გემრიელი ფაფა

ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი ინგა იოსავა გვიპასუხებს.
როდის იწყებენ დამატებით კვებას ფაფით?
- ექვსი თვიდან, როცა ბავშვი აქტიურად იწყებს მოძრაობას, დედის რძესთან ერთად, დამატებით, მაღალი ენერგეტიკული ღირებულების საკვებიც სჭირდება. ფაფა ერთ-ერთი პირველი დამატებითი საკვებია ბოსტნეულის პიურესთან ერთად.
მას მთელი სიცოცხლე უნდა მიირთმევდეს საუზმეზე ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარი ადამიანი. განსაკუთრებით სასარგებლოა ბურღულის ფაფები. მარცვლეულის გარსში და გარსის ქვეშ კარგად ინახება B ჯგუფის ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ჩვეულებისამებრ, ჩვილი ფაფას ბოსტნეულის პიურეს შემდეგ, მეორე დამატებით საკვებად იღებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ექიმი ურჩევს დედას, დაიწყონ ფაფებით. ეს მაშინ, როცა პატარა მიდრეკილია ნაწლავთა გახშირებული მოქმედებისკენ, კვების შემდეგ ხშირად წამოაქაფებს, ასაკთან შედარებით არასაკმარისად იმატებს წონას. თავდაპირველად უნდა მიაჩვიოთ თხელ, ე.წ. 5%-იან ფაფებს, რათა დედის რძისა თუ ხელოვნური ადაპტირებული ნარევების შემდეგ ახალ, უცხო საკვებთან შეგუება არ გაუჭირდეს. ფაფა უფრო კალორიულია, ვიდრე იმავე კონსისტენციის ბოსტნეულის პიურე.
ფაფით დაიწყოთ ბავშვის დამატებითი კვება თუ ბოსტნეულის პიურეთი, ამის გადაწყვეტა პედიატრს მიანდეთ.
ბავშვის საკვების მწარმოებელი თითქმის ყველა ფირმა უშვებს მზა ფაფებს. რომელი ჯობია - მზა თუ შინ მომზადებული?
- როგორც მზა, ისე შინ მომზადებულ ფაფებს აქვთ თავ-თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მზა ფაფები შემადგენლობით, კულინარიული დამუშავებით, კონსისტენციით სავსებით შეესაბამება ბავშვის ასაკს და მის საჭმლის მომნელებელ სისტემას.
გამოუცდელი, ახალგაზრდა დედისთვის მზა ფაფა შესაძლოა გამოდგეს იმის მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჩვილის საკვები, როგორი სისქე, ჰომოგენურობა (ერთგვაროვნება) და გემო ჰქონდეს. მზა ფაფები მიმზიდველია დროის ეკონომიის თვალსაზრისით, მოხერხებულია ფორსმაჟორულ სიტუაციაში. ბავშვის მზა საკვების უსაფრთხოება რეგულირდება სანიტარიული კანონმდებლობის ნორმატივებით. არ შეიძლება მზა ფაფების დაბინძურება უცხო ნივთიერებებით, ხოლო იმ ქიმიური ელემენტების რაოდენობა, რომელთა სიჭარბე შესაძლოა ტოქსიკური აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის, მკაცრად რეგლამენტირებულია.
მზა ფაფების შემადგენლობა მკაცრად არის შემოწმებული და სიჭარბე გამორიცხულია, დედამ კი სიყვარულით შესაძლოა უფრო ნოყიერი და მსუყე ფაფა მოუმზადოს შვილს, ზედმეტი უყოს კარაქი და შაქარი. ჭარბი ცხიმი, მოგეხსენებათ, ვნებს სანაღვლე სისტემას; ნახშირწყლების სიჭარბე ნაწლავებში დუღილს აძლიერებს, აირების ჭარბ წარმოქმნას, მუცლის შებერილობას და ტკივილს იწვევს. თუმცა, ყველა მწარმოებელი ზედმიწევნით როდი იცავს ბავშვის საკვებისადმი წაყენებულ დიეტოლოგიურ მოთხოვნებს, ამიტომ დედამ ყურადღებით უნდა წაიკითხოს ეტიკეტი და ამოარჩიოს ისეთი მზა ფაფა, რომელიც არ შეიცავს არავითარ დანამატს, მარილსაც კი.
ახლა შინ მომზადებული ფაფები განვიხილოთ. ასეთი ფაფა უფრო იაფი უჯდება ოჯახს. შეგიძლიათ, მთელი ოჯახისთვის მოამზადოთ და მარილის დამატებამდე მცირე ულუფა გადმოიღოთ ჩვილისთვის განკუთვნილ ჭურჭელში. თუ სქელი მოგეჩვენათ, მისცეთ სასურველი კონსისტენცია დედის რძით ან ხელოვნური ნარევით - ამით ფაფა გაგემრიელდება კიდეც და უფრო სასარგებლოც გახდება. შინ მომზადებული ფაფა შეიცავს ბუნებრივ B ვიტამინს, თუმცა უმნიშვნელო ოდენობით. ქარხნულ ნაწარმს უფრო მეტად ამუშავებენ, რასაც B ვიტამინი თითქმის ვერ უძლებს. მზა ნაწარმს ისევ ამდიდრებენ ვიტამინებით, მაგრამ დამატებული, სინთეზური ვიტამინები ბუნებრივისგან განსხვავდება. როცა ჩვილი მცირე ულუფებს იღებს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც მთელი კვება შეიცვლება ფაფით, განსხვავება საგრძნობი გახდება.
დაბოლოს, თუ პატარა დიდხანს კვებეთ მზა ნაწარმით, ოჯახურ საკვებზე გადასვლა გაუჭირდება.
როგორ შევარჩიოთ ბურღული ფაფისთვის?
- მთავარია, არ შეიცავდეს გლუტეინს - ის სახიფათოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის დაავადება ცელიაკიის დროს.
- წლამდე ასაკის ბავშვისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა წიწიბურას ფაფა. წიწიბურას ბურღული მდიდარია სასარგებლო მიკროელემენტებითა და ნაზი უჯრედისით. ასევე უხვადაა მასში ლეციტინი, რომელიც წმენდს ღვიძლს და აუმჯობესებს იმუნური სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის - თიმუსის მუშაობას.
- დამატებითი კვების დასაწყებად შესანიშნავია ბრინჯის ფაფაც. იგი სასარგებლოა და ადვილად ასათვისებელი, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობისკენ მიდრეკილი ბავშვისთვის სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
- სიმინდის ფაფა ასტიმულირებს ნაწლავთა მუშაობას, გასუფთავებაში ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემას. იგი შედარებით ძნელი ასათვისებელია, ვიდრე წიწიბურა და შვრია, ამიტომ დამატებით კვებას სიმინდის ფაფით ნუ დაიწყებთ. ის შეგიძლიათ მისცეთ ჩვილს, როცა შეეჩვევა სხვა ბურღულის ფაფებს და საჭირო ხდება მენიუს გამრავალფეროვნება.
- შვრიის ბურღული (ჰერკულესი) ყველა სხვა ბურღულზე მდიდარია მცენარეული ცილით, საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, განსაკუთრებით კი მაგნიუმს. შვრიის ფანტელები ხარშვისას წარმოქმნიან მცენარეულ ლორწოს, რომელიც არბილებს და გაღიზიანებისგან იცავს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს. გასტრიტისა და კუჭის სხვა დაავადებების დროს ლორწოვანი სუპები სამკურნალო საკვებად მიიჩნევა.
- მანანის ფაფა ბავშვებისა თუ მოზარდების საყვარელი საკვებია, მაგრამ გირჩევთ, წლამდე თავი შეიკავოთ მისი მიცემისგან, ხოლო თუ პატარა ალერგიული რეაქციებისკენ არის მიდრეკილი, უმჯობესია, მერეც არ აჭამოთ ის.