დამოუკიდებლად გადაადგილების შეზღუდვა - ხელჯოხები, ყავარჯნები, ეტლები
სარეაბილიტაციო პროცესში მათ სპეციალისტი რთავს, შეძენა კი უპირატესად მომხმარებლის პრეროგატივაა, ამიტომ ერთად გავერკვეთ, როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ ისინი მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.
ხელჯოხები
ხელჯოხი, როგორც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, ისე ხანდაზმული ადამიანებისთვის დამატებითი საყრდენი საშუალებაა. მისი გამოყენება საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწყეს. გარკვეული სოციალური წრის მამაკაცები იმიჯის შესაქმნელ აქსესუარად იყენებდნენ და დეკორატიული ფუნქცია ჰქონდა.
დღეს ხელჯოხი ორთოპედიული ინსტრუმენტია, რომელიც დამატებითი საყრდენის შესაქმნელად გამოიყენება, ის რეაბილიტაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა – ამსუბუქებს გადაადგილებას, დასუსტებულ, ტრავმირებულ და ხანდაზმულ ადამიანებს მოძრაობისას კოორდინაციის კონტროლსა და წინასწორობის დაცვას უადვილებს.
ყავარჯენი შედგება ღერძის, ბოლოსა და სახელურისგან, რომელსაც შესაძლოა დამატებითი დეტალები გააჩნდეს.
არსებობს ყავარჯნის რამდენიმე ფორმა:
- სტანდარტული;
- დასაკეცი;
- სამედიცინო;
- საყრდენი;
- ტელესკოპური, რამდენიმე საყრდენით;
- უსინათლოთა ხელჯოხი.
როგორ შევარჩიოთ?
ხელჯოხის შერჩევისას გასათვალისწინებელია მისი სიგრძე, წონა, დანიშნულება და სახელურის ფორმა.
პაციენტის ფიზიოლოგიურ (სიმაღლე, ასაკი, არსებული დაავადება, ტრავმა და სხვა) თავისებურებათა გათვალისწინებით შეძენილი ხელჯოხი მაქსიმალური ეფექტით ასრულებს ფუნქციას, ქმნის დამატებით კომფორტს და ადამიანს გადაადგილებისას მეტ თავდაჯერებას მატებს.
ვსაზღვრავთ ხელჯოხის ზომას
მეთოდი 1
- დაადგინეთ რომელ ფეხსაცმელს ჩაიცვამთ ხელჯოხით სიარულისას და ჩაიცვით ის;
- დადექით სწორ ზედაპირზე, მოადუნეთ მხრები და თავისუფლად დაუშვით ხელი (არ მოხაროთ და არ დაძაბოთ ხელი, მტევანი დაჭიმული არ უნდა იყოს);
- გაზომეთ მანძილი იატაკიდან ნეკა თითის მხარეს მაჯაზე ამობურცულ ძვლამდე, უმჯობესია, თუ ვინმეს დაიხმარებთ, რადგან დიდია მცდარი მაჩვენებლის მიღების ალბათობა;
- მიღებული მაჩვენებელი სანტიმეტრებში თქვენი მომავალი ხელჯოხის სიგრძეა.
მეთოდი 2
- ჩაიცვით თქვენი ჩვეული ფეხსაცმელი;
- დადექით სწორად, დაუშვით ხელები და ოდნავ მოღუნეთ მაჯაში დაახლოებით 15 გრადუსით;
- გაზომეთ მანძილი იატაკიდან ხელისგულამდე და ასევე უმჯობესია დაიხმაროთ ვინმე;
- ეს საჭირო სიგრძეა.
ხელჯოხის სახელური უნდა მდებარეობდეს მაჯის მოხრის დონემდე, სხვანაირად რომ ვთქვათ, როდესაც დგახართ და ეყრდნობით მას, თქვენი მაჯის სახსარი ხელჯოხის სახელურთან 15-გრადუსიან კუთხეს უნდა ქმნიდეს.
საჭიროზე გრძელი ხელჯოხი იწვევს სხეულის რყევას – ხერხემალი მრუდდება ხელჯოხის საწინააღმდეგო მხარეს, ხელი მაჯის სახსარში საჭიროზე მეტად მოხრილია და იხრება გვერდზე, მხარი მუდმივად ზევითაა აწეული და დამატებით დატვირთვას განიცდის.
საჭიროზე მოკლე ხელჯოხი ადამიანს წინ გადაწევისკენ უბიძგებს, საყრდენი მხარი მეორეზე ქვემოთაა, ხერხემალი მრუდდება ხელჯოხის მხარეს. ადამიანი განიცდის დამატებით დატვირთვას და ზეწოლას ხელის სახსრებზე, მტევნისა და მაჯის ნერვულ დაბოლოებებზე. ეს კი შესაძლოა ართრიტის ან ე.წ. მაჯის გვირაბის სინდრომის განვითარების მიზეზად იქცეს.
თუ მოსალოდნელია განსხვავებული სიმაღლის ფეხსაცმლის ტარება, მაშინ უმჯობესია ტელესკოპური ტიპის ხელჯოხის შეძენა, რომელიც სიმაღლის რეგულირების საშუალებას იძლევა.
ხელჯოხის წონა
ერთსაყრდენიანი ხელჯოხის წონა მერყეობს 200-დან 500 გრამამდე, 3- და 4-საყრდენიანისა კი – 1-დან 1,2 კგ-მდე. პაციენტი თავისი შეგრძნებების მიხედვით თავად არჩევს ოპტიმალური წონისას.
მსუბუქი ხელჯოხი ზოგიერთს არასაიმედოდ ეჩვენება, მძიმე კი საყრდენი ხელის გადატვირთვას და ადვილ გადაღლას იწვევს.
ხისა და ალუმინის მასალებს შორის არჩევანისას გაითვალისწინეთ, რომ ალუმინის გაცილებით მსუბუქია.
ხელჯოხის დანიშნულება
გასათვალისწინებელია ადამიანის მდგომარეობა, მისი ასაკი, რა დროით უნდა გადაადგილდეს და რამდენად ხშირად.
შესაბამისად, თუ მისი ყოველდღიური ინტენსიური გამოყენება იგეგმება, ყველას სტანდარტული ხის ან ალუმინის ხელჯოხი სჯობს, რომელიც მოცურების საწინააღმდეგო დეტალითაა აღჭურვილი.
რამდენიმესაყრდენიანი ხელჯოხი დიდი ფართობის საყრდენს ქმნის და ის ფიზიკურად დასუსტებული, მძიმედ მოძრავი ადამიანებისთვისაა, ხელჯოხი მასში დამაგრებული საყრდენი სკამით – იმ პაციენტებისთვისაა რეკომენდებული, რომლებიც ადვილად იღლებიან.
ტაქტილური მოდელი ფართო სინათლის ამრეკლავი არით – დაქვეითებული მხედველობის მქონეთათვისაა რეკომენდებული.
თუ ადამიანი ხშირ მოგზაურობას გეგმავს, მაშინ მისთვის იდეალური დასაკეცი მოდელია, რომელიც ადვილად თავსდება ჩანთაში.
ხელჯოხის სახელური
ხელჯოხის ყოველდღიური, ინტენსიური გამოყენებისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელური, მისი მფარავი მასალით, რათა კონტაქტმა დისკომფორტი არ გამოიწვიოს, უმჯობესია ის იმეორებდეს ანატომიურ ფორმას, სუსტი ხელის გამოყენებაზე გათვლით.
ასაკოვან ადამიანებს განსაკუთრებით ე.წ. თ-ს მაგვარი სახელური გამოადგებათ, დასუსტებულ პაციენტებს და ზედა კიდურების სახსართა ართრიტისას კი რეკომენდებულია ე.წ. გედის თავისმაგვარი სახელური, რომელზეც შესაძლებელია ორივე ხელით დაყრდნობა.
სახელური კარგად შერჩეულია, თუ მისი ჭერისას თითები არ ეხება ხელისგულს.
რომელ ხელში უნდა გვეჭიროს ხელჯოხი?
ხელჯოხი უნდა გვეჭიროს ჯანმრთელი ფეხის მხარე ხელში, მაგალითად, თუ დაზიანებულია მარცხენა ფეხი, ხელჯოხი გვიჭირავს მარჯვენა ხელში და პირიქით.
თუ ხელჯოხი აუცილებელია წონაწორობის გასაუმჯობესებლად, მაშინ ის უნდა გვეჭიროს არადომინანტურ ხელში, რათა დომინანტურით საჭირო ქმედებები შევასრულოთ, თუ ადამაინი მემარჯვენეა, გვიჭირავს მარცხენა ხელში, თუ ცაციაა – მარჯვენაში.
ყავარჯნები
ყავარჯენი სიარულისა და დგომის დროს ადამიანის სხეულის ვერტიკალურ მდგომარეობაში დასაფიქსირებელი საშუალებაა, როდესაც მას საყრდენის პრობლემა აქვს.
ისინი გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმების, დაავადებებისას, როდესაც მისი ფუნქცია ირღვევა.
გამოყენებისას სხეულის მთელი წონა ყავარჯენზე გადადის, რაც იწვევს დაზიანებული ქვედა კიდურის მაქსიმალურ განტვირთვას, რამდენადაც ფეხიდან საყრდენი ფუნქცია ტანის ზედა ნაწილზე გადაინაცვლებს.
ყავარჯნები მზადდება ხის, ალუმინის, ლითონებისა და სხვადასხვა ტიპის შენადნობებისგან.
ეს დამხმარე საშუალება აუცილებელია გაცილებით სწრაფი და ხარისხიანი რეაბილიტაციისთვის, იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა მოძრაობის მდგრადობა, კოორდინაცია და ბალანსი, იცვლება ადამიანის ჩვეული ცხოვრების წესი.
ისინი დიდ დახმარებას უწევენ ხანშიშესულ ადამიანებსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაში შინ და ქუჩაში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.
ხანშიშესული ადამიანის ორგანიზმში მოძრაობისას უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ყველა ორგანოთა სისტემის მუშაობა.
ყავარჯენთა ფორმები იღლიისქვეშა ყავარჯნები
შედგება ორი ჯოხისგან, რომლებსაც აქვთ ზედა ჯვარედინი ხარიხა, შუაში კი ხელის მტევნის დამჭერი, ქვევით ერთდებიან და იკვრებიან რეზინის ჩამოსაცმელით. ზოგიერთ მოდელში დაშვებულია სიმაღლის ტელესკოპური რეგულირება, სხვადასხვა ტიპის მომჭერებითა და ხრახნების დახმარებით, ასევე შესაძლებელია მტევნის სიმაღლის რეგულირება მაჯის ზომის მიხედვით.
იღლიისქვეშა კონსტრუქციებია:
- მოზრდილთა ყავარჯნები, რომლებიც, თავის მხრივ, იყოფიან მომხმარებლის სიმაღლის მიხედვით;
- ბავშვთა ყავარჯნები;
- არასტანდარტული აღნაგობის მქონე ადამიანებისთვის.
იღლიისქვეშა ყავარჯნები საჭიროა:
- გადატანილი ტრავმების ან ოპერაციული ჩარევის შემდგომ, როდესაც კატეგორიულად იკრძალება ორივე ან ერთი რომელიმე ფეხის დატვირთვა;
- მენჯ-ბარძაყის სახსართან დაკავშირებული პრობლემებისას;
- ქვედა კიდურთა განსაკუთრებით მტკივნეული მდგომარეობებისას;
- ხელის სისუსტისას, რადგან საყრდენი მორგებულია იღლიისქვეშა არეებზე;
- ჭარბი წონის არსებობისას;
- ქვედა კიდურების კუნთების დასუსტებისა და ატროფიისას;
- რეკომენდებულია მათი გამოყენება ხანდაზმული და ფიზიკურად სუსტი ადამიანებისთვის, რადგან მათ ხელჯოხებზე არსებითი საყრდენი სჭირდებათ.
იღლიისქვეშა ყავარჯნების ტარებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს იღლიისა და ხელის არეში არსებულ რბილ საფენებს, რომლებიც თავიდან გვაცილებს ტკივილს, ხახუნს და კანის გაღიზიანებას იღლიისქვეშა ფოსოში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მოდელების ექსპლუატაციის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 თვეს, რადგან შესაძლებელია მტკივნეული შეგრძნებები გაჩნდეს მხრის სახსრებში.
მაჯისქვეშა ყავარჯნები
მაჯისქვეშა ყავარჯნები დამზადებულია ალუმინის ან პლასტმასისგან.
წინამხარზე საყრდენი ეფექტის მქონე ყავარჯნები რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომელთა რეაბილიტაციაც იღლიისქვეშა ანალოგების გამოყენების შემდგომ ეტაპზე გადავიდა, რადგან დაუშვეს დაზიანებული ქვედა კიდურების დატვირთვა.
ზოგიერთ კონსტრუქციაში შესაძლებელია არა მხოლოდ საყრდენის სიმაღლის, მანჟეტიდან სახელურამდე ინტერვალის რეგულირებაც.
- წინამხრის საყრდენის მქონე ყავარჯნების რამდენიმე ქვეტიპი არსებობს: გაძლიერებული კონსტრუქციის მქონე ყავარჯენი, რომელიც 150 კგ-მდე წონის ადამიანზეა გათვლილი;
- ბავშვების ყავარჯნები, რომლებსაც გააჩნიათ ერთდროულად გამარტივებული, მყარი, რეგულირებადი კონსტრუქცია, რაც ბავშვს ამგვარი აპარატით დამოუკიდებლად და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას აძლევს;
- რბილი, ცვლადი რეზინის სახელურების მქონე, რომელთა უპირატესობაც ისაა, რომ ხელი არ ცურავს, რადგან მათში ხშირად იცვლება რეზინის საფენები.
როგორ შევარჩიოთ?
შერჩევისას საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
- ადამიანის წონა, მისი სიმაღლე;
- დაავადების, ტრავმების ხარისხი და სიმძიმე, რომლებმაც საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქცია დაარღვია;
- რამდენად ხშირად, სად და წელიწადის რომელ დროს, რა ხანგრძლივობითაა საჭირო დამატებითი საყრდენი;
- მასალა, რომლისგანაც ყავარჯენია დამზადებული;
- ყავარჯნის ტარებისას სხეული არ უნდა ეკიდოს ხარიხებზე.
ყოველი ადამიანისთვის მოდელი ინდივიდუალურად შეირჩევა, სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, მაგრამ საბოლოო სიტყვა მაინც პაციენტზეა, რომელმაც ყველაზე მოხერხებული მოდელი თავად უნდა შეარჩიოს, რა თქმა უნდა, ექიმისა და შესაბამისი სფეროს სპეციალისტთა აზრის გათვალისწინებით.
ეტლი-სავარძლები
განსაკუთრებულ საჭიროებათა არსებობისას ეტლებს რამდენიმე შემთხვევაში იყენებენ:
- ტრავმის შემდგომ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის დროებითი შეზღუდვა;
- ნევროლოგიური მიზეზებით გამოწვეული გადაადგილების უნარის სრული შეზღუდვა;
- მოხუცებულთა ნაკლებმობილობა და დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვა;
- ადამიანის ზოგადი ფიზიკური სისუსტე;
- საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ზოგიერთი სერიოზული ქრონიკულად მიმდინარე დაავადება.
იმ შემთხვევაში, თუ ეტლში ჯდომის დროსაც კი ადამიანს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი არ აქვს, გამოიყენება ეტლი-სასრიალო, რომელსაც არ აქვს დიდი ბორბლები, ვიწროა და გამოიყენება ადამიანის შენობაში სამოძრაოდ, ან მანქანამდე მისაყვანად, მასში ყოფნის დრო განსაზღვრულია და დიდ მანძილზე გადასაადგილებლად არ არის განკუთვნილი.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანისთვის ეტლი ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტია, რომელშიც ის დროის დიდ მონაკვეთს ატარებს, გადაადგილდება შინ და ქუჩაში.
ყველა სავარძელი-ეტლი დამზადებულია თანამედროვე მყარი და ცვეთისადმი მედეგი მასალისგან, რაც ზრდის ნაწარმის ექსლუატაციის ვადას. მასალა ატოქსიკურია და ადამიანისთვის სრულიად უვნებელი.
ეტლების სახეობები
ელექტროეტლი – სავარძელი
ეს სწრაფი, მოსახერხებელი ნაწარმია, რომლის მართვაც დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, ყველა მანიპულაცია სამართავი პულტით სრულდება და ის მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტულ და ხელმისაწვდომ მდგომარეობაში მაგრდება: მარჯვნივ, მარცხნივ, შუაში, ფეხებთან.
ეს მოდელები აკუმულატორზე მუშაობენ, გააჩნიათ სხვა მოდელებისგან პრინციპულად განსხვავებული სავალი ნაწილები, გამოიყენება სახლშიც და ქუჩაშიც.
ეტლი ხელის მართვით
ამ მოდელებს მექანიკურ ეტლებსაც უწოდებენ, რადგან მათ გააჩნიათ მექანიკური, ხელით ან სპეციალური მართვის კოლოფი, რომელთა დახმარებითაც მოძრაობს უკანა, წამყვანი ბორბლები, ასეთი ეტლებით ადვილია მანევრირება სახლსა და ქუჩაში.
აქტიური ეტლი – სავარძელი
ასეთი ფორმის მოდელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს აქტიური ცხოვრების წესისა და ზოგიერთი სახეობის სპორტით ვარჯიშის საშუალებასაც კი აძლევს.
სპეციალური მსუბუქი კონსტრუქცია, ზემყარი მასალები, რეგულირებადი საბორბლე ბაზა, ქვედა ორიენტაციის საზურგე – ეს ყველაფერი სწრაფი გადაადგილებისა და ეტლის დიდი დატვირთვით გამოყენების საშუალებას იძლევა. მსგავსი ეტლები აქვთ პარასპორტსმენებს.
საბავშვო ეტლი – სავარძელი
ასეთი ეტლები აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად მოსახერხებელი, ბავშვის ასაკს მორგებული არსებული დაავადების გათვალისწინებით. საბავშვო ეტლები აღჭურვილია დამატებითი ელემენტებით, საფიქსაციო ქამრებითა და აბდუქტორებით – განმზიდველებით. გამოიყენება სახლშიც და ქუჩაში ხანგრძლივად ყოფნისას.
სანიტარული აღჭურვის ეტლი – სავარძელი
ასეთი მოდელი გამოიყენება საშხაპეში და ტუალეტის ჩვევებისას სახლშიც და სამედიცინო დაწესებულებებშიც.
მოდელები აღჭურვილია მოსახსნელი ტუალეტის მოწყობილობით, სავარძლის მასალა და ეტლიც ადვილად ემორჩილება სანიტარულ დამუშავებას.
დასაკეცი ეტლი – სავარძელი
ასეთი მოდელები საკმაოდ კომპაქტურია და აქვს დასაკეცი ჩარჩო. შეუცვლელი დამხმარეა მათთვის, ვინც იძულებულია ხშირად გადაადგილდეს, იმოგზაუროს ან მკურნალობისა და რეაბილიტაციის ადგილი იცვალოს. საკმაოდ კომფორტულია ტრანსპორტირებისას.
სხვა ტიპები
ეტლი-სავარძლები განირჩევიან დაცურების საწინააღმდეგო, ქვედა კიდურების და იდაყვის დამცავი, ზურგის დახრის მარეგულირებელი, თავქვეშა დეტალებით, ბორბლების ტიპის და სხვა თავისებურებათა მიხედვითაც, რომლებიც ყოველდღიური ექსპლუატაციისას ადამიანის კომფორტს განსაზღვრავენ.
როგორ შევარჩიოთ?
ეტლი-სავარძლის შერჩევისას აუცილებელია რამდენიმე მახასიათებლის გათვალისწინება, მათ შორის:
ტვირთზიდვის უნარი
უნდა ვიცოდეთ იმ ადამიანის ზღვრულად დასაშვები წონა, რომლისთვისაც კონსტრუქციაა განსაზღვრული. არსებობს განსაკუთრებით მყარი და მედეგი კარკასის მქონე, დიდი ტვირთზიდვის ეტლები, რომლებიც 170 კგ-მდეა განსაზღვრული. ისინი განკუთვნილია სრული და დიდი წონის პირებისთვის, რადგან გააჩნიათ გაძლიერებული ორმაგი ჩარჩო და ფართო სავარძელი.
ბორბლების ტიპები
სპეციალური შენადნობი მასალისგან ჩამოსხმული საბურავები – ხანგრძლივი მოხმარებისაა, შესანიშნავად დადიან მყარ და სწორ ზედაპირზე, თუმცა ქუჩაში მომხმარებელი მაინც შეიგრძნობს გზის სავალ ნაწილზე ნებისმიერ უსწორმასწორობას და ორმოებს.
მონოლითური, მყარი საბურავები – კარგი ვარიანტია შენობის შიგნით გამოსაყენებლად.
პნევმატური, გასაბერი საბურავები – მათ გააჩნიათ ამორტიზაციის კარგი უნარი, შესაბამისად, შეუმჩნეველს ხდიან გზისა და ტროტუარის ნებისმიერ ხარვეზს, შესანიშნავია ქუჩაში გადასაადგილებლად, თუმცა მათ დროთა განმავლობაში, ველოსიპედის ბორბლების ანალოგიით, სჭირდება დაბერვა და შიგნითა ნაწილის გამოცვლა.
ფეხის სადები
ფეხის სადები დაფა მომხმარებელს ქვედა კიდურების მდებარეობის შეცვლის, შეშუპებისა და დაღლილობის არიდების საშუალებას აძლევს. ფეხის სადები დაფები შესაძლოა იყოს როგორც მოსახსნელი, ისე დაფიქსირებული, სიმაღლისა და დახრის კუთხის მიხედვით რეგულირებადი და არარეგულირებადი, წვივების საყრდენითა და მის გარეშე. მოხსნილი ან დაკეცილი ფეხის სადები დაფით ადამიანს გაცილებით უადვილდება ეტლიდან ადგომა და გადაჯდომა.
ხელის დასადები – სამკლაურები
მოსახსნელი და უკან გადასაწევი სამკლაურები საგრძნობლად აადვილებს ადამიანის ეტლში დაჯდომასა და გადაჯდომას. ისინი თავისუფლად ცურდებიან მაგიდის ქვეშ, რაც ადამიანს მეცადინეობისას ან კვებისას მოხერხებული მდგომარეობის მიღების საშუალებას აძლევს.
დაფიქსირებული ხელის სადებები კი საგრძნობლად ართულებს ამ პროცესებს. თანამედროვე ეტლებს გააჩნიათ გადასაწევი და მოსახსნელი ხელის სადებები, რომელთა სიმაღლის დამატებითი რეგულირებაც შესაძლებელია.
სავარძლის საზურგე
არსებობს სიმაღლისა და დახრის კუთხის მიხედვით რეგულირებადი და არარეგულირებადი საზურგე. დახრილი, უკან გადაწეული, რეგულირებადი საზურგე მომხმარებელს უქმნის კომფორტს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეტლში ვერტიკალურად ხანგრძლივად ჯდომა არ შეუძლია.
კონსტრუქციის წონა
ეს მაჩვენებელი ყველაზე თვალშისაცემი ეტლის კიბეებზე ატანა-ჩატანისა და ტრანსპორტირებისას ხდება.
ეტლის საშუალო ზომაა:
- სპორტული, აქტიური ტიპის – 8-14,5 კგ;
- მსუბუქი, ალუმინის ჩარჩოს მქონე – 15 კგ;
- ბაზისური – 19 კგ;
- გაძლიერებული ორმაგი ჩარჩოთი – 22-23 კგ.
რა წონის ეტლია მიზანშეწონილი ადამიანისთვის, ეს განისაზღვრება შესაფერი ფუნქციის მქონე ეტლის შერჩევის შემდეგ, როდესაც იმ მოდელს შეარჩევთ, რომელიც თქვენს მეგობარს, ნათესავსა თუ ოჯახის წევრს ყველაზე მეტად გაუადვილებს ცხოვრებას. მხოლოდ ამის შემდგომ შეგიძლიათ ეტლის წონაზე ყურადღების გამახვილება.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ!
ეტლი-სავარძლის გაბარიტებმა არ უნდა შექმნას სივრცეში გადაადგილების პრობლემები, მისმა შინაგანმა პარამეტრებმა კი მომხმარებლის სიმყუდროვე, კომფორტი და უვნებელი ექსპლუატაცია უნდა უზრუნველყოს.