ფსიქოლოგიური დახმარება

- მე და ჩემს ქმარს ძალიან გვინდოდა შვილი. როცა გოგონა დაიბადა, ახლობლები და მეგობრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, მე კი ბავშვის არამცთუ ხელში აყვანა, დანახვაც მაღიზიანებდა. ასე ვიტანჯებოდი, სანამ ქმარმა ექიმთან არ წამიყვანა. აღმოჩნდა, რომ ეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია იყო. მკურნალობა მომიხდა, მაგრამ ახლა ძალიან ვნერვიულობ: ჩემმა გოგონამ თავისი სიცოცხლის პირველი თვეები დედის სითბოს გარეშე გაატარა. მოახდენს თუ არა ეს გავლენას მის ხასიათზე?ტატა, 26 წლის
მკითხველის თვალსაზრისი
ანა, 25 წლის: "ძალიან მეცოდება ტატა, მაგრამ ის თვითონ არის დამნაშავე იმაში, რომ "ცუდი დედის" იარლიყი მიიწება. განა შვილის სიყვარულის ხარისხი იმით განისაზღვრება, რამდენჯერ აკოცა დედამ ბავშვს ან შეუსწორა ქუდი? რა სისულელეა!
არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ, როგორი მშობიარობა ჰქონდა ქალს; იქნებ იყო რაიმე გართულება და მისთვის ბავშვი გარკვეული ხნის განმავლობაში ტკივილსა და მტანჯველ შეგრძნებებთან ასოცირდებოდა? მე მგონია, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. მას რომ სადმე დასავლეთში ეცხოვრა, ქმარი მხოლოდ ექიმთან კი არ წაიყვანდა, არამედ ძიძასა და დამხმარე ქალსაც დაუქირავებდა. სამწუხაროდ, ჩვენში ეს მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს თუ ხელეწიფებათ. ახალგაზრდა დედას სამშობიაროდან გამოწერისთანავე უამრავი საქმე უჩნდება: ბავშვის მოვლა, ქმრის მოვლა, სადილ-ვახშმის მომზადება, სარეცხისა და ჭურჭლის რეცხვა... და გამოდის, რომ ახალნამშობიარევი ქალი მთელ ღამეებს თეთრად ათენებს. ხოლო თუ ამ ყველაფერს თავი ვერ გაართვა, მაშინვე "ცუდი" ხდება. მაგრამ ეს ხომ ასე არ არის! თქვენ, თქვენს ქმარს და თქვენს გოგონას ყველაფერი კარგად გექნებათ".
ნანა, 41 წლის: "ტატა, პრობლემა ის არის, რომ მაშინვე ვერ შეძელით გოგონას შეყვარება, მაშინვე ვერ გაითავისეთ დედის როლი. ბავშვისადმი დედობრივი სითბო და სიყვარული ყველა ქალს მშობიარობისთანავე არ ეუფლება. მე თვითონ სამი შვილის დედა ვარ და ვიცი, რასაც ნიშნავს, მოავლინო ამქვეყნად სიცოცხლე. ქალმა მარტო ის კი არ უნდა გააცნობიეროს, რომ დედა გახდა, არამედ ისიც, რომ ამიერიდან ახალ ცხოვრებას იწყებს. ბავშვი გაიძულებს, დაივიწყო უგუნებობა და სისუსტე, უძილო ღამეები, სირთულეები, რომლებსაც ვერ გაექცევი. ამ ყველაფერს წმინდა დედობრივი სიყვარული გადაგვალახვინებს. მართალია, თქვენთან მაშინვე არ მოვიდა ეს გრძნობა, მაგრამ ნუ ნერვიულობთ. რაც მთავარია, თქვენ არ ხართ გულგრილი გოგონას მიმართ, თანაც გვერდით გყავთ შესანიშნავი ადამიანი - თქვენი მეუღლე. ის მზრუნველია, გულთან მიაქვს თქვენი განცდები და ცდილობს დაგეხმაროთ. თქვენ ერთად შესანიშნავი მშობლები იქნებით, გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!"
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
თინიკო, 36 წლის: "როგორც კი ეს წერილი წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ ამ სტრიქონების ავტორი ნაზი და განებივრებული "დედიკოს გოგონაა". ის წერს, რომ მას და მის ქმარს ბავშვი ძალიან უნდოდათ. ტატა ისე გაერთო ორსულობით, რომ ახალმა სტატუსმა შოკში ჩააგდო, თითქოს სულ მალე თოჯინის ყიდვას ჰპირდებოდნენ! გარშემო მყოფთა ყურადღება მაშინვე ახალშობილზე გადაერთო და ტატამ უბრალოდ იეჭვიანა. ექიმთან ვიზიტის შემდეგ ის, რა თქმა უნდა, დამშვიდდა, მაგრამ საქმე მხოლოდ მკურნალობასა და აბებში როდია; მთავარი გახლდათ, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. თუ ეს ქალი არ შეიცვალა, შვილთან ურთიერთობა მომავალში მართლაც გაუჭირდება".
ფსიქოლოგის რჩევა: ნუ შეგრცხვებათ საკუთარი ემოციების. ნეგატიური განცდები ხშირად მოუგვარებელი პრობლემების შედეგია, ამიტომ მთელი ენერგია უნდა მიმართოთ არა გაღიზიანების დასათრგუნავად, არამედ მისი ფარული მიზეზების გამოსავლენად. გახსოვდეთ: შვილს სჭირდებით.
ხშირად ფსიქოლოგიური პრობლემები ამა თუ იმ კუთხით გარდასულ მოვლენებს უკავშირდება. ზოგიერთის დავიწყება შეძელით, ხოლო ის, რაც გახსოვთ, ვერ ხვდებით, რომ ახალ სირთულეებთან უნდა დააკავშიროთ. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ქმარს ძალიან უნდოდა ბიჭი, და თუნდაც მამა პირველი დღეებიდანვე სიამოვნებით ფუსფუსებდეს გოგონას ირგვლივ, ცოლს მაინც ჰგონია, რომ ქმარი გულწრფელი არ არის. იმისათვის, რომ გრძნობების, აზრებისა და ქცევების ეს კვანძი სწრაფად და ადვილად გაიხსნას, უნდა მიმართოთ ოჯახის ფსიქოლოგს. ნებისმიერი ურთიერთობა დღითი დღე უნდა ვითარდებოდეს, მათ შორის - დედისა და შვილის ურთიერთობაც. თუ დღეს არ გაქვთ განწყობა, შვილს "იავნანა" უმღეროთ, ეს არ არის საიმისო საფუძველი, რომ საკუთარი თავი ცუდ დედად მიიჩნიოთ. თქვენი პატარასთვის თქვენ საუკეთესო დედა ხართ!