მოტეხილობათა ქირურგიული მკურნალობა და რეაბილიტაცია

რომლის პროფესიაც ადამიანებისა და ცხოველების მოტეხილი კიდურების აღდგენა გახლდათ. მკითხველს ალბათ დააინტერესებს ეს ინფორმაცია: როდესაც მეცნიერებმა შეისწავლეს იმ 36 ნეანდერტალელის ჩონჩხი, რომელთაც ნამკურნალევი მოტეხილობები ჰქონდათ, აღმოჩნდა, რომ მკურნალობის შედეგი მხოლოდ 11 შემთხვევაში არ იყო დამაკმაყოფილებელი. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ცივილიზაციის განვითარების ამ ეტაპზე მოტეხილობათა სამედიცინო დახმარების ეფექტურობა 70%-ზე მეტს აღწევდა. პირველყოფილმა ადამიანებმა უკვე ბევრი რამ იცოდნენ მოტეხილობის შესახებ და მათი მკურნალობაც შეეძლოთ. მოტეხილობის მკურნალობის ძირითადი პრინციპები ანტიკური ეპოქიდან დღემდე არ შეცვლილა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ტრავმატოლოგიამ შესაძლებელი გახადა მრავლობითი მოტეხილობის, რთული ტრავმების, არასწორი შეხორცების და სხვა დაზიანებათა დროს ძვლების ანატომიური სტრუქტურის აღდგენა.
ტრაქცია (დაჭიმვა)
ზოგიერთი ტიპის მოტეხილობის დროს ტრავმატოლოგიაში დაჭიმვის სხვადასხვა სახეობას იყენებენ, უმეტესად - ჩონჩხოვანს, იშვიათად - მანჟეტურს ან დაჭიმვას წებოსა და ლეიკოპლასტირის მეშვეობით. ტრაქციის მიზანია, შექმნას ისეთი დაჭიმულობა, რომელიც იმ კუნთოვანი ქსოვილის მოქმედებას გაანეიტრალებს, რომელიც მოტეხილი ძვლის ბოლოებზეა მიმაგრებული, თავიდან აგვაცილებს მოტეხილი ნაწილების შეცილებას და შექმნის ძვლოვანი ქსოვილის ადეკვატური რეგენერაციისთვის საჭირო პირობებს. ჩონჩხოვანი დაჭიმვა - ეს ტრაქციის ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც ტვირთი, რომელიც უზრუნველყოფს რეგენერაციისთვის ოპტიმალურ მდგომარეობაში ძვლების ნატეხების შეკავებას, მაგრდება ძვალში გატარებულ სპეციალურ ლითონის ჩხირზე. მაგალითად, წვივის მოტეხილობის დროს ჩხირის ქუსლის ძვალში ატარებენ. ტვირთი, როგორც წესი, შედგება ღერძზე ჩამოსაცმელი მრგვალი ფირფიტებისგან, რომელთა მასა სტანდარტულია - 500 და 1000 გრამი. ტვირთის ოდენობა, საერთო მასა დამოკიდებულია ძვალზე, რომელზეც ტარდება ტრაქცია. ფირფიტების ჩამოსაცმელი ღერძი ლითონის ბაგირის მეშვეობით ზამბარიან დემპფერს უკავშირდება. ამ უკანასკნელის ამოცანაა, გაანეიტრალოს ის რხევები, რომლებიც აუცილებლად წარმოიქმნება პაციენტის საწოლში მოძრაობის ან ტვირთის გადაადგილების დროს. ჩონჩხოვან დაჭიმვას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დადებით მხარედ ითვლება შედარებითი სიადვილე და ეფექტურობა, ტვირთის დაფიქსირების საიმედოობა, უარყოფითად - პაციენტის ხანგრძლივი იძულებითი იმობილიზაცია, რომელიც ნეგატიურად მოქმედებს მის საერთო მდგომარეობაზე. დაჭიმვის სხვა მეთოდები ნაკლები ეფექტურობის გამო შედარებით იშვიათად გამოიყენება. ეს იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის დაჭიმვის დროს 4-5 კილოგრამზე მეტი ტვირთის მოდება ძვალსა თუ კუნთოვან ქსოვილზე ვერ ხერხდება. შესაბამისად, მათი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მცირე ზომის ძვლების მოტეხილობის დროს, თუმცა ასეთ შემთხვევებში ტრაქციული მეთოდების გარეშეც შეიძლება მოტეხილი ძვლების ადეკვატური რეპოზიცია (სამედიცინო პროცედურა, რომლის დროსაც ხდება მოტეხილი ძვლის ფრაგმენტების ერთმანეთთან შეპირაპირება უკეთ შეხორცების მიზნით).
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ფუნქციონალური მეთოდი
ფუნქციონალური ეწოდება დაზიანებული სეგმენტის იმობილიზაციის გარეშე ან მინიმალური იმობილიზაციით მკურნალობის მეთოდს. ის შედარებით იშვიათად - მცირე ზომის ძვლების მოტეხილობის ან ლულოვან ძვლებში ბზარების არსებობისას გამოიყენება და დაზიანებული უბნის შედარებითი სიმშვიდის უზრუნველსაყოფად არის გამიზნული.
ოპერაციული მკურნალობა
ძვლების მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობის მეთოდები არცთუ ისე დიდი ხნისაა. ხშირად ღრუბლოვანი ძვლების აღდგენა კონსერვატიული მეთოდებით შეუძლებელია. მაგალითად, ქალასარქვლის ძვლების მოტეხილობა მეტალოოსტეოსინთეზს მოითხოვს (ამ დროს ძვლის ნატეხები ერთმანეთს უერთდება ლითონის მოწყობილობებით - ფირფიტებით, ხრახნებით, შტიფტებით და სხვა), ხოლო ზედა ან ქვედა ყბის მოტეხილობების რეპონირებისთვის საფიქსაციო აპარატების გამოყენებაა საჭირო. ძვლების მოტეხილობის ოპერაციული მკურნალობისას გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
- დახურული რეპოზიცია და მეტალოოსტეოსინთეზი კანის გავლით - ძვლების მოტეხილი ფრაგმენტების ფიქსაცია ჩხირებისა და ფირფიტების მეშვეობით ხდება.
- მცირეინვაზიური მეტალოოსტეოსინთეზი - ძვლის ფრაგმენტები ფიქსირდება კანქვეშ მოთავსებული ფირფიტით, რომელიც, თავის მხრივ, სპეციალური ჭანჭიკებით ძვალზეა მიმაგრებული.
- ღია რეპოზიცია - ძვლის ფრაგმენტები ერთმანეთთან ხელით მიიტანება და შემდეგ ფიქსირდება შტიფტებით, ფირფიტებით და სხვა (სიტუაციის მიხედვით).
- ძვლის ფრაგმენტების ფიქსაცია კომპრესიულ-დისტრაქციული ოსტეოსინთეზის აპარატის (მაგალითად, ილიზაროვის აპარატის) დადებით.
ძვლის არასწორად, არაადეკვატურად აღდგენის შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს განმეორებითი რეპოზიცია: საოპერაციოში ფრთხილად დაიშლება არასწორად შეხორცებული ძვლები და შემდეგ გამოიყენება მკურნალობის რომელიმე ქირურგიული მეთოდი. მეთოდს ექიმი არჩევს მოტეხილობის ლოკალიზაციის, პაციენტის მდგომარეობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
რეაბილიტაცია
მკურნალობის დამატებით მეთოდებად გამოიყენება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული სეანსები. მოტეხილობის დროს შრომისუნარიანობის აღდგენის ვადა დამოკიდებულია მოტეხილობის სირთულესა და ლოკალიზაციაზე და, როგორც წესი, რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება. ზოგჯერ აღდგენა არ ხდება და ცრუ სახსარი ყალიბდება. ასეთ შემთხვევებში ენდოპროთეზირების მეთოდებს იყენებენ.
ენდოპროთეზირება
პროთეზი - ეს ის ხელოვნური მოწყობილობაა, რომელსაც ძალუძს შეცვალოს განსაზღვრული ორგანოს ფუნქცია. თუ პროთეზი ადამიანის სხეულის შიგნით არის მოთავსებული, მას ენდოპროთეზს უწოდებენ. სახსრის ენდოპროთეზირების დროს სახსრის შემადგენელი კომპონენტები იცვლება იმპლანტანტებით, რომელთაც ჯანმრთელი სახსრის ფორმა აქვთ და საშუალებას აძლევენ ადამიანს, შეასრულოს პრაქტიკულად ყოველგვარი მოძრაობა. მსგავსი ოპერაციების შემდეგ პაციენტი პრობლემებს ივიწყებს და აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება. არსებობს მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და მხრის ენდოპროთეზები. წარმოიდგინეთ, თითის სახსრების ენდოპროთეზებიც კი არსებობს. სხვათა შორის, ენდოპროთეზირება რამდენიმე წელია საქართველოშიც ტარდება.
ამპუტაცია და ეგზარტიკულაცია
ამპუტაცია კიდურის, სეგმენტის, სხეულის ნაწილის მოკვეთაა. მასზე დაწვრილებით არ შევჩერდებით, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ დიდი ხნის განმავლობაში ამპუტაცია სპეციალური სქემებით ტარდებოდა, რაც ამპუტაციის დონის განსაზღვრასა და შემდგომში ტაკვის პროთეზირებისთვის მომზადებას გულისხმობდა (ტაკვი გახლავთ მოკვეთილი კიდურის ის ბოლო ნაწილი, რომელიც ისეთნაირად უნდა იყოს დამუშავებული, მობილიზებული, რომ პროთეზის ზედაპირთან შეხების დროს ხახუნს და/ან სხეულის სიმძიმის ძალას (მოკვეთილი ქვედა კიდურის შემთხვევაში) გაუძლოს), თუმცა კრიტიკულ მდგომარეობაში, მაგალითად, მძიმე დამწვრობის, ტრავმის გამო თითქმის მთლიანად მოგლეჯილი კიდურის არსებობისას და სხვა შემთხვევებში, როცა პაციენტის მდგომარეობა მეტისმეტად მძიმეა, სქემებისთვის არავის სცხელა. გარდა ამისა, ბოლო ხანს ამპუტაციის სქემებისადმი კრიტიკული მიდგომა შეინიშნება. მრავალმა ექიმმა გაიხსენა ცნობილი ქირურგის ნ. პიროგოვის პრინციპი, რაც სხეულის ნაწილის მაქსიმალური დაზოგვით ამპუტაციას გულისხმობს. მაგრამ ამპუტაციის სქემების არსებობა მაინც აუცილებელია გეგმური ოპერაციების ჩასატარებლად. კიდურებზე უნდა გამოიყოს მოკვეთის შედარებით უკეთესი ზონები და უარესი ზონები, სადაც არ არის საკმარისი რაოდენობის კუნთოვანი ქსოვილი მოხერხილი ძვლის დასაფარავად. გარდა ამისა, ამ დროს გაცილებით უკეთ განისაზღვრება ქირურგების, პროთეზისტების და პაციენტების ინტერესები, ხოლო ბავშვებში - კიდურების შემდგომი ზრდის გამო გაჩენილი პრობლემები. საყოველთაოდ არის ცნობილი უარყოფითი დამოკიდებულება კიდურების ეგზარტიკულაციისადმი (ეგზარტიკულაცია ამოსახსვრას ნიშნავს). სასწრაფო და გეგმური ოპერაციების დროს მოზრდილებისთვის ამოსახსვრის ჩატარება არ ღირს. გამონაკლისია ისეთი სიტუაცია, როცა ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად ეგზარტიკულაცია აუცილებელია, მაგალითად, ძვლის სარკომის დროს. ბავშვებში ეგზარტიკულაცია დასაშვებია, განსაკუთრებით მუხლის სახსარში, რადგან ის კიდურის ზრდის პოტენციას ინარჩუნებს.