ოჯახი და სამართალი

ამდენად, ჟურნალის უახლოეს რამდენიმე ნომერში განვმარტავთ: ქონების, უძრავი და მოძრავი ნივთის ცნებას, შემადგენელ ნაწილს; ნივთზე მფლობელობის უფლების წარმოშობასა და შეწყვეტას, მისი უპირატესი შესყიდვის უფლებას; მოგაწვდით აგრეთვე ინფორმაციას საკუთრების უფლების შინაარსის, უკანონო მფლობელისაგან ნივთის გამოთხოვის, საერთო (თანაზიარი) საკუთრების, სამეზობლო სამართლებრივი უფლება-მოვალეობის, უძრავ და მოძრავ ნივთებზე საკუთრების მოპოვებისა და დაკარგვის, უპატრონო ნივთზე საკუთრების შეძენის, განძის, მისი აღმომჩენის უფლებების შესახებ და სხვა. რუბრიკას უძღვება "ოჯახის მკურნალის" ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, იურისტი და ჟურნალისტი ირინე ღლონტი.
სანივთო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმების ერთობლიობას, რომლებიც აწესრიგებენ პირთა, ანუ სამართლის სუბიექტთა ურთიერთობას ნივთთან ანუ სამართლის ობიექტთან. სანივთო სამართალი აწესრიგებს ნივთზე ფიზიკური და იურიდიული პირების ბატონობას, ნივთზე ბატონობის უფლებამოსილება კი გულისხმობს ნივთის ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას.
1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი კანონი საერთოდ არ ითვალისწინებდა ნორმებს უძრავი ქონების შესახებ, რადგან მიწა იყო სახელმწიფოს განსაკუთრებული საკუთრება, იგი ამოღებული იყო სამოქალაქო ბრუნვიდან და მისი გასხვისება არ დაიშვებოდა. მოქმედმა სამოქალაქო კოდექსმა სანივთო სამართალი გაითვალისწინა თავის მეორე წიგნად და მკვეთრად გამიჯნა ვალდებულებითი სამართლისგან.
სანივთო უფლება აბსოლუტური უფლებაა, ხოლო ვალდებულებითი უფლება - შეფარდებითი, ანუ რეალისტური უფლება.
აბსოლუტური უფლება გულისხმობს, რომ ამ უფლების მატარებლის წინაშე ვალდებულია ყველა პირი. მაგალითად, მესაკუთრის უფლება, ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს თავის ქონებას, უნდა ცნოს საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, შეფარდებით უფლებას კი უპირისპირდება განსაზღვრული პირი, რომელსაც განსაზღვრული უფლება-მოვალეობები გააჩნია. ამის მაგალითია ქირავნობის ხელშეკრულებაში გამქირავებლის უფლება-მოვალეობა.
სანივთო სამართალში ბატონობს კანონის იმპერატიული ნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სანივთო ურთიერთობა მყარდება მხოლოდ კანონის საფუძველზე. მისგან განსხვავებით, ვალდებულებით ურთიერთობებში მხარეები ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის გამოვლენით მოქმედებენ.
სანივთო სამართალში უფლებას პირდაპირ კანონი განსაზღვრავს. უფლებებია: აღნაგობა, უზურფრუქტი, სერვიტუტი, გირაო, იპოთეკა და საკუთრება. სანივთო სამართლის თავისებურებაა მისი განსაკუთრებული ნდობისუნარიანობა, რადგან იგი შესამჩნევი და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის, ყველას შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრს და იქიდან მიიღოს მისთვის საინტერესო ნებისმიერი ცნობა, ვინაიდან ყველა სანივთო უფლება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის პრეზუმფცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მონაცემები სწორად მიიჩნევა მანამდე, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასეთი რამ გამორიცხულია ვალდებულებით სამართალში, რადგან ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა არ ტარდება საჯარო რეესტრში და მხარის ცნობისმოყვარეობა მხარეთა კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.
ამდენად, სანივთო უფლება ვალდებულებით უფლებასთან შედარებით პრიორიტეტულია, რაც ისე უნდა გავიგოთ, რომ თუ წარმოიშვა კოლიზია (საპირისპირო ინტერესთა შეჯახება) სანივთოსა და ვალდებულებით სამართალს შორის, უპირატესობა სანივთო სამართლის ნორმებს უნდა მიენიჭოს. მოქმედი კანონის თანახმად, ქონება არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის ფლობა, სარგებლობა და განკარგვაც შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით და არ ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს.
მატერიალური ქონება ანუ ნივთი ორი სახისა შეიძლება იყოს: უძრავი და მოძრავი. უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულითურთ, მიწის ზედაპირზე არსებული წყლის ობიექტები, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე - შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას დედამიწაზე. ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების, ანდა მისი დანიშნულების მოსპობის გარეშე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ცალკე უფლების ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
- რა არის საკუთვნებელი და შეიძლება თუ არა, მას ჰყავდეს სხვა მესაკუთრე?
- საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულებისამებრ, ითვლება საკუთვნებლად. ვინაიდან საკუთვნებელი ბრუნვაუნარიანი ნივთია, იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ნივთს და მას შეიძლება ჰყავდეს სხვა მესაკუთრე.
მოძრავია ნივთი, რომელიც გადაადგილებისას არ იცვლის თავის პირვანდელ დანიშნულებას. აღსანიშნავია, რომ მოძრავი და უძრავი ნივთების რეჟიმი განსხვავებულია, ამდენად, კანონის თანახმად, განსხვავებულია უძრავ ნივთზე საკუთრების წარმოშობის წესიც. უძრავი ნივთის მაღალი სოციალური ფუნქცია განაპირობებს მისი სამართლებრივი რეჟიმის სიმკაცრეს, რადგან უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კანონით განსაზღვრული ფორმის დაცვით.
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათმა მფლობელმა მიიღოს მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს რაიმე სხვა პირებს. სანივთო სამართალში მნიშვნელოვანია აქცესორული და შეზღუდული უფლებები. აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს, ხოლო შეზღუდულია უფლება, რომელიც ნაწარმოებია იმ უფრო ფართო უფლებისგან, რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით.