ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი

- რა იწვევს ვიტამინომინერალურ დეფიციტს?

- ამ ნივთიერებათა უკმარისობის გამომწვევი ფაქტორები ორი ტიპისაა: გარეგანი ანუ ეგზოგენური, რაც საკვების მეშვეობით მათ არასაკმარის მიღებას გულისხმობს და შინაგანი ანუ ენდოგენური, რაც ორგანიზმის მიერ საკვებთან ერთად მიღებული ვიტამინებისა და მინერალების ათვისების შეუძლებლობას ნიშნავს. მათი შერწყმისას კი შერეულ მიზეზებზე ლაპარაკობენ. ბავშვთა ვიტამინომინერალური დეფიციტი თვით ბავშვის ან დედის არასრულფასოვან ან არასწორ კვებას უკავშირდება. დიდი მნიშვნელობა აქვს მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების მარაგის შექმნას. ვიტამინომინერალურ უკმარისობას აღრმავებს მშობლების მავნე ჩვევები (მწეველ დედას დღე-ღამეში დამატებით 35მგ ჩ ვიტამინი სჭირდება), საკვების არასწორი ტექნოლოგიური დამუშავება, დაბინძურებული გარემო (რადიაცია, გამონაბოლქვი), გარემოს გეოქიმიური თავისებურებანი (წყალსა და ნიადაგში ფთორისა და იოდის დაბალი შემცველობა). ახლა - რაც შეეხება დეფიციტის უშუალო მიზეზებს. მიკროელემენტებისა და ვიტამინების უკამრისობას უნდა ველოდეთ, როდესაც:

  • ბავშვი დღენაკლული იბადება, აღენიშნება მორფოფუნქციური უმწიფრობა ან, პირიქით, 4კგ-ზე მეტს იწონის;
  • დედა 18 წელზე უმცროსი ან 36 წელზე უფროსი ასაკისაა;
  • ორსულობისას დედამ გადაიტანა ვირუსული დაავადება ან მძიმე ტოქსიკოზი;
  • ორსულობისა და ძუძუს წოვების დროს დედა ცუდად იკვებებოდა;
  • ჩვილი ცუდად იკვებება, საკმარის დროს არ ატარებს სუფთა ჰაერზე.

ასევე:

  • მრავალნაყოფიანი ორსულობისას;
  • რთული მშობიარობის შემდეგ;
  • არაკეთილსაიმედო სომატური ფონის - მცირე წონის, ცნს-ის დაზიანების, სასუნთქი სისტემის ინფექციების, ნაწლავების დისფუნქციის შემთხვევაში.

გახსოვდეთ: ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა, განურჩევლად იმისა, პირველადია თუ მეორეული, დროული კორექციის გარეშე სხვადასხვა დაავადებას იწვევს. ამ პროცესის საფეხურებრივი მიმდინარეობა სქემატურად ასე შეიძლება გამოისახოს:

  • ვიტამინების+მინერალების დეფიციტი;
  • უჯრედის კვების დარღვევა;
  • ორგანიზმის სხვადასხვა სისტემისა და ორგანოს დისფუნქცია;
  • ჩამორჩენა ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური განვითარების მხრივ;
  • იმუნიტეტის დასუსტება+ორგანიზმის ნერვულ-რეფლექტორული კავშირების რღვევა;
  • კონკრეტული დაავადება.

ცალ-ცალკე განვიხილოთ დაავადებები, რომლებიც ამა თუ იმ ვიტამინისა თუ მიკროელემენტის ნაკლებობას მოჰყვება.

 

D ვიტამინის ნაკლებობა

განურჩევლად იმისა, არის თუ არა ორგანიზმში ამ ვიტამინის დეფიციტი, ორი თვიდან ჩვილს მისი მიღება სჭირდება. D ვიტამინს ორგანიზმი დიდი ოდენობით ითხოვს კბილებისა და ძვლების ნორმალური ფორმირებისა და ზრდა-განვითარებისთვის. ის ხელს უწყობს იმ კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას, რომელსაც კუჭ-ნაწლავი საკვებიდან შეიწოვს. ამიტომ აუცილებელია, ჩვილს D ვიტამინი დამატებით მივცეთ წვეთების სახით. ჩვეულებრივი სურსათი D ვიტამინს ძალიან ცოტას შეიცავს, მაგრამ მზის სხივების ზემოქმედებით ორგანიზმი მას თავადაც გამოიმუშავებს. ასე რომ, თუ ბავშვი მზეზე საკმაო ხანს იმყოფება, ის სათანადო ოდენობის D ვიტამინს მიიღებს. დაავადებას, რომელსაც D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს, რაქიტი ეწოდება. რაქიტი განპირობებულია იმ შეუსაბამობით, რომელიც იქმნება მზარდი ორგანიზმის მიერ კალციუმისა და ფოსფორის მოთხოვნასა და მის მიწოდებას შორის. მისთვის დამახასიათებელია ცილების ცვლის, ცხიმების ჟანგვის პროცესების დარღვევა, მაგნიუმის, სპილენძის, რკინისა და პოლივიტამინების უკმარისობა. D ვიტამინის საუკეთესო წყაროა თევზის ქონი და სინთეზური პრეპარატები (ვიგანტოლი, აკვადეტრიმი), თუმცა მოიპოვება კვერცხსა და კარაქშიც. ჩვილი, რომელიც მზეზე ნაკლებ ხანს ატარებს, ამ ვიტამინს უნდა იღებდეს ზამთარ-ზაფხულ, განურჩევლად იმისა, ბუნებრივ კვებაზეა თუ ხელოვნურზე. რაქიტის პროფილაქტიკა განსაკუთრებით სჭირდებათ ტყუპებს და იმ ბავშვებს, რომლებიც:

  • დაიბადნენ დღენაკლულები ან მცირე წონისანი;
  • დაიბადნენ ცნს-ის თანდაყოლილი დისფუნქციით - ასფიქსიით, სამშობიარო ტრავმით;
  • აქვთ მალაბსორბციის სინდრომი (ცელიაკია, ექსუდაციური ენტეროპათია);
  • აქვთ კრუნჩხვითი სინდრომი;
  • გადიან ანტიკონვულსიურ (კრუნჩხვის საწინააღმდეგო) თერაპიას;
  • აქვთ ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადებები;
  • ხშირად ემართებათ მწვავე რესპირაციული ინფექცია;
  • იკვებებიან არაადაპტირებული რძის ნარევებით.

 

კალციუმის ნაკლებობა

კალციუმის ნაკლებობა ჩვილ ბავშვებში რაქიტს იწვევს. მომდევნო პერიოდში საკვებთან ერთად მისი არასაკმარისი მიღება ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის სიმყარეს და ზრდის ოსტეოპოროზის (ძვლის დაშლის) განვითარების რისკს. ყველაზე მეტ კალციუმს ორგანიზმი აქტიური ზრდის პერიოდში ითხოვს. არსებობს დაავადებებიც, როდესაც ამ მიკროელემენტზე მოთხოვნილება იზრდება. ასეთია, მაგალითად, ღვიძლისა და თირკმლის ზოგიერთი დაავადება, რომლებიც D ვიტამინის სინთეზის დაქვეითებას იწვევს და ამის კვალობაზე, ნაწლავებიდან კალციუმის ათვისებას აფერხებს. სისხლში კალციუმის დონის დაქვეითებას მაგნიუმის დეფიციტი განაპირობებს. როდესაც კალციუმზე მოთხოვნილება იზრდება და ორგანიზმი მას საკვების მეშვეობით ვერ იღებს, ხდება მისი გადმოსროლა დეპო ორგანოებიდან, კეროდ, ძვლოვანი ქსოვილიდან. ჩვილ ბავშვებში კალციუმის დეფიციტი ვლინდება თავის ქალას ძვლების დეფორმაციით - შუბლის ბორცვების წინ წამოწევით, კეფის გაბრტყელებით, კოშკისებრი თავის ქალათი, ასევე - კეფის გამელოტებით, კბილების დაგვიანებული ამოსვლით, კბილებს შორის მანძილის გაზრდით, ამოსვლის თანამიმდევრობის დარღვევით; შედარებით მოზრდილ ასაკში - ხერხემლის დეფორმაციით (სკოლიოზი, კიფოზი და სხვა), კიდურების დეფორმაციით, ხშირი მოტეხილობით, კბილების კარიესული დაზიანებით, თანკბილვის დარღვევით, სარძევე კბილების ძირითადით შეცვლის დაგვიანებით. ეს ყველაფერი რაქიტისა და მისი ნარჩენი მოვლენებისთვის არის დამახასიათებელი. სხვა სისტემების მხრივ კალციუმის ნაკლებობას ავლენს შემდეგი ნიშნები:

  • კუნთების განვითარების ჩამორჩენა და სისუსტე; კუნთების კრუნჩხვა, კრთომა;
  • ოფლიანობა, აგზნებადობის მომატება;
  • გულის რიტმის დარღვევა;
  • მადის გაუკუღმართება (კედლების ჭამა, ფრჩხილების კვნეტა და ა.შ.);
  • კანის სიმშრალე, აქერცვლა;
  • ფრჩილების მტვრევადობა, თეთრი ხაზები ფრჩხილებზე;
  • უხეში თმა გამელოტებული უბნებით.

 

პატარა ბავშვებში კალციუმის დეფიციტი იწვევს დაავადებას, რომელსაც სპაზმოფილია ანუ კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება ეწოდება. ის 6-დან 18 თვემდე ასაკში, უმეტესად გაზაფხულობით იჩენს თავს.

- როგორ დავეხმაროთ ორგანიზმს კალციუმის უკეთ ათვისებაში?

- შესაძლოა, ბავშვი საკვებთან ერთად იღებდეს საკმარისი რაოდენობის კალციუმს, მაგრამ შეფერხებული იყოს მისი ათვისება. კალციუმი, უპირველეს ყოვლისა, საკვების თერმული დამუშავებისას იკარგება. მაგალითად, ბოსტნეულის ხარშვის დროს მისი მეოთხედი წყალში გადადის, მაგრამ ეს არაფერია, თუ პატარა ამ ნახარშსაც მიირთმევს. ჭარხლის, ბოლოკის ფოთლები უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე თვით ძირხვენა. სტაფილოდან ორგანიზმი კალციუმის 13%-ს ითვისებს, რძე და მისი ნაწარმი, გარდა კარაქისა, ხილთან ერთად კალციუმის საუკეთესო წყაროა. ნაწლავებიდან კალციუმის უკეთ ასათვისებლად საჭიროა, კუჭში მჟავა გარემო შევქმნათ. საამისოდ გამოდგება ფორთოხალი. მისი წვენი მოასხურეთ ბოსტნეულის სალათს. კალციუმის ათვისებას აფერხებს:

  • მჟაუნმჟავას შემცველი პროდუქტები: ისპანახი, მჟაუნა, ლერწმის შაქარი, კაკაო, შოკოლადი;
  • ზოგიერთი (მათ შორის - მანანის) ფაფა.

კალციუმის ასათვისებლად საჭიროა D ვიტამინი, ასევე B ჯგუფის, A და ჩ ვიტამინები, საკვებში არსებული ცილა, ლიმონმჟავა. ორგანიზმი კალციუმს უკეთ აითვისებს, თუ მას ბავშვს მივცემთ არა უზმოზე, არამედ ჭამის დროს ან მის შემდეგ. ბავშვები საკვების მეშვეობით მიღებული კალციუმის 60-70%-ს ითვისებენ, მთავარია, კვების სათანადო პირობები შევუქმნათ.

 

იოდის ნაკლებობა

იმის მიხედვით, სიცოცხლის რომელ ეტაპზე დაიწყო იოდის ნაკლებობა, მოსალოდნელია განვითარდეს:

მუცლადყოფნის პერიოდში:

  • თვითნებური აბორტი;
  • მკვდრადშობადობა, თანდაყოლილი ანომალიები;
  • ახალშობილთა სიკვდილიანობა;
  • ნევროლოგიური კრეტინიზმი: გონებრივი ჩამორჩენა, სიყრუე;
  • მიქსედემური კრეტინიზმი: გონებრივი ჩამორჩენა, ჰიპოთირეოზი, სიმაღლეში ჩამორჩენა;
  • ფსიქოსომატური დარღვევები;

ახალშობილობის პერიოდში:

  • ჰიპოთირეოზი;
  • ჩიყვი;

ბავშვებსა და მოზარდებში:

  • გონებრივი და ფიზიკური ჩამორჩენა;
  • ყურადღების დეფიციტის სინდრომი;

განურჩევლად ასაკისა:

  • ჩიყვი.

- რას უჩივის ბავშვი იოდის დეფიციტის დროს?

- უქვეითდება ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარი, ძილად არის მივარდნილი, აქვს მყარი შეკრულობა, ხშირად ცივდება, სცვივა თმა, ემტვრევა ფრჩხილები, აღენიშნება სიმსუქნისკენ მიდრეკილება. ეს ის კლინიკური ნიშნებია, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და ბავშვი დროულად მიიყვანონ სპეციალისტთან.

- როგორ ხდება იოდის დეფიციტის კორექცია?

- სათანადო ოდენობის იოდით ორგანიზმის უზრუნველყოფა ორგვარად შეიძლება: კვების ხასიათის შეცვლით და იოდშემცველი პრეპარატების მიღებით. კვების ხასიათის შეცვლა იოდით გამდიდრებული მარილის, წყლის, კარაქის, პურის, საკონდიტრო ნაწარმის, ხორცის, რძისა და მისი ნაწარმის მიღებას გულისხმობს. იოდით ბუნებრივად მდიდარია ზღვის კომბოსტო, ოკეანის თევზი. ჩვილებისთვის საგანგებოდ გამოდის იოდშემცველი ადაპტირებული რძის ნარევები.

 

რკინის დეფიციტი

რკინა ადრეული ასაკის ბავშვების თითქმის 30%-ს აკლია. ამას უმთავრესად ორი მიზეზი აქვს: დაბადებისას ორგანიზმში რკინის უკმარისობა და არარაციონალური კვება. შედარებით მოზრდილ ბავშვებში რკინის ნაკლებობას სისხლდენები და ორგანიზმის სწრაფი ზრდა განაპირობებს. თვით რკინის ნაკლებობა კი რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს. ადრეული ასაკის ბავშვებში ის აგზნებით, კანისა და ლორწოვანი გარსების სიფითრით, ძილის დარღვევით, უმადობით ვლინდება. შედარებით მოზრდილები ამასთან ერთად უჩივიან თავბრუხვევასა და ადვილად დაღლას, თავის ტკივილს, ყურებში შუილს, ხშირ გულის წასვლას, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას, სწავლასა და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენას.

- როგორ აღმოვფხვრათ რკინის ნაკლებობა?

- საამისოდ საჭიროა რკინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა დიეტოთერაპიასთან ერთად. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ისეთი პროდუქტებით, როგორიც არის ძროხის ხორცი, ძროხის ენა, კურდღლის ხორცი, ძროხის ღვიძლი. ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი რკინას დიდი ოდენობით შეიცავს, მაგრამ მზარდი ორგანიზმის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, ვინაიდან ეს რკინა ძნელი ასათვისებელია, ამიტომ ვაშლის, ბროწეულის წვენის, ჭარხლის წვენის, წიწიბურას დიდი ოდენობით მიღება რკინის დეფიციტს ვერ შეავსებს. რკინის პრეპარატებით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. მისი შეწყვეტა მხოლოდ ექიმის ნებართვით, კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე შეიძლება. თუმცა, თუ რკინის დეფიციტის მიზეზი არ იქნა დადგენილი და აღმოფხვრილი, რამდენიმე ხნის შემდეგ პრობლემა ხელახლა იჩენს თავს.


 

- ჰიპოტროფია კვების ქრონიკული დარღვევაა, რაც სხეულის მასის დეფიციტით ვლინდება. რა იწვევს მას?

- ბავშვთა ადრეული ასაკის ჰიპოტროფიის მიზეზი ყველაზე ხშირად ინფექციური დაავადება გახლავთ, განსაკუთრებით - კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა. ამგვარ დაავადებათა ნაგვიანევი, არასრულფასოვანი მკურნალობა საკვები ნივთიერებების ფერმენტული აქტივობის დაქვეითებას, ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დარღვევას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ,  პიპოტროფიის ჩამოყალიბებას ან უკვე არსებულის პროგრესირებას უწყობს ხელს. ჰიპოტროფიულ ბავშვებს მადაც დაქვეითებული აქვთ. ადამიანს ჭამის სურვილი მაშინ უჩნდება, როცა კუჭი საკვების წინა ულუფისგან იცლება. ბავშვის ორგანიზმში ეს საკვების მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ ხდება. ჰიპოტროფიულ პატარებს დარღვეული აქვთ საკვების მონელების პროცესი, ამიტომ  გაცილებით გვიან შივდებათ. თუ საკვებს დავაძალებთ, ახალი  ულუფა დაუცლელი კუჭის შიგთავსს დაემატება და ბავშვს შესაძლოა პირღებინებაც კი დაეწყოს. ჭამიდან ჭამამდე არც ჩაი მისცეთ და არც წვენი, თორემ მადა კიდევ უფრო წაუხდებათ. თავდაპირველად ის კერძი შესთავაზეთ, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას და მადასაც აძლიერებს. მაგალითად, ცოტაოდენი მჟავე ხილი ან კენკრა, მათი წვენი, ხორცის კონცენტრირებული ბულიონი. მაგარ საკვებზე წყალი ან წვენი დააყოლებინეთ - ეს საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. შედარებით მოზრდილ ბავშვებს, რომელთაც ასაკთან შედარებით მცირე წონა აქვთ, უფრო მეტს აძლევენ ცილებით მდიდარ საკვებს: რძეს, მაწონს, ხაჭოს, ყველს, ხორცს, თევზს, კვერცხს. წონის დაქვეითებას ხშირად თან სდევს ანემია - სისხლნაკლულობა, რომელიც, თავის მხრივ, უმადობის მიზეზია. ამგვარად, იქმნება მანკიერი წრე.

- როდესაც ახალშობილი წონანაკლული (1000-2500 გ) და მცირე სიგრძისა (35-40სმ) იბადება, დღენაკლულს უწოდებენ. რა იწვევს დღენაკლული ბავშვის დაბადებას?

- დღენაკლულად ითვლება არა მხოლოდ ის ახალშობილი, რომელსაც მასა და სიგრძე ნორმაზე ნაკლები აქვს, არამედ ნაადრევად - ორსულობის 38-ე კვირამდე  დაბადებულიც. ნაადრევად მშობიარობენ 18 წლამდე ან 35 წელზე მეტი ასაკის, ასევე დაბალი ტანის ქალები. ხშირად ნაადრევი მშობიარობის მიზეზია ორსულთა ტოქსიკოზი, განსაკუთრებით - ნეფროპათია, ასევე - ჰიპერტონიული დაავადება, რევმატიზმი, გულის მანკი, თირკმლის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა ვირუსული ინფექციური დაავადება (ქლამიდიოზი, ტოქსოპლაზმოზი, ციტომეგალია), ჰორმონული დარღვევები, მრავალწყლიანობა. ორსულობის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს სტრესი, პროფესიული დაავადებები, ალკოჰოლი, სიგარეტი, ფიზიკური ტრავმა: მენჯით წინამდებარეობის დროს ნაადრევი მშობიარობის რისკი იზრდება. ვერ უგულებელვყოფთ სოციალურ და ეკოლოგიურ ფაქტორებს, მოსახლეობის კულტურის დონეს. უქმრო ქალები ნაადრევად 2-ჯერ უფრო ხშირად მშობიარობენ. მნიშვნელობა აქვს კლიმატურ პირობებსა და წელიწადის დროსაც კი - შემჩნეულია, რომ დღენაკლული ბავშვები უმეტესად ზამთრობით და გაზაფხულობით იბადებიან.

- აქვთ თუ არა დღენაკლულ ახალშობილების დამახასიათებელი გარეგნობა?

- დროული ახალშობილისგან განსხვავებით, თვალშისაცემია: შედარებით დიდი ზომის თავი, მოკლე ფეხები, განლეული ცხიმოვანი შრე, რბილი და მოქნილი ძვლები. ქალას ძვლებს მჭიდროდ მიბჯენილი ყურის ნიჟარები, ბიჭუნებს სათესლე ჯირკვლები ჩამოუსვლელი აქვთ, გოგონებს კი დიდი სასირცხო ბაგეები მცირეს ვერ უფარავთ, ფრჩხილები ვერ ფარავს თითის ფალანგებს. გარეგნულ ნიშნებთან ერთად დღენაკლულებს გამოარჩევთ ორგანოებისა და სისტემების უმწიფრობა.

- რას ურჩევთ დღენაკლული ბავშვის მშობლებს?

- ნაადრევად დაბადებულ ახალშობილს განსაკუთრებული მოვლა, კვება სჭირდება. ყოველი დეტალი პედიატრთან უნდა შეათანხმოთ. ასეთი ბავშვების გაზრდა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, დღის რეჟიმის დაცვას, მოვლის განსაკუთრებულ წესებს. ბავშვს სჭირდება მყუდრო გარემო, უნდა ვარიდოთ უცხო ხალხთან კონტაქტს, ხშირ სტუმრიანობას. ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა თავიდან რომ აიცილოთ, მიეცით პატარას საპროფილაქტიკოდ ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი, ხოლო თუ კონკრეტული მიკროელემენტის ნაკლებობა აღენიშნება, შეიძინეთ ის კომპლექსი, რომელშიც ეს ელემენტი უფრო მეტია.