მივემგზავრებით ბავშვებთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მივემგზავრებით ბავშვებთან ერთად

გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან არავინ არის დაზღვეული - შესაძლოა, მგზავრობა გახანგრძლივდეს. სუფთა სასმელი წყალი მგზავრობისას უბრალოდ აუცილებელია. ყველაზე სანდო ამ მხრივ ქარხნული წესით ჩამოსხმული წყაროს წყლებია. შეიძლება სუფთა ბოთლში ჩასხმული წყლის შინიდან წაღებაც. არ არის რეკომენდებული მგზავრობისას ბულიონის, რძის, ყავის ან ჩაის თერმოსით ტარება - მაღალი ტემპერატურა და დრო ის ფაქტორებია, რომლებიც მათში ბაქტერიების ინტენსიურ გამრავლებას უწყობს ხელს.

დღეს მაღაზიებშიც და სააფთიაქო ქსელშიც უხვად იყიდება გემრიელი და სასარგებლო ნატურალური წვენები, რომლებიც დანამატებს არ შეიცავს და სითხის მოთხოვნილებასაც აკმაყოფილებს. მათი შენახვა ჩვეულებრივ ტემპერატურაზეც შეიძლება, გახსნის შემდეგ კი 4-5 საათია ვარგისი. 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილი არ არის მგზავრობისას ტკბილი გაზიანი სასმლის სმა. კაცმა რომ თქვას, ისინი არც უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის არის რეკომენდებული, რადგან მათში არსებული შაქარი წყურვილს აძლიერებს და ამით თირკმელსაც და პანკრეასსაც ტვირთავს. მით უმეტეს, ასეთი სასმელების დასამზადებლად ხშირად იყენებენ შაქრის შემცვლელებს - ციკლამატს, ასპარტამს, საქარინს, ისინი კი ბავშვებისთვის უკუნაჩვენებია ღვიძლსა და სხვა ორგანოებზე უარყოფითი ზემოქმედების გამო.

რა მივირთვათ

მგზავრობისას არ არის გამორიცხული უნებლიე შეფერხება. ამ შემთხვევაში საეჭვო სასადილოში საეჭვო საკვებით რომ არ მოგიხდეთ პატარების დანაყრება, ჯობს, პროდუქტების გარკვეული მარაგი გქონდეთ. თუ ბავშვი ძალიან პატარაა, შეგიძლიათ წაიღოთ მზა, კონსერვირებული პიურე ან ხილფაფა. უფრო დიდებისთვის შესაფერისია ორცხობილა, ხილი. ოღონდ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ პატარები მოწყენილობის გამო მუდმივად არ ითხოვდნენ ჭამას.

როცა ბავშვი მგზავრობას ვერ იტანს

ბევრი ბავშვი ცუდად იტანს მგზავრობას - აღებინებს, შესაძლოა, გულიც კი წაუვიდეს. ზოგიერთი მშობელი ამჯობინებს, ასეთი ბავშვი მშიერი წაიყვანოს - ჰგონია, რომ ამ გზით ღებინებას თავიდან აიცილებს. სინამდვილეში მშიერ კუჭზე დისკომფორტი შესაძლოა უფრო ძლიერიც კი იყოს. თუმცა არც ნოყიერი და ცხიმიანი საკვებია მიზანშეწონილი. ის ნამდვილად ხელს შეუწყობს გულისრევასა და ღებინებას. ექიმების აზრით, მგზავრობის წინ საკმარისია ცოტაოდენი ფაფა, მსუბუქი ომლეტი ან ხაჭო, ჩაი. შეიძლება ხორციც, ოღონდ აუცილებლად მჭლე და მოხარშული.

უსაფრთხო მგზავრობის საუკეთესო მეთოდი ბავშვის დაძინებაა. თუ ეს ვერ მოახერხეთ, ეცადეთ, ბავშვი გზას არა გვერდით, არამედ პირდაპირ უყურებდეს. პატარებს ამშვიდებს წყნარი სიმღერა, ამიტომ გირჩევთ, ერთად იღიღინოთ. დროდადრო პატარა ყლუპებით ასვით პიტნიანი ან ლიმონიანი წყალი, მიეცით ლიმონის თხელი ნაჭერი. მძიმე შემთხვევებში ექიმის რეკომენდაციით შეიძლება შესაბამისი პრეპარატების გამოყენება.

როცა უკვე აგარაკზე ვართ

ზაფხული ნაწლავური ინფექციებისა და მათი გადამტანი მწერების გააქტიურების დროა, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა. ხილი გულმოდგინედ უნდა გაირეცხოს გამდინარე წყალში. თუ ის ლანგარზე საათზე მეტია დევს, ჯობს, პირის ჩატკბარუნებამდე ხელახლა გადაავლოთ წყალი. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენს მეურნეობებში ინტენსიურად იყენებენ პესტიციდებს - სპეციალურ შხამქიმიკატებს, რომლებიც ნაყოფს მავნებლებისა და დაავადებებისგან იცავს და ამავე დროს ნაყოფის განვითარებასაც ასტიმულირებს. ეს ნივთიერებები რამდენადმე ტოქსიკურია, მათი ტოქსინები კი სწორედ ნაყოფის კანში იყრის თავს, ამიტომ რეკომენდებულია, ხილი (თავისთავად ცხადია, ბოსტნეულიც) გარეცხვის შემდეგ სქლად გავთალოთ.

ბაღჩეულ კულტურებში განსაკუთრებით ინტენსიურად გროვდება ნიტრატები. ისინიც კანში კონცენტრირდება, ამიტომ ბავშვს საზამთროსა და ნესვის მხოლოდ შიდა, კანისგან მოშორებული ნაწილი უნდა შევთავაზოთ. ნიტრატების შემცველობა განსაკუთრებით მაღალია ახალშემოსულ, უმწიფარ პროდუქტში, ამიტომ შემოსვლისთანავე მათ შეძენას არ გირჩევთ.

ყველაფერი თქვენს ხელთაა

მრავალი მშობლის თვალთახედვით, არდადეგები ის დროა, როცა ბავშვმა გულით უნდა მოილხინოს და გაერთოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გული არაფერზე დავწყვიტოთ, არაფერი მოვაკლოთ, ვუყიდოთ ნაყინი, კანფეტები, კოლა, ხრაშუნა კარტოფილი... მერე რა მოხდა, ბოლოს და ბოლოს, ყოველდღე ხომ არ ჭამს?!

ბოლოდროინდელი მონაცემებით, ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტთა ნუსხაში ერთ-ერთი პირველი ადგილი სწორედ ჩიფსებს უკავია. მათთან ერთად სიას "ამშვენებს" ტკბილი გაზიანი სასმელები, ნამცხვარი, კრეკერები. ბავშვის კვება მხოლოდ ჯანსაღი ნატურალური პროდუქტებით მშობლებისგან არა მარტო ყურადღებასა და მზრუნველობას, არამედ ცდუნებებთან გამკლავების უნარსაც მოითხოვს. საჭიროა, ბავშვს გამოვუმუშაოთ თავშეკავება და ნეიტრალური დამოკიდებულება სხვადასხვა ნუგბარის მიმართ. იქნებ გაგიგონიათ კიდეც მარკ ტვენის სევდიანი ხუმრობა: "ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზაა, მიირთვა ის, რაც არ გინდა, დალიო ის, რაც არ გიყვარს და აკეთო ის, რაც არ მოგწონს". უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ხუმრობაში არ არის სიმართლის წილი - ის მთლიანად სიმართლეა.