მღელვარების გარეშე

- ჯობს, ჩვილი მშობლის ბედნიერ და მოღიმარ სახეს ხედავდეს, ვიდრე შეშფოთებულსა და მჭმუნვარეს. მაინც რა აშინებს დედას?
პატარას ხელში აყვანა, ვინაიდან შესაძლოა დაუვარდეს. ეს არის პირველი შიში, რომელიც დედას ეუფლება, მაგრამ, საბედნიეროდ, მალევე ქრება. დედას, როგორი მოუქნელი და გამოუცდელიც უნდა იყოს, ჩვილი არასოდეს დაუვარდება - ინტუიცია და სიყვარული უკარნახებს, როგორ უნდა ეჭიროს პატარა. არც ახალშობილია ისეთი სათუთი, როგორიც ერთი შეხედვით გვეჩვენება. ის, მართალია, ძალიან პატარაა, მაგრამ უკვე ადამიანია.
ახალშობილს დამოუკიდებლად არც თავის დაჭერა შეუძლია და არც საკუთარი კუნთების მართვა, ამიტომ მას აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. არ შეიძლება პაწაწინა ხელებით ავიყვანოთ, თავი ისე უნდა გვეჭიროს, რომ უკან არ გადაუვარდეს... თუმცა დედა ამ წესების ცოდნის გარეშეც ყველაფერს სწორად აკეთებს, რადგან ის ყველაზე უკეთ გრძნობს საკუთარ შვილს. ზოგჯერ პატარა სიმაღლიდან ვარდება. ეს რომ არ მოხდეს, ბავშვი ერთი წამითაც არ უნდა დარჩეს მარტო, უფროსების ყურადღების გარეშე. დაცემის შემთხვევაში ჩვილს გულდასმით უნდა დავაკვირდეთ - ხომ არ დაეწყო ღებინება, ხომ არ გაუფართოვდა გუგები, ხომ არ დაერღვა მოძრაობის კოორდინაცია. საეჭვო სიმპტომების შემჩნევისას დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჰყოფნის ბავშვს რძე? ხომ არ შიმშილობს?
ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად ზოგიერთი დედა ჩვილს ყოველი ჭამის წინ და ჭამის შემდეგ წონის. სპეციალისტების აზრით, ეს საჭირო არ არის. თუ პატარა სიამოვნებით ჭამს, თავს კარგად გრძნობს, კმაყოფილია და წონასაც ნორმალურად იმატებს, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. საზოგადოდ, "ნორმის" ცნებაც ხომ ფარდობითია. თუ მაინც მიგაჩნიათ, რომ კვებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინა თავი, საკონსულტაციოდ მიმართეთ პედიატრს. ხშირად დედის მღელვარებას სათავეს უდებს ნაცნობ-მეგობრების შეძახილი: "რა მოცუცქნული და გამხდარია!" თუმცა უკვე ცნობილია, რომ სიმსუქნე სულაც არ არის ჯანმრთელობის საწინდარი.
ბავშვი ტირის, ესე იგი მას სათანადოდ ვერ ვუვლი!
მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ყველა პატარა ბავშვი ტირის. ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვილს სხვაგვარად არ შეუძლია გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობა - მან ხომ ლაპარაკი არ იცის! ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს შიმშილი, ჩასველებული საფენი, შიში ან უბრალოდ ურთიერთობის დეფიციტი. თუ პაწია ატირდა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამოწმოთ საფენი - დასვრილი ხომ არ არის, ხომ არ უჭერს. ისიც შესაძლოა, ზედმეტად ჩაფუთნულ ბავშვს სიცხე ატირებდეს. პატარები ტირიან აირების დაგროვების გამო, ძილის წინ, სეირნობისას, ტანსაცმლის გამოცვლისას. ამის მიზეზია ნერვული სისტემის არასრულყოფილება, შეკავების პროცესების სისუსტე, რაც ამ ასაკში ნორმად ითვლება. ყველა ახალშობილს ძალიან სჭირდება დედის ალერსი. სწორედ ალერსისა და ტაქტილური კონტაქტის წყალობით ახდენს პატარა გარესამყაროსთან ადაპტაციას და ის ისეთი მტრული აღარ ეჩვენება, როგორიც სიცოცხლის პირველ საათებში.
საწოვარა პატარას თანკბილვას გაუფუჭებს!
ექიმები გვარწმუნებენ, რომ წლამდე საწოვარას წოვა ნორმალურია. პატარა ბავშვებს წოვის უძლიერესი მოთხოვნილება აქვთ. ეს მათ ფსიქოლოგიურ კომფორტს ჰგვრით. თუ ჩვილს საწოვარა არ მივეცით, ის სხვა რამეს მოძებნის, შესაძლოა თითის ან მუშტის წოვაც კი დაიწყოს, ამ შემთხვევაში კი თანკბილვის დარღვევის ალბათობა მართლაც დიდია. სხვათა შორის, ამ ჩვევის დავიწყება უფრო რთულია, ვიდრე საწოვარასთვის თავის დანებება. მართალია, ჩვილს წოვა არ უნდა ავუკრძალოთ, მაგრამ აუცილებლად უნდა შევასრულოთ რამდენიმე რეკომენდაცია:
* საწოვარა ყოველთვე შევცვალოთ.
* სპეციალისტები უპირატესობას ისეთ საწოვარას ანიჭებენ, რომელიც პირის ღრუში მინიმალურ ადგილს იკავებს. ეს თავიდან აგვაცილებს სასისა და კბილების დეფორმაციას.
* რაც შეეხება მასალას, სპეციალისტები გვირჩევენ უპირატესობა მივანიჭოთ სილიკონს. ის ლატექსთან შედარებით უფრო დრეკადი და გამძლეა.