როცა ბავშვი ალერგიულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როცა ბავშვი ალერგიულია

და ჩვენც ამ პრობლემაზე სასაუბროდ ბავშვთა პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმ ალერგოლოგს, ასოცირებულ პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ეკა ჩხარტიშვილს ვეწვიეთ.

- ალბათ, არასწორი იქნება შეკითხვის ასე ფორმულირება - ავცრათ თუ არა ალერგიული ბავშვი. უმჯობესია მშობლებს ავუხსნათ, რამდენად სასარგებლოა ან სარისკოა ალერგიული ბავშვისთვის აცრა...

- ბავშვთა ვაქცინაცია ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი შეფერხება, თუნდაც ალერგიისადმი მიდრეკილ ბავშვებში, არამც და არამც არ შეიძლება. ვაქცინები უსაფრთხოა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვებს, რომელთაც ახასიათებთ საკვებზე ანაფილაქსიური რეაქციები ან აქვთ აუტოიმუნური დაავადებები. ხშირად ალერგიული ბავშვების ვაქცინაციის გადადება ან შეწყვეტა ხდება საჭირო. ეს მაშინ, როდესაც ვითარდება ანაფილაქსიური რეაქცია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ დაუყოვნებელი სისტემური ალერგიული რეაქციები უკიდურესად იშვიათია.

ალერგიის (ატოპიის) ჩამოყალიბების გენეტიკური რისკი ჩვილ ასაკში გავლენას ახდენს ვაქცინისადმი რეაგირების უნარზე, თუმცა რისკისა და სარგებლის ურთიერთშეფარდება ვაქცინაციის სასარგებლოდ იხრება.

- რას გვეტყვით მედიკამენტურ ალერგიაზე?

- ბავშვებში ხშირად იჩენს თავს წამლების გვერდითი მოვლენები, რომლებსაც უმეტესად მედიკამენტურ ალერგიას აბრალებენ. მხოლოდ სპეციალური გამოკვლევის შემდეგ ხდება ცხადი, რომ ამა თუ იმ მედიკამენტზე ბავშვს ალერგიული რეაქცია არ აღენიშნება.

ზოგიერთ პაციენტს გენეტიკური განწყობა აქვს "მრავალი მედიკამენტისადმი მგრძნობელობაზე" ანუ აღენიშნება მედიკამენტის (მაგალითად, იზონიაზიდის) ინდივიდუალური აუტანლობა, რაც განპირობებულია ღვიძლის ამა თუ იმ ფერმენტის გენეტიკური ნაკლებობით. გამოკითხვისას ირკვევა, რომ იმავე მედიკამენტის აუტანლობა მის მშობლებსაც აღენიშნებათ.

მედიკამენტის მიმართ რეაქციები ორგვარია - მოსალოდნელი და წინასწარგანუსაზღვრელი. მოსალოდნელი რეაქცია შესაძლოა მედიკამენტის ფარმაკოლოგიური მოქმედების შედეგი იყოს, წინასწარგანუსაზღვრელი რეაქციების მიზეზი კი იდიოსინკრაზია და წამლის აუტანლობაა, რასაც იმუნოლოგიური საფუძველი აქვს.

დაუყოვნებელი ალერგიული რეაქციები ფსევდოალერგიულ რეაქციებად განიხილება. ამ დროს აქტიურდება ფოხიერი უჯრედები, რომლებიც გამოყოფენ ალერგიული რეაქციის მედიატორს - ჰისტამინს.

- ცნობილია შემთხვევები, როდესაც პრემედიკაციისთვის გამოყენებულ ანტიჰისტამინურ პრეპარატზე ბავშვს ალერგიული რეაქცია უვითარდება...

- პრაქტიკაში ნამდვილად ყოფილა ასეთი შემთხვევები, ამიტომ უმჯობესია, პრემედიკაციის მიზნით ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ წინა ვაქცინაციის დროს რეაქციამ იჩინა თავი, ხანგრძლივად - 1 თვით - ინიშნება ცეტირიზინი, ხოლო ალერგიისთვის დამახასიათებელი ნიშნების (ლოყების წამოწითლების) შემჩნევისას - მოკლე კურსით ფენკაროლი.

- რომელი საკვების მიმართ აქვთ ყველაზე ხშირად ალერგია ადრეული ასაკის ბავშვებს?

- კვებითი ალერგიის ერთ-ერთი უსიამოვნო მხარე ის არის, რომ პრაქტიკულად ნებისმიერმა პროდუქტმა შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა მაინც გამოვყოფდი კვერცხს და ძროხის რძეს. მათ მიმართ ალერგიული რეაქციები არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო, მაგრამ პროფილაქტიკისთვის მაინც სასურველია რაციონიდან კვერცხის ამოღება, ძროხის ნაცვლად სოიის რძეზე დამზადებული ნარევების გამოყენება. ასეთ ბავშვებს მეთვალყურეობაც სჭირდებათ.

- კვებითი ალერგია არც ძუძუთი კვების დროს არის გამორიცხული. რისი ბრალია ის და როგორ უნდა მოიქცეს დედა?

- ახალშობილისთვის დედის რძე რომ შეუცვლელია, ამაზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ალერგიულ ბავშვებს უფრო მეტად ეხებათ, ვიდრე ჯანმრთელებს. დღესდღეობით კვებითი ალერგიის ერთ-ერთ მიზეზად, არც მეტი, არც ნაკლები, დედის არასწორად შერჩეული რაციონი მიიჩნევა. მრავალი კვებითი ალერგენი იოლად გადადის დედის რძეში, ამიტომ მეძუძურმა დედამ თავი უნდა არიდოს ალერგენულ საკვებს. ასეთია არა მარტო ეგზოტიკური პროდუქტი - ანანასი, კრევეტები და სხვა, არამედ ძროხის რძეც, რომელიც შესაძლოა ახალშობილის ნაწლავური კოლიკისა და გამონაყარის მიზეზად იქცეს.

- გარდა თქვენ მიერ ჩამოთვლილი პროდუქტისა, რა უნდა ამოიღოს დედამ რაციონიდან?

- შოკოლადი, კაკაო, კონსერვები, შაშხი, სანელებლები, გაზიანი სასმელები (კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, ფანტა და სხვა). თუ გამოკვლევამ დედის სისხლში სპეციფიკური ალერგენი გამოავლინა, აუცილებელია მენიუდან მისი გამორიცხვა და სხვა პროდუქტით შეცვლა. მაგალითად, ძროხის რძის მაგივრად შეიძლება გამოიყენოთ რძემჟავა ნაწარმი.


- თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, როგორ შევუდგინოთ რაციონი?

- ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილს ალერგიის ნიშნების შემჩნევისთანავე განსაკუთრებული რეჟიმი და საკვები უნდა შევურჩიოთ. ძროხის რძეზე ალერგიის შემთხვევაში ბავშვი ურძეო დიეტაზე უნდა გადავიყვანოთ. თუ ალერგია სუსტად არის გამოხატული, უნდა გამოვრიცხოთ რძე, რძის ნარევები და ხაჭო. ასეთი ბავშვი გადაჰყავთ ადაპტირებულ რძემჟავა აციდოფილურ (ბიფილინი) ან ჰიპოალერგენულ ნარევებზე. მეშვიდე თვიდან ბავშვს უკვე შეიძლება მივცეთ არაადაპტირებული რძემჟავა პროდუქტები - მაწონი, კეფირი, ბიოკეფირი, აციდოფილური ნარევები, აგრეთვე - ძროხის რძის მშრალი პროდუქტები ან სპეციალური წესით დამზადებული ნარევები. ასეთი ნარევები შეიცავს ბიფიდობაქტერიებს ან აციდოფილურ ჩხირს.

ძროხის რძის მიმართ ალერგიის შემთხვევაში, რომელიც ბავშვების 15-20%-ს აღენიშნება, შეიძლება დაინიშნოს სოიის ცილაზე დამზადებული სპეციალიზებული ადაპტირებული საკვები, რომელიც არ შეიცავს რძის ცილასა და ლაქტოზას. შედეგი, ჩვეულებრივ, 3-4 კვირის შემდეგ ვლინდება.

ბავშვისთვის საუკეთესო ნარევის შერჩევაში, რასაკვირველია, მკურნალი ექიმი დაგეხმარებათ.

- როგორ და როდის მივცეთ დამატებითი საკვები ალერგიულ ბავშვს?

- ალერგიული ბავშვებისთვის დამატებითი საკვების მიცემას ნუ იჩქარებთ. ყოველი ახალი პროდუქტი მიეცით ფრთხილად - წვეთწვეთობით ან მარცვალ-მარცვალ. ბოსტნეულის პიურე და ფაფა მოამზადეთ მხოლოდ წყალზე და ნაღების კარაქით შეაზავეთ.

ალერგიულ ბავშვებს ერთ წლამდე ნუ მისცემთ კვერცხს, თევზს, საქონლის, ქათმის ან თევზის ბულიონს, ორ წლამდე კი - ძროხის რძეს.

ხორცის ბულიონი შეგიძლიათ ბოსტნეულის ნახარშით შეცვალოთ, საქონლისა და ქათმის ხორცის ნაცვლად მიეცით კურდღლისა ან ინდაურისა.

კვებითი ალერგიის გამწვავების პერიოდში ერიდეთ ყოველგვარ საკვებ ნარევს, რომელიც ალერგიული ბავშვებისთვის არ არის განკუთვნილი.

თუ ბოსტნეულის პიურეს პატარას თვითონ უმზადებთ, გირჩევთ, წინასწარ წვრილად დაჭრილ ბოსტნეულს დაასხათ ცივი წყალი და 12 საათი გააჩეროთ. ასევე მოამზადეთ ბურღულის ფაფაც.

ექსტრაქტული ნივთიერებების გამოსადევნად ხორცს დაასხით ცივი წყალი და 30 წუთი ხარშეთ, ნახარში გადაღვარეთ, ხორცს კი ხელახლა დაასხით ცხელი წყალი და ბოლომდე მოხარშეთ.

- რას გვეტყვით შედარებით მოზრდილი ბავშვების კვების თაობაზე?

- შედარებით მოზრდილ ასაკში ალერგიულ ბავშვებს შეიძლება უსაფრთხო და სრულფასოვანი რაციონი შევუდგინოთ, თუ ზუსტად ვიცით, რომელი საკვები ვნებთ.

თუ ბავშვი დაბადებიდანვე ალერგიულია, უნდა შეიზღუდოს ზომაზე მეტად მარილიანი, ცხარე, სანელებლებიანი და ტკბილი საკვები. ბავშვი ისეთ სურსათსაც მოარიდეთ, რომელიც კვებით დანამატებსა და საღებავს შეიცავს.

არასასურველია შოკოლადი, კაკაო, კონსერვები და შაშხიც. ბავშვს მიეცით რაც შეიძლება მეტი ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომელზეც ალერგიული რეაქცია არ განუვითარდება. მენიუ გაამდიდრეთ უმარილო ყველითა და მაწვნით, ცხოველური ცხიმი შეცვალეთ მცენარეულით. თუ ბავშვს ქათმის ხორცზე აქვს ალერგია, სასურველია, მის ნაცვლად მწყრისა მისცეთ.

ალერგიული ბავშვის რაციონიდან ოცამდე დასახელების საკვებია ამოსაღები. სრულფასოვანი კვების პრაქტიკულად ერთადერთი ალტერნატივა სოიის პროდუქტებია: რძე, ყველი, ხაჭო, ფქვილი და სხვა. ისინი უხვად შეიცავენ ცილას, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მზარდი ორგანიზმის ნორმალური განვითარებისთვის.

- როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები ალერგიისთვის დამახასიათებელი ნიშნების შემჩნევისას?

- საკვებით გამოწვეული ალერგიული რეაქციები სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის. ასეთი რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ვაქცინით იმუნიზაციამ, რომელიც შეიცავს კვერცხის პროტეინებს (ცილას). ასეთ დროს განსაკუთრებული ზომების მიღებაა საჭირო. ვაქცინა ასევე შესაძლოა შეიცავდეს ალუმინის იონებს, ჟელატინს, ანტიბიოტიკებს. ნებისმიერი ალერგიული გამოვლინების შემჩნევისთანავე მშობლებმა უნდა მიმართონ ექიმს, რათა დროულად აიცილონ თავიდან ალერგიული რეაქციის განვითარების რისკი. ყურადღება უნდა მიექცეს წინა ვაქცინაციის დროს გამოვლენილ ალერგიისთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც.

- რას გულისხმობს ბავშვის მეთვალყურეობა?

- ალერგიული ბავშვის კონტროლი გულისხმობს არა მარტო ვაქცინაციის პრობლემის მოგვარებას, არამედ დაავადების გართულების თავიდან აცილებასაც. ექიმის მიერ დადგენილი პრემედიკაცია (აცრისთვის ბავშვის მზადება ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებით) ყველა ალერგიული პაციენტისთვის უსაფრთხო და ეფექტურია. რაც მთავარია, პრემედიკაცია ვაქცინის ეფექტს არ ამცირებს.

მხოლოდ სპეციალისტთან კონსულტაციით, სწორად და გულისყურით შეკრებილი ანამნეზით, სწორად შერჩეული გამოკვლევებით (უწინარესად კანის ალერგიული სინჯებით), ექიმისა და მშობლის გულღია ურთიერთობით არის შესაძლებელი სწორი დიაგნოსტიკა, უსაფრთხო მკურნალობა და ალერგიული მდგომარეობის მართვა.