ოჯახი და სამართალი

რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინა ღლონტი.
ჩვენი ჟურნალის მკითხველებისთვის მიცემული პირობის თანახმად, დღეს მშობლების, შვილების, ასევე ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობებსა და ალიმენტის გადახდისა და გადახდევინების წესზე ვისაუბრებთ, ხოლო ბავშვის შვილად აყვანის სამართლებრივ საკითხებზე ჟურნალის მომდევნო ნომერში მოგაწვდით კანონიდან გამომდინარე ამომწურავ ინფორმაციას.
მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა
შვილების რჩენა და მათზე ზრუნვა მშობლების უპირველესი და მორალურ-სამართლებრივი მოვალეობაა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები (18 წლამდე), ასევე შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ეს მოვალეობა თანაბრად აკისრია როგორც დედას, ისე მამას.
უმეტესად მშობლები შვილის რჩენის მოვალეობას ასრულებენ ნებაყოფლობით, შეძლებისდაგვარად ხარჯავენ საჭირო რაოდენობის სახსრებს თავიანთი შრომისუუნარო ან არასრულწლოვანი შვილების სარჩენად. უფრო მეტიც - მშობლები არჩენენ სრულწლოვან შრომისუნარიან შვილებსაც, რომელთაც არ გააჩნიათ თავის სარჩენად საჭირო თანხა. თავის მხრივ, შვილებიც ეხმარებიან მშობლებს, განურჩევლად იმისა, შრომისუნარიანნი არიან თუ არა და საჭიროებენ თუ არა დახმარებას ეს უკანასკნელნი. თუ მშობლები და შვილები ნებაყოფლობით არ ასრულებენ ურთიერთრჩენის მოვალეობას, კანონი ითვალისწინებს მათ იძულებას სასამართლოს წესით.
არასრულწლოვანი შვილების რჩენის თაობაზე დავები უმთავრესად წარმოიშობა მშობელთა განქორწინებასთან დაკავშირებით, თუმცა საალიმენტო ვალდებულება შესაძლოა აღმოცენდეს მათ შორის ქორწინების არსებობის შემთხვევაშიც.
ალიმენტის სასამართლოს წესით დაკისრება ხდება მაშინ, როცა ერთ-ერთი მეუღლე უარს ამბობს, ნებაყოფლობით გაუწიოს მატერიალური დახმარება შვილებს, არ შეაქვს წვლილი საოჯახო მეურნეობაში, ანიავებს თანხას, რომელიც აუცილებელია არასრულწლოვანი ბავშვების სარჩენად.
საალიმენტო ვალდებულების საფუძველი შვილების მშობლებისგან შთამომავლობით წარმომავლობაა. საალიმენტო ვალდებულების არსებობისას ბავშვი, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს დახმარება (სარჩო) მშობლებისგან, მაგრამ ვერ იღებს, იძულების წესით მიიღებს კუთვნილ თანხას (სარჩოს) დედისგან ან მამისგან, რომელიც ნებაყოფლობით თავს არიდებს შვილის რჩენის მოვალეობას.
ალიმენტს სასამართლო აწესებს იმ პირის სასარგებლოდ, ვისთანაც ბავშვი ცხოვრობს, ვინაიდან ეს თანხა ბავშვის სარჩენად არის გათვალისწინებული. მშობელი, რომელიც აყენებს საალიმენტო მოთხოვნას, გამოდის ბავშვის სახელით როგორც მისი კანონიერი წარმომადგენელი.
საალიმენტო ვალდებულება ეფუძნება კანონს, ამიტომ ის არ შეიძლება იქცეს მშობელთა შორის შეთანხმების საგნად და თუ ასეთი შეთანხმება მაინც დაიდო, ის ნებისმიერ დროს შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება.
მოქმედი საოჯახო კანონმდებლობა ითვალისწინებს შეთანხმებას ალიმენტის ოდენობაზე, რომელიც უნდა იხადონ მშობლებმა შვილების სარჩენად. თუ მშობლები ალიმენტის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, დავას გადაწყვეტს სასამართლო მშობლებისა და შვილების რეალურად არსებული მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, არა მარტო მისი არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ შესაძლებელია, იმ ცხოვრების დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ერთ ოჯახად ყოფნის პირობებში.
გადამხდელი პირის ხელფასიდან ალიმენტის დაკავება ხდება ამ შემოსავლიდან გადასახადების დაკავების შემდეგ. იმ შემთხვევაში, როცა ბავშვები რჩებიან ორივე მშობელთან ცალ-ცალკე, სასამართლო განსაზღვრავს ერთი მშობლის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობას მტკიცე თანხის სახით მეორე, მატერიალურად უფრო ნაკლებად უზრუნველყოფილი მშობლის სასარგებლოდ.
ოჯახის სხვა წევრთა საალიმენტო ვალდებულება
მშობლებს, შვილებსა და მეუღლეებს რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო ყოველთვის არ შეუძლიათ დაეხმარონ ერთმანეთს, ამიტომ საოჯახო კანონმდებლობა ითვალისწინებს ოჯახის სხვა წევრთა ურთიერთრჩენის მოვალეობას, რაც იმით გამოიხატება, რომ ისინი ვალდებულნი არიან, მოცემულ პირობებში ერთმანეთს გაუწიონ მატერიალური დახმარება. ოჯახის სხვა წევრებად იგულისხმებიან პაპა, ბებია, შვილიშვილები, დები, ძმები, მამინაცვალ-დედინაცვალი, გერები, ფაქტობრივად აღზრიდლები, აღსაზრდელები და აღმზრდელები.
კანონში ხაზგასმულია, რომ ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობა წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, როცა შრომისუუნაროს არ შეუძლია მიიღოს ალიმენტი მშობლისგან, შვილისგან ან მეუღლისგან. გერი, რომელსაც საკმაო სახსარი აქვს, მოვალეა არჩინოს თავისი შრომისუუნარო მამინაცვალი ან დედინაცვალი, რომელსაც დახმარება სჭირდება, იმ პირობით, თუ ისინი ზრდიდნენ და არჩენდნენ მას. სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს გერი მამინაცვლის ან დედინაცვლის რჩენის მოვალეობისაგან, თუ ისინი მას ზრდიდნენ ან არჩენდნენ ხუთ წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში; ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ სათანადოდ არ ასრულებდნენ გერის აღზრდის მოვალეობას.