ბავშვთა კვებითი აშლილობა ფსიქიკური მდგომარეობის გამოვლინებაა
რა არის კვებითი აშლილობა
კვებითი აშლილობა ფსიქიკურ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება.
ეს მდგომარეობა ყოველთვის დაკავშირებულია კვების მიმართ არაადეკვატურ დამოკიდებულებასთან. კვებითი აშლილობის დროს თავს იჩენს საკვების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც, ცხადია, დროთა განმავლობაში იწვევს როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქოლოგიურ პრობლემებს. ავადმყოფობა ყოველი მე-5 ადამიანის შემთხვევაში ქრონიკულ სახეს იღებს და ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აქვთ, ხანგრძლივი დროით ებრძვიან დაავადებისგან გამოწვეულ შედეგებს, მაგალითად, გულსისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული და რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს. კვებითი აშლილობა სხვადასხვა შემთხვევაში, სხვადასხვა ფორმით ვლინდება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანებს შორის. თუმცა, სტატისტიკურად, უმეტესად კვებით აშლილობას ვხვდებით მოზარდობისას, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის.
გამომწვევი მიზეზი ბავშვებს შორის
სპეციალისტები ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ ასახელებენ. ისინი კვებითი აშლილობის გამომწვევი ფაქტორების ფართო სპექტრს გვთავაზობენ. გამოყოფენ სამ ძირითად ჯგუფს:
- გენეტიკური – მაღალი ემოციური მგრძნობელობა, ან აზროვნების თავისებურებები, მაგალითად, მომატებული დეტალიზაციის სახით;
- ფსიქოგენური – სტრესული გარემო, დაბალი თვითშეფასება, პერფექციონიზმი, მოზარდობის ასაკში ავტონომიისკენ სწრაფვის ტენდენცია;
- სოციოკულტურული – სოციუმში დამკვიდრებულია გარკვეული ღირებულებები, მაგალითად, ე. წ. სილამაზის სტანდარტი, ამდენად, ზოგიერთ ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება, მოერგოს აღიარებულ სტანდარტს. როდესაც ასეთი მოთხოვნილება სცდება საღ აზრს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ კვებითი აშლილობის გარკვეული ჩანასახი უკვე არსებობს.
კვებითი აშლილობები და მათი სიმპტომები
კვებითი აშლილობის რამდენიმე სახეს გამოყოფენ. მათგან საკმაოდ გავრცელებულია ნერვული ანორექსია, რომელიც ძირითადად ვლინდება 14-15 წლის ასაკში. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მადის დაქვეითება, ეს არის საკუთარი სხეულის, წონის არასწორი, დარღვეული აღქმა. ადამიანს ჰგონია, რომ აქვს ზედმეტი წონა და ამის გამო ცდილობს შეზღუდოს საკვები. ნერვული ანორექსიის ძირითადი ნიშანია, როდესაც მოზარდის სხეულის წონის ინდექსი ნორმის ქვემოთ ჩამოდის. ასევე, დამახასიათებელია დაღლილობა, დიეტებისა და კალორიების დათვლის მიმართ გადამეტებული ინტერესი, ჭარბი ფიზიკური აქტივობა, კვების დროს განმარტოების ტენდენცია, საკუთარი სხეულის კრიტიკულად შეფასება.ბავშვების კვებითი ქცევის დარღვევა ორგანიზმისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის, როდესაც ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის, დეფიციტი ხდება და ორგანიზმს არ მიეწოდება. გარდა ამისა, ვლინდება სომატური პრობლემები, მაგალითად, საყრდენ-მამოძრავებელი, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული სისტემის, ასევე, თავს იჩენს თმის ცვენა, სტომატოლოგიური პრობლემები, ზრდის შეფერხება. უმეტეს შემთხვევებში, მკურნალობით ეს პრობლემა დაიძლევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნერვული ანორექსია არის იმ მცირე რაოდენობის ფსიქიკური აშლილობებიდან ერთ-ერთი, რომელსაც აქვს ე. წ. ლეტალური გამოსავალი და რთული შემთხვევებიდან 5%, სამწუხაროდ, ლეტალურ შედეგზე გადის.კვებითი დარღვევის კიდევ ერთი სახეობაა ნერვული ბულემია. ამ დროს ადამიანი ჭარბად იკვებება და საკვების მიღების შემდეგ ცდილობს კუჭი ხელოვნურად, პირღებინებით გაათავისუფლოს. ბულემიის მიზეზი შეიძლება იყოს სხვა დაავადება, მაგალითად, დეპრესია. ამ შემთხვევაში, მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ ქცევას, როგორიცაა აბაზანით ხშირად და ხანგრძლივად სარგებლობა. ამასთან, საყურადღებოა სხეულის წონის მკვეთრი ცვლილება, განწყობის უმიზეზოდ ცვალებადობა, თმის ცვენა, ხშირი ვირუსული დაავადებები, ღრძილების ანთება, საყლაპავი მილის დაზიანება, რაც ხშირი პირღებინებით არის გამოწვეული.არსებობს უკონტროლო კვებასთან დაკავშირებული აშლილობაც (Binge Eating Disorder). ამ დროს ადამიანი ვერ აკონტროლებს კვების რაციონს და ჭარბად მიღებული საკვების შემდეგ მას ეუფლება სინდისის ქენჯნა, სირცხვილის განცდა. ასეთი აშლილობით შეიძლება განვითარდეს ჰიპერტონული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი.ზოგჯერ კვებით აშლილობას მიაკუთვნებენ:ნ რუმინაციას (მიღებული საკვების რეგულარულად ამოღება);ნ ჯანსაღი კვებით გატაცებას, თუ ის წონის კლების იდეით არის განპირობებული;ნ ღამით ჭამის სინდრომს;ნ პიკას – როდესაც ჩნდება საკვებად გამოუსადეგარი ან მავნე საკვების მიღებისკენ მიდრეკილება, რაც საზიანოა ორგანიზმისთვის;ნ საფაღარათო აშლილობას, რომელსაც ახასიათებს განზრახ ღებინება ან საფაღარათო აბების მიღება.ბავშვებს შორის კვებითი აშლილობის დროს ჩნდება სოციალური იზოლაციისკენ მიდრეკილება, დადებითი ემოციებისგან თავის არიდება, დეპრესიისკენ მიდრეკილება და რთულ შემთხვევაში სუიციდური აზრები.
რჩევები მშობლებს
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების გულისხმიერებას და დამოკიდებულებას. თუ მათ შეამჩნიეს ბავშვის სულიერი მდგომარეობის ცვლილება, აუცილებლად უნდა დაფიქრდნენ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს.
- მოზარდებს შორის კვებითი აშლილობის მთავარი მანიშნებელია – წონის მკვეთრი ცვლილება, უმიზეზო დაღლილობა და სისუსტე, შფოთვა საკვების მიღების დროს, თუ ზედმეტად აღელვებს თავისი სხეულის ფორმები, მოჭარბებულად იღებს საკვებს ან პირიქით ზედმეტად არის გატაცებული დიეტებით, ჯანსაღი კვებით და იკვებება იზოლირებულად.
- ადრეულ ასაკში მშობელი შეიძლება დააკვირდეს ბავშვს, აქვს თუ არა საკვების ხანგრძლივად ღეჭვის ჩვევა, ან მყარი საკვების ღეჭვის დროს გულისრევის რეაქცია, ვერ გრძნობს შიმშილს ან მიდრეკილია მუდმივად ჭამისკენ.მშობლის ყურადღება უმნიშვნელოვანესია, რადგან თუ მცირე ასაკში არ მოგვარდა ეს პრობლემა, შესაძლოა, კვებითმა აშლილობამ დროთა განმავლობაში სერიოზული ფორმით იჩინოს თავი.
რაც უფრო ადრე მივმართავთ სპეციალისტს, მით მალე აღმოიფხვრება პრობლემა. ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია დიაგნოზის სწორად დასმა. ფსიქიატრიაში რომელიმე აშლილობის დიაგნოზის დასმისას ხელმძღვანელობენ დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით შემოთავაზებული იმ სიმპტომების ჩამონათვალით, რაც მიესადაგება ამა თუ იმ დაავადებას. დიაგნოზს სვამს ფსიქიატრი და მკურნალობა არის კომპლექსური. პროცესში ჩართულია ფსიქიატრი, კვებითი სპეციალისტი და ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული ჩარევა, რომლის დროსაც ეფექტურია კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია.