებს, რომლებშიც სხვადასხვა განწყობილებაა გადმოცემული, ეს გააცნობს მას ადამიანის სხვადასხვაგვარი ემოციის გამოვლინებას, ხოლო საკუთარი ფოტოსურათი დაეხმარება, სრულად წარმოიდგინოს თავისი გარეგნობა.
სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აინტერესებთ საკუთარი ფოტოსურათები მათ ისტორიებთან ერთად: "როგორი ვიყავი პატარაობისას". ეს აძლევს ბავშვს შესაძლებლობას, გააცნობიეროს დროის არსი (ერთი წლის წინ, ორი წლის წინ და ა.შ.) და ააგოს თავისი ცხოვრების პერსპექტივა (როგორი ვიყავი და როგორი გავხდი).
ფოტოსურათი ეხმარება ბავშვს, გაიაზროს ცვლილებები, რომლებიც თან სდევს ადამიანთა ცხოვრებას და ამის გააზრების საფუძველზე გაიგოს, რომ ადამიანის ცხოვრება სხვადასხვა ეტაპისგან შედგება. ოჯახური ფოტოსურათების თვალიერებით, ოჯახის წევრების, მათ შორის დიდი ბებიებისა და ბაბუების გამოსახულებათა გაცნობით ბავშვი გებულობს არა მხოლოდ თავისი წინაპრების, გვარის ისტორიას, არამედ უჩნდება განცდა, რომ ის ამ საერთო ოჯახური ხის პატარა "ტოტია". ეს კი მას უჩენს "ფესვების", იმედის, სიმტკიცის განცდას, რაც ზოგჯერ ასე აკლია ადამიანს.
ვწერ დღიურს
კიდევ რით არის სასარგებლო ფოტოაპარატთან ურთიერთობა? ფოტოგრაფირება ავითარებს აღქმის ვიზუალურ არხს: მხედველობით მეხსიერებას, სივრცეში ორიენტაციას, თვალსაჩინო-ხატოვან აზროვნებას. კადრის მოფიქრების დროს ბავშვი სწავლობს ობიექტების ფიზიკური თვისებების (ზომის, მოცულობის, სიმაღლის, სიგრძის) შეთავსებას გარემომცველ სივრცესთან (ობიექტებს შორის მანძილს, მათ მდგომარეობას - "ქვეშ", "შიგნით", "ზემოთ", "კუთხით" და ა.შ.). გადაღებისათვის საჭირო ობიექტების შერჩევა ავითარებს საინტერესო ადგილებისა და მოვლენების დანახვის უნარს.
შესთავაზეთ ბავშვს, შეადგინოს ისტორია და ფოტოსურათების საშუალებით დაასურათოს ან პირიქით, ჯერ გადაიღოს ფოტოები იმისა, რამაც მიიპყრო მისი ყურადღება და შემდგომ შეადგინოს ისტორია ფოტოსურათების დახმარებით - "ისტორია ფოტოსურათებით".
გარდა სიამოვნებისა, ეს პროცესი სასარგებლო იქნება ბავშვის მეტყველებისა და აზროვნების განვითარებისთვის. თუ ბავშვი ცნობისმოყვარეა, შესთავაზეთ გახდეს რეპორტიორი - შეაგროვოს ინფორმაცია კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც მისი ოჯახის ირგვლივ ხდება და შეადგინოს დღიური, რომელიც ასახავს ოჯახის თითოეული წევრისა და ოჯახის ცხოვრებას სხვადასხვა ეტაპზე. ბავშვს შეუძლია გააკეთოს რამდენიმე კადრი კვირის განმავლობაში, შემდეგ კი შეადგინოს "რეპორტაჟი" სახლის ცხოვრებაზე.
მეორე ვარიანტია შინაური ცხოველის (ძაღლის) ფოტოდღიური.
კიდევ ერთი გასართობი საქმიანობაა "მოდელების" გადაღება. ეს თამაში განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება გოგონებისთვის, რომელთაც სიხარულს ანიჭებთ ტანსაცმლის ცვლა, მაკიაჟის კეთება, პოზირება ფოტოაპარატის წინ.
ბიჭუნას შესთავაზეთ, გამოსცადოს საკუთარი თავი საყვარელი მულტფილმებისა თუ წიგნების პერსონაჟების როლში. თუ ბავშვს არ სურს სხვადასხვა ტანსაცმელში გამოწყობა, - როგორც წესი, პატარებს არ უყვართ ტანსაცმლის ხშირი ცვლა, - "ფოტომოდელებად" სათამაშოები გამოიყენეთ.
მშვიდი თამაშების მოყვარულთ შეიძლება შესთავაზოთ ფოტოკოლექციის შექმნა განსაზღვრულ თემებზე: ცხოველებზე, მცენარეებზე, ავტომობილებზე და ა.შ. ვინ იცის, შესაძლოა ფოტოგრაფიით გატაცებამ გავლენა იქონიოს მომავალში პროფესიის არჩევაზე.
მშობლების გამოცდილებიდან
"როდესაც ჩემი პატარა გოგონა ანუკი ახალ სკოლაში გადავიდა, მას ძალიან გაუჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება. მას კლასში მიჰქონდა ჩვენი ძაღლის სურათი და როცა გუნება უფუჭდებოდა, ამ ფოტოს დაჰყურებდა. შემდეგ მან შეძლო სიტუაციასთან შეჩვევა, ხოლო ფოტოსურათს თავის თილისმას უწოდებდა". ნინო, 29 წლის
"როცა გიორგი იყო 2-3 წლის, მე გადავიღე რამდენიმე ფოტო: გიორგი ჭამს, სძინავს, კბილებს იხეხავს და ა.შ. შემდეგ ეს ფოტოები ჩავაწებე ალბომში რიგის მიხედვით დილიდან საღამომდე, ხოლო გვერდით დავუხატე საათები, რომლებიც აჩვენებდნენ განსაზღვრულ დროს. გიორგი სიამოვნებით მიყვებოდა ამ განრიგს, თავის ფოტოს "ძილი ნებისას" უსურვებდა ხოლმე, დილით კი აუცილებლად "დილა მშვიდობისას" ეუბნებოდა. ამით მას თავისთავად გამოუმუშავდა დღის რეჟიმის დაცვის უნარი". ვერიკო, 31 წლის