დიეტასთან დაკავშირებული სირთულეები ბავშვთა ასაკში

ვგულისხმობთ დაავადების კონსტიტუციურ-ეგზოგენურ ფორმას, როდესაც სიმსუქნე პირველადი პათოლოგიაა და არა ენდოკრინული ან ნერვული დაავადების შედეგი. კონსტიტუციურ-ეგზოგენურმა სიმსუქნემ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი. მისი მკურნალობის მთავარი მეთოდი დიეტოთერაპიაა. მაგრამ რამდენად უვნებელია დიეტა მზარდი ორგანიზმისთვის? ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი.
- ჭარბი წონისა თუ ალერგიული დაავადების გამო ზოგიერთი მოზარდი უარს ამბობს ამა თუ იმ საკვებზე, ზოგიერთი კი საერთოდ შიმშილობს. შეიძლება თუ არა მზარდი ორგანიზმისთვის საკვების შეზღუდვა?
- გარდატეხის, სქესობრივი მომწიფების ასაკი ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება. წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ მიზეზით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა უარყოფითად აისახება ზრდის პროცესზე, ვინაიდან ამ პერიოდში ორგანიზმი გაძლიერებულად ითხოვს მინერალებს, ვიტამინებს, ენერგიას. არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც აუცილებელია რაციონიდან ზოგიერთი პროდუქტის ამოღება. კერძოდ, ალერგიული დაავადებების დროს შესაძლოა აიკრძალოს რძე და რძის ნაწარმი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ციტრუსები, მაგრამ ადაპტაციური რაციონის შედგენისას მინერალების, ვიტამინების, შეუცვლელი ამინომჟავებისა და სხვათა კორექცია აუცილებელია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
იმ მოზარდების რაციონი, რომლებიც მხოლოდ გაზიანი სასმელებით, ჩიპსებითა და ბურგერებით იკვებებიან, კალციუმის საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50%-ს შეიცავს, ამიტომ ალერგიის გამო თუ წონის კორექციის მიზნით ყოველდღიური რაციონიდან რძისა და მისი პროდუქტების ამოღების შემთხვევაში მოზარდმა კალციუმის მარაგი ფარმაკოლოგიური პრეპარატებით უნდა შეივსოს. იოდის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად გამოყენებულ უნდა იქნეს იოდიანი მარილი, იოდის ფარმაკოლოგიური პრეპარატები. იოდის ოპტიმალური ათვისებისთვის რაციონი საკმარისი რაოდენობით უნდა შეიცავდეს ცილებს, რკინას, თუთიას, სპილენძს, A და E ვიტამინებს. რაციონიდან თევზის დიდი ხნით ამოღება კვების შეუცვლელი ფაქტორით - ომეგა-3 კლასის უჯერი ცხიმოვანი მჟავებით - ორგანიზმის გაღარიბებას განაპირობებს. ომეგა-3-ს, გარდა თევზის ქონისა, შეიცავს ზოგიერთი მცენარის (მაგალითად, გოგრის) ზეთიც. ეს ნივთიერება მონაწილეობს მეტაბოლიზმის, იმუნური ფუნქციის (უჯრედული ჰორმონების - პროსტაგლანდინების, თ-ლიმფოციტების) რეგულაციაში.
ადამიანისთვის რკინის ძირითადი წყარო ხორცია, ამიტომ მისი შეზღუდვა ან რაციონიდან ამოღება რკინადეფიციტურ ანემიას იწვევს. ამ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს C და B2 ვიტამინების ნაკლებობა, რომლებიც რკინის ტრანსპორტირებასა და შეწოვას უწყობენ ხელს. კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფლორის შესანარჩუნებლად და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად უნდა გამოვიყენოთ პრობიოტიკების, საკვები უჯრედისის შემცველი პროდუქტები. დასუსტებულ, ნაშიმშილევ ორგანიზმში წარმოიქმნება ჟანგბადის აქტიური ფორმები (ოქსიდანტური სტრესი). ამიტომ დიეტაზე მყოფ ორგანიზმს სჭირდება ისეთი ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე სურსათი, როგორიც არის ცოცხალი ხილი და ბოსტნეული.
- რა იწვევს ჭარბი წონის დაგროვებას?
- სიმსუქნის ხელშემწყობი ფაქტორებია ჭარბი კვება, ნახშირწყლების სიჭარბე, კვების რეჟიმის დარღვევა (კვება იშვიათად, საღამოს საათებში), უმოძრაო ცხოვრების წესი. ორგანიზმზე ამ ფაქტორთა ზემოქმედება ხელს უწყობს გენეტიკური განწყობის გამოვლენას, რაც სიმსუქნის ცენტრალური და პერიფერიული რეგულაციის მექანიზმების დარღვევით აიხსნება. წონაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის - მემკვიდრეობა, ტემპერამენტი, მადა, სულიერი წონასწორობა.
თუ მშობლები და უახლოესი ნათესავები მსუქნები არიან, დიდია ალბათობა, ბავშვიც გასუქდეს.
მშვიდ, დინჯ, ნაკლებად მოძრავ ბავშვს უამრავი დაუხარჯავი კალორია რჩება, რომლებიც ორგანიზმში ცხიმის სახით გროვდება. სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი სულიერი დისკომფორტია: როდესაც ბავშვი თავს მარტოსულად გრძნობს, უჭირს ირგვლივ მყოფებთან კონტაქტში შესვლა, მშობლებს შორის უთანხმოებაა და სხვა, ის შვებას ჭამაში ეძებს.
- ბავშვებს უფროსებზე მეტად უჭირთ ტკბილეულზე უარის თქმა. როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?
- ბავშვს მართლაც არ ჰყოფნის ნებისყოფა, ბოლომდე დაემორჩილოს დიეტით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. ტკბილეულის მოყვარულ ბავშვს ვერაფრით აუკრძალავ ნუგბარის ჭამას. ის ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტს გამოიყენებს და მაინც მიაღწევს საწადელს. ასე რომ, გირჩევთ, შინ არავითარი საკონდიტრო ნაწარმი არ გააჩეროთ. ტკბილეულით ყელის ჩაკოკლოზინების ნება ბავშვს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში დართეთ, სხვა დროს კი, უმთავრესად - ჭამიდან ჭამამდე არსებულ შუალედში, ხილით გაუმასპინძლდით.
- ხომ არ აჯობებს, საქმეში ექიმი ჩავრთოთ?
- რა თქმა უნდა, უმჯობესია, დიეტის აუცილებლობის შესახებ ბავშვს ექიმი ესაუბროს. დიეტაც, ცხადია, მანვე უნდა შეურჩიოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ექიმმა პატარა პაციენტს გამუდმებით უნდა ადევნოს თვალყური. გახდომა ჯანმრთელობაზე მოქმედებს, ამიტომ ექიმმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს ბავშვის წონა, ჰკითხოს, ხომ არაფერს უჩივის, ხომ არ გრძნობს სისუსტეს, ადვილად ხომ არ იღლება. დაიმახსოვრეთ: როგორი მსუქანიც არ უნდა იყოს ბავშვი, კვირაში 500 გრამზე მეტის დაკლება სასურველი არ არის. ბავშვს დიეტის დაცვაში ოჯახის ყოველმა წევრმა უნდა შეუწყოს ხელი. პატარა ბუთხუზა საცდურს რომ მოარიდონ, სასურველია, მთელი ოჯახი, საერთო სუფრასთან მაინც, შეძლებისდაგვარად დიეტურად იკვებებოდეს.
- რამდენი და როგორი საკვები სჭირდება მოზარდის ორგანიზმს?
- ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა განვუვითაროთ კვების კულტურა. როცა ნელა და მშვიდად ჭამს, პატარა დროულად შეიგრძნობს სიმაძღრეს, სწრაფი ჭამის დროს კი დანაყრებას ვერ გრძნობს და საჭიროზე მეტს მიირთმევს. რაც შეეხება რაციონს, ცხიმის ოდენობა 15-30%-ით უნდა შეიზღუდოს, სრულიად უნდა გამოირიცხოს ღორის, ცხვრის, ძროხის ქონი, მარგარინი - ამგვარი ცხიმი ორგანიზმში იოლად გროვდება. შეზღუდეთ ნაღების კარაქიც. უპირატესობა მიანიჭეთ ნაკლებცხიმიან კარაქს, მზესუმზირას, სიმინდის, ზეითუნის ზეთს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს დღე-ღამეში 10-12 გრამი მიეცით, სკოლის ასაკისას კი 15-20 გრამი, უმთავრესად უმი, სალათებთან ერთად. ცხელი კერძებიც, უმჯობესია, ზეთით უკვე მზა შეაზავოთ.