ძილის დარღვევები და მათი დიაგნოსტიკა

უძილობა დაღს ასვამს გარეგნობას, ჯანრთელობას და შინაგან სამყაროს. ბევრს უძილობის მკურნალობა საძილე საშუალებების მიღება ჰგონია. სინამდვილეში ეს გაცილებით რთული პროცესია: საჭიროა ჯერ ძილის დარღვევის მიზეზის დადგენა, მერე კი მასთან ბრძოლა. ძილის დარღვევების დიაგნოსტიკაზე გვესაუბრებიან აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ძილის ლაბორატორიის ექიმები: ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი, ევროპის ძილის მედიცინის აკადემიის წევრი ია რუხაძე და თერაპევტი, ევროპის ძილის მედიცინის აკადემიის წევრი თამარ ჭანიშვილი.
- ვიდრე ძილის დარღვევებსა და მათ დიაგნოსტიკაზე დავიწყებდეთ საუბარს, იქნებ აგვიხსნათ, რა მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის ძილს.
ია რუხაძე: - ძილის დანიშნულებაა ორგანიზმის ენერგეტიკული რესურსების აღდგენა, რომელთა გარეშეც ნორმალური ცხოველქმედება შეუძლებელია. უფრო უკეთ რომ წარმოიდგინოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ნორმალური ძილი, გეტყვით, რომ ადამიანი სიცოცხლის საშუალოდ 27 წელს ძილში ატარებს. წინათ მეცნიერები ძილს განიხილავდნენ ერთგვაროვან პროცესად, ანუ მიაჩნდათ, რომ ძილის დროს ყველა ორგანო და სისტემა უფრო "მსუბუქ რეჟიმში" მუშაობს და დასვენების საშუალება ეძლევა. რასაკვირველია, ეს სიმართლეა, მაგრამ არა სრული სიმართლე. საქმე ის არის, რომ ძილს აქვს ორი ფაზა - ნელი და სწრაფი. ნელი ძილის დროს ორგანოთა მუშაობა შესუსტებულია, ამიტომ გაიშვიათებულია სუნთქვა, პულსი, შემცირებულია წნევა, ხოლო სწრაფი ძილის დროს - ეს ის ფაზაა, როდესაც სიზმრებს ვხედავთ - ორგანიზმი დატვირთულია. სხვათა შორის, ძილის დროს ორგანოთა დაძაბულობის ხარისხი სიზმრების შინაარსზეა დამოკიდებული, ორგანიზმი მათზე ქვეცნობიერად რეაგირებს, ამიტომ მოსალოდნელია, მაგალითად, სუნთქვის გახშირება, წნევის მატება, ოფლიანობა, სექსუალური აღგზნება...
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- ძილის ხანგრძლივობის ნორმები თუ არსებობს?
- ძილის ხანგრძლივობა, ასაკის კვალობაზე, სხვადასხვაა. ახალშობილებს და ჩვილებს დიდხანს, დღე-ღამეში დაახლოებით 16 საათი სძინავთ, სწრაფი ძილის ფაზაც უფრო ხანგრძლივი აქვთ (დაახლოებით 50%), ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებს. 10-13 წლის მოზარდისთვის ძილის საშუალო ხანგრძლივობა 10 საათია, მოზრდილებისთვის კი 7-8 საათი. სწრაფი ძილის წილად მისი 20-25% მოდის. 50 წლის შემდეგ ძილის ხანგრძლივობა მცირდება, საშუალოდ 5,5-6 საათს შეადგენს, ხოლო სწრაფ ძილს მისი 15% უკავია.
- ძილის რამდენი სახის დარღვევაა ცნობილი?
თამარ ჭანიშვილი: - ცნობილია ძილის დარღვევის 80-ზე მეტი ნაირსახეობა, პრობლემა კი ძალიან გავრცელებულია - მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს აწუხებს. ძილის დარღვევებია:
- ინსომნია - უძილობა (33%);
- ჰიპერსომნია ანუ ჭარბძილიანობა (0,3-16,3%), ძილის ცირკადული რიტმის დარღვევები;
- პარასომნია ანუ ძილის პერიოდში ნორმიდან გადახრა, მაგალითად, ძილთან ასოცირებული მოძრაობითი დარღვევები, ღამის ენურეზი, ღამის შიშები, სომნამბულიზმი (ძილში სიარული), ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი), ღამის კოშმარები, ხვრინვა, ძილის აპნოე (სუნთქვის გაჩერება), ბავშვთა ძილის აპნოე, მიოკლონუსი.
ბარემ აქვე გეტყვით, რომ ძილის დარღვევა შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთმა პათოლოგიამ, მაგალითად, კარდიოვასკულურმა დაავადებებმა, ცერებროვასკულურმა შეტევებმა, ბრონქულმა ასთმამ, ფილტვის ქრონიკულმა ობსტრუქციულმა დაავადებამ, გასტროეზოფაგურმა რეფლუქსმა, პეპტიკურმა წყლულმა და სხვა.
- კიდევ რა იწვევს უძილობას?
- უძილობას მრავალი მიზეზი აქვს. ისინი საძიებელია როგორც გარემო ფაქტორებს, ასევე ორგანიზმის თავისებურებებს, ცხოვრების წესსა და სხვა იმ ფაქტორებს შორის, რომლებთაც ძალუძთ დაარღვიონ ჰუმორული რეგულაცია ან უშუალოდ ის სტრუქტურები დააზიანონ, რომლებსაც ძილის ორგანიზაცია აკისრია. მაგალითად, უძილობას იწვევს:
- ამინდის ცვალებადობა, ხმაური, უჰაერობა, მოუხერხებელი საწოლი, არასასიამოვნო გარემო საძინებელში;
- ძილის წინ კოფეინის შემცველი პროდუქტების (ჩაი, ყავა, შოკოლადი და სხვა) მიღება;
- ძილის წინ მაღალკალორიული საკვების მიღება;
- არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა;
- ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა (მაგალითად, სამუშაოდ ღამის ცვლაში გადასვლა, დროის სარტყლის შეცვლა);
- სტრესი და ემოციური გადაძაბვა;
- დეპრესია და ნევროზი;
- სომატური ან ენდოკრინული პათოლოგია, რომელიც ნორმალურ ჰომეოსტაზს ცვლის (მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დისბალანსი);
- მოხუცი ასაკი;
- ტკივილი;
- რომელიმე წამლის გვერდითი ეფექტი.