ზაფხული და ნაყინი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზაფხული და ნაყინი

ნაყინი განსაკუთრებით პატარებს აღაფრთოვანებს, თუმცა ბავშვები იზრდებიან, მისი სიყვარული კი ბოლომდე მიჰყვებათ.

ისტორია

ნაყინის სამშობლოდ ჩინეთი მიიჩნევა. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულში ჩინელები ხილისა და ყინულისაგან შესანიშნავ გამაგრილებელ დესერტს ამზადებდნენ. ხილის ნაყინის რეცეპტმა ევროპამდე XIII საუკუნეში მარკო პოლოსთან ერთად ჩამოაღწია. ნაყინის მოყვარულთა შორის ბევრი გვირგვინოსანიც იყო - ალექსანდრე მაკედონელი, ნერონი, ნაპოლეონ ბონაპარტი, პეტრე მესამე, ეკატერინე მეორე...

ნაყინს რძე ანა ავსტრიელის დროს დაუმატეს, ბრიკეტის შოკოლადში შეფუთვა XIX საუკუნის მიწურულს ისწავლეს, ცნობილი და სახელგანთქმული ესკიმოს ავტორობას კი დღემდე ეცილებიან ერთმანეთს ამერიკელები და ფრანგები. “ახალი ქვეყნის” ბინადარნი მიიჩნევენ, რომ ესკიმო მათ ქვეყანაში გაჩნდა და “ესკიმოპაი” (ესკიმოს ღვეზელი) ეწოდებოდა, ხოლო “ბებერი კონტინენტის” მკვიდრთ თავიანთი ვერსია აქვთ - ესკიმოს ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ თავდაპირველად კინოთეატრში იყიდებოდა, სადაც ესკიმოსების შესახებ ფილმს აჩვენებდნენო.

აი, პლომბირის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა არ შეინიშნება - ის ნამდვილად საფრანგეთში გაჩნდა და სახელწოდებას პატარა ქალაქ პლომბიენს უნდა უმადლოდეს, სადაც პირველად დაამზადეს ეს ნაყინი.

თანამედროვე ნაყინის შესახებ კამათი უაზრობაა: იყიდება სხვადასხვა ფერის, ფორმის, შემადგენლობის უამრავი სახეობა, რომელთა შორის აუცილებლად იპოვით თქვენთვის ყველაზე ნატიფ და დამატყვევებელ გემოს.

ნაყინის მრავალსახეობა

შემადგენლობის, უკეთ, რძის ცხიმის შემცველობის მიხედვით ნაყინი შეიძლება 5 დიდ ჯგუფად დავყოთ: პლომბირი, ნაღებისა, რძისა, მცენარეული ცხიმით (ნაწილობრივ ან მთლიანად) მომზადებული ნაყინი, ნაყინი შაქრის სიროფით (ურძეოდ), ხილითა და კენკრით. ბოლო ორ ჯგუფს ხშირად მსუბუქსაც უწოდებენ.

პლომბირი გამორჩეულად მაღალი ცხიმიანობის ნაყინია. მასში რძის ცხიმი 12-15 პროცენტამდეა. ეს ყველაზე კალორიული და მრავალ ქვეყანაში ძალიან პოპულარული სახეობა გახლავთ.

ნაღების ნაყინი მთლიანად ნაღებისგან არ არის დამზადებული, როგორც სახელწოდებამ შეიძლება გაფიქრებინოთ; უბრალოდ, მასში რძის ცხიმის შემცველობა, როგორც ტრადიციულ ნაღებში, 8-10%-ია.

რძის ნაყინი - შეიცავს მხოლოდ 3,5% ცხიმს, როგორც სტანდარტული რძე.

მსუბუქი - ამ ტიპის ნაყინში რძის ცხიმის შემცველობა მინიმალურია, ხოლო ზოგიერთ სახეობაში (მაგალითად, ხილის ყინულში) საერთოდ არ არის ცხიმი ან მხოლოდ მცენარეულია - ჩვეულებრივ, ქოქოსისა.

რომელი უფრო ტკბილია

ხილის ნაყინი უფრო ტკბილია, ვიდრე რძისა ან ნაღებისა - ის შეიცავს 30% შაქარს (ნაყინი, რომელიც რძეზეა დამზადებული, 12-დან 20%-მდე შაქარს შეიცავს). მრავალ ქვეყანაში ნაყინს მხოლოდ ნატურალურ კენკრას, ხილს ან ნატურალურ და ნატურალურის იდენტურ არომატიზატორებსა და საღებავებს ამატებენ.

ცხოვრების წესი - ესკიმო

  • ნაყინი, როგორც ყველა სხვა რძის პროდუქტი, ორგანიზმს ამარაგებს რძის ყველა კომპონენტით - ცილით, ამინმჟავებით, ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით.
  • რძის ყველა კომპონენტი ნაყინში ჰომოგენიზებული ფორმითაა (ცხიმოვანი ბურთულები ნაყინში 2 მიკრონი სიდიდისაა), ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძალიან ადვილად ასათვისებელია, უფრო ადვილად, ვიდრე ყველი და ნაღების კარაქი.
  • ნებისმიერი სახეობის ნაყინი ორგანიზმს აწვდის სასარგებლო ნივთიერებათა მთელ გამას, განურჩევლად დანამატებისა (თხილი, კაკალი, ხილი, თაფლი და ა.შ.).
  • ზაფხულში, როცა რძის პროდუქტების ვარგისობა საეჭვოა, ნაყინს შეგვიძლია ვენდოთ, რადგან შენახვის ცუდ პირობებს ის ვერ ეგუება.
  • სიტკბო ხელს უწყობს განწყობილების ამაღლებას, რადგან სეროტონინის გამომუშავებას ასტიმულირებს. ასე რომ, ნაყინი შესანიშნავი საშუალებაა სევდის გასაფანტავად და ძალიან გემრიელი ანტიდეპრესანტიცაა.
  • ნაყინის ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები საუკეთესო საკვებია ტვინისთვის. მათ გარეშე წარმატებულ სწავლაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ასე რომ, ნაყინი მოსწავლეებისა და სტუდენტების საუკეთესო მეგობარია.
  • ნაყინი მაღალკალორიული პროდუქტია, რომელსაც სწრაფად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ იდეალური საშუალებაა შიმშილის მოსაკლავად.
  • ნაყინის დამზადების ტექნოლოგია ისეთია, რომ ის უბრალოდ არ შეიძლება არ იყოს კეთილთვისებიანი, მასში შეუძლებელია განვითარდეს ავადმყოფობის მატარებელი მიკროფლორა.


სიფრთხილე

ზოგიერთი დაავადების დროს ნებადართულია ნაყინის მხოლოდ განსაზღვრული სახეობები. ზედმიწევნით უნდა გავეცნოთ ეტიკეტს, რომელზეც მითითებულია პროდუქტის შემადგენლობა. მაგალითად, უნდა შეიზღუდოს ყველა სახეობა, გარდა ხილისა და კენკრის ნაყინისა, იმ შემთხვევაში, როცა ძროხის რძე ადამიანში ალერგიას იწვევს; შაქრიანი დიაბეტის დროს უნდა მივირთვა მხოლოდ დიაბეტური ნაყინის სპეციალური სახეობები.

ნაყინის მწარმოებლებთან კავშირი უნდა ჰქონდეთ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნიერო ცენტრების კვების განყოფილებებს და მათი მითითებით უნდა მზადდებოდეს ნაყინი სპეციალური რეცეპტით. მაგალითად, მეტაბოლური დაავადებებისა და ოსტეოპოროზის დროს რეკომენდებულია სპეციალური ნაყინი ადვილად ასათვისებელი კალციუმით. ის შეიძლება გემრიელი წამალი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის, რომელთაც დარღვეული აქვთ კალციუმის ცვლა.

რა თქმა უნდა, ნაყინის მთავარი და ყველაზე მადლიერი მომხმარებლები ბავშვები არიან, მაგრამ როგორც არ უნდა ეხვეწოს პატარა მშობლებს, ნაყინს გემო სამ წლამდე არ უნდა გაუსინჯოს.

პირველი ნაყინი, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ სამი წლის ბავშვს, რძისა უნდა იყოს (მეტისმეტად ცხიმიანის გადამუშავება გაუჭირდება). პირველ ხანებში მოარიდეთ დანამატებსა და შოკოლადს. გაიზრდება და თანდათან აითვისებს ნაყინის ბაზარს მთელი თავისი დიდებულებით, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე უკუჩვენება არ აღმოაჩნდა.

ნაყინი - ეს ის ნუგბარია, რომელიც ბავშვის ყოველდღიურ რაციონში არ უნდა იყოს, კვირაში 2-3-ჯერ კი დასაშვებია. ბავშვებს, რომელთაც ცუდი მადა აქვთ, შეგიძლიათ უფრო ხშირად შესთავაზოთ ნაყინი (მეორე საუზმედ, რძიანი საკვების შემცვლელად), მაგრამ არა ყოველდღიურად.

ბავშვებმა (და ზოგჯერ უფროსებმაც )არ უნდა მიირთვან ნაყინი, თუ აქვთ:

  • გამწვავებული კუჭ-ნაწლავის დაავადებები (გასტრიტი, დუოდენიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ენტეროკოლიტი);
  • სანაღვლე გზების დისკინეზია, ქოლეცისტიტი (სიცივემ შესაძლოა გამოიწვიოს სპაზმი და ნაღვლის წვენის შეგუბება);
  • რძის მიმართ ალერგია;
  • ყელის მწვავე დაავადებები (ანგინა, ქრონიკული ტონზილიტის გამწვავება, ფარინგიტი);
  • ზედმეტი წონა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • კარიესი - ყოველგვარმა ტკბილეულმა შეიძლება ხელი შეუწყოს მის განვითარებას, ამიტომ ნაყინის მირთმევის შემდეგ სასურველია, პირში თბილი წყალი გამოვივლოთ.

მრავალ ქვეყანაში თამამ ექსპერიმენტებს ატარებენ ამ ცივ ნუგბარზე და ზოგჯერ უჩვეულო შედეგებსაც იღებენ:

  • ინდონეზიაში გავრცელებულია ნაყინი წითელი წიწაკით;
  • იაპონიაში თაყვანს სცემენ ნაყინს მწვანე ჩაისა და წითელი ლობიოს გემოთი;
  • მალაიზიაში სიმინდისგემოიანი ნაყინი იყიდება;
  • დიდ ბრიტანეთში დიდი მოთხოვნაა ალკოჰოლიან ნაყინზე ფორთოხლის ან შავი მოცხარის გემოთი, ჯინით და რომით;
  • ფილადელფიაში იყიდება ნაყინი ლუდის გემოთი.

გვინდა, მოვუწოდოთ ნაყინის მწარმოებლებს, ზედმიწევნითი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ნაყინის დამზადებას, რათა ზიანი არ მიაყენონ ადამიანების, განსაკუთრებით - პატარა მომხმარებელთა, ჯანმრთელობას. დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ნუ გამოიყენებენ საეჭვო ღირებულების დანამატებს - რძის შემცვლელებს, არომატიზატორებს და საღებავებს, ბიზნესინტერესებს და მაღალ შემოსავლებს ნუ შესწირავენ ყველაზე ძვირფასს - ჩვენი პატარების ჯანმრთელობას! ნაყინის დამზადება ჩვენ თვითონაც შეგვიძლია შინაურ პირობებში. უამრავი სხვადასხვა რეცეპტი არსებობს.

გთავაზობთ ერთ საინტერესო რეცეპტს:

იტალიური გრეიპფრუტის ნაყინი

საჭიროა:

  • 500 გ ფორთოხლის ნაყინი;
  • ერთი გრეიპფრუტი;
  • 200 გ მარწყვი;
  • 200 გ იოგურტი;
  • 2 ს/კ შედედებული რძე;
  • 1 ს/კ ფორთოხლის წვენი.

გრეიპფრუტი გათალეთ და დაჭერით წვრილად. მარწყვი გარეცხეთ და სათითაოდ გაჭერით შუაზე ან ოთხად. ჯამში ათქვიფეთ იოგურტი, შედედებული რძე და ფორთხოლის წვენი. შედგით მაცივარში 30 წუთით. ხილი ჩააწყვეთ სანაყინეში ნაყინთან ერთად.

სასურველია, სანაყინე ჭურჭელი წინასწარ გააცივოთ მაცივარში. ნაყინს მოასხით იოგურტის კრემი.